ინტერვიუები
გახარია, ბახტაძე და კალაძე პრემიერობისთვის იბრძოლებენ “ქუმსიშვილი კვირიკაშვილს ძირს უთხრიდა”
გიგლა ბარამიძე: “საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულდება”
ჩაერია თუ არა საკადრო ცვლილებებში ბიძინა ივანიშვილი, რისთვის ემზადებიან ახალი შს და ფინანსთა მინისტრები, როდისთვის უნდა ველოდოთ გაცილებით მასშტაბურ ცვლილებებს? _ ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ბევრი კითხვა გააჩინა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს ცვლილებები? მართლა რამის შეცვლა სურთ?
- სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი “ახალ თაობასთან” საუბარში, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობაში სერიოზული ცვლილებები იქნებოდა. მაშინ ისიც გითხარით, რომ “ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნებოდა. ამაზე ვიღაცებმა მაშინ გაიცინეს, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა. ახლაც დაიმახსოვრეთ, რამდენიმე თვეში კიდევ უფრო სერიოზული ცვლილებების მომსწრენი გავხდებით.
თავად ცვლილებებს რაც შეეხება, სამინისტროების შემცირება აუცილებელი იყო. მღებრიშვილი იმდენი არბენინეს ხანძრების ჩაქრობაზე, ბოლოს რაღაც ამდაგვარი სამსახური შეუქმნეს.
რაც შეეხება კადრებს, არ მინდა ისე მოხდეს, რომ ერთი მკვდარი წავიდეს და მის ადგილზე მეორე მკვდარი მოვიდეს. მთლიანობაში რეფრენად ხელისუფლების მიმართ მიჩნდება ასეთი კითხვა _ სად პოულობენ ასეთ კადრებს?
- ამ კითხვიდან ჩანს, რომ ამ ცვლილებებით დიდად აღფრთოვანებული არ ხართ.
_ აღფრთოვანებული როგორ ვიქნები, გამოვიდა ახალი ფინანსთა მინისტრი და გვითხრა, ფინანსთა სამინისტრო წარმატებული იყოო. მინდა მივმართო მამუკა ბახტაძეს _ ახალგაზრდა ყმაწვილო, ჩაჯექი იმ შენ ჯიპში, გაიარე თბილისის ქუჩებში და მიხვდები, რა წარმატებულიც იყო ეს სამინისტრო.
გვითხრას ერთი, რაში იყო ფინანსთა სამინისტრო წარმატებული? ფინანსთა სამინისტრო წარმატებული იყო მიკრო-საფინანსო ბანკებისთვის, რომლებმაც დააკაბალეს საქართველოს და განსაკუთრებით, თბილისის მოსახლეობა.
თავად მამუკა ბახტაძე პრემიერმა კვირიკაშვილმა ძალიან აქო. თქვა, განათლებული ახალგაზრდააო. როგორი განათლებულიც არის, ამას საქმე გვაჩვენებს. ეს ახალგაზრდა ფინანსთა სამინისტროში რკინიგზიდან მოიყვანეს. ბახტაძის დროს რკინიგზა კარგად ვერ მუშაობდა. ძალიან მინდა ვთხოვო ამ ბატონებს, რომ საკუთარ თავზე ნუ მიიწერენ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს. ეს პროექტი თქვენს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და უფინანსობის გამო ვერ განხორციელდა.
რაც შეეხება თავად რკინიგზის მუშაობას, ტვირთების გადაზიდვა შემცირებულია, თან სერიოზულად. მინდა ვკითხო ახალ ფინანსთა მინისტრს, გააკეთეთ იმის ანალიზი, რა თანხები დაიხარჯა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე. იცით სად რა თანხა დაიხარჯა? მგონია, რომ დიდი რაოდენობით თანხები გამქრალია. ამიტომ, სანამ სიტყვა წარმატებულს იტყვით, ცოტა ტვინის უჯრედები გაანძრიეთ, რომ მერე დასაცინად არ გაიხადოთ თავი.
იმას აღარ ვამბობ, როგორ მუშაობს რკინიგზა. ვითომ ჩქაროსნული მატარებლით მოდიხარ და რამდენიმე საათი ხარ გზაზე გაჩერებული. რკინიგზის თანამშრომლები არც კი გცემენ იმაზე პასუხს, რატომ არის რკინიგზა გაჩერებული. ამის უფროსი 13 ნოემბერს ფინანსთა მინისტრად მომევლინა და რა ვიცი.
- ბახტაძეს თავი დავანებოთ და განათლების ახალ მინისტრზეც გვითხარით, რას ფიქრობთ.
- განათლების და მეცნიერების მინისტრად ბევრად უკეთესის დანიშვნა შეიძლებოდა. ახალი ფინანსთა მინისტრის მსგავსად, წინამორბედის წარმატებებზე დაიწყო საუბარი. თურმე ჯეჯელავას, იმ კომბლეს, განათლების სამინისტროში წარმატებული რეფორმები გაუტარებია და ახლა ეს ახალი იძახის, მე გავაგრძელებო. მეეჭვება, კომბლეს სისულელეები გააგრძელოს, ეს შეუძლებელია. ახალი სისულელის დამატება კი, სავსებით შესაძლებელია.
ძალიან მიკვირს, რა კრიტერიუმით შეარჩიეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გახარია. კარგად ვიცით, ვისთანაც ახლობლობს ეს ადამიანი, მაგრამ არის მეორე მომენტიც _ ის თავიდან ბოლომდე რუსულ ბიზნესშია ჩართული. უნდა გვითხრან, წამოიღო თუ არა რუსეთიდან თავისი ბიზნესი. გვითხრან, ისიც ჩინოვნიკია თუ ბიზნესმენი.
- გარდა იმისა, რომ გახარიას რუსულ ბიზნესთან აქვს კავშირი, მას უმაღლესი განათლებაც რუსეთში აქვს მიღებული. ესეც აჩენს კითხვებს.
- განათლებასთან დაკავშირებით მე კითხვები არა მაქვს. არასამთავრობოების და ნაციონალების დიდ ნაწილს, რომლებიც თავს იკლავენ ჩვენზე პროდასავლური არავინ არ არისო, განათლება რუსეთში აქვს მიღებული.
მე ის მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში აქვს მას ახლა ანგარიშები. მინდა ვიცოდე, ვისი შს მინისტრი იქნება, საქართველოსი თუ სხვა ქვეყნის. მაინტერესებს ისიც, რა ფენომენია, რა აქვს შექმნილი რომ უცბად ამხელა სტრუქტურა ჩაიბარა. მე გიორგი გახარიაზე ჯერ არც ცუდს ვამბობ და არც კარგს, კითხვები თავისთავად ჩნდება.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ კარგად ვიცით, ვისთან არის გახარია ახლოსო და ვისთან არის დაახლოებული?
- ვისთან უნდა იყოს? იმასთან არის დაახლოებული, ვინც დღეს მთელ საქართველოს მართავს.
- ბიძინა ივანიშვილის ახლობელია?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ დაინიშნა შს მინისტრად.
- ეს გასაგებია, მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამეები ხდება. რაც არ უნდა გვერდით გადგეს ეს ადამიანი და არაფერში არ ჩაერიოს, თავად საზოგადოება არ ასვენებს მას. ერსაც და ბერსაც ის აინტერესებს, ბიძინამ რა თქვა. მერე თავადვე უკვირთ, რატომ გვყავს არაფორმალური მმართველიო.
იგივეს აკეთებს ამერიკის ელჩიც _ წავა, წამოვა და ბიძინასთან მიდის რაღაცის გასარკვევად. მინისტრებიც მას ეკითხებიან ყველაფერს. ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც მასთან მიდიან. მერე ისინიც არაფორმალურ მმართველზე აკეთებენ მინიშნებებს.
ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ისეა გაპრიმიტივებული, რომ გათენებისთანავე იმაზე ფიქრობს, ბიძინამ რა თქვა. მოსწონს ამ ხალხს ასეთი არაფორმალური მმართველი და თუ გინდა მოკალი. აქ ბიძინა არაფერ შუაშია.
- ანუ საზოგადოების დაკვეთაა, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველი იყოს?
- ჩვენა ვართ ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები ვართ, რომ ვიღაცას მუხლი მოვუყაროთ. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ჯერ გამსახურდიას უვარდებოდა მუხლებში, შემდეგ შევარდნაძეს მოვუყარეთ მუხლი, მერე სააკაშვილს ვუძღვნიდით ლექსებს. ბელადი გვჭირდება და მორჩა.
არც ეს საკადრო ცვლილებები მოხდებოდა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. `ოცნებაში~ ასეთი სტილია _ ზოგად პრინციპებს ათანხმებენ ბიძინასთან და შემდეგ პრემიერი წყვეტს მთელ რიგ საკითხებს.
- გინდათ თქვათ, რომ სამთავრობო ცვლილებები გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი შეხედულებების მიხედვით განახორციელა?
- შინაგან საქმეთა მინისტრად გახარიას დანიშვნის გადაწყვეტილება სხვამ მიიღო. სტრუქტურული ცვლილებები და ასეთი რამეები კვირიკაშვილს ეხება.
- გახარია ივანიშვილის ახლობელიაო თქვით. ივანიშვილის ოჯახის ახლობელია მამუკა ბახტაძეც. ერთიც და მეორეც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოიაზრებოდნენ პრემიერის შემცვლელებად.
- ახლაც ძალაში რჩება ეს მოსაზრება. მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია პრემიერის სავარძელს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. გახარიაზე უფრო მეტი შანსი ბახტაძეს ჰქონდა. მასზე ბევრი ლაპარაკი იყო, მაგრამ მერე რატომღაც დიმიტრი ქუმსიშვილი გამოიკვეთა, რომელიც ეკონომიკის მინისტრად დააბრუნეს.
- ქუმსიშვილის გაპრემიერება რატომ გადაიფიქრეს?
- ისეთი ბღუჯა-ბღუჯები იძახა, რომ გადაიფიქრეს და უკანა პლანზე გადაწიეს. გახარია და ბახტაძე კი მთავრობის მეთაურის თანამდებობას უფრო მიუახლოვდნენ. როდესაც მომავალ პრემიერზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ კახა კალაძე. მილანის ყოფილი ფეხბურთელი და დღეს უკვე დედაქალაქის მერი, პოზიციებს ყოველდღიურად იმაგრებს როგორც საკადრო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
მას საპრემიერო ამბიციები ნამდვილად აქვს. ან რატომ არ უნდა ჰქონდეს. მას ველი სრულად გაუსუფთავეს და რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია. მერის თანამდებობაზე თუ რაიმე წარმატებას მიაღწია, ჩათვალეთ, რომ ის აუცილებლად იბრძოლებს პრემიერობისთვის.
- ეს პრემიერობა რაში სჭირდება?
- უნდა, რომ ბიძინას მერე საქართველოში პირველი კაცი იყოს.
- ამბობთ, რომ წარმატებული მერი თუ იქნა, პრემიერობისთვის იბრძოლებსო. იქნება კალაძე წარმატებული მერი?
- ვერ გეტყვით. ის ბევრი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. აქამდე თუ სამთავრობო სტრუქტურებს იყო ამოფარებული, ახლა ისეთი ჭირვეული ქალაქის პირველი პირი გახდა, როგორიც არის თბილისი. ახლა, რაც დედაქალაქში მოხდება, ყველაფერზე მან უნდა გასცეს პასუხი.
მას პარლამენტში უკვე ჰყავს თავისი გუნდი, აქაც შემოიკრებს ხალხს და თუ ოდნავ გაქაჩა, ჩათვალეთ, რომ პრემიერობასაც მიუჭახუნებს. ნურც მისი კავშირები დაგვავიწყდება. ნელ-ნელა, შრომით, ჭკუით და ეშმაკობით ეს კაცი წინ მიიწევს. ჯერ ამაში ეხმარებიან კიდევაც და მერე ვნახოთ.
- თუ კალაძეს მართლა აქვს საპრემიერო ამოცანები, მას გახარიასა და ბახტაძისგან არ ექნება ხელისშეშლა? ისინიც ხომ პრემიერის პოსტზე მოიაზრებიან.
- როგორ არ ექნება. კალაძეს ისევე დაუწყებენ ძირის გამოთხრას, როგორც ქუმსიშვილი უთხრიდა ძირს გიორგი კვირიკაშვილს.
მინდა აქვე გითხრათ, რომ უახლოეს ერთ წელიწადში ძალიან სერიოზული ცვლილებები და პოლიტიკური გადათამაშება მოხდება. დეტალებს ახლა არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი ამბები გველოდება.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი, საკადრო ცვლილებების ერთ სერიოზულ ჩამოქროლებასაც ვიხილავთ. ეს რამდენიმე თვეში მოხდება.
- არის ვერსია, რომ ამ საკადრო ცვლილებებით ხელისუფლებას რაღაცის გადაფარვა სურს. ხან ციანიდი იყო, ხან კაშიას სამკლაური და ქართული მარში.
- საკადრო ცვლილებები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო დაგეგმილი და ამ შემთხვევაში არანაირ გადაფარვას არა აქვს ადგილი. ცხენი სადამდისაც გაქაჩავს, იქამდე ქაჩავენ. `ქართული ოცნების~ მმართველობის სტილიც ესაა. ყველამ იცოდა, რომ საქართველოს ჰყავდა სამარცხვინო განათლების მინისტრი, მაგრამ სანამ ყველას მოთმინება არ ამოიწურა, მანამდე არ შეცვალეს.
კაშიას სამკლაური ახსენეთ და ლგბტ თემზე ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთხელ უდიდეს ფეხბურთელს, დიეგო მარადონას ჰკითხეს, როგორ უყურებთ გეების მომრავლებასო. მარადონამ უპასუხა, ერთი მხრივ უარყოფითად, მაგრამ მეორე მხრივ, დადებითად ვაფასებ, რაც მეტი გეი იქნება, ჩვენ მით მეტი ლამაზი ქალი დაგვრჩებაო. ხუმრობით მეც ასეთი აზრის ვარ.
სერიოზულად თუ გაინტერესებთ რას ვფიქრობ ამაზე, ისეთ მაქინატორს, როგორიც სოროსია, ასევე ევროკავშირს ბიუჯეტში მილიარდიანი მუხლები აქვთ გაწერილი ამ საკითხების პოპულარიზაციის დასაფინანსებლად. ეს თანხები საქართველოშიც მოდის.
პატარ-პატარა გოგოები და ბიჭები გაგიჟებული იმიტომ არიან, რომ ამ ბიუჯეტებიდან გამოყოფილ უზარმაზარ ხელფასს ემსახურებიან. რაც უფრო სუსტია ხელისუფლება, მით უფრო ხმაურობენ ესენი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ამათი გალანძღვა, ცემა-ტყეპა მათ დაფინანსებს ზრდის. უხეშად ვთქვათ, რომ ამათ ფულს ვაკეთებინებთ. მარში გააკეთებინებს ამათ ფულს თუ სხვა ვინმე, რა მნიშვნელობა აქვს.
არასამთავრობოები ისედაც ძალიან ტკბილად ცხოვრობენ. ქრონომეტრაჟი გავაკეთე და ტელევიზიებში მინისტრებზე მეტი დრო ეთმობა ამათ გამოსვლებს მთავარ არხებზე.
ერთი მეგობარი მყავს, ძალიან სერიოზული ბიზნესმენია და ძალიან ხშირად უწევს აქეთ-იქეთ ფრენა. მითხრა, ხშირად კერძო თვითმფრინავით ვსარგებლობ, მაგრამ როცა ჩვეულებრივი თვითმფრინავით მივფრინავ, ბიზნესკლასით ვსარგებლობო. ამ ბიზნესკლასში არა საქართველოს მთავრობის წევრები, ან ცნობილი სახეები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები _ 20-30 წლის გოგო-ბიჭები არიან. საიდან აქვთ მათ ამდენი ფული. ჩემი მეგობრის თქმითვე, აეროპორტების ბიზნეს-ლაუნჯებშიც ეს გოგო-ბიჭები სხედან.
დასკვნა თავად გამოიტანოს საზოგადოებამ. სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოებას არაფერზე ფიქრი არ უნდა. ისინი ელოდებიან არჩევნებს, რომ 15 ლარად გაყიდონ ხმები.


FaceBook Twitter Google