ინტერვიუები
პუტინის მსგავსი მასშტაბის პრეზიდენტი რომ იყოს საქართველოში, რა არის ამაში ცუდი?!
პუტინის მსგავსი მასშტაბის პრეზიდენტი რომ იყოს საქართველოში, რა არის ამაში ცუდი?!

ბურჯანაძე მოსკოვში სიარულით აკეთებს საქვეყნო საქმეს!
დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში სიარულს მოუხშირა, თუმცა ის არ არის ხელისუფალი და, შესაბამისად, მისი მოსკოვში ვოიაჟები შედეგს ვერ გამოიღებს, ის იმრავლებს მტრებს, თუმცა იკრებს მომხრეებსაც, ვინც ფიქრობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ოფიციალურ მოსკოვშია. ქართველი საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძის ფრაზა _ მე ვისურვებდი, საქართველოს პუტინის მსგავსი პრეზიდენტი ჰყავდეს.
რა ქვედა დინებებია ამ ფრაზაში, ფიქრობს თუ არა ბურჯანაძე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლი მას მხარს დაუჭერს და პუტინის ორეული გახდება? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე `ალიას~ კითხვებს პასუხობს.

- ვიდრე ბურჯანაძის მოსკოვურ ვოიაჟებზე გკითხავდეთ, მაინტერესებს, რატომ რომელიმე ძალა არ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ გამწარებულ ხალხს ჩაუდგეთ სათავეში და შეახსენოთ ხელისუფლებას თქვენი არსებობა, ხალხს კი დაეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში. ბიუჯეტიდან ფულს იღებთ, ხალხი კი უპატრონოდ არის მიყრილი. გამოდით ქუჩაში, გაუძეხით ხალხს, იქნებ დააფიქროთ ხელისუფლება.
- ჩვენ ხალხს მოვუწოდებდით არჩევნების წინ, რომ კაპიკებზე არ გაეყიდათ საკუთარი ხმები, თორემ უარეს გაჭირვებაში აღმოჩნდებოდნენ. ამ ქვეყანაში სახალხო მღელვარების ციკლები არსებობს, ჯერ არ არის მზად ქუჩაში გამოსასვლელად. ეტყობა, მწარედ არ მოხვედრია ცხვირში, რომ მიხვდეს, რა მძიმე მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვინდა, ყველაფერი ხელოვნური იყოს, თორემ შეგვიძლია როგორც აკეთებენ სხვები, რეგიონებიდან ავტობუსებით ხალხი ჩამოვიყვანოთ, ქუჩაში ერთი-ორი დღე დავაყენოთ, მე ვფიქრობ, ეს იქნება ხელოვნური და ნაჩქარევი, ამიტომ თუ არ მომწიფდა სიტუაცია, ამას არ დავაჩქარებთ და არც გვინდა რევოლუციური გზების განვითარება. თუმცა ხელისუფლება სხვა გზას არ გვიტოვებს და, ადრე თუ გვიან, შეიძლება ეს მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკური ძალა იმითაც გამოირჩევა, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია ვართ, თვითმიზანი არ არის ხალხის გამოყვანა, არ გვინდა, ქვეყანა დაზარალდეს. როგორც ჩანს, ხელისუფლება ვერ ხვდება და სადამდეც გასდის, იქამდე ხდის სულს მოსახლეობას, მდიდრდებიან, თვითონ ყველაფერი აქვთ, ხალხს კი ბუს კვერცხები!..
- უკიდურესი სიღატაკეა, მოსახლეობას კრედიტი გაუათმაგდა, პროდუქცია ძვირდება, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია თემატურად გაერთიანებას.
- ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში, `ნაციონალების~ გარდა, ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობდით, ყოფილიყო ერთი მერობის კანდიდატი. ხომ ხედავთ, `ქართული ოცნების~ მერობის კანდიდატს როგორ გაუჭირდა გამარჯვება მაშინაც კი, როცა დაქსაქსული იყო ოპოზიციური პარტიები. სამწუხაროდ, ჩვენ არ დაგვიჯერეს ოპოზიციურმა პარტიებმა, მერწმუნეთ, გაერთიანებულ ოპოზიციას ერთი კანდიდატი რომ ჰყოლოდა, შედეგი სხვა იქნებოდა... რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას თემატურ საკითხებზე, გეტყვით, რომ ხელისუფლება ეშმაკურ ხერხს მიმართავს, მოსყიდვის, დაშინების, მოტყუების. საოცარია, რომ `ნაციონალების~ შემდეგ კვლავ ამ საკითხებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ძალიან კარგად შეითვისა `ნაციონალების~ უარყოფითი თვისება და მშვენივრად იყენებს ამას, ერთადერთი ტანკებით არ დაქრის ქუჩაში. ერთია, რომ `ქართულ ოცნებას~ ავტორიტეტი ნული აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ `ქართული ოცნება~ ისევ და ისევ, `ნაციონალების~ სიძულვილზე დგას. ყველამ ვიცით, რომ, სანამ საზოგადოებაში `ნაციონალების~ სიძულვილია, `ოცნება~ იყელყელავებს. მას ურჩევნია, საპირწონედ ჰყავდეს არა დემოკრატიული მოძრაობა პარლამენტში, არამედ `ნაცმოძრაობის~ სხვადასხვა ფრთა, რომლებთანაც კარგადაც თანამშრომლობს და რაც მთავარია, საზოგადოებას აჩვენებს, თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, მოვლენ `ნაციონალები~. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამ თამაშს აჰყვნენ, ამერიკის საელჩოც ამ თამაშშია ჩართული. ვინ ჰკითხავს დიპლომატიურ მისიას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩართვას, მაგრამ საქართველოში ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, ვინ ეკითხება ამერიკის ელჩს, ან ევროკავშირის წარმომადგენელს, ამბრაზურასავით რომ გადაეფარნენ უჩა ნანუაშვილს. მათი საქმე არ არის, ჩვენს ქვეყანაში წინასწარ განწყობები შექმნან ვიღაც-ვიღაცებზე, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება იმდენად სახედაკარგულია და იმდენად არის გაწაფული ჯიბეების გასქელებით, მზად არის, ყველაფერზე თვალი დახუჭოს, ოღონდ შერჩეს ყველაფერი.
- როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, სტრუქტურული ცვლილებები პრემიერის გადაწყვეტილება იყო თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაკარნახევი, ამით ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება?
- რა თქმა უნდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით განპირობებული, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მის სასახლეში წყდება. `ქართულმა ოცნებამ~ მისი ავტორიტეტი გაფლანგა, თვითონ არაფერს წარმოადგენენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ პიროვნების ნება-სურვილზე არიან აგებულნი. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, დღევანდელ ხელისუფლებას საოცარი რამ ჭირს, თითქოს ერთი გუნდია, მაგრამ ერთიან აზრს ვერ აყალიბებენ. `ოცნების~ ერთი ნაწილი ალთას არის და მეორე _ ბალთას. ამას ვეძახი პოლიტიკურ ონანიზმს და `წაჯექ-უკუჯექობანას~. როცა ჟურნალისტი კითხვას სვამს ამ ოპტიმიზაციით ბიუჯეტი რამდენი იზოგებაო, პასუხი იყო ასეთი _ ჯერ ამაზე ნაფიქრი არ გვაქვსო. წარმოგიდგენიათ, რა დეგრადირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომელსაც დაგეგმილი არა აქვს ოპტიმიზაციის შედეგად ბიუჯეტი რამდენით დაიზოგება. თუკი ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით ახდენ ოპტიმიზაციას, წინასწარ არ უნდა იცოდე, შე დალოცვილო, რას ზოგავ?! იმის არ იყოს, ერთ-ერთი ბანკის პრეზიდენტმა რომ თქვა, ზამთარში რომ ცივა, ლარი იმიტომ ეცემაო. ეს ხომ არასერიოზულობაა!.. ბღუჯა-ბღუჯა მინისტრი კვლავ ეკონომიკას მოაჯდა, კომბლე მინისტრი, რომელიც ვაშლებს არიგებდა, გაუშვეს, მაგრამ მოვიდა მეორე და ამბობს, წინამორბედის რეფორმებს გავატარებო. თუ წინამორბედი კარგ რეფორმებს ატარებდა, რატომ გააგდეს?! ეს ყველაფერი მაგონებს ილია ჭავჭავაძის `მგზავრის წერილებს~, ლოთ რუს ოფიცერს რომ შეხვდება, რომელიც უხსნის, თქვენ, ქართველები, გაუნათლებლები ხართ, მე კი გამოვიგონე, როგორ უნდა გავიგო, მქურდავს თუ არა ჩემი შინამოსამსახურე, ჭიქაში ბუზები ჩავსვი და შევინახე კარადაში, მეორე დღეს ვნახულობ, თუ ჭიქა ნაკლულია, ე.ი. კარადა ვიღაცამ გამოაღოო. ამ რუსი, ლოთი ოფიცრის ლოგიკით აზროვნებენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რა უნდა მოსთხოვო მათ?! ისინი არიან მთლიანად ერთი ადამიანის ყოფნა-არყოფნაზე დამოკიდებული. ასე გააგრძელებენ, სანამ საზოგადოება გადაყლაპავს მათ უმსგავსობას.
- რუსი ლოთი ოფიცრის პროტოტიპად წარმოაჩინეთ `ქართული ოცნება~, თუმცა `რუსი ლოთი ოფიცრების~ ქვეყანაში მოუხშირა თქვენმა ლიდერმა სიარულს... რა აზრი აქვს ნინო ბურჯანაძის მოსკოვში სიარულს მაშინ, როცა ის არ არის ხელისუფლება და გადაწყვეტილების მიმღები პირი?
- დიახ, ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური პარტიის ლიდერია და მას არანაირი ბერკეტი არა აქვს, გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ როდესაც მეექვსე წელი დაიწყო და ხელისუფლება რუსეთს ვერცერთ საკითხზე ვერ ესაუბრება, ვერც კი ბედავს, რუსეთს დაელაპარაკოს, ნინო ბურჯანაძე ჩადის და მათივე ტერიტორიაზე მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ჩვენ არ შევეგუებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელმა ქართველმა პოლიტიკოსმა უთხრა, რომ ჩვენ არ გვინდა რუსის ჩექმა იყოს საქართველოში, არ გვინდა იყოთ შუამავლები აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში. ამაზე მეტი პოლიტიკური გარღვევა და გამბედაობა რა გინდათ?!. სხვა რა დივიდენდები უნდა ჩამოგიტანოთ ბურჯანაძემ რუსეთიდან, 129-მილიონიან რუსეთს ელაპარაკება, ჟირინოვსკი რომ ჟირინოვსკია, რომელსაც ორატორობას ვერ წაართმევ, დადუმდა და აღიარა, სამაჩაბლოც და აფხაზეთიც საქართველოსია, მაგრამ ჯარი იქ მაინც გვეყოლებაო!.. ჟირინოვსკიმ ერთი ეტაპი ხომ მაინც დაგვითმო!.. ეს მანიშნებელია პოლიტიკური გამბედაობის და ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ დავიწყოთ მუშაობა, იქნებ შედეგი მოჰყვესო. ფეისბუკლომები ტახტზე რომ არიან წამოწოლილი და პოსტებს აცხობენ, ბოდიში და, იმათ პრუტუნსა და ნაჯღაბნს ყურადღებას არ ვაქცევ, ბურჯანაძე აკეთებს საქმეს. კიდევ აქვს მოწვევა, ჩავა რუსეთში და კიდევ ერთხელ ჩაუდებს თავში, რომ ჩვენ არ დავთმობთ ტერიტორიულ მთლიანობას!..
- ნინო ბურჯანაძე აპირებს, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსკოვში მისი ხშირი ვიზიტები ხომ არ მიანიშნებს, რომ რუსეთიდან ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება?
- ბუნებრივია, ეს კითხვა უნდა დასვან, თორემ ხომ გაუსკდებათ გულები. ნინო ბურჯანაძე გამოდის უმაღლეს ტრიბუნაზე, ის არის უმაღლესი კლასის პოლიტიკოსი. ენები ჩაუვარდათ მის პოლიტიკურ განცხადებებზე, აბა, ჯანელიძე ხომ არ ჩავა, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვინ მოუსმენს?! ბუნებრივია, იტყვიან, რუსეთიდან მხარდაჭერას ელოდებაო. რით ვეღარ დარწმუნდა ეს საზოგადოება, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას არანაირი ფინანსური დახმარება არ აქვს, მით უმეტეს, რუსეთიდან. ორი არჩევნებია, უფულოდ ვმონაწილეობთ არჩევნებში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც არჩევნებში შემოწირულობა არ ჰქონია, მაშინ, როცა `ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთ ფრთას ვითომ მილიონები შეწირეს. ეს გვემჩნევა კიდეც, ოფისებს ვეღარ ვხსნით. ამიტომ ვერავინ წამოგვაძახებს, რომ ჩვენ რუსეთიდან ვფინანსდებით. როდესაც გატრუნულია მთელი საქართველო და თურმე მარტო `ლგბტ~-სა და კაშიას სამკლავური ყოფილა პრობლემა, მთელი დღე ამაზე რომ არის ლაპარაკი, ბურჯანაძე ჩადის და რუსეთს ეუბნება, ჩვენს ტერიტორიებს არ დაგითმობთო. შედეგი არის ის, რომ ბურჯანაძე რუსებს ახსენებს, არ შევეგუებით ტერიტორიების დაკარგვას, ადრე თუ გვიან, მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთო. ეუბნება რუსებს რამეს კვირიკაშვილი ან ჯანელიძე, სააკაშვილის ფავორიტ მინისტრს ვერა ქობალიას ქოლგით რომ დასდევდა და დღეს მინისტრია?!. კალაძე `გაზპრომის~ წარმომადგენლებს რომ ხვდებოდა, რომელიმემ ტერიტორიულ მთლიანობაზე ენა დაასველა?! ბოღმა და შური ალაპარაკებთ, სტერეოტიპებიდან ვერ გამოდიან.
- ბურჯანაძის განცხადება, რომ მე მინდა საქართველოს ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც არის პუტინი... აქ ბევრი რამ შეიძლება მოიაზრო...
- ეს იყო სიმბოლურად ნათქვამი, პუტინმა რუსეთისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, ამ კაცმა სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ფეხზე დააყენა. მათ მეთოდებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ უკეთესი და სხვა მეთოდებით მსგავსი მასშტაბის პრეზიდენტი რომ იყოს საქართველოში, რა არის ამაში ცუდი?!. არაფერი!.. საქართველოს პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური ლიდერები, ფიგურები ხომ არ არიან, ეგენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ლაპარაკობენ არა იმას, რაც ქვეყანასა და ხალხს სჭირდება, არამედ ამბობენ იმას, რაც სიამოვნებს ამერიკის ელჩს. რისი მაქნისები არიან ესენი, საერთაშორისო ძებნა აქვთ გამოცხადებული სააკაშვილზე, ის კი მეზობელ სახელმწიფოში კარავში კოტრიალობს და ესენი ვერც კი კნავიან, გადმოგვეცითო. ამათ ტერიტორიების დაბრუნების თავი აქვთ?!

ნინო სამხარაძე
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31