ინტერვიუები
გიგლა ბარამიძე: `დაზვერვას, აგენტურასა და სპეცსამსახურებს სერიოზული პრობლემები აქვთ`

`თბილისი იარაღით, ნარკოტიკებითა და ბორდელებით არის გაძეძგილი`
`საქართველოში 400 აღურიცხავი მეჩეთია`
რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება, რა გვაჩვენა თბილისში ჩატარებულმა 21- საათიანმა სპეცოპერაციამ, რა კითხვებს უნდა გასცენ პასუხი მინისტრებმა, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა? - ამ თემებზე `ახალ თაობას` ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა
ბარამიძე ესაუბრება.


გიგლა ბარამიძე:

- 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის ქრესტომათიული მაგალითი იყო. უილაჯობის კლასიკის ჩვენების გარდა, მათ საზოგადოებაც ფეხებზე დაიკიდეს. დამთავრდა 21-საათიანი სპეცოპერაცია და, ფაქტობრივად, არანაირი განცხადება არ გააკეთეს. ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, გვეუბნებიან, გამოძიება დაადგენსო.
ჩვენ, პოლიტიკოსები, ხშირად ვაფრთხილებდით ხელისუფლებას მოსალოდნელ საფრთხეებზე, მაგრამ ამათ მხოლოდ მოქაფვა აინტერესებთ, ან იმდენად ჩლუნგები არიან, რომ ვერაფერი გავაგებინეთ. რამდენი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ შესაცვლელია საიმიგრაციო პოლიტიკა. ამ მიმართულებით კანონებითაც უმწეოდ გამოვიყურებით და ქმედებებითაც.
საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს არა აქვთ იმის უფლება, ასე ჰაიჰარად არიგებდნენ საქართველოს მოქალაქეობას, თან დაჩქარებული წესით. უპრობლემოდ იძლევიან დროებითი ბინადრობის მოწმობებს. იციან საერთოდ, რა კატეგორიის ხალხი შემოდის საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან? 
ახლო აღმოსავლეთში ყველაფერი მოშლილია, ტერორისტები თუ მათი მხარდამჭერები ფიქრობენ, სად შეაფარონ თავი. ყველაზე სუსტი ამ მხრივ საქართველო აღმოჩნდა - შემოდიან და შემოდიან. ამის შემაკავებელი მექანიზმები ჩვენმა სახელმწიფომ სპეციალურად არ შექმნა. კითხვების პასუხად ათას სისულელეს ბჟუტურობენ, თურმე ამ ადამიანებს შემოაქვთ ინვესტიციები.
- ინვესტიცია რამდენად არის, ვერ გეტყვით, მაგრამ თბილისში ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული პირები ხსნიან სხვადასხვა სახის ობიექტს.
- ამათ რომ ვკითხოთ, ახლო აღმოსავლეთიდან შემოსულების მიერ გახსნილი ჩილიმ-ბარები შველის ქართულ ეკონომიკას. მარტო ჩილიმ-ბარებს რომ ხსნიდნენ, რა გვიჭირდა. მათ მიერ არის გახსნილი ბორდელები, ნარკობრიტონები და ათასი უბედურება კიდევ. გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ ობიექტებში თავს მომავალი ტერორისტები არ იყრიან?
ტერორისტებს მხოლოდ პრაქტიკულად კი არ ამზადებენ. მათთან მუშაობა ჯერ აგიტაცია-პროპაგანდით იწყება. საჭიროა მათი ფსიქოლოგიური მომზადება. ნაომრებს დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ.
საქართველოს ხელისუფლებას საიმიგრაციო პოლიტიკა მაქსიმალურად გამკაცრებული უნდა ჰქონდეს. ამის ნაცვლად მარტივად არიგებენ საქართველოს მოქალაქეობას და მიწების შეძენის უფლებასაც აძლევენ. ამ ყველაფერს რატომღაც ბიზნესის ხელშეწყობას უწოდებენ.
ეს აუცილებლად იჩენს მომავალში თავს, ისევე, როგორც თავი იჩინა პანკისის პრობლემამ. პრობლემები გაჩნდა აჭარაში. იქ მუსლიმები მრავლად ცხოვრობენ, მაგრამ მათ პრობლემები არასდროს შეუქმნიათ. ის სირთულეები მაშინ გაჩნდა, როცა აგრესიული ისლამის მიმდევრებმა მოიკიდეს ფეხი. ეს ადამიანები გამოდიან და გვემუქრებიან კიდევაც.
- ქართველებზეა საუბარი?
- ქართველებზე. ერთ-ერთ მათგანს ჟურნალისტმა ჰკითხა, მეჩეთები, ჯამეები და კერძო სამლოცველოები გაქვთ, ყველა თქვენ გეფერებათ და რაღა გინდათო. იმან უპასუხა, იმიტომ ვარ გაბრაზებული, ქვეყანა შარიათის კანონებით რომ არ ცხოვრობსო.
იცით თუ არა, რომ საქართველოში 400 აღურიცხავი მეჩეთია. აღარაფერს ვამბობ ოფიციალურ მეჩეთებზე.
- აღურიცხავი მეჩეთი რას ნიშნავს?
- სახლებში აქვთ გახსნილი კერძო მეჩეთები. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ არანაირი რეაქცია არა აქვთ ამ ჩაჩნებს. იმასაც არ არკვევენ, ამ აღურიცხავ მეჩეთებში რა სახის ლიტერატურა რიგდება. ყველამ ვიცით, რომ პანკისიდან ათეულობით საქართველოს მოქალაქე წავიდა სირიასა და ერაყში საომრად. ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ მიაქცია, პრობლემის არსებობა მხოლოდ მაშინ აღიარეს, როცა სირიაში სკოლის მოსწავლეები წავიდნენ.
2 წლის წინ ტელევიზიით ერთი პანკისელი ბიჭი გამოვიდა, სკოლის მოსწავლე იყო და საკმაოდ განათლებული ჩანდა. მან თქვა, რომის პაპმა ურბანმა ისლამის გასანადგურებლად დაიწყო ჯვაროსნული ომიო. ეს ბიჭი ამბობდა, მე არ მივდივარ ხალიფატში, მაგრამ ჩვენი ბიჭები მიდიან, რომ ჯვაროსნებს გაუსწორდნენო, ხალიფატიც ამისთვის შეიქმნაო. აღმოსავლეთმცოდნე ვარ და ურბანი მე აღარ მახსოვს, ამ ბავშვს ვინ ჩაუდო ეს თავში? სპეცსამსახურები ამით არ უნდა დაინტერესებულიყვნენ? არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისში საეჭვო პირებზეა გაქირავებული ბინები. არ იციან სათანადო ორგანოებმა, რომ აქ ვიღაცები ჭრილობების მოსაშუშებლად ჩამოდიან. ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა და აქ ბევრი ვინმე შემოდის და გადის. გვიმტკიცებდნენ, ტერორიზმის საფრთხე არ გვემუქრებაო. ტერორიზმის საფრთხე რომ არ დაგემუქროს, ამისთვის პრევენციული ღონისძიებებია საჭირო. ტერორიზმის პრევენციას ვინ ჩივის, ხანძარი ვერ ჩააქრეს და სახანძრო ეკიპაჟები აზერბაიჯან-სომხეთიდან ჩამოიყვანეს.
- ხანძრების დროს თქვენთან ინტერვიუ ჩავწერეთ და მაშინ თქვით, ღმერთმა არ ქნას, ქვეყანაში სერიოზული რამე მოხდეს, თორემ ესენი საშინელ დღეში ჩაგვაგდებენო.
- მერე, არ ახდა? 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია აბა რა იყო, თუ არა საშინელება. დელფოს სამისნოს წინასწარმეტყველი არა ვარ, მაგრამ ელემენტარულ ანალიზს ვაკეთებ. ანალიზის გაკეთება მთელი რიგი სამსახურების პირდაპირი მოვალეობაა. ისინი ამაში უზარმაზარ ხელფასებსა და პრემიებს იღებენ.
21-22 ნოემბერი იყო იმის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არ უნდა ჩაატარო სპეცოპერაცია. 2-ოთახიანი ბინის ასაღებად რა საჭირო იყო ამდენი სპეცრაზმელის მისევა? აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველო 3 შეიარაღებულ პირს ებრძოდა. ისიც ვერ გავიგეთ, ვინ იყვნენ ისინი, ტერორისტები თუ დამნაშავეები, რომლებიც ბანკის გაძარცვას აპირებდნენ. იქნებ იარაღით მოვაჭრეები იყვნენ.
სპეცოპერაცია 21 საათი გრძელდებოდა და ადგილზე არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ მისულა. მისვლით არ მივიდნენ, არ მივიდნენ, მაგრამ ტელევიზიით მაინც გამოსულიყვნენ და ხალხი ენუგეშებინათ. პარლამენტის სპიკერი ბელორუსში იყო, პრემიერი და მისტერ ვეტო პრეზიდენტი სად იყვნენ? ამათთან შედარებით, მოქნილი ტვინი აქვს კახა კალაძეს და მეგონა, ის მაინც მივიდოდა შემთხვევის ადგილზე.
- ის მივიდა შემთხვევის ადგილზე, ოღონდ სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში.
- მერე მისვლას რა აზრი ჰქონდა. კალაძე თბილისის მერია და იქ უნდა მდგარიყო სახლებში გამოკეტილი თბილისელების დასაიმედებლად. იქ მისვლა არავინ მოისურვა და იცით, რატომ? არცერთი მათგანი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის, მათ შორის არც პრემიერი, არც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და არც ფინანსისტი შს მინისტრი. მედიის წინ გამოჩენას იმიტომ მოერიდნენ, რომ სცენარი არ ჰქონდათ დაწერილი. ახლაც იგივე მოხდებოდა, რაც ციანიდის საქმის დროს ვიხილეთ. გახსოვთ, ერთმანეთს როგორ ასწრებდნენ მაშინ განცხადებების გაკეთებას? ყელყელაობდნენ და გვეუბნებოდნენ, საქართველო უდიდეს ტრაგედიას გადავარჩინეთო. მერე გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა. მწარე გამოცდილება ჰქონდათ და ახლა თავი შეიკავეს. ამის გამო მათ სხვაგან პასუხს მოსთხოვდნენ. ჩვენი საზოგადოება ამას არ აკეთებს და ხელისუფლებისგან იღებს იმას, რასაც იღებს.
ამათ, ფაქტობრივად, ყველაფერი შევარჩინეთ და ამიტომაც ვკიდივართ ფეხებზე. აბა ერთი 50.000 კაცს გაემართა აქცია ლარის გაუფასურების გასაპროტესტებლად, მეორე დღესვე გაამყარებდნენ ეროვნულ ვალუტას.
ამათი უნიათო სპეცოპერაციის გამო მთელი ქვეყანა შოკში იყო, ამათ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს, ხალხისთვის დაეცინათ. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სუსმა განცხადება გაავრცელა, საიდანაც გავიგეთ, რომ ამ 3 კინკილა კაცს 3 კვირა დაჰყვებოდნენ. თქვე დალოცვილებო, თუ 3 კვირა დაჰყვებოდით, რაღას შეატანინეთ ამდენი იარაღი და რაღას მოაკვლევინეთ ის სპეცრაზმელი.
იმითაც `დაგვაიმედეს`, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოხდება სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილების იდენტიფიცირებაო. კი მაგრამ, 3 კვირა რომ დაჰყვებოდით, ვერ გაიგეთ, ვის დაჰყვებოდით? აი, ასეთი სიკრეტინე აღარსად ხდება. ახლა მთელი მთავრობა ზის და წერს სცენარს, რომ რამდენიმე დღეში რაღაც ამბავი გვიამბონ. პოსტფაქტუმ გვეტყვიან, რა უნდა გაეკეთებინათ გარდაცვლილ ადამიანებს. რეალურად აზრზე არ იყვნენ, ვინ იყო იმ ბინაში, სადაც 21-საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. სად იყო აგენტურა ან დაზვერვა? ან უბნის ინსპექტორმა მაინც არ იცოდა, რას აკეთებდა ის ხალხი? ამ დღეებში ნათლად გამოჩნდა, რომ დაზვერვას, აგენტურასა და სპეცსამსახურებს სერიოზული პრობლემები აქვთ. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შემეშინდა, 3 კაცს მთელი ქვეყნის სპეცრაზმებს რომ მიუსევ და 22 საათი დაგჭირდება მათ გასანეიტრალებლად, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება სერიოზული კრიზისის დროს? ამათ მარტო ის იციან, ფული როგორ იშოვონ და არჩევნები როგორ გააყალბებინონ სათანადო სამსახურებს. არჩევნების გაყალბების მეფეები არიან და დანარჩენი არ ძალუძთ. გაგახსენებთ პრემიერის ერთ ცნობილ განცხადებას. მან მთავრობის სხდომაზე პრეტენზია გამოთქვა იმის გამო, რომ ქართველ მამაკაცებს ღამის კლუბებში არ უშვებენო. ყველამ ჩათვალა, რომ ღამის კლუბების შემოწმება დაიწყებოდა.
- როგორც ამბობენ, ამ განცხადების შემდეგ თბილისში კიდევ ბევრი ღამის კლუბი გაიხსნა.
- ამ მხრივ კიდევ უფრო გართულდა საქმე. ისიც უცნაურია, პრემიერმა ამ თემაზე რატომ ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. მართლა თუ უნდოდა ბორდელების პრობლემის მოგვარება, სათანადო სამსახურებისთვის უნდა მიეცა დავალება. მას ეგონა, რომ პატრიოტულ რამეს ამბობდა და რაღაც წაიჟღურტულა. კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ ბორდელების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. შსს-ს თანამშრომლებს ერთი ბუჩქიდან მეორე ბუჩქისკენ კი ნუ დაარბენინებთ ხანძრის ჩასაქრობად, სხვა რამეებზე ამუშავეთ. გაიძეძგა თბილისი იარაღით, ნარკოტიკებითა და ბორდელებით. ამის შესახებ პირადად მე არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთე, მაგრამ ამით არცერთი სათანადო სამსახური არ დაინტერესებულა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში იმაზეც საუბრობდით, თუ რა პრინციპით არჩევდნენ ნარკორეალიზატორებს. არც ამაზე ყოფილა რეაქცია?
- რა რეაქცია. არადა, პირდაპირ დავუდე სქემა და მეტი რა ვქნა. სპეცრაზმს თუ მომცემენ, სპეცოპერაციასაც ჩავატარებ იარაღისა და ნარკოტიკების ამოსაღებად.
- იარაღის ამოღებაში სერიოზული გამოცდილება გაქვთ მიღებული. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორობის დროს ხშირად ატარებდით ასეთ ღონისძიებებს.
- ეს ყველაფერი ერთ თვეში მოვათავეთ. ამის გაკეთება თბილისშიც შეიძლება, მაგრამ ამისი არც სურვილი აქვთ და არც თავი. თბილისთან ახლოს, ფონიჭალაში, ყოველკვირა ნარკორეალიზატორებს რომ აკავებენ, ამით აპირებენ გამსაღებლების წინააღმდეგ ბრძოლას? ერთი ბარიგა დაიჭირე? მის ადგილს მეორე დაიკავებს. აქ შედეგი თუ გინდა, ის ხაზი გადაკეტე, საიდანაც ნარკოტიკები შემოდის. ასევე ის ბობოლები უნდა დააკავო, რომლებსაც ეს ნარკოტიკები შემოაქვთ და ბარიგებზე ანაწილებენ. რეალიზატორებს პოლიციაშიც ბევრი მფარველი ჰყავთ. მათაც მკაცრად უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან მარტივად შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ. არ უნდათ და შედეგად ჩინოვნიკების ქონება კატასტროფულად იზრდება. არ გახსოვთ, როგორი ჩამოხეულები მოვიდნენ? ახლა მილიონერები არიან და ისეთი გაბეყილები დადიან, თითქოს მაგათი ვალი ჰქონდეს ვინმეს.
ისევ 21-საათიან სპეცოპერაციას დავუბრუნდები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აღშფოთებას - მთელი ამ დროის განმავლობაში ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა განცხადების გაკეთება არ ისურვა. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას მხოლოდ ამერიკის ელჩმა გვანუგეშა. იან კელიმ თქვა, რომ მთავარი ხალხის უსაფრთხოების დაცვაა.
- აშშ-ის ელჩმა თუ გვანუგეშა, ხელისუფლებას ვუნუგეშებივართ. კელია, ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფალი.
- ეგ თავისთავად, მაგრამ არც მისი განცხადების შემდეგ ამოიღეს ხმა მთავრობის წევრებმა. მხოლოდ სახალხო დამცველმა გადაწყვიტა განცხადების გაკეთება.
ისევ საიმიგრაციო პოლიტიკას დავუბრუნდები. რატომ არავინ ინტერესდება იმით, რომ ყოველ მეორე გაქირავებულ ბინაში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულები ცხოვრობენ. ხელისუფლება რომ ხარ, არ უნდა დაინტერესდე, რატომ აქვს ამ ხალხს საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი? არ ინტერესდებიან და მერე რაღაც სერიოზული რომ მოხდება, სადღაც დაიმალებიან.
საქართველოს მოქალაქეობას ისეთ ხალხს ანიჭებენ, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რა ქვეყანაში ცხოვრობენ. იმ დღეს ჩემს პარიკმახერთან ვიყავი, ახლანდელები სტილისტს რომ ეძახიან. რიგში დგომამ მომიწია და 5 კაცი ვიყავით. აქედან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ზოგს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, ზოგს - ბინადრობის მოწმობა. დრო მქონდა და რაღაცები გამოვკითხე. ამ ადამიანებმა ხეირიანად ისიც კი არ იცოდნენ, რა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ერთმა ისიც კი მითხრა, რუსეთის ნაწილია საქართველოო.
ასე უპრაგონოდ რომ არიგებთ საქართველოს მოქალაქეობას, იმის სწავლა მაინც მოსთხოვეთ, რა ქვეყანაა საქართველო. როგორ შეიძლება, ამათგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მოვითხოვო, როცა ერთი კინკილა სააკაშვილის ექსტრადირება ვერ გაუბედავთ.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31