ინტერვიუები
`ახლა პარლამენტში გამოაჩინეს კვირიკაშვილის წინააღმდეგ ბიჭებმა კიჭები~ გიგლა ბარამიძე: `ივანიშვილი შესაძლოა სააკაშვილს გაურიგდეს'
რა ხდება მთავრობაში, რას ითხოვს პარლამენტი პრემიერისგან, როდის იქნება ნამდვილი ცვლილებები, რას ელოდება ივანიშვილი, რა შემთხვევაში გაურიგდება ის სააკაშვილს, ვინ და რისთვის აფინანსებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რატომ შეხვდა გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს, რატომ ეკისრება საზოგადოებას პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე? _ ამის შესახებ `ახალ თაობას~ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
_ მთავრობაში ბოლო საკადრო გადაადგილებების შემდეგ თქვენ თქვით, რომ მთავარი ცვლილებები მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ იქნებოდა და პრემიერიც შეიცვლებოდა. თქვით, რომ მას მთავრობაშივე უთხრიდნენ ძირს, პარლამენტში ახალი ფრაქციების შექმნაც მისთვის ძირის გამოთხრად შეფასდა.
_ მთავრობაში მთავარი ცვლილებები წინ გველოდება. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ძირს უთხრიან და ამით ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია დაკავებული. ახლა პარლამენტშიც დაიწყეს მისთვის ძირის გამოთხრა.
ისე ხდება, რომ არ მიჭირს იმის გამოცნობა, თუ რა მოხდება მმართველ გუნდში. ხშირად ისე მართლდება ჩემი პროგნოზები, თითქოს ამათი რუხი კარდინალი ვიყო და მე ვალაგებდე ამ სქემებს.
_ იმდენჯერ მოარტყით მიზანში, მართლა რუხი კარდინალი ხომ არა ხართ?
_ გამორიცხულია. მე ვარ პოლიტიკოსი და მეცნიერი, მაქვს ანალიზის უნარი და მშვენივრად შემიძლია გამოვიცნო, თუ რა არის მოსალოდნელი. ამის გარდა, ჩვენ საკმაოდ სერიოზულ ინფორმაციებიც მოგვდის ხელისუფლების კულუარებიდან.
მართალია, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერი არ შეიცვლება, მაგრამ ის აუცილებლად შეიცვლება. კვირიკაშვილი სადღაც გაზაფხულზე უნდა გადადგეს. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ახალი პრემიერი ჩაატარებს. ამ თანამდებობას, სავარაუდოდ, გიორგი გახარია დაიკავებს.
_ მის გაპრემიერებაზე მართლა ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ თავად ამას გამორიცხავს. ამის გარდა, მას საკმაოდ რთული სფერო ჩააბარეს. აშკარაა, რომ კრიმინალის ალაგმვა უჭირს.
_ რა მნიშვნელობა აქვს, უნდა თუ არა მას პრემიერობა ან როგორ გაართმევს თავს შს მინისტრობას. არც გიორგი კვირიკაშვილს აუყვავებია ეკონომიკა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და ის გახდა პრემიერ-მინისტრი. ახლაც ასე იქნება.
რაც შეეხება მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას, ეს გასაკვირი არ არის. რამდენჯერ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა იარაღით არის გაძეძგილი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, კიდევ ერთი მოზარდი დაჭრეს. ძალიან მძიმედ არის საქმე. არ ვიცი, დაალაგებს თუ არა გახარია ამ ვითარებას. მას ამ სისტემასთან არასდროს შეხება არ ჰქონია, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, მას პრემიერობაში ხელი არ შეეშლება.
გარკვეულმა ძალებმა კარგად იგრძნეს კვირიკაშვილის გადადგომის მოახლოება და ახლა პარლამენტში გამოაჩინეს მის წინააღმდეგ ბიჭებმა კიჭები. ახალი ფრაქციების შექმნა პირდაპირი გამოძახილია კვირიკაშვილის და მისი მეგობრის _ გია გაჩეჩილაძის დაპირისპირებისა. ეს უკანასკნელი, საჯარო გამოსვლებში, პრემიერს ძმაოთი მიმართავს, კვირიკაშვილი კი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ამ ფონზე პარლამენტში იქმნება 2 ახალი ფრაქცია. ერთს ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს. ამ ადამიანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მან თავის დროზე ქართული რაგბისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა. რას აკეთებს დეპუტატად გახდომის შემდეგ, არ ვიცი. წლის ბოლოსთვის ის გაჩეჩილაძის გუნდის ლიდერი გახდება პარლამენტში.
მეორე ფრაქციას სათავეში ტარიელ ხეჩიკაშვილის მეგობარი და მეჯვარე გოჩა ენუქიძე ჩაუდგება. სხვათა შორის, ეს ის ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელიც სულ ნაციონალებს დასდევდა. ამათ კიდევ აიღეს და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეები ჩააბარეს. მაგიტომაც მიდის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეები კარგად.
ამ ფრაქციების მთავარი დანიშნულება პრემიერის დაშანტაჟებაა. ფრაქციების გარდა, პარლამენტში კიდევ ბევრი ინტერესჯგუფებია. შანტაჟს არც ისინი მოერიდებიან.
_ როგორ მოახერხებენ მთავრობის მეთაურის დაშანტაჟებას?
_ კარგად მოახერხებენ. ეტყვიან, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებ, მთავრობას ნდობას არ გამოვუცხადებთ. ამ ჯერზე მთავრობას აუცილებლად გაუკეთებენ ნდობას, მაგრამ შემდეგში სხვანაირად მოიქცევიან. ამ ფრაქციების შექმნით ყველაზე მეტად სახელმწიფო ბიუჯეტი დაზარალდება. ფრაქციას სჭირდება დამატებითი აპარატი, დამატებითი ხალხი, დამატებითი ავტოტრანსპორტი. ეს ყველაფერი ბიუჯეტმა უნდა აანაზღაუროს.
როდესაც პარლამენტზე ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის გაქსუებული ბობოლების კრებული, რომლებისთვისაც თავიანთი ქორვაჭრულ-ჩარჩული ინტერესებია უმთავრესი. რამდენიმე ადამიანის გარდა, `ქართულ ოცნებაში~ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივად არავინ არ ფიქრობს.
ამ მხრივ არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოირჩევიან, რომლებიც შეგნებულად დასვა ივანიშვილმა პარლამენტში. ამ ერთმანეთთან განაყარ-განათალ ძალებს რისთვის გამოიყენებენ, ძალიან კარგად ვიცი.
_ რისთვის გამოიყენებენ?
_ როცა ამის დრო დადგება, ამასაც ვიტყვი. მე ის კი კარგად ვიცი, ვინ აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობას და `ევროპულ საქართველოს~. `ქართულ ოცნებას~ რაც შეეხება, აქ მხოლოდ პირად ინტერესებზე ფიქრობენ და ლამისაა, კორუფციაში ჩაიხრჩონ. ურცხვად აცხადებენ, რომ კორუფციას სააკაშვილის და შევარდნაძის დროს ჰქონდა ადგილი. შევარდნაძის დროს `გაიშნიკი~ რომ ქრთამს იღებდა, ეს ცუდი იყო, მაგრამ სახელმწიფოებრიობისთვის ეს ნაკლებად საზიანო იყო, ვიდრე ის, რასაც ესენი აკეთებენ.
გვეუბნებიან, ნეპოტიზმს უარი ვუთხარითო და ცენტრალური ხელისუფლებიდან დაწყებული, რეგიონულით დამთავრებული, სულ თავიანთი ნათესავები, ნათლულები, მეჯვარეები და მეგობრები დანიშნეს. რაღა შორს წავიდეთ, სახალხო დამცველად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თავისი ჯგუფელი და მეგობარი ნინო ლომჯარია დაანიშნინა. ეს ქალბატონი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თანაკლასელიცაა.
ბისმარკმა თავის დროზე თქვა, არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგო. ამას ჩემი მხრიდან დავუმატებ, რომ არც ერთი ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი არ იტყუება ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება.
დეპუტატების დიდი ნაწილი პარლამენტში ნაცნობობით არის მოხვედრილი. იქ ყველა საკუთარ ინტერესებს და ბიზნესს ლობირებს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მათი სახელები და გვარებიც კი არ იცის. ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატის სახელი და გვარი მას შემდეგ გავიგეთ, რაც ამ უკანასკნელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა იერუსალიმთან დაკავშირებით.
_ დეპუტატ შალელაშვილზე საუბრობთ?
_ მასზე მოგახსენებთ. ეს ადამიანი შესაძლოა კარგი ბიზნესმენია და კარგად იცის ვაჭრობა, მაგრამ ამ განცხადებამდე მას, როგორც მაჟორიტარს, არავინ იცნობდა. ერთხელ გააკეთა საჯარო განცხადება და მთელი ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
ტრამპმა იერუსალიმთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და არ მოუთხოვია, რომ გინდა თუ არა, საქართველომაც დააფიქსიროს თავისი პოზიციაო. ბატონმა შალელაშვილმა კი, რომელიც 3 ქვეყნის მოქალაქეა, განაცხადა, რომ საქართველომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად უნდა აღიაროსო. ამ ბატონს მინდა ვუთხრა, რომ იერუსალიმი მსოფლიოს დედაქალაქია. გაერო მიიჩნევს, რომ ის ორი ქვეყნის _ ისრაელის და პალესტინის _ დედაქალაქი უნდა იყოს.
შალელაშვილი 3 ქვეყნის მოქალაქეა _ საქართველოს, ისრაელის და რუსეთის. საინტერესოა, რომელი ქვეყნის საამებლად გააკეთა მან ეს განცხადება და ამით საქართველოს ინტერესები დააზიანა.
_ პარლამენტში, როგორც ამბობენ, კიდევ არიან დეპუტატები, რომლებიც, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ეს ნორმალურია?
_ ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის. არ დავასახელებ რეგიონს და ერთ-ერთ რეგიონში საკრებულოში 4 ქვეყნის მოქალაქე ზის. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება ამ ქვეყნისთვის. შალელაშვილს სრული უფლება აქვს, თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდოს.
ამ ბატონმა სააკაშვილის ქმედება გამახსენა, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთის ლიდერები, როგორც კეთროვანს, ისე გაურბოდნენ. ეს საერთაშორისო მაწანწალა დადიოდა კონფერენციებზე და იქ ტუალეტებსა თუ მოსაწევ ოთახებში ხვდებოდა კონგრესმენებს და სენატორებს. ეუბნებოდა, გინდა თუ არა, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის რიცხოვნობა უნდა გაიზარდოსო. ისინი უარზე იყვნენ, ამან იმდენი ქნა, რომ კონტინგენტი გაზარდა.
შენი პირადი ინტერესების გამო, ქვეყანა არ უნდა დააზარალო, მაგრამ ამ გაქსუებულ ბობოლებს სახელმწიფო არ აინტერესებთ. მათთვის, როგორც უკვე გითხარით, ქორვაჭრულ-ჩარჩული ინტერესებია უმთავრესი.
_ სააკაშვილი ვახსენეთ და მასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? უნდა ველოდოთ მას საქართველოში?
_ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. მას მიხეილ სააკაშვილი აქ არაფერში სჭირდება. მისი აქ დაბრუნება არც იმათ დღის წესრიგშია, ვინც მის უკან დგას. სააკაშვილს გარკვეული ძალები იყენებენ იქ, სადაც სიტუაციის არევა უნდათ. ახლა ასეთი ქვეყანაა უკრაინა.
`ქართული ოცნება~ ტკბილ ცხოვრებას მიეჩვია, სააკაშვილის დაბრუნებას ყველანაირად შეუშლიან ხელს, მაგრამ თუ მითითება იქნა, დათანხმდებიან მის ჩამოყვანას. სააკაშვილის ჩამოსვლას რეალურ წინააღმდეგობას ის ხალხი გაუწევს, რომლებმაც ის 9-წლიანი რეჟიმი საკუთარ მხრებზე გადაიტანა. მათ შორის ვიქნები მეც. სააკაშვილმა საქართველოში არ უნდა იშლიგინოს _ ეს ღირსების საქმეა.
თუ მაინც დაბრუნდა, `ქართულ ოცნებას~ მასთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება.
_ ივანიშვილიც შეძლებს მასთან საერთო ენის გამონახვას?
_ საჭიროებამ თუ მოითხოვა, ის გაურიგდება სააკაშვილს და არაა გამორიცხული, მან თანხაც შესთავაზოს. ის ამ თანხას აუცილებლად აიღებს.
_ როგორ შეხვდება ამას საზოგადოება? ასეთი გარიგების შემდეგ, ივანიშვილის მიმართ არ წავა მთელი აგრესია?
_ ივანიშვილს მოვლენების შეფასების კარგი უნარი აღმოაჩნდა. მან შესანიშნავად შეისწავლა ქართველების ბუნება. მან კარგად იცის, თუ რა შემთხვევაში გამოვა ჩვენი ფილისტერული საზოგადოება ქუჩაში.
_ ჩვენს საზოგადოებას საერთოდ არ სურს ქუჩაში გამოსვლა და რამის გაპროტესტება.
_ მაგიტომაც არის, რომ ამდენს ბედავს ხელისუფლება. ვაბედინებთ და ბედავენ. ჩვენი საზოგადოება ფეისბუქლომებად იქცა და იქ აკაკუნებენ. სოციალურ ქსელში სულ იმაზე მიდის საუბარი, როგორ უჭირს ხალხს. ყველა წუწუნებს, ამ დროს რესტორნები სავსეა. საზღვრგარეთიდან ახალ-ახალი მანქანები ჩამოჰყავთ.
პეკინის ქუჩაზე ახალი მაღაზია გაიხსნა, სადაც ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები იყიდება. ამ სათამაშოების ფასი 40 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. იმ დღეს გავიარე იქ და მაღაზია სავსე იყო ხალხით. მეტსაც გეტყვით, რიგი ქუჩაში იყო გამოსული. 40 და 50-ლარიანი სათამაშოების საყიდლად დგანან და წუწუნებენ, ფული არ გვაქვსო.
ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც მთელი სამყარო აიკლო _ უძველესი მართლმადიდებლები ვართო. მართლმადიდებლები კი არა, წარმართები ვართ და ის გვაკლია მხოლოდ, რომ არმაზის კერპი აღვმართოთ, რომელსაც ჩვენი წინაპრები ბავშვებს სწირავდნენ.
_ წარმართები რატომ ვართ?
_ აბა სხვა რა უნდა ვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც წმინდა გიორგის სვეტის შეურაცხყოფაზე ხმას არ იღებენ. თავისუფლების მოედანზე წლებია, წმინდა გიორგის ქანდაკებას შეურაცხვყოფთ და ხმას არავინ იღებს. ახლაც ზედ ჩიჩილაკები დაკიდეს და ვითომ არაფერი.
კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ, მაგრამ აბა რომელიმე მათგანს გაებედა და წმინდა გიორგის სვეტთან რაიმე პერფორმანსი დაედგა, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი და დაიწყებდა ტირილი, ქართველობას გვართმევენო. ახლა არ გართმევენ ქართველობას, წმინდა გიორგის სვეტზე ჩიჩილაკები რომ კიდია?
ქართველობის დაკარგვაზე მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა, ლარი რომ გაგვიუპატიურეს და კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს? ან რატომ არავინ შეიმჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის და გიგი წერეთლის შეხვედრა. ახლა აღარ არის რუსეთი ოკუპანტი, ან იქნებ ლავროვმა წაიღო თავისი განცხადებები უკან? საზოგადოებას ამის შემჩნევა არ უნდა და წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ნინო ბურჯანაძეს რომ ჩამოერთმია ლავროვისთვის ხელი.
ან ის რას ჰგავს, კალაძის ჩაცმულობაზე რომ არის წივილ-კივილი. სხვამ რომ ასე ჩაიცვას, კლოუნიაო, იტყვიან მასზე. თბილისის მერზე კი იძახიან, გემოვნებით იცვამსო. ეს იმას ჰგავს, ერთ ჩვენს პრეზიდენტზე რომ უთხრეს უცხოელებს, მართალია, პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ იცით, რა კარგად უკრავს ფორტეპიანოზეო.
აი, ასეთი საზოგადოება ვართ და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, ხელისუფლება ამდენს რომ ბედავს.


FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234