ინტერვიუები
"კადიროვი საქართველოში შემოსაჭრელად ემზადება"

"მივმართავ ხელისუფლებას, იქნებ ახლა მაინც გამოხვიდეთ კეთილების გინების ხიბლიდან"

`ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ტერორისტებს საქართველოში გამოზამთრების საშუალებას აძლევენ`
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფებიან ტერორისტები, რომლებიც სხვებთან ერთად რუსეთზე აპირებენ თავდასხმის მოწყობას. ჩეჩნეთის მეთაური ამბობს, რომ ის საქართველოში მყოფ ტერორისტებთან საბრძოლველად მზად არის.


ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. რას უნდა ველოდოთ კადიროვისგან და რა საფრთხეები ელოდება ქვეყანას? - ამ თემებზე ბარამიძე `ახალ თაობას` ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე: 24 დეკემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რუსულ მედიასთან მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სირიაში მართალია წარმატებით დასრულდა ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებთან ბრძოლა, მაგრამ მათი მეთაურები, დასავლეთის სპეცსამსახურების მითითებით, რუსეთსა და ჩეჩნეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან.
კადიროვის განცხადებით, ტერორისტები უკვე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ისინი ძალიან მალე წამოვლენ ჩეჩნეთისკენ. ჩვენ ამისთვის მზადა ვართ. ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა.
ყველას მინდა გავახსენო, რა ხდებოდა 1999-2002 წლებში პანკისის ხეობაში, მინდა გაგახსენოთ ლაფანყურის სპეცოპერაცია და სულ რაღაც ერთი თვის წინ თბილისში დატრიალებული ამბები, ისანში ჩატაევს და მის თანამებრძოლებს ლაბირინთები და საცეცხლე წერტილები რომ ჰქონდათ მოწყობილი.
ამ ყველაფერთან ერთად ხელისუფლებას მინდა შევახსენო ისიც, რომ საზღვრის კონტროლს ვერ ახერხებენ - ისე შემოვიდა ჩატაევი და ისე შემოიტანა არსენალი, კაციშვილმა ვერ გაიგო. აქ არც იმას გამოვრიცხავ, მას კონკრეტული პირები დაეხმარნენ, აქ რომ შემოსულიყო. არ არის გამორიცხული, რომ ჩატაევის დაჯგუფების მსგავსი დაჯგუფებები მართლაც იყვნენ საქართველოში.
მინდა ყველამ მიაქციოს ყურადღება იმ ფაქტს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და, მით უმეტეს, კადიროვი, განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებს.
მივმართავ ხელისუფლებას, იქნებ ახლა მაინც გამოხვიდეთ კეთილების გინების ხიბლიდან და ახლა მაინც იფიქროთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე. ხართ ამ ყველაფრისთვის მზად? იქნება არიან სახელმწიფო ინსტიტუტებში ჯგუფები, რომლებიც ფინანსური ინტერესების გამო ხელს უწყობენ ტერორისტების გამოზამთრებას.
- ბოევიკებს საქართველოში გამოზამთრების საშუალება წლების მანძილზე ჰქონდათ. მერე ეს თითქოს წარსულს ჩაბარდა.
- შემთხვევით არ გითხარით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფულის გამო მზად არიან, ტერორისტებს საქართველოში გამოზამთრების საშუალება მისცეს.
კიდევ ერთხელ დავუბრუნდები კადიროვის განცხადებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კადიროვი ასეთ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებს. მე მიჩნდება ასეთი კითხვა, რამეს ხომ არ ამზადებენ საქართველოს წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ მათ კარგად დაინახეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების აბსოლუტური სიბეცე, არაადეკვატურობა და ამჩატება.
- რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ კადიროვი საქართველოში ტერორისტების ყოფნაზე განცხადებას შემთხვევით არ გააკეთებდაო. კიდევ რაღაც არის თქვენთვის ცნობილი?
- ცნობილი რა, ვიცი, რომ კადიროვი ასეთ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებს. ასეთ განცხადებებს ყოველთვის მოსდევს ქმედებები. შესაძლოა, ტერორისტების თემა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად იქნას გამოყენებული. არ გამოვრიცხავ, რომ რიგ რეგიონებში არეულობაც მოაწყონ.
ამ შემთხვევაში ისინი პანკისით არ შემოიფარგლებიან. ან რატომ უნდა წავიდნენ პანკისში, როცა თბილისში გააკეთებენ იმას, რაც უნდათ. რის იმედზე ვართ, როცა ერთმა ნიკა მელიამ მთელი მთავრობა გააფარჩაკა. მთავრობიდან ერთი კაცი იგინებოდა კეთილებს, ხოლო დანარჩენები ცუციკებივით გაიპარნენ.
ერთი კაცის მხრიდან კრიტიკას ვერ გაუძლეს და სერიოზულ პროვოკაციებს როგორ გადაიტანენ? არიან მზად იმისთვის, რომ არეულობები აღკვეთონ? ხალხის შეშინება არ მინდა და ამიტომ არ ჩამოვთვლი რეგიონებს, სადაც ადვილად შეიძლება პროვოკაციის მოწყობა. ასეთი რეგიონი რამდენიმეა. თუმცა რაღა რეგიონებში მივდივართ, დედაქალაქშიც მშვენივრად დაშლიგინებენ ტერორისტები.
ტერორისტებს თავი დავანებოთ, ყველა კუთხეში იარაღის ტრიალია. დღე ისე არ გავა, ვინმე არ მოკლან. ამ ფონზე კიდევ ნარკოტიკების ლეგალიზებას ითხოვენ. ან ეს სამართალდამცავები კვირაში ერთხელ რომ ატარებენ ფონიჭალაში სპეცოპერაციას და დენიკინის დროინდელ მოხუცებს აკავებენ - ნარკომოვაჭრეაო, იმ ხაზის შესახებ რატომ არაფერს გვეუბნებიან, საიდანაც ნარკოტიკები შემოდის.
ისევ კადიროვის განცხადებას დავუბრუნდები, მეგონა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამაზე 24 დეკემბერსვე ექნებოდათ რეაქცია. 24-ს ვინ ჩივის, არც 25 დეკემბერს მოიცალეს ამაზე სასაუბროდ.
- შესაძლოა თვლიან, რომ კადიროვი არასერიოზული ფიგურაა და ამიტომ არ რეაგირებენ.
- აქ რომ შემოიჭრება და რაღაცებს მოუწყობს, მერე დაიჯერებენ, რომ ის შემთხვევით არაფერს ამბობს. აქვე დიდი წუხილით მინდა გითხრათ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი მას უფრო დიდ პატივს სცემს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას.
2013 წელს მე დავიწყე საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები სირიაში წავიდნენ საბრძოლველად. ამაზე სპეცსამსახურებიდან ერთ-ერთმა წამოიკნავლა, რომ იქ შესაძლოა საქართველოს 2-3 მოქალაქე იყოს მხოლოდ. მე ვამტკიცებდი, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე ასეული იყო. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა.
მეგონა, რომ ამ განცხადების შემდეგ მაინც მიაქცევდნენ ამ საკითხს ყურადღებას. არ მიაქციეს და შედეგად მივიღეთ ჩატაევი, რომელმაც საქართველოში იარაღის არსენალი შემოიტანა.
იმ ამბებიდან ერთი თვე გავიდა და დღემდე არ გვეუბნებიან, როგორ შემოვიდა ის საქართველოში. მათ ბედზე პარლამენტში ინციდენტი მოხდა და მთელი ყურადღება პრემიერის გინებაზეა გადატანილი, რომელიც `ქართულმა ოცნებამ` მგელ ტოტიასავით მიატოვა.
მეეჭვება, ასეთი ხალხი იმ გამოწვევისთვის მზად იყოს, რაც კადიროვის განცხადებიდან მოდის. სერიოზულად მეშინია, იგივე არ მოხდეს პანკისში, რაც წლების წინ იყო. თუმცა ეს პრობლემა ისე ღრმად არის წასული, რომ საფრთხის წინაშე შესაძლოა დედაქალაქი აღმოჩნდეს. ეს პრობლემები ცხვირწინ არის და ქალაქის მერი მოქალაქეებს გირლიანდებით აივნების და ფანჯრების მორთვისკენ მოუწოდებს.
მოსახლეობის დიდ ნაწილს პურის ფული არა აქვს და გირლიანდები როგორ უნდა იყიდოს. მილანიც კარგია, სამტრედიული ენერგიაც, მაგრამ თბილისურ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. კარგი იქნება, თუ კახა კალაძე პატრიარქს არ გაუტოლებს თავს.
- პატრიარქს რაში გაუტოლა თავი?
- წლების წინ, უწმინდესმა გვითხრა, რომ შობის ღამეს ფანჯრებთან ავანთოთ სანთლები. რამდენიმე წლის შემდეგ, კალაძემ მოგვიწოდა, საახალწლოდ ფანჯრები და აივნები მორთეთო.
აივნების მორთვამდე ბევრი რამეა გასაკეთებელი. პირველ რიგში, ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. ვინ არის იმის გარანტი, რომ თბილისში არ არიან ჩატაევის მსგავსი ფიგურები. კიდევ ვიმეორებ, კადიროვი ამას შემთხვევით არ ამბობს. ის რაღაცისთვის ემზადება.
ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. შემოჭრასაც უნდა ველოდოთ - უმჯობესია, ბრძოლა სხვის ტერიტორაზე აწარმოო. კადიროვს ამის გაკეთება შეუძლია, მსოფლიოს წინაშე რუსეთი თავს იმით გაიმართლებს, რომ საქართველოში ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩასატარებლად შევარდნენ. აქ სულ რომ არ იყვნენ ტერორისტები, ჩატაევის ამბავი ბევრ რამეს ცვლის. მსოფლიოც იტყვის, სადაც ჩატაევი იყო, იქ შესაძლებელია სხვებიც ყოფილიყვნენო.
ამ განცხადებაზე ხელისუფლება უკვე სერიოზულად უნდა მუშაობდეს. გაწერილი უნდა ჰქონდეთ გეგმა, საიდან რა საფრთხე გველოდება. ამაზე არც მომავალში იმუშავებენ, ჩვენ ხომ ძალიან მაგრები ვართ და არც ჩრდილოელი მეზობლის ტანკების გვეშინია და არც სამხრეთელის. ჩვენ ხომ ყველას კეთილებს მოვ------თ.


 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30