ინტერვიუები
რომელი ოპოზიციური პარტია დაასაჩუქრა ივანიშვილმა ბიტკოინებით
`ხელისუფლება ცდილობს, რომ მისთვის მისაღები ოპოზიციური ძალა ფინანსურად წარმატებული იყოს'

გიგლა ბარამიძე: "კერპთაყვანისმცემელი ხელისუფლება ებრძვის არა სიღარიბეს, არამედ ღარიბებს"
რაში დახარჯა შსს-მ 8 მილიონი, რა ხდება საზღვარზე, რატომ აფარებს ხელისუფლება ხელს სააკაშვილს, რატომ არის "ოცნება" კერპთაყვანისმცემელი და რას ებრძვიან ისინი სინამდვილეში? - ამის შესახებ "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
- მინდა მთელ საქართველოს მივულოცო უდიადესი დღესასწაული _ შობა. უსიამოვნო და თვალთმაქცური იყო შობის ღამეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი ხელისუფლების პირველი პირების დგომა და თვალების ნაბვა. ისინი ნამდვილად არ ცხოვრობენ ისეთი ცხოვრებით, რომ ქვეყნის მთავარ ტაძარში პატრიარქის გვერდით იდგნენ.
მართლმადიდებლობის რა გითხრათ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები კერპთაყვანისმცემლობასთან ნამდვილად არიან ნაზიარები. მათთვის მთავარია ფული, ბიტკოინები, ტყუილი და მამონა. ეს ის კერპებია, რომელთაც ხელისუფლების დიდი ნაწილი თაყვანს სცემს.
სანთლებით ხელში და თვალების ნაბვით რომ გვილოცავენ შობა-ახალ წელს, მოდით, ვთქვათ, რითი მოგვილოცეს ახალი წელი. ეს იყო ტარიფების გაძვირება. საქართველო წყლის ზედა და ქვედა რესურსებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ამ ქვეყანაში წყალიც კი გააძვირეს.
"ქართული ოცნება" ის ხელისუფლებაა, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. რაც უნდა სანთლები დაიკავონ, მაინც კერპთაყვანისმცემლებად დარჩებიან.
ბიუჯეტის შევსების თავი არა აქვთ და ფულის საშოვნელად მზად არიან, ქართული მიწა გაყიდონ _ კერპთაყვანისმცემლები არიან, აბა რა არიან. ოღონდ ჩილიმბარები გახსნას ვიღაცამ და მზად არიან, ყველა რჯულის და ბიოგრაფიის უცხოტომელს მისცენ აქ ცხოვრების უფლება.
პატრიარქმა არაერთხელ თქვა, რომ დემოგრაფიული კუთხით საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ესენი გამოდიან და ამაზე ცრემლებს აღვარღვარებენ. საქმით კი არაფერს აკეთებენ.
- რისი გაკეთება შეეძლოთ ამ კუთხით?
- ბევრი რამის. უკვე მეექვსე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ დაუდიათ დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ამ ხელისუფლების პერიოდში წავიდა საზღვარგარეთ საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე. პირველად, ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა.
რომელი დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, როცა ხელისუფლება ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის ყველაფერს აკეთებს. უნდათ, რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკი შემოვიდეს.
ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დააკაბალა მოსახლეობა და მისი უდიდესი ნაწილი ბანკების მოვალეებად აქცია. ეს არც არის გასაკვირი, ბანკირ-მევახშეებს ძალიან მაღალი თანამდებობები უკავიათ. "ქართული ოცნება" თვალს ხუჭავს ქვეყნის ბორდელიზაციაზე. ეს კერპთაყვანისმცემელი ხელისუფლება ებრძვის ღარიბებს და არა _ სიღარიბეს.
მათ ქვეყანაში კორუფცია უმაღლეს დონეზე აიყვანეს. სახელისუფლებო შტოები წალეკა ტოტალურმა ნეპოტიზმმა და ტოტალურმა პროტექციონიზმმა. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საკადრო პოლიტიკა გაათახსირა. უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული, მეხუთე კოლონასავით შემოსეული არასამთავრობოების წარმომადგენლები უმაღლეს თანამდებობებზე დანიშნა.
ამის გარდა, ჩვენ მივიღეთ ხელისუფლების მიერ მართული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებამ და ხელისუფლების ხელისუფლებამ სხვა სიკეთეებთან ერთად ბიტკოინებითაც გაანებივრა.
- ხელისუფლების ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა, დღეს ის არის მთავარი ამ ქვეყანაში.
- რა სიკეთეებით გაანებივრეს მან და "ოცნებამ" ოპოზიცია?
- ამაზე ძალიან მალე შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას.
- ის მაინც გვითხარით, რომელი პარტიაა ბიტკოინებით განებივრებული?
- მაგასაც მალე მოგახსენებთ. ბიტკოინებთან დაკავშირებით ჩვენ კვლევა ჩავატარეთ. ეს ამბავი ისე სერიოზულად და ღრმად არის წასული, რომ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ბიტკოინები ქონებრივ დეკლარაციაშიც აქვს შეტანილი.
- ბიტკოინები ქონებრივ დეკლარაციაში ირმა ნადირაშვილს აქვს შეტანილი. ის არის "ევროპული საქართველოს" წევრი. "ევროპული საქართველო" გაანებივრა ხელისუფლების ხელისუფლებამ ბიტკოინებით?
- ბიტკოინები მარტო ირმა ნადირაშვილს არა აქვს. ამ თემას სერიოზულად ვსწავლობთ და ძალიან მალე დავასახელებთ გვარებს, პარტიას და მიმართულებებს. ხელისუფლება ცდილობს, რომ მისთვის მისაღები ოპოზიციური ძალა ფინანსურად წარმატებული იყოს. "ოცნება" ჯიბის ოპოზიციაზე სერიოზულად ზრუნავს, ფაქტებს ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ.
შესაძლოა ამის გაკეთება ჩვენ არც კი დაგვჭირდეს. ეს ხალხი ვერ მოითმენს და თავს თავადვე გამოააშკარავებს.
"ქართული ოცნება" რომ ყოფილი ხელისუფლების გასამართლებას არ აპირებს, ეს სააკაშვილისთვის ბოლოს წაყენებული ბრალიდანაც ჩანს. ეს იყო აბსოლუტური თვალთმაქცობა. "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის რეალურად გასამართლების ეშინია.
ისინი შეგნებულად არ სწევენ წინა პლანზე იმ საკითხებს, რომლის გამოც სააკაშვილი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ამ დანაშაულის გამო მას ორი და სამი წელი კი არა, სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის. ამის ნაცვლად "ოცნება" მას კოსტუმების და ბებიამისის ნაქონი "მოსკვიჩის" გამო დასდევს.
გირგვლიანის ამბავში სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ ამ განაჩენით, რაც მკვლელების შეწყალებას ეხება, "ოცნება" მას ათეთრებს. თუ ის სტრასბურს მიმართავს, ეს საქმე მთლიანად დაეშლებათ.
- ვის აწყობს ხელისუფლებაში სააკაშვილის გათეთრება?
_ "ოცნებაში" ბევრია ასეთი. ყოფილ ნაციონალებს საკმაოდ მაღალი თანამდებობები უკავიათ, მათ სააკაშვილის გასამართლება არ აწყობთ. ყოფილ ხელისუფლებასთან დაპირისპირება არც "ოცნების" ლიდერების ნაწილის ინტერესებში შედის. ისინი მთელ რიგ საკითხებში ერთად არიან. ისინი ბიზნეს-ინტერესებითაც გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს. ახლა რაში სჭირდებათ დამნაშავე რეჟიმის გასამართლება.
პრეზიდენტს რომ შეწყალების უფლება აქვს, ამაში განსაკუთრებული რა არის.
დამნაშავე რეჟიმის ლიდერის გასამართლება რომ უნდოდეთ, მას სხვა დანაშაულებზე მოსთხოვდნენ პასუხს. სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.
- თქვენი აზრით, რაზე უნდა მოეთხოვოს სააკაშვილს პასუხი?
- ტერიტორიის გასხვისებისთვის, სამშობლოს ღალატისთვის, ელიტური კორუფციისთვის, იარაღის კონტრაბანდისთვის, ნარკომანიისთვის, წამებისთვის და ადამიანის უფლებების შელახვისთვის.
სააკაშვილი ამ უმძიმესი ბრალდებებით უნდა გაასამართლონ, ესენი კი იმაზე ედავებიან, პრეზიდენტობის დროს შეწყალების უფლება რატომ გამოიყენეო. კიდევ ვამბობ, მიდის სააკაშვილის გათეთრება. ეს ხალხი გადაჯაჭვულია და მათ ერთმანეთი სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
რამდენიმე დღის წინ შევხვდი ერთ ცნობილ ხელოვანს. ის სხვებთან ერთად დააკავეს 2011 წლის 26 მაისს. სხვებთან ერთად, ისიც მიიყვანეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. მან დეტალურად აღმიწერა, რა საშინელება ხდებოდა პოლიციის სამმართველოში. მომიყვა, რას უშვრებოდნენ იქ ადამიანებს.
სისხლის გუბეები იდგა კიბე-კიბეო. 16-კაციან ჯგუფებად დაგვყვეს და არაადამიანურად გვირტყამდნენო. ყოველ 5 წუთში ერთხელ დასისხლიანებულ, თეთრ ხელთათმანებს ჯალათები მოიხსნიდნენ და იატაკზე ყრიდნენ. დამლაგებლებს სისხლიანი ხელთათმანები კილოგრამობით გაჰქონდათ. ეს ჯალათები ახალ, თეთრ ხელთათმანებს წამოიცვამდნენ და თავიდან იწყებდნენ ცემა-ტყეპას. ფაქტიურად ხორცს ჯიჯგნიდნენ ადამიანებს.
ის სპეცრაზმელები, პოლიციელები და პროკურორები, რომლებიც ამ საშინელებაში მონაწილეობდნენ, ყველა დაწინაურებულია. "ქართულ ოცნებას" არავინ დაუსჯია.
- იტყვიან, რომ ვერ დაადგინეს ჯალათების ვინაობა.
- ამის დადგენა ძალიან მარტივად შეიძლებოდა. ამოეღოთ უწყისები, სადაც ამათთვის გამოწერილი პრემიებია. იქ გვარებიც წერია. ადამიანების არაადამიანური წამებისთვის 2.000 და 2.500-ლარიანი ჯილდოები გამოუწერეს ამ ჯალათებს.
ასეთი საშინელებები ჩაიდინა და სასაცილო ბრალდებებით ასამართლებენ მას. ეს "ქართული ოცნების" სითახსირის პირველი მანიშნებელია.
სააკაშვილზე ერთმანეთს რომ ასწრებენ კომენტარებს, ჩატაევთან დაკავშირებით რატომ არავინ საუბრობს? როგორ შეიძლება მარტო ერთი გოგო აკეთებდეს განცხადებებს. ფერი აქვს დაკარგული უკვე ნინო გიორგობიანს.
იცით, რატომ არ ლაპარაკობენ მაღალი თანამდებობის პირები ამ თემაზე? სხედან და სცენარს წერენ უუნარო და კორუმპირებული გენერლების თუ ოფიცრების გადასარჩენად. ან ის ვიდეო რომ გვაჩვენეს, რა მოგვცა ამან? რას ამტკიცებს, თანასოფლელები ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან? სამარცხვინოა, როცა ასეთი რამეებით ცდილობენ საკუთარი არაპროფესიონალიზმის გათეთრებას.
მინდა ვუთხრა ამ ხელისუფლებას, მთელი მთავრობა სანთლით თუ უსანთლოდ სამების საკათედრო ტაძარში რომ იდექით, ათი მცნება მაინც ხომ უნდა გქონდეთ წაკითხული. იმ ათ მცნებაში პირდაპირ წერია, რომ არა იქურდო და არა იცრუო. თქვენ კიდევ ერთსაც აკეთებთ, მეორესაც და არც სხვა ცოდვების ჩადენაზე ამბობთ უარს.
ჩატაევის თემას დავუბრუნდები, დეპუტატები და მინისტრები გვეუბნებიან, ეს ნახევარი ადამიანი მწვანე ზოლიდან შემოვიდაო. ამას ისეთი სახეებით აკეთებენ, მწვანე ზოლიდან შემოსვლა ინდულგენცია ჰგონიათ. თქვე უცოდინრებო, თქვენა, მწვანე ზოლი ბუჩქნარს და ტყეს კი არ ნიშნავს, ვისაც მოუნდება, რომ შემოჯლიგინდეს. აგიხსნით, რომ მწვანე ზოლი არის ის ტერიტორია, სადაც საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტი არ არის, მაგრამ ის, სხვადასხვა საშუალებებით, მაინც კონტროლდება. მწვანე ზოლიდან თუ ვინმე შემოგეპარა, ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვარს ვერ აკონტროლებ.
ოფიციალური ინფორმაციით გახდა ცნობილი, რომ შსს-მ 8 მილიონი გაფლანგა. რატომ არ იძიებენ, სად წავიდა ეს ფული? ან რატომ ატყუებენ მოსახლეობას, რომ საქართველოში შემოვიდა 7 მილიონი ტურისტი?! ძალიანაც რომ გვინდოდეს, საქართველო ამდენ ტურისტს ფიზიკურად ვერ მიიღებს. ამ 7 მილიონიდან ტურისტი მხოლოდ ნახევარია. დანარჩენები არიან ტრანზიტული მგზავრები. ისინი საქართველოს ტერიტორიას სხვა ქვეყანაში გადასასვლელად იყენებენ.
ამ უუნაროებს ჰგონიათ, რომ ყველაფერს დავიჯერებთ. უუნაროებს ქვეყნის მართვაში ვამბობ, თორემ ფულის შოვნაში შესაშური უნარ-ჩვევები გამოავლინეს. ასე მოკლე დროში არც ერთი ხელისუფლების დროს არ გამდიდრებულან ჩინოვნიკები.













FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30