ინტერვიუები
"ხელისუფლება ცდილობს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას შევეგუოთ"
გიგლა ბარამიძე:  ივანიშვილი ოცნებაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს
"კახა კალაძე გუნდიდან გამოყოფას აპირებს"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის ვებგვერდმა გამოაქვეყნა ნარკვევი, რომლის ავტორიც წერს:
`ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარული იქნებიან, დათანხმდნენ ნატოს წევრობას კომპრომისის საფუძველზე.
ამბობს თუ არა საქართველო უარს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, გაძლიერდა თუ არა რუსული პროპაგანდა, რატომ უნდა მოეთხოვათ ქვეყნიდან ლორა თორნტონის გაძევება, რაზე უნდა ამოეღო ხმა საპატრიარქოს, რას არის დახარბებული ხელისუფლება და რას უპირებს ივანიშვილი "ოცნებას"? _ ამ თემებზე "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
- "ქართული ოცნება" ნელ-ნელა გვაჩვევს იმ აზრს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო აღარ არის. მათი მმართველობის დროს იქნა მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და მათ დროსვე მიაყენეს ქართულ ეკლესიას სერიოზული დარტყმა ციანიდის საქმის სახით. ახლა საქართველოში ახალი სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც სახელად საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ჰქვია.
უკვე ღიად გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენს ქვეყანას, როგორც უკანასკნელ მათხოვარს, შეიყვანენ ნატოში, ეს უნდა მოხდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. შემთხვევით არ ვთქვი, რომ ეს სპეცოპერაციაა და ჩვენ ამისთვის წლებია, რაც გვამზადებენ.
ჯერ იყო და 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" თავის საარჩევნო ბლოკში საგანგებოდ შეიკედლა ის ძალა, რომლის წარმომადგენლებიც ღიად ამბობდნენ, რომ შესაძლებელია არსებობდეს დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მათივე თქმით, დანარჩენი საქართველო ამ რესპუბლიკებთან დაამყარებს კონტაქტს.
- რესპუბლიკელებზე საუბრობთ?
- მაგათზე ვსაუბრობ. ამ ძალას მხოლოდ ბლოკში შეყვანა არ აკმარეს და უმაღლესი თანამდებობები დაურიგეს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში შესვლას თუ დავთანხმდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ოფიციალურად ვიტყვით უარს საქართველოს ძირძველ მიწებზე.
უკვე მიდის იმ აზრის ფორმირება, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მთავარი არ არის. ამ აზრის ფორმირებას ენდიაიც უწყობს ხელს.
- რანაირად უწყობს ენდიაი ამას ხელს?
- ბოლო წლებში, მათი გამოკითხვის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა 5 უმნიშვნელოვანესი საკითხის მიღმა რჩება. ისე წარმოაჩენენ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის სხვა საკითხები უფრო მნიშვნელოვანია. ისინი გამოკითხვაში საგანგებოდ სვამდნენ სპეციფიკურ კითხვებს, რაზეც მათთვის სასურველ პასუხებს იღებენ.
ქუჩაში ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერო და ჰკითხო, რა არის ქვეყნის უმთავრესი პრობლემაო, ყველა იტყვის, ტერიტორიული მთლიანობაო. ესენი კითხვას ასე სვამენ _ რა არის თქვენი მთავარი პრობლემა? ადამიანი, რომელსაც შია, სწყურია და უმუშევარია, მაღალ მატერიებზე ვერ ილაპარაკებს, გეუბნება, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა. ამით იმას გვაჩვევენ, რომ ხალხს დაკარგული ტერიტორიები აღარ აინტერესებს.
თავდაცვის მინისტრობისას თინა ხიდაშელი ბალტიისპირეთში იყო. ლიტვის თავდაცვის მინისტრმა უთხრა, ნატოში შესვლა თუ გინდათ, უნდა შეეგუოთ, რომ ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მოხდებაო. ხელისუფლებამ ეს მოწოდება გაატარა. ჩვენ ამაზე დიდი ამბავი ავტეხეთ, მაგრამ "ქართული ოცნებისგან" პასუხი არ მიგვიღია.
ამათთვის, ისევე, როგორც ნაციონალებისთვის, დედაზე, მამასა და ღმერთზე მაღლა დგას რომელიმე ამერიკელი ჩინოვნიკი ან ექსპერტი. ჰოდა, ახლა ერთ-ერთი ექსპერტი მოგვიწოდებს, რომ ნატოში იმ შემთხვევაში შევალთ, თუ უარს ვიტყვით აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ამით არც ალიანსს დაეძაბება რუსეთთან ურთიერთობა. როცა სჭირდებათ, კარგად იყენებენ ხოლმე რუსეთს.
8 თებერვალს ამასთან დაკავშირებით არასამთავრობოებს უტარებენ სიმპოზიუმს. დათქმა იქნება, რომ ჯერ ამ ფორმით შევალთ ნატოში და მერე, როცა დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მათაც ვაქცევთ ალიანსის შემადგენელ ნაწილად. იმდენი თქვენ გვერდები არ აგიდგათ, რამდენიც ტერიტორიები დაიბრუნოთ. ამ შემოთავაზებაზე დათანხმება ჩვეულებრივი ღალატია.
მოვუწოდებ ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე გაგიჟებულ კულაკებს, "ქართულო ოცნებავ", არ გაბედო ქვეყნის ღალატი. რაც არ უნდა დათქმა გააკეთო, ეს იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა. იმას ნურავინ იტყვის, რომ დასავლეთი არ დაუშვებს ამ ტერიტორიების ჩვენთვის წართმევას. ჩვენ აღარ გვაინტერესებს ეს ტერიტორიები და დასავლეთს რატომ უნდა ადარდებდეს? ამის ბრწყინვალე მაგალითი რეზიდენტ ლორა თორნტონის აბსოლუტურად თავხედური განცხადებაა _ რის საქართველო, აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს რუკაზეც კი ვერ იპოვისო.
ამ განცხადებით ამ ქალმა შეურაცხყო თავისი პრეზიდენტი. დედამიწაზე 200-ზე მეტი ქვეყანაა და, თუ სრულიად უვიცი არა ხარ, აუცილებლად იპოვი რუკაზე საქართველოს. იმდენად უვიცია ქალბატონი თორნტონი, ისიც კი არ იცის, რომ ტრამპი საქართველოში ნამყოფია. მეტსაც გეტყვით, მას ქართულ მიწაზე ბარიც აქვს დაკრული. ის აქ ტრამპთაუერის აშენებდა. ამ ქალმა თუ ისიც არ იცის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოშია ნამყოფი, რატომ უნდა ვენდოთ მის მიერ ჩატარებულ კვლევას?! ენდიაი სულაც არ სწავლობს საზოგადოებრივ აზრს. ეს ორგანიზაცია მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ, რათა შეცდომაში შეიყვანოს ხალხი.
კეთილების მომხსენიებელი პრემიერი პრემიერს რომ ჰგავდეს, პრეზიდენტი პრეზიდენტს, სპიკერი სპიკერს, უმრავლესობა საშოვარზე გამოსული სექტა რომ არ იყოს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ენდიაის სათავო ოფისს ნოტას გაუგზავნიდნენ და თორნტონს საქართველოდან გუდა-ნაბადს აუკრავდნენ.
- დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა მოითხოვა ამ ქალისგან ბოდიშის მოხდა.
- მერე, ეს საკმარისია? ეს არ იყო ოფიციალური პოზიცია. ესენი ოფიციალურად რისი მომთხოვნები არიან, ერთი ქვეყნის საელჩოს მოთხოვნის გამო დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებაც კი ვერ გაბედეს.
- მოდით, ისევ ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შესვლის პერსპექტივას დავუბრუნდეთ. ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რუსული პროპაგანდის გაძლიერებას გამოიწვევს. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ? ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდა ისედაც გაზრდილია.
- არანაირად არ არის რუსული პროპაგანდა გაზრდილი. ეს ევროპელი ჩინოვნიკების აფერაა. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუჯეტი დგება, იქ დეტალურად არის გაწერილი, სად რა თანხა უნდა დაიხარჯოს. ეს ჩინოვნიკები თანხებს ძირითადად საკუთარ თავსა და იმ არასამთავრობოებზე ხარჯავენ, რომლებიც საქართველოს მსგავს სუსტ ქვეყნებში მეხუთე კოლონასავით ჰყავთ შესეული.
საქართველოში რუსული პროპაგანდის გაზრდაზე 2 მიზეზის გამო ატეხეს ხმაური. ერთია, რომ დაფინანსება გაიზარდონ და მეტი ფული ჩაიჯიბონ, ხოლო მეორე, რომ გადაფარონ თავიანთი უუნარობა.
- უუნარობაში რას გულისხმობთ?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ისინი საქართველოში საზოგადოებრივ აზრს ისე ვერ აყალიბებენ, როგორც მათ უნდათ. მათ ვერ გვაჩვენეს დასავლეთის წარმატებული მხარე. რაც მავნე და არასწორია, რატომღაც იმას ეძახიან ევროპულს. ერთსქესიანთა ქორწინება, ნარკოტიკების ლეგალიზება და ბარიგების თავისუფლად სიარული არ არის დასავლური ცივილიზაცია და ღირებულებები. ამათ ლიბერტარიანული ფუნდამენტალიზმის გასაღება უნდათ ევროპულ ღირებულებად.
სწორედ მათ აუცრუეს ხალხს ევროპაზე გული და, ეს რომ გადაფარონ, ამიტომ საუბრობენ რუსული პროპაგანდის გაზრდაზე. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მედიასაშუალებას, სადაც არის რუსული ფული და რუსული პროპაგანდა. შესაძლოა, სადღაც შემოდის რუსული ფული, მაგრამ ძირითადად დასავლური გრანტებია.
არასწორად არის დაგეგმილი დასავლური ცხოვრების პიარიც. ისიც ხომ საკითხავია, ვისი მეშვეობით მიმდინარეობს ევროპული ღირებულებების პროპაგანდა. ის ხალხი, რომელიც დასავლურ ორიენტაციას უწევს პროპაგანდას _ ყველა მათგანი როგორც ცხოვრების წესით, ასევე წარსულით კომპრომეტირებულია. ამ ადამიანებს რომ აბარებთ დასავლეთის პროპაგანდას, კარგს რას ელოდებით.
- ევრაზიულ კავშირზე რას იტყვით? მისი მომხრეების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
- ევრაზიული კავშირი არ არსებობს. მხოლოდ ეკონომიკური და საბაჟო კავშირია. მეტი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. მინდა მივმართო ვითომ პროდასავლურებს, ჰაერში რატომ იქნევთ მუშტებს?!
საქართველოში რომ რუსული პროპაგანდა არ გაძლიერებულა, ეს ევროპელმა ჩინოვნიკებმაც კარგად იციან, მაგრამ მაინც სხვანაირ დასკვნებს წერენ. სათავო ოფისებს აჩვენებენ, რომ აქ ველურები ვართ და ამიტომ მათ არა 5, არამედ 25 ჯიპი სჭირდებათ. ველურებთან მუშაობის სანაცვლოდ უფრო მაღალ ხელფასებს ითხოვენ.
ვიმეორებ, ბარიგების თავისუფლად შლიგინი ევროპული ღირებულებები არ არის. ამ მოთხოვნას იხ ხალხი ლობირებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, ნარკოტიკების მონოპოლისტებად მოგვევლინონ. თუ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოხდა, ისინი საიდანღაც ხომ უნდა შემოვიტანოთ. ჰოდა, დღეს როგორც საწვავის მონოპოლისტები არიან, ასევე გვეყოლებიან ნარკოტიკების მონოპოლისტები.
მეგონა, რომ ამ აღვირახსნილ კამპანიაზე საპატრიარქოს ექნებოდა ძალიან მკაცრი რეაგირება. სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა.
- საპატრიარქომ ხომ დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
- მე სულ სხვა რამეზე ველოდი მათგან რეაგირებას. ნაციონალები ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალი ჯიშის ადამიანის გამოყვანას ცდილობდნენ, ყველას და ყველაფერს მისწვდნენ, ერთი უფალი ღმერთი იყო დარჩენილი და მასთანაც მივიდნენ. ერთ-ერთი ნაციონალი გამოვიდა და თქვა, იესოს ფულით სავსე ქისა ჩაუდეს და ისე დაიჭირესო.
ამათ, ფაქტობრივად, მეხუთე სახარება დაგვიწერეს. ამაზე ველოდი საპატრიარქოსგან მწვავე რეაქციას.
- თქვენ ნაციონალ კოტე იოსელიანის განცხადება გაქვთ მხედველობაში?
- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება, კოტე, მიტროფანე, გრამიტონი თუ გურანდუხტი. ფაქტია, რომ ისინი, თავიანთი ლიდერის თამადობით, რომელიც ნებაყოფლობით კლოუნად იქცა, ღმერთთანაც მივიდნენ. საპატრიარქო კი ამაზე დუმს და არც კი იმჩნევს კოტეს სახარებას.
- ზემოთ ჯიპები ახსენეთ და რას ფიქრობთ პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც შავი ჯიპების ეპოქის დასრულებას ითხოვს? ამ ინიციატივას მთავრობის დანარჩენი წევრებიც დადებითად შეხვდნენ.
-
ეს არის უსასოობის ყვირილი. თქვე გაჭირვებულებო, განა ჯიპის ფერია მთავარი? მთავარია, შიგ ვინ ზის _ გვამი თუ მოღვაწე, პროფესიონალი თუ მექრთამე, ხეპრე თუ გონიერი. თუ გგონიათ, რომ მაინც ფერია მნიშვნელოვანი, თქვენ განსაკუთრებით რეიმბოუს ცისარტყელას ფერი მოგიხდებათ, ცისფერ ფერებში გაზავებული.
- თავად "ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით? "ოცნების" წევრები ამბობენ, რომ იქ ნამდვილებსა და პორტირებულებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა.
- ''ქართული ოცნება'' ამ სახით 2020 წლამდე ვერ მიაღწევს. იქ მართლაც არის დაპირისპირება. მოაზროვნეები არ ჰყავთ და ისეთ სულელურ განცხადებებს აკეთებენ, მეც კი მტკივა გული.
''ქართული ოცნების'' მთლად უფროსი ვინც არის, იმაზე ამბობენ, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა. ასე არ არის. ის აბსოლუტურად საქმის კურსშია, თუ რა ხდება მის გუნდში. ის შეწუხებულია, ამდენი მკვდარი რომ ჰყავს ზურგზე აკიდებული. ივანიშვილი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.
- რა ცვლილებებს გეგმავს?
- გუნდი მთლიანად გადასახალისებელია, მაგრამ, არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამას. მას, ფაქტობრივად, ხალხი არა ჰყავს. ცალკე თამაშს იწყებს დედაქალაქის მერის გუნდი. აშკარაა, კახა კალაძე რაღაცას აპირებს.
- მაინც რას აპირებს?
- ცდილობს, ჩამოშორდეს მმართველ ძალას. მას უკვე ჰყავს თავისი გუნდი და უნდა, ამ გუნდთან ერთად დაიწყოს მოძრაობა.



FaceBook Twitter Google