ინტერვიუები
სპეცოპერაცია საპატრიარქოს წინააღმდეგ “დაგეგმილია ეკლესიის რამდენიმე ნაწილად გახლეჩა”
ვინ დაგეგმა სპეცოპერაცია საპატრიარქოს წინააღმდეგ, რატომ მოუხშირეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა მოსკოვსა და ვაშინგტონში სიარულს, რა პროცესები დააჩქარა მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადებამ, რა საფრთხის წინაშე დგას ეკლესია? - ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- თქვენ ციანიდის სკანდალიდან მოკლე ხანში განაცხადეთ, რომ დაიწყო ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის, თქვით ისიც, რომ ეპისკოპოსები სასურველი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებდნენ მფარველისა თუ მხარდამჭერის პოვნას. პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელების შემდეგ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ძალიან მოუხშირეს უცხოეთში ვიზიტებს - ზოგი ამერიკაში მიდის, ზოგი - ბრიუსელში, ზოგი - მოსკოვში.
- ციანიდის სკანდალის შემდეგ გითხარით, რომ ეს იყო კლასიკური სპეცოპერაცია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ამ სპეცოპერაციამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. მისი მორიგი ფაზა უკვე ეკლესიის გახლეჩა და დაქსაქსვაა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს უწმინდესი, მაგრამ, როგორც კი დღის წესრიგში ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი დადგება, საპატრიარქოში ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება.
ასეთ მძიმე დღეში საქართველოს ეკლესია თვით კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა. ნაციონალებიც ბევრს ებრძოდნენ საპატრიარქოს, მაგრამ ეკლესიას მაშინ არ მიუღია ამხელა დარტყმა, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ დამთავრებული და ის ისევ გრძელდება. უკვე გითხარით, რომ ახლა საპატრიარქოს გახლეჩა უნდა მოხდეს.
სამწუხაროა, რომ ამაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც მონაწილეობენ. ისინი თავიანთი განცხადებებით დიდ ზიანს აყენებენ დედაეკლესიას. მინდა მივმართო ამ სასულიერო პირებს: ბატონებო, გეოსტრატეგიულ საკითხებზე საუბარი თქვენი საქმე არ არის და თქვენი გზა არც მოსკოვშია, არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში. თქვენ ხართ სასულიერო პირები და თქვენი გზა არის უფლის გზა.
საქართველოში ანეკდოტური სიტუაციაა _ სასულიერო პირები საზღვარგარეთ დადიან და გეოსტრატეგიაზე საუბრობენ, საერო ხელისუფლება კი საქმის კეთების ნაცვლად საპატრიარქოს საქმეებში ყოფს ცხვირს. ასეთი არევ-დარევა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ძალიან მალე პატრიარქის ტახტისთვის ღია ბრძოლა დაიწყება, რასაც გარკვეული პირების მხრიდან დაუმორჩილებლობა მოჰყვება. ეს ეკლესიას გახლეჩს. საქმე შესაძლოა კოლექტიურ მმართველობამდეც კი მივიდეს.
- თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ეკლესიის გახლეჩა. საპატრიარქოში უკვე შეინიშნება ორი ბანაკი _ პროდასავლურები და პრორუსულები. მათ შორის იქნება ბრძოლა?
- პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში სხვებიც ჩაერთვებიან. უკვე აშკარაა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილი დასავლეთში ეძებს დასაყრდენს, ნაწილი _ რუსეთში. არ არის ლამაზი, როცა მღვდელმთავრები შარა-შარა დადიან ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით.
ადრე თუ გვიან საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი დადგება და ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ჩაერევიან. განზე არც აშშ-ის საელჩო გადგება, შეეცდებიან, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აარჩიონ მომავალი პატრიარქი, ისევე, როგორც ჩვენისთანა სუსტ ქვეყნებს პრემიერ-მინისტრებს ურჩევენ.
თავიანთი მოუმზადებლობითა და სიბეცით ზოგიერთი სასულიერო პირი ამას ხელს უწყობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხომ არ არიან, სულ ტელევიზიებში არიან და გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ. ერთ მეუფეს ვუსმენდი, რომელიც კაპიტოლიუმის მთიდან საუბრობდა და თურმე ბავშვობიდან ამერიკელ კლასიკოსებს კითხულობდა. ეს რაღა უბედურებაა? ძალიან მაინტერესებს, პატრიარქს შიო მოსაყდრედ რომ არ დაესახელებინა, ამ ადამიანს ამერიკული ლიტერატურა თუ ეყვარებოდა.
მღვდელმთავრებს ასეთი განცხადებებისთვის არ უნდა ეცალოთ, ახლა ეკლესიის გადარჩენაა საჭირო _ გარკვეული ძალები საპატრიარქოსთვის ძალიან მძიმე დარტყმის მიყენებას აპირებენ. ერი და ბერი _ 21-ე საუკუნეა, რაც ეს ფორმულა მუშაობს. ეს მარტო სუფრაზე ყანწით სათქმელი სადღეგრძელო არ არის. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ქართული ეკლესია მხოლოდ სასულიერო პირების არ არის. ის ყველა მართლმადიდებელს ეკუთვნის.
არავინ უნდა იფიქროს, რომ ისე იქნება, როგორც მათ უნდათ. ჩვენ, მრევლი, არავის დავანებებთ ეკლესიის დასუსტებასა და მის გახლეჩას. სეპარატისტული ეკლესიებისა და საპატრიარქოების აღმოცენებას ჩვენ არ დავუშვებთ.
- არის ამის საფრთხე?
- რა თქმა უნდა, არსებობს. პატრიარქობაზე რამდენიმე ეპისკოპოსს აქვს პრეტენზია. გამოკვეთილია რამდენიმე ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლები ვაშინგტონსა და მოსკოვში კარგი დიპლომატებივით ქვეყნის საგარეო კურსს განიხილავენ. არჩევანი თუ ერთ-ერთი ამ დაჯგუფების წარმომადგენლის სასარგებლოდ გაკეთდა, დარწმუნებული იყავით, დანარჩენები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. საპატრიარქო შესაძლოა რამდენიმე ნაწილადაც კი გაიხლიჩოს. სწორედ ეს არის იმ სპეცოპერაციის საბოლოო მიზანი, რომელიც ციანიდის საქმით დაიწყო.
ეს მართლმადიდებლობის დასუსტებას გამოიწვევს, რაც მთელი რიგი ძალების ინტერესში შედის.
- ეს ძალები საქართველოში არიან?
- ეს ძალები დასავლეთში არიან. ისინი მართლმადიდებლობას ფუნდამენტალიზმად განიხილავენ. ლიბერტარიანულ მოძღვრებას კათოლიციზმი ვეღარ უმკლავდება. მისი ერთადერთი შემაკავებელი მართლმადიდებლობაა. მის წინააღმდეგ ამიტომაც მიმდინარეობს ასეთი ბრძოლა.
საქართველოში ამ ბრძოლამ უკვე გამოიღო თავისი შედეგი. ციანიდის სკანდალის შემდეგ ეკლესიაში მრევლი მნიშვნელოვნად შემცირდა. შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესიამ ასეთი დარტყმა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” ყოფნის დროს მიიღო.
- ამას თქვენ ზემოთაც გაუსვით ხაზი. რაიმე ინფორმაცია გაქვთ, რომ საპატრიარქოს "ოცნება" ებრძვის?
- მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოს მაღალ რეიტინგზე ეჭვიანობენ.
- ის სასულიერო პირები, რომლებიც პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში ღიად ჩაერთვნენ, ვერ ხვდებიან, რომ ამით ეკლესიას აყენებენ ზიანს?
- ძალიან კარგად ხვდებიან, მაგრამ, როგორც იტყვიან, სული ტკბილია და სიხარბეს საზღვარი არ აქვს. მათი დიდი ნაწილი თანამდებობისთვის იბრძვის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მღვდელმთავრის მეტყველება “ქართული ოცნების” სასაცილოდ ქცეული მინისტრების მეტყველებისგან საერთოდ არ განსხვავდება.
მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნის შემდეგ მთელმა რიგმა მღვდელმთავრებმა აიშვეს. ამაზე უფლისგან ძალიან მწარედ მოეკითხებათ. მოეკითხებათ იმიტომ, რომ მათ ამბიციებს ეკლესიის მტერი კარგად იყენებს.
- უწმინდესს მოსაყდრე რომ არ დაენიშნა, საპატრიარქოში ასეთი ამბები არ დაიწყებოდა? დაპირისპირება ციანიდის სკანდალის აგორებისთანავე გამოჩნდა.
- დაპირისპირება ადრეც იყო, მაგრამ, როგორც კი მეუფე შიო მოსაყდრედ დაინიშნა, ბრძოლამ უფრო ღია სახე მიიღო. ყველამ გამოაჩინა თავისი სახე _ ვეღარ მოითმინეს და ეპისკოპოსების ნაწილი ჩრდილოეთით გავარდა, ნაწილი _ დასავლეთში. ქადაგების ნაცვლად მათგან რაღაც უცნაურ განცხადებებს ვისმენთ, ძირითადად _ გეოპოლიტიკაზე.
ზოგი პირდაპირ ეუბნება ამერიკას, თქვენს კულტურაზე ბავშვობიდან ვგიჟდები, რომელი შიო და რომელი ბაგრატი, დამინახეთ, აგერ ვარ მეო. სხვა რუსებს ეუბნება იმავეს. ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ყველაფრის თქმა არ შეიძლება.
“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოვიდა. იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის წართმეული ქონება დაებრუნებინათ, ეკლესიის საქმეებში ერევიან და სააკაშვილის კარის ბიზნესმენებს მფარველობენ. თემიდან გადავუხვიე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ამის შესახებ. ეკონომიკის მინისტრი, მისტერ ბღუჯა ქუმსიშვილი, როგორც ირკვევა, ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია ძმებ ბეჟუაშვილებთან, რომლებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის დროს სააკაშვილის მოლარეები იყვნენ და ახლაც აგრძელებენ. აღარ დამთავრდა მათი დრო? როგორც ამბობენ, მთავრობაში მათი მფარველი და ლობისტი სწორედ მისტერ ბღუჯაა.
რატომ არავინ კითხულობს, სად წავიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირება? რატომ შემოდო პროკურატურამ საქმეები თაროზე? რატომ არ ინტერესდებიან სპეცსამსახურები, სად წაიღო ყოფილმა ხელისუფლებამ ხალხისთვის წართმეული ქონება? ამიტომაც ვამბობ, რომ ზღვარი “ქართულ ოცნებასა” და ნაციონალებს შორის წაშლილია.
სულ იმაზე საუბრობდნენ, სასამართლო რეფორმაა საჭიროო და როგორ ჩაატარა რეფორმა “ოცნებამ”? მურუსიძე გაამყარა და სააკაშვილის მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავენ.
- მოდით, ისევ საპატრიარქოს დავუბრუნდეთ და ამ ინსტიტუტშიც ძალიან უყვართ ბიზნესმენები, მათ შორის, სააკაშვილის მოქმედი თუ ყოფილი მოლარეები.
- განსაკუთრებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უყვართ კარის ბიზნესმენები. ეს ძალიან კარგად მესმის და არც იმაში ვხედავ რაიმე ცუდს, თუ ბიზნესმენი საპატრიარქოს დაეხმარება. ქართული ეკლესიისთვის წართმეული ქონების დაბრუნებასაც ორივე ხელით მივესალმები. მიმაჩნია, რომ ეკლესიას ბიუჯეტიდანაც უნდა ჰქონდეს დაფინანსება, მაგრამ, თქვე დალოცვილებო, იმასაც მიაქციეთ ყურადღება, ვინ გწირავთ თანხას.
თუ ეს ბიზნესმენი არის კრიმინალი, რომელმაც ქონება ძარცვითა და მკვლელობებით დააგროვა, მისი მოტანილი არ შეიწირება. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ძარცვით ნაშოვნი ფულით აშენებულ ეკლესიაში სულიწმინდის მადლი არ გადმოდის.
ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ეკლესიას ამანაც დააკარგვინა მრევლი. ეკლესიამ დიდი დარტყმა მიიღო, მაგრამ ჯერ ისევ აქვს ხალხს ნდობა მის მიმართ, ზოგიერთმა იერარქმა კი ეს ნდობა სრულად დაკარგა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პატრიარქი დიდ საკადრო და ორგანიზაციულ რეფორმებს გაატარებს საპატრიარქოში.
ყოველთვის ვერიდებოდი ქართულ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბარს, მაგრამ, როცა დავინახე, რომ საქმე უკვე ძალიან ცუდად არის, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა.
ვიმეორებ, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ კარგად მომზადებული სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ღმერთმა პატრიარქს დიდი ძალა მისცეს ამის გასამკლავებლად. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. ვშიშობ, ქართულ ეკლესიაში ბაზალეთის ბრძოლა არ დაიწყოს.
ბაზალეთის ბრძოლა სიმბოლურია _ იქ ბრძოლა ქართველებს შორის მიმდინარეობდა და ქართველებმა ერთმანეთი გაწყვიტეს. ამ ბრძოლის მემატიანე წერდა, არა ისმოდა ზახილი და ყიჟინი მეომართაო _ იმდენად სამარცხვინო იყო ეს ყოველივე ორივე მხარისთვის.
ეს ბრძოლა იმიტომ გავიხსენე, რომ ეკლესიაში სერიოზული დაპირისპირების ნიშნები შეიმჩნევა.
- თუმცა, ბაზალეთის ბრძოლის მონაწილეებისგან განსხვავებით, აქ დაპირისპირებულ მხარეებს ხმამაღალი განცხადებების არ რცხვენიათ.
- არ რცხვენიათ იმიტომ, რომ გაღმა არიან გასული და თანამდებობისთვის, როგორც იტყვიან, ვაბანკზე მიდიან.
FaceBook Twitter Google