ინტერვიუები
"არც გამსახურდიას, არც შევარდნაძისა და არც სააკაშვილის დროს ისეთი მდიდარი და მსუყე ჩინოვნიკები არ ჰყოლია საქართველოს, როგორებიც ახლა ჰყავს"
ქალბატონო იუსტიციის მინისტრო, თქვენ ბრძანდებით პოლიტიკური ცრუპენტელა! ამდენი ტყუილების ლაპარაკით ისე დაპატარავდით საზოგადოების თვალში, რომ ლუპით მოსაძებნი გახდით!

ყოჩაღ, თქვენ "ოცნება"! მაგარ საოცნებო სამართლიან ქვეყანას აშენებთ! აი, ამაზე მეტი ქართველი ხალხის დაცინვა განა რა უნდა იყოს, როცა უვადო პატიმრობის ნაცვლად, უვადო მოსამართლეებად ნიშნავთ ისეთ გარეწრებს, ვისი გვარ-სახელები თქვენც კი ისტერიულ შოკში გაგდებთ! როდესაც ლევან მურუსიძეს აბარებ სასამართლოზე სრულ კონტროლს, უნდა იცოდე, რომ სასამართლო კვლავ უსამართლო იქნება და დამნაშავე მოსამართლეების ხელშეწყობა გაგრძელდება. 2013 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ხელი ჩამოართვა საქართველოში ყველაზე ყბადაღებულ უსამართლო მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს და დიდების პიედესტალზე შეაყენა, სწორედ ამ არასწორი გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო სასამართლოს ნგრევის "რეფორმა", ჰოდა, ამ ე.წ. რეფორმების ტალღამ იმხელა შკალას აარტყა, რომ თეა წულუკიანს ურჩევნია, კაბინეტი დაცალოს, ჩემოდნები ჩაალაგოს და იქ გაფრინდეს, საიდანაც მოფრინდა, თორემ ეს ტალღა ისე წალეკავს, რომ მისი სუს-ში ჩანერგილი ქმარიც კი ვერ იპოვის. ქალბატონო იუსტიციის მინისტრო, თქვენ ბრძანდებით პოლიტიკური ცრუპენტელა, ამდენი ტყუილების ლაპარაკით ისე დაპატარავდით საზოგადოების თვალში, რომ ლუპით მოსაძებნი გახდით, მხოლოდ თქვენი ტყუილები გვახსენებს, რომ არსებობთ. კოლექტიური მურუსიძეების ხელის დაფარებით კი, ხელისუფლებამ თავიდანვე თქვა უარი სასამართლოს რეფორმაზე. ახლა კვირიკაშვილის აღშფოთება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა და რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიცო, ძალიან დაგვიანებული რეაქციაა, განსაკუთრებით მიუღებელია პრემიერის მხრიდან იმის მოსმენა, რომ თურმე მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. პრემიერის ეს განცხადებები იქნება ფარსი, თუკი ამას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება და თუკი ის გულწრფელი იყო როცა ამ განცხადებას აკეთებდა, მაშინ რატომ არ ჰქონდა რეაქცია მურუსიძეზე, რომელმაც მოლაშვილის, გირგვლიანისა და სხვათა გახმაურებულ საქმეებზე ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილებები გამოიტანა და სტრასბურგის სასამართლომ ცხვირწინ უფრიალა ეს გადაწყვეტილებები, შუბლზე აიკარით და იარეთო. პრემიერო, როცა აცხადებთ, რომ აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი, სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო. _ ამდენი წელია, სწორედ ამას ითხოვს თქვენი გუნდისგან ქართველი ხალხი. ბატონო პრემიერო, თქვენ გაინტერესებთ, როგორ მოხდა და ვინ მოასხა მუდმივი იდულგენციის მანტია მოლაშვილის მოსამართლეს? დაურეკეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ჰკითხეთ, როგორ, რატომ, რა დამსახურებისთვის უბოძა ლევან მურუსიძეს სასამართლოზე კონტროლის უფლება?! ყველა ის უსახური მოსამართლე დატოვეთ ხელუხლებელი, ვინც მიშას დროს უსამართლოდ უნგრევდა ხალხს ცხოვრებას, ამას მოითხოვდა თქვენგან ხალხი თუ სამართლიანი სასამართლოს მშენებლობასა და რეფორმებს?!
შედის თუ არა ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხში, ხელისუფლების შტოებს შორის ღია დაპირისპირება რა კონფიგურაციას მიიღებს, ვინ დგას ამ უსამართლო სცენარის მიღმა და სადამდე მივა ქვეყანა მაშინ, როცა არ არის სამართალი?! "ალიას" კითხვებს პასუხობს "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, გიგლა ბარამიძე:
- რას ფიქრობთ პრემიერის განცხადებაზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. სახეზე გვაქვს სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება? როგორ აფასებთ იმას, რომ სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის, ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლეები უვადო მოსამართლეებად გაამწესეს. საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე, სად გადის ხალხის მოთმინების ზღვარი, რასაც აუცილებლად მოჰყვება აგრესიული რეაქცია?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლების შტოებს შორის არის სერიოზული დაპირისპირება და როგორც ვირთხები გარბიან გემბანიდან, ისე ემზადებიან "ქართული ოცნების" მთელი რიგი წევრები გასაქცევად, თუ ცუდად დატრიალდა საქმე, მერე სათქმელად და დასაგინებლად ექნებათ - მე ხომ ამას ვამბობდი, ჯერ კიდევ როცა "ქართულ ოცნებაში" ვიყავიო. საერთოდ, "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი კარგა ხანია დაწყებულია და ამის მანიშნებელია ყველაფერი ის, რაც "ქართული ოცნების" ირგვლივ ხდება. ჯერ ერთი, მურუსიძის სასამართლო არის თავიდან ასაწყობი. ეს ხალხი არის გასაშვები, ნაწილმა სისხლის სამართლის პასუხი უნდა აგოს, ხოლო ნაწილი, დისკვალიფიკაციისა და დაბალი კვალიფიკაციის გამო საერთოდ სასამართლოს სისტემას უნდა ჩამოსცილდეს და ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეკეთებინათ, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ "კოლექტიური მურუსიძეები" სიკვდილის ბოლომდე უვადო მოსამართლეებად დანიშნულიყვნენ. ეს არის სირცხვილი! "ქართული ოცნების" მხრიდან საქართველოს მოსახლეობაზე სილის გაწვნა და შეურაცხყოფა! მოსამართლეები, რომლებმაც მოლაშვილის, თეთრაძისა და სხვა უდანაშაულო ადამიანების საკითხები უსამართლოდ გადაწყვიტა და ფაქტობრივად, მათ სასიკვდილო განაჩენს ხელი მოაწერა, ასეთი მოსამართლეები არ იმსახურებენ არანაირ პატივისცემას, საქართველოში დღეს არის ძალის სამართალი, რასაც "ნაციონალებისა" და სააკაშვილის მერე, მისი უენერგიო, უსქესო, ცვედანი მოწაფეები "ქართული ოცნების" სახით ახორციელებენ. ეხლა რომ გამოდიან და ტიტყინებენ, რომ დამოუკიდებელია სასამართლო, როდის აქეთ გახდა დამოუკიდებელი, როცა მათი მოსამართლეები ხან მედიას უტევენ და ხან უდანაშაულო ადამიანებს?! იუსტიციის საბჭო 90 პროცენტი დაკომპლექტებულია "ქართული ოცნების" მხრიდან და ჰოი, სირცხვილო, პრემიერ-მინისტრი რომელსაც გაჭირვებაში თავისი არცერთი თანაგუნდელი არ ეხმარება და იძულებულია, მარჯვნივ და მარცხნივ კეთილები იგინოს, არის უმრავლესობის ლიდერი და ამავე დროს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, როდესაც უკვე მოხდა მოსახდენი, გამოდის და ეხლა გაიძახის, ეს არ არის კარგი ამბავიო... ეს არის უკან მიდევნებული ლამპარი, ეს არის სტილი ამათი და შედეგმაც არ დააყოვნა. კატასტროფა ხდება, მოვა დრო და იუსტიციის საბჭოს წევრები კინწისკვრით გაიყრებიან და არავის ეგონოს, რომ უვადო მოსამართლეები ბოლომდე უვადო იქნებიან. მათზეც იმოქმედებს კანონი და სამართალი...
- ფაქტობრივად, დამნაშავე, ზონდერ და მონა-მოსამართლეებმა ინდულგენცია გამოიწერეს, სიკვდილამდე ფეხებსაც ვერ მოგვჭამთო...
- "ქართული ოცნების" მხრიდან იცით, ეს რას ნიშნავს? იკადრე ყველაფერი და ნუ გეშინია, ჩვენ დაგიცავთო, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" არ იცის ბუმერანგის პრინციპი, რომ, რასაც დათესავ, ათჯერ მეტი უკან მოგიბრუნდება და მოუბრუნდებათ მათაც და იმ მოსამართლეებსაც, რომელთაც ეს ყველაფერი ჩაიდინეს და ასე გააღიზიანეს ხალხი. ''ქართული ოცნების'' მხრიდან ველოდით სამართლიანობის აღდგენას და მივიღეთ კოჰაბიტაცია, ველოდით, ნარკოპოლიტიკაზე თავისი კონკრეტული სიტყვა ეთქვა და პირიქით, კი ხედავთ, რა უბედურებაც ხდება! ველოდით, საზმაუწყებელზე პრინციპული ყოფილიყო და იქაც საზოგადოების საწინააღმდეგოდ წავიდა, მოსამართლეებზე უკვე გითხარით. ციანიდის საქმეზე თავი შეირცხვინეს, ესე იგი "ქართული ოცნება" აბსოლუტურად მარგინალიზებულია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ უკვე სად იწყება "ქართული ოცნება" და სად მთავრდება "ნაციონალური მოძრაობა"... მათ შორის ზღვარი წაიშალა.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ფაქტორია ძალიან საინტერესო, ჩვენ გვახსოვს, ის ილაშქრებდა რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს ნაც-მონა-მოსამართლეების მძევალია, ძალიან უმწეოდ, ბრიყვად და უსუსურად გამოიყურება, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს?
- საერთოდ, ნინო გვენეტაძე ქართული სასამართლოს სირცხვილია, ქართულად ვეღარ ლაპარაკობს, ლოგოპედთან მაინც წავიდეს და მეტყველება გამოისწოროს, რა უბედურებაა ეს, როგორ მეტყველებს... "ქართულ ოცნებას" ხომ არაფრის ნიჭი არ აქვს, გარდა იმისა, მოძებნოს კორუმპირებული, სახედაკარგული, მშიშარა, არაფრისმაქნისი, არაპროფესიონალი კადრი და ამ ოპერიდან არის ასეთი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. რა ფიგურა იყო, გამიგია უზენაეს სასამართლოში მიიყვანო უმწიკვლო რეპუტაციის, საზოგადოებაში ცნობილი იურისტი და ასეთები, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს და ამათ არსაიდან არარაობები მოიყვანეს, რომლებსაც დავალებას რომ მისცემ, უკადრებელს იკადრებს. რომელიც გაწაფულია ემსახუროს იმას, ვინც ძლიერია ამა ქვეყნისა, ფეხქვეშ გაიგდებენ კანონს და ადამიანის უფლებებს, ოღონდ თვითონ იყვნენ კაბინეტებში. აღმასრულებელი სტრუქტურები კორუფციას მიაქვს, ყოველი ტენდერი კორუფციულია, დაქცეულია უმრავლესობა პარლამენტში, კიდევ უარესად არის დაქცეული სასამართლო, რად უნდა უვადო მოსამართლეები, როდესაც სასამართლო ასეთ მდგომარეობაშია. არ შეიძლება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, მაქსიმუმი ვადა უნდა იყოს 10-წლიანი, მაგრამ "ქართული ოცნების" მდაბიო ფსიქიკის ორღობის მექრთამეები მოსწრებაზე არიან, რომლებიც არსაიდან მოხვდნენ ხელისუფლებაში, ერთმა კაცმა თავისი ხუთმილიარდიანი ავტორიტეტით დადო ესენი პარლამენტში, მისცა თანამდებობები და საკუთარ დედაზე ამბობენ უარს, ოღონდ ტკბილად იყვნენ იქ და ჰგონიათ, რომ ეს შერჩებათ... ესენი არიან უპრინციპო ადამიანები, მათი მიზანი სტომაქის ამოვსებაა, ყველაფერზე წავლენ, ოღონდ თამასუქები არ მოაკლდეთ. მერწმუნეთ, არც იციან, რა არის პრინციპი, როდესაც ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მოდის, მარჯვნივ და მარცხნივ "ნაცების" ნაპროკურორალებს ნიშნავს უმაღლეს თანამდებობაზე, რომელ პრინციპებზეა საუბარი. ხუჭუჭთმიანი გოგო რომ დანიშნა მოადგილედ, ნათია მეზვრიშვილი, ძველი თბილისის რაიონის პროკურორი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეხლა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი რომ შექმნა, წამყვან პოზიციებზე ნაციონალების დროინდელი კადრები დანიშნა, მოკლედ, ისევ "ნაციონალები" არიან ყველგან.
- მისტერ "ბღუჯა" ქუმსიშვილი, ზონდერ ვიცე-პრემიერი მორიგ სკანდალში გაეხვია ჯეჯელავასთან ერთად, "ტვ პირველის" წილების ახევა მოინდომა, რაც დოკუმენტურად დადასტურდა. მოკლედ, მედიაში ხელების ფათურს არ ეშვებიან და კვლავ "სააკაშვილის აჩრდილი" დაძრწის ხელისუფლებაში, ეს კაცი რატომ ინარჩუნებს თანამდებობას? რატომ დაუმიზნა "ბღუჯალარამ" "ტვ პირველს"?
- ჯერ დაეჭიდნენ "რუსთავი 2"-ს, "რუსთავი 2"-ის კვალიფიკაცია უცხოეთში ბევრად უფრო მაღალია და მხარდამჭერებიც მეტი ჰყავს, არ გამოუვიდათ, რადგან იმ კუთხით, რა კუთხითაც დაეჭიდნენ, ის მიმართულება შეუსრულებელი იყო. კვალიფიკაციასთან და პროფესიონალიზმთან "ქართული ოცნება" ძალიან მწყრალად არის. როგორც ჩვეულებრივმა, ქუჩაში მოსიარულე ადამიანმა ბერძნული იეროგლიფის არაფერი არ იცის, ისე ამათ პროფესიონალიზმთან საერთო არაფერი აქვთ. ამიტომაც ვერ შესწვდნენ და "ტვ პირველის" ხელში ჩაგდების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყეს, იქ არ მოსწონთ რამდენიმე ჟურნალისტი, მაგრამ ჟურნალისტებს პირდაპირ კი არ მიადგნენ, მიადგნენ დიდ დამფინანსებლებს და წავიდა ვაჭრობა ჩვეულებრივი. ქუმსიშვილი მოქმედებდა და პროკურატურაში მომუშავე ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად იბარებდნენ ვიღაც-ვიღაცებს და მოლაპარაკებები მიდიოდა. როგორც ვიცი, პირდაპირ ხელშეკრულებაც კი ჰქონდათ გამზადებული, სადაც ეწერა _ ვის რამდენ პროცენტს გადაუფორმებდნენ და რომელ გადაცემას დახურავდნენ. ამის შემდეგ მიადგნენ ტელევიზია "იბერიას" და დაიწყეს ამ ტელევიზიის დამფინანსებელი ჯგუფის "ომეგას" შევიწროება. ამ ტუტუცებს ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერს ხელში ჩაიგდებენ და შერჩებათ ყველაფერი, მე თქვენ გეუბნებით, 20 ათასმა კაცმა ერთი "ვუუ" რომ უთხრას ამათ, ვინ სად გაიქცევა, "ნაცმოძრაობა" მონაგონი იქნება!.. და კიდევ ერთი, ყველას ვერ იყიდი!. მოვა ის დრო, როდესაც აღარ მოუნდება არავის არაფრის ყიდვა, ისე ამოუვათ ყელში ის, რაც ხდება. რა განსხვავებაა ნაცებსა და ქოცებს შორის? ერთადერთი სახლებში არ უვარდებიან "ნაცებივით" და არ ხვრეტენ ხალხს, მაგრამ შეიძლება ესეც გააკეთონ.
- რა თამაშები მიდის კულუარებში, ვისი გუნდის წევრია ქუმსიშვილი, ვინ აძლევს ამდენის უფლებას?
- რა თამაშები მიდის?! ვერ ხედავთ, პატრონი არა ჰყავს ქვეყანას, სანამ ხალხი გაჩუმებულია, ფიქრობენ რაც შეიძლება მეტი მოიპარონ, მოპარვის ცივილიზებულ ფორმებს მიაგნეს, იქ რაღაც ფირმებს ხსნიან, ტენდერებს იგებენ და დიდ ფულებში ზიან. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მრავალმილიონიან კონტრაქტს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ ცხვირი ჩაყოფილი და საერთოდ, არც გამსახურდიას, არც შევარდნაძის და არც მიშა სააკაშვილის დროს ისეთი მდიდარი და მსუყე ჩინოვნიკები არ ჰყოლია საქართველოს, როგორც ახლა ჰყავს. ყველას ბიზნესი აქვს, ყველა რაღაცა წილშია, ყველას ცოლი, შვილი, მამა, ბებია, საყვარლის საყვარელი უცბად ბიზნესის მფლობელი ხდება, სიდედრიც და სიმამრიც... და მათი ნომერ პირველი ინტერესია, ეს მდგომარეობა როგორმე შეინარჩუნონ. ღობე-ყორეს ედებიან და პატარ-პატარა ჯგუფებს ქმნიან შიგნით, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიგდონ ხელში და მოხაპონ!.. დიდი ქაოსია. საერთოდ, მოდით, ნუ ვიტყვით, რომ საქართველო დღეს სახელმწიფოა, საქართველო არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მართავს პირდაპირ ამერიკის ელჩი და მის მიერ ხელდასხმული ოთხი-ხუთი უზარმაზარი გრანტის მფლობელი არასამთავრობო ორგანიზაცია. დღის პოლიტიკურ წესრიგს ესენი ადგენენ, ესენი ქმნიან დღის თემას. დანარჩენი ეს მკვდარი სულები, "ქართული ოცნების" სახით, ქალიან-კაციანად დამეცადინებული არიან, რა მოასწრონ და რა მოიპარონ!..
- რა გამოდის, ივანიშვილს მართვის სადავეები გაეშვა თუ პროცესი ხელოვნურად მიუშვა?
- ივანიშვილმა უკვე ნახა, რომ "ოცნების" ეს შემადგენლობა აყროლდა. როგორც ვიცი, ერთი ჩამოქროლება იქნება, რასაც მოჰყვება პრემიერ-მინისტრის, ქუმსიშვილის მოხსნა თანამდებობიდან, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, მომავალ არჩევნებამდე ახალი გუნდის მოყვანა უნდა, მაგრამ მართვის ეს სტილი დამღუპველია!.. ხალხი ყოველთვის ივანიშვილისკენ გაიშვერს ხელს და თვითონ მას ეს ვერ გაუგია და ვერ მიმხვდარა, რაც არ უნდა გვერდით გადგეს, აი, ახლა კაცი რომ მოკლეს და პოლიციამ რომ არაფერი გააკეთა, იქით რომ ნარკომანიაა და აღმაშენებელზე რომ ბარდაგია, უცხო ქვეყნის საეჭვო მოქალაქეებს რომ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, ის მინისტრები საზოგადოებას არ ახსოვს, მაგრამ ახსოვთ ის, ვინც მაინც აკონტროლებს "ქართულ ოცნებას", ყველა გაიშვერს ბიძინასკენ ხელს, რომელსაც ეს მეცენატობა წყალში ჩაეყრება, თუკი მდგომარეობა ასე გაგრძელდა. მას ნორმალური პიროვნება გვერდში არ ჰყავს, რომ ურჩიოს, მას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა და რეალურად, არის ყველაფერი ცუდად!.. მე არ ვაბუქებ ამას, ისტორიას ახსოვს არა ერთი და ორი შემთხვევა, როცა ხალხი ვერ უძლებს ამხელა პრობლემებს, ერთ მშვენიერ დღესაც ისე იხუვლებს, რომ ამ ხელისუფლებას გადათელავს!.. თვითმფრინავის ბილიკიც კი აღარ ექნება, რომ აფრინდეს და გაიქცეს.
- სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, მარტვილის მაჟორიტარმა ოთარ დანელიამ პარლამენტის სხდომაზე ღიად განაცხადა, რომ გუნდის შიგნით პრობლემებია და "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური კრიზისი აქვს. ის გულისხმობდა მარტვილში განვითარებულ დაპირისპირებას გუნდის შიგნით, თუმცა ყველაფერი საიდანღაც იწყება.
- ვინმე ოთარ დანელია რომ პოლიტიკოსი გამიხდება და ჭკუის სწავლებას დაუწყებს თავის თანამებრძოლებს, ეს ანეკდოტი არ არის?!. კაცი, რომელიც აიღეს და დადეს ჯერ მინისტრად, მერე დეპუტატად და ეხლა თავისიანებს ჭკუას ასწავლის. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ `ქართული ოცნება" იხრწნება და მოუსავლეთისკენ მიდის, მაგრამ ქვეყანა არ გადაყვეს ამ პროცესებს, ეგ მაფიქრებს!.. საერთოდ, ხომ ვთქვი თავშიც, როგორც ყოველთვის ვამბობ და სრულდება ჩემი ნათქვამი, აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრიანად ძირეულად შეიცვლება, მაგრამ პრინციპი და მიდგომა, ტრანსფორმირება თუ არ განიცადა, იგივე იქნება. ქვეყანა სტაგნაციაშია და რეალურად, ეგრეა. იმიტომ დგას ამ საერთაშორისო მაწანწალის, სულიერად ავადმყოფის, სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი, რატომ? ამოუვიდა ხალხს ამათი მექრთამეობა და თვალთმაქცობა, რომ სადღაც კუთხის კუნჭულში ადამიანების რაღაც პროცენტი უშვებს, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი და მიხედოს, რაღაცას მაინც ხომ გააკეთებსო!.. ის, რაც ყველაზე ცუდი გააკეთა ივანიშვილმა, რეალურ ოპოზიციურ ძალებს სასიცოცხლო არხები გადაუჭრა. ჩვენს პარტიას ვგულისხმობ პირველ რიგში. შესაძლებელია ისედაც მიგვეღო, ჩვენი ავტორიტეტით... არ არის მედია, არ არის ხელშეწყობა არანაირი, და ამოავსო ოპოზიციური ველი ნაცებით და მათი ასკოლკებით. რატომღაც მგონია, რომ ვიდრე იარსებებს "ნაცმოძრაობა", იარსებებენ "ქოცები". მოვა დრო, როცა ხალხი არჩევანს გააკეთებს და უარს ეტყვის "ქართულ ოცნებასაც" და "ნაცმოძრაობასაც". მაგრამ ისეთები უნდა მოვიდეთ, ვინც წინაც გავიხედებით და უკანასაც მოვთხოვთ პასუხს. საწყალი სულხან მოლაშვილი, უვადო მოსამართლეებად დავნიშნეთ ადამიანები, ვინც სტრასბურგი წააგეს. ასეთ უვადო მოსამართლეებს ემუქრებათ უვადო პატიმრობა. საერთოდ, ეს არის კრეტინიზმის აპოლოგია, რასაც "ოცნება" აკეთებს. სოფლის ორღობეებში და თბილისში რომ იყვნენ გამოკეტილები, ეტყობა, ამაზე ოცნებობდნენ, კი აუსრულდათ ოცნება, არაფრისგან შექმნეს დოვლათი და ჰგონიათ, ბოლომდე ასე იქნება. მაგრამ ცდებიან!..

ნინო სამხარაძე



FaceBook Twitter Google