ინტერვიუები
"ლომჯარია და ჩუგოშვილი "ოცნებას" აშანტაჟებენ"
"მმართველ გუნდს პრეზიდენტად ქალის კანდიდატურის დასახელება აშშ-ის ელჩმა მოსთხოვა" გიგლა ბარამიძე: "ხელისუფლებას პრეზიდენტი აღარ უნდა დავანიშნინოთ"
რა ხდება "ოცნების" კულუარებში, ვის ლობირებს აშშ-ის ელჩი, რა კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრება ჩუგოშვილი-ლომჯარიას ტანდემი, რატომ არ უნდა დავუშვათ კიდევ ერთხელ პრეზიდენტის დანიშვნა? - ამის შესახებ "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, როგორც ამბობენ, თეა წულუკიანის და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურები განიხილება. თქვენი ინფორმაციით კი, ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილზეც მიდის საუბარი.
- "ქართული ოცნებისგან" რაიმე უნდა გაგვიკვირდეს? სადაც ახმეტაში, ხულოსა და ხაშურში მეტროპოლიტენით სარგებლობის გადასახადს აწესებენ, იქ რა აზრი აქვს იმას, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი.
მთელი "ოცნება" ერთ დიდ გაუგებრობაშია, ისიც არ იციან, რა ქნან, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები კარს მოადგათ და იძულებული არიან, კანდიდატი დაასახელონ. უნდათ ისევე დაგვინიშნონ პრეზიდენტი, როგორც ეს მისტერ ვეტოს - პლასტელინის კაცის, გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში იყო.
მმართველ ძალას ერთი რამე ავიწყდება - 2013 წლისგან განსხვავებით, დღეს საქართველოში სულ სხვა რეალობაა. ამიტომაც აქვთ ასეთი გულყრები და ამიტომაც მიმართავენ ასეთ ეშმაკურ მეთოდს. ჩუმად გვაპარებენ სხვადასხვა პერსონებს. მიდის დატესტვა, აინტერესებთ, როგორია ამა თუ იმ პერსონის მიმართ ხალხის განწყობა. ამ ეშმაკობით არაფერი გამოუვათ - ყველა მაგათი ნაბიჯი ვიცით, როგორც კულუარული, ასევე ნახევრად ოფიციალური.
საქმე კი ისაა, რომ ისტორიულ სამშობლოში წასვლამდე აშშ-ის სამარცხვინო ელჩმა "ოცნებას" დავალება მისცა. მან მოითხოვა, რომ "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი აუცილებლად ქალი უნდა იყოს.
- ელჩის მოთხოვნით გადაწყვიტეს პრეზიდენტის პოსტზე ქალის წარდგენა?
- რა თქმა უნდა. იან კელის ელჩი ოფიციალურად ჰქვია, თორემ სინამდვილეში გენერალ-გუბერნატორია. ხელისუფლება მის ყველა მოთხოვნას ასრულებს. იან კელიმ "ოცნებას" დაუქნია თითი, რომ კანდიდატი აუცილებლად ქალი უნდა იყოს, თანაც ეს ქალი აუცილებლად არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა წარმოადგენდეს.
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად რომ არ დაენიშნათ, ელჩის მოთხოვნით, "ოცნება" პრეზიდენტის პოსტზე მის კანდიდატურასაც დაასახელებდა.
რაკი ეს ქალბატონი ომბუდსმენი გახდა, პრეზიდენტის კანდიდატად მისი კურსელი და მეგობარი თამარ ჩუგოშვილი განიხილება. ეს ქალბატონიც არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოდის.
ყოველი შემთხვევისთვის, "ოცნებაში" პრეზიდენტად თეა წულუკიანის და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურებიც განიხილება. მმართველ გუნდში ამ საკითხზე გაგანია მსჯელობა მიდის. ზოგი რომელ კანდიდატურას ლობირებს, ზოგი - რომელს. მინდა ვუთხრა ამათ, რომ ტყუილად აქტიურობენ - საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
- გადაწყვეტილებას თუ ის მიიღებს, ამათ რატომ ალაპარაკებს?
- ამათ დატესტვის რეჟიმში უნდა იმუშაონ. ნელ-ნელა მიდის საზოგადოებისთვის სავარაუდო კანდიდატურების შეპარება.
- საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებსო. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მან სულ სხვა კანდიდატურა დაასახელოს, რომლის გვარი მანამდე არ იყო გაჟღერებული?
- გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მაინც ნაკლებად სავარაუდოა. უნდათ, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იყოს. დასავლეთი ითხოვს ასე და ესენიც ემორჩილებიან.
ყველა შემთხვევაში იმ გეგმაზე მუშაობენ, რაც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა. შეეცდებიან, კიდევ ერთხელ დანიშნონ პრეზიდენტი. რასაც არც საზოგადოება არ დაუშვებს და არც ოპოზიცია.
- თქვით, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ლომჯარია განიხილებოდა. რამდენიმე თვის წინ თქვენ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მისი არჩევა რომ მომხდარიყო, ლომჯარიამ და ჩუგოშვილმა "ოცნება" დააშანტაჟესო.
- ახლაც გიდასტურებთ, რომ ასე იყო. ქალბატონი ლომჯარია აუდიტის სამსახურში მუშაობდა. მან "ოცნების" წევრებზე საკმაოდ სერიოზული კომპრომატები მოიპოვა. მან და ჩუგოშვილმა ეს კომპრომატები იმისთვის გამოიყენეს, რომ სახალხო დამცველის პოსტი ჩაეგდოთ ხელში.
- ასეთი სერიოზული კომპრომატები თუ ჰქონდათ, ბარემ იმისთვის ებრძოლათ, რომ ლომჯარია გამხდარიყო საპრეზიდენტო კანდიდატი.
- ეტყობა, იმ მომენტისთვის სახალხო დამცველობა არჩიეს მისთვის. ამ კომპრომატების გამოყენება ახლაც შეიძლება, ოღონდ ჩუგოშვილის სასარგებლოდ. არასამთავრობოები, საიდანაც ეს ქალბატონები მოდიან, მთელ ქვეყანას განაგებენ, ისინი თავიდან ბოლომდე არიან ჩართული საკადრო პოლიტიკაში. მათი მხრიდან შანტაჟი გამორიცხული არ არის. მათ თავიანთი სამყაროს შექმნა უნდათ და ძალიან ცუდია, რომ მკვდრადშობილი "ქართული ოცნება" არაფერს უპირისპირებს ამას.
"ქართული ოცნება" აღარც წინა რეჟიმის წარმომადგენლებს უპირისპირდება. არაფერს აკეთებს მათ სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ნაცების ორივე ფრთაც გატრუნულია და კახა კალაძეს ხშირად აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებს. ძველი და დღევანდელი ხელისუფლება ფაქტიურად ერთნი არიან.
თუ გვინდა, რომ "ოცნებამ" იგივე არ გაიმეოროს, რაც 2013 წელს გააკეთა, ოპოზიციამ სერიოზულად უნდა იმუშაოს. კარგი იქნება, თუ ერთიან კანდიდატურაზე მოხდება შეთანხმება.
ერთიან კანდიდატურად სულ დავით აღმაშენებელი და ჩერჩილი რომ დავასახელოთ, საქართველოში გამოჩნდება ხალხი, ვინც მათ დაიწუნებს. არ ვიცი, იქნება თუ არა ჩვენი პარტიის ლიდერი ოპოზიციის კანდიდატი, მაგრამ ნინო ბურჯანაძე კენჭს ნამდვილად იყრის.
"ოცნების" სავარაუდო კანდიდატები ჩვენი კანდიდატისგან ისე განსხვავდებიან, როგორც მოსკოვის სპარტაკის რომელიმე ფეხბურთელი ლივერპულელი სალაჰისგან, ბარსელონელი მესისგან, ბავარიელი ლევანდოვსკისგან და მადრიდელი რონალდუსგან.
საზოგადოებაზეც ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ხალხმა აღარ უნდა დაუშვას, რომ "ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაგვისვას პრეზიდენტად თავისი კანდიდატი. ხალხი თუ ისევ გაისუსება, სუსი თავის საქმეს გააკეთებს და ასეთ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მმართველი ძალის კანდიდატი.


FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30