ინტერვიუები
“ეს იყო პრემიერის გედის სიმღერა"
“კვირიკაშვილი ერთ-ერთ ბიზნესჯგუფს ლობირებს და მისი დახმარებით ცდილობს პოლიტიკაში დარჩენას"
გიგლა ბარამიძე: “ჩვენ კარგად ვიცით, ვისთან თანამშრომლობს კახა კალაძე"
რა გეგმები აქვს მთავრობის მეთაურს, რატომ არის არასერიოზული მისი განცხადება და რა უნდა გაეკეთებინა მას, ვისთან თანამშრომლობს კახა კალაძე, რა პრინციპით შეარჩია გუნდი ბიძინა ივანიშვილმა? - ამ თემებზე ‘ახალ თაობას’ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რუსეთის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. მისმა ამ შეთავაზებამ ის ძალებიც კი გააღიზიანა, რომლებიც გამუდმებით ითხოვდნენ რუსეთთან დიალოგის დაწყებას. რატომ აღმოჩნდა პრემიერის ეს შეთავაზება ყველასთვის მიუღებელი?
- სანამ პრემიერის სამარცხვინო შეთავაზებაზე ვისაუბრებდე, მინდა გავიხსენო ტროადას მეფე პრიამოსი, რომელიც მოსისხლე მტრის ბანაკში შევიდა თავისი შვილის, ჰექტორის ცხედრის გამოსატანად. მხცოვანმა პრიამოსმა თავი გადადო და პირდაპირ აქილევსის კარავში შევიდა, მას სთხოვა მის მიერ მოკლული შვილის სხეული და აქილევსმაც გამოატანა.
შე დალოცვილო, ჰომეროსი თუ არა გაქვს წაკითხული, ზვიად გამსახურდიას ‘’ქართველი ერის სულიერი მისია'’ მაინც არ გაგიგია, რომ ეს ყველაფერი გააანალიზო და ისე იმოქმედო, როგორც შენს ქვეყანას სჭირდება?!
- გინდათ თქვათ, რომ კვირიკაშვილი მეფე პრიამოსივით უნდა შესულიყო რუსეთის ტერიტორიაზე?
- როცა ქვეყანას სჭირდება, იქ მოწინააღმდეგესთან დიალოგი აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა გმირს გიკლავენ და მის ცხედარს არ გაძლევენ. საერთაშორისო სიმპოზიუმებზე მხოლოდ ინგლისურად, ენის მოჩლექით საუბარი პოლიტიკოსობა არ არის.
არც კვირიკაშვილი არ არის პოლიტიკოსი და მისი ბოლო განცხადება მისი გედის სიმღერაა. გედის სიმღერა იმიტომ არის, რომ ეს განცხადება იყო უილაჯობისა და უსასოობის ნათელი მაგალითი.
რუსეთთან აუცილებლად უნდა გამართულიყო დიალოგი და შეხვედრა, მაგრამ არა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე. 6 წელია, რაც უნიათო და უსქესო ‘’ქართული ოცნება'’ ხელისუფლებაშია და მათ მოსკოვთან საუბარი ადრე უნდა დაეწყოთ.
ლაიტმოტივად ამ ყველაფერს გასდევს ის, რომ ისტორიაში პირველად შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის, შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. ‘’მედასავლეთეებო'’, ტრამპისგან მაინც აიღეთ მაგალითი, როგორ ხდება და რა ხდება. ამ ხმასაა აყოლილი გასაცოდავებული ‘’ქართული ოცნება'’ და მარტოდ შთენილი პრემიერი, რომელსაც გუნდი არ ჰყავს და, როცა გაუჭირდება, `კეთილების~ ამარა რჩება.
- თუ ამბობთ, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, პრემიერის შეთავაზება რატომ მიგაჩნიათ სამარცხვინოდ?
- იმიტომ, რომ ახლა შეხვედრა დაგვიანებულია. ამ 6 წლის განმავლობაში მოვუწოდებდით ხელისუფლებას, შეხვედროდა იმ ქვეყნის პირველ პირებს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი რამდენჯერმე წასული იყო მოსკოვში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. მას არც ეს პრემიერი და არც მისი წინამორბედები იმისთვისაც კი არ შეხვედრიან, რომ მოსკოვიდან ჩამოტანილი დანაბარები მოესმინათ.
- რუსებმა ჩვენს ხელისუფლებასთან ნინო ბურჯანაძეს დააბარეს რამე?
- არაერთხელ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომ არის საკითხები, რომლებსაც ის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცემდა. საუბარი იყო პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ‘’ოცნებამ'’ არ მოისურვა მოსმენა.
ამ 6 წლის განმავლობაში რუსეთის პირველმა პირმა პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რომ მზადაა, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამაზე რა პასუხი გავეცით? ჩვენმა პრეზიდენტმა, მისტერ ვეტომ თქვა, აზრს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დავეკითხებითო. პრემიერის შეთავაზებამდე რამდენიმე დღით ადრე კი პარლამენტის ვიცესპიკერი, ჩუგოშვილი, ამბობდა, რუსეთთან მოლაპარაკებები საჭირო არ არისო.
გარდა იმისა, რომ შეხვედრა დაგვიანებულია, საინტერესოა, ვინ უნდა ესაუბროს მოსკოვს. ‘’ქართულ ოცნებას'’ დიპლომატიის, ლიდერებისა და პოლიტიკოსების კუთხით აქვს იმის პოტენციალი, რომ თანაბრად ესაუბროს რუსეთის ხელისუფლებას? ვერიჩკა ქობალიას ქოლგის დამტარებელი მიხეილ ჯანელიძე ამოიღებს ხმას, კვირიკაშვილი თუ ირაკლი კობახიძე? ამათ მხოლოდ არასამთავრობოებთან შეუძლიათ საუბარი. ასევე კარგად შეუძლიათ, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისგან მიიღონ დავალებები.
ახლა თავად განცხადების შინაარსს შევხედოთ. ეს არის ძალიან სუსტი განცხადება, რომელიც სუსტი ლიდერის მიერ არის გაკეთებული. აქცენტები არასწორად არის გაკეთებულია და თვალშისაცემია, რომ ამ განცხადებას დაშინებული ქვეყნის ლიდერი აკეთებს. ტატუნაშვილის ცხედარს ვერ აბრუნებენ, რაღაცებს ხლაფორთობენ, არაფერი გამოსდით და ისევ საპატრიარქოს მიადგნენ, ემუდარებიან, რომ უწმინდესმა თავისი ავტორიტეტით ეს საკითხი გადაწყვიტოს.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა კვირიკაშვილმა და საოცრად მორიდებული და შეშინებული განცხადება დაწერა. გედის სიმღერაა, აბა რა არის, მოწინააღმდეგეს შეთავაზებას უკეთებ და აქცენტებს სწორად ვერ აკეთებ.
- არასწორ აქცენტად რას მიიჩნევთ?
- ჟენევის ფორმატში აპირებს ჩართვას. ვის რად უნდა ამ ფორმატში კვირიკაშვილის ჩართვა. მას ასე უნდა დაეწერა: მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერს, ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ ერთმანეთს. ესაა პოლიტიკა, მაგრამ ბანკის კლერკებმა და ქოლგის დამტარებლებმა პოლიტიკის არაფერი იციან.
გარდა ამისა, რამის გასაკეთებლად არც მასშტაბი და არც ერთი ადგილი არა აქვთ. გასული წლის ნოემბერში ხელწართმეულმა და ფეხმოჭრილმა ჩატაევმა ლამის სახელმწიფო გადატრიალება მოგვიწყო და 24 საათის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ემალებოდნენ - განცხადების გაკეთებას ვერ ბედავდნენ.
- განცხადების გაკეთებას რაღა უნდოდა?
- არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. შეიძლებოდა, ამ განცხადებით რამე დაშავებულიყო და ამის გამო მამა-მარჩენალი ცუდი თვალით შეხედავდა. ამიტომაც იყვნენ ჩუმად, ახლაც ასე არიან - ხმას არავინ იღებს.
- ერთი კვირიკაშვილმა ამოიღო ხმა და ისიც ჩაიქოლა.
- ჩაიქოლებოდა. მისი ეს განცხადება იყო დაგვიანებული. ამორალიზმის პიკი გახლავთ ის, რომ `ქართული ოცნება~ და ყოფილი ხელისუფლება ერთობლივად წერენ გაუგებარ განცხადებას რუსეთის მიმართულებით სანქციებთან დაკავშირებით. წერეთ და იკითხეთ, თქვენი კი არა, მოსკოვმა მსოფლიოს მიერ დაწესებული სანქციები არაფრად ჩააგდო.
ვეკითხები ხელისუფლებას, ვის რად უნდა თქვენი სანქციები და, სანქციები თუ გინდოდათ, აქამდე რატომ არ ამოიღეთ ხმა?! სანქციები თუ გინდათ, უარი უთხარით რუსულ ბიზნესს, თავად რომ შემოიყვანეთ აქ დიდი ზარ-ზეიმით. ასევე უარი უნდა თქვათ რუსულ ბაზარზე, მაგრამ ამაზე არ მიდიხართ. მეძავი ქალებივით ხართ - მეძავობაც გინდათ და წესიერებაც. ეს ორივე ერთად არ გამოვა.
მაინტერესებს, არ რცხვენია ‘’ქართულ ოცნებას'’, იმ ძალასთან ერთად რომ წერს განცხადებას, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ჯარისკაცების სისხლშია ამოსვრილი? ტატუნაშვილის სიცოცხლეც მაგათ კისერზეა. მათთან ერთად შედგენილი განცხადება ‘’ქართული ოცნების'’ დეგრადირების პიკია.
ნაცების, მათ მიერ გამოზრდილი და დაფეხმძიმებული არასამთავრობოების ინტერესებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შედის. ხვალ რუსეთს ჭკუა რომ გადაუბრუნდეს და წართმეული ტერიტორიები დააბრუნოს, არასამთავრობოების დიდი ნაწილი მშიერი დარჩება. რუსეთის გინება მათ ბიზნესად აქციეს და, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება თუ მოხდა, ბოღმით გასკდებიან.
- ისევ პრემიერის განცხადებას დავუბრუნდეთ. დიპლომატიაში ასე ხდება, რომ პირდაპირ ქვეყნის მეთაური ითხოვს დიალოგს?
- დიპლომატიაში ასე არ არის და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს კვირიკაშვილის გედის სიმღერაა. ქვეყნის მეთაური მაშინ აკეთებს ასეთ განცხადებას, როცა გაგანია ომი მიდის და დიპლომატიური საფეხურების გავლისა თუ პოლიტიკური მოთელვის დრო აღარ არის. ახლა სიტუაცია სრულად გაყინულია და ასეთი განცხადება აუცილებელი არ იყო. და თუ მაინც განცხადების გაკეთება გადაწყვიტეს, ეს ან უმრავლესობის ლიდერს უნდა გაეჟღერებინა, ან საგარეო საქმეთა მინისტრს. ნიადაგი მათ უნდა მოემზადებინათ.
პრემიერმა ეს განცხადება იძულების წესით გააკეთა. ‘’ქართული ოცნება'’ სრულად გაბითურებულია. ის დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას იღლიაში ჰყავს ამოდებული და ნაციონალებთან ერთად დღის წესრიგს უდგენენ.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის პრობლემა. არ ვიცი, წესიერი მრჩეველი არ ჰყავს, არ ვიცი, თავად სურს, გვერდით ასეთი უუნაროები ჰყავდეს. ‘’ქართულ ოცნებაში'’ ძირითადად უინიციატივო და უსახო ხალხია თავმოყრილი, მაგრამ მათ აქვთ ერთი თვისება - თანამდებობის სანაცვლოდ მზად არიან, უფროსს ყველაფერზე თავი დაუკრან. ეს ადამიანები საქართველოს ინტერესებს როგორ დაიცავენ.
ქვეყნის ინტერესების დამცველი არც კვირიკაშვილია. ეს საცოდავი განცხადებაც იმიტომ გააკეთა, იქნებ თავი გადაირჩინოს. მისი გაშვების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და ახლა დასაყრდენს ეძებს.
- სად ან ვისთან ეძებს დასაყრდენს?
- ერთ-ერთ ბიზნესჯგუფთან არის დაახლოებული, რომელიც დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს, უნდა, რომ ამ ბიზნესჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანოს და მის ხარჯზე თავად გამყარდეს.
- ვინ არის ეს პიროვნება?
- სახელსა და გვარს ახლა არ ვიტყვი. მალე ყველაფერს ფარდას ავხდით. წვალობს კვირიკაშვილი, რომ თანამდებობა შეინარჩუნოს, მაგრამ რად უნდა ამ პოლიტიკაში დარჩენა, არ მესმის.
- შეძლებს კვირიკაშვილი პოზიციების გამყარებას?
- ამით ის პოზიციებს ვეღარ გაიმყარებს, მაგრამ არც ამ ამბავს გადააყოლებენ. აქ შეცდომის გამო არ მიდიან. გააჩნია, მაგის უფროსი როდის მოიცლის. კვირიკაშვილის პოლიტიკური დაისი უკვე დადგა. ახლა სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია.
ეს ცვლილებები აქამდეც განხორციელდებოდა, მაგრამ მაქსიმალურად წელავენ, უნდათ, რომ ეს არჩევნების წინ მოხდეს. ვითომ ახალი კადრებით უნდათ ხალხის მოტყუება. ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. ყოველი არჩევნების წინ ვითომ ახალი გუნდი მოჰყავთ, რომელიც წინაზე უარესია.
პრემიერმა გედის სიმღერა ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ციანიდის სკანდალის დროს გამოვარდა და თქვა, უწმინდესის მოწამვლას აპირებდნენ და ქვეყანა საშინელებას გადაურჩაო. მას ეს სისულელე შეგნებულად ათქმევინეს.
- ვინ ათქმევინა?
- გარკვეულმა ძალებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და სისულელე ათქმევინეს. მათ კვირიკაშვილი გამოიყენეს.
აუცილებლად უნდა შევეხო თბილისის მერის აქტიურობას. ძალიან კარგია სელფების გადაღება, პიჯაკების ცვლა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და მიხედე ქალაქს. პიარი და ფეისბუქზე გოგოშკების ჯგუფების შექმნა ქალაქზე ზრუნვას არ ნიშნავს.
მივმართავ თბილისის მერს, გულით მიხედე ქალაქს, სანამ ყველაფერი არ მითქვამს. ჩვენ ბევრი რამე ვიცით და ბევრი გვაქვს სათქმელი. კარგია ზოგიერთ სპეციფიკურ წარმომადგენელთან ახლობლობა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ გიხსნის.
- რომელ სამსახურს გულისხმობთ?
- მაგასაც მალე მოგახსენებთ. ძალიან კარგად ვიცით, რა ურთიერთობა აქვთ მაგათ და რაზე საუბრობენ, როცა ერთად არიან. ასე რომ, ამ რაღაცებს თავი დაანებოს და ქალაქს მიხედოს.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234