ინტერვიუები
ჩვენ ვნახეთ კვირიკაშვილის უსასოობის წკავწკავი
ეს არის ქართული ოცნების კლასიკური უზნეობა და სითახსირე - მეძავი ქალივითაა, თან რომ მეძავობს და პატიოსანი სახელი უნდა
ვერიჩკა ქობალიას ქოლგის დამტარებელი, საგარეო საქმეთა დღევანდელი მინისტრი რომელი მომლაპარაკებელია?! როგორ წარმოგიდგენიათ ჯანელიძე ლავროვთან პირისპირ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და საკითხი გადაწყვიტოს
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მსოფლიო კიდევ ერთხელ დაირაზმა პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ფორვარდი გახდა დიდი ბრიტანეთი, სკრიპალის საქმე და რუსი დიპლომატების ლონდონიდან გაძევება გახდება თუ არა ახალი დეტონატორი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა მანამდე რუსეთმა კიდევ ერთხელ მოახერხა, ცივილიზებული სამყარო შოკში ჩაეგდო და კიდევ ერთხელ დაგვანახა პუტინის რუსეთმა მათი უძლურება. მკვეთრი და აგრესიული განცხადებების იქით, საქმე წინ არ მიდის. არადა, რუსეთმა სკრიპალის ლიკვიდაციისთვის გამოიყენა ისეთი ქიმიური იარაღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში არ გამოყენებულა. რუსეთის ქმედებას გმობენ არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნატოს გენმდივანი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი მარტო არ არის. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გაიჟღერა საქართველომ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველო რუსეთის მსხვერპლად მოიხსენიეს. ჩვენთვის ეს არის საუკეთესო შანსი, საერთაშორისო სივრცის ეპიცენტრში მოვექცეთ და საკუთარი პრობლემები წინა პლანზე წამოვწიოთ, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინდიფერენტულია და არ ცდილობს, მომენტით ისარგებლოს და რუსეთის წინააღმდეგ იმ საერთაშორისო ფერხულში ჩაებას, რომელიც რუსეთის ქმედებებს კანონგარეშედ მიიჩნევს.
გასული კვირის მსოფლიო დონის სკანდალზე საქართველოს ხელისუფლებას არცერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებისადმი პრემიერ-მინისტრის გზავნილი კვლავ განსჯის საგნად რჩება.
‘’ალია’’ გთავაზობთ ინტერვიუს `დემოკრატიული საქართველოს~ ერთ-ერთ ლიდერთან გიგლა ბარამიძესთან.

- პრემიერის წერილი კვლავ სკანდალის საფუძველი ხდება, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი ენის მოჩლექით საუბრის დრო არ არის. რა ქვეტექსტს კითხულობთ პირადად თქვენ ამ წერილში?
- პრემიერის მხრიდან ეს წერილი, როგორც სხვა ყველაფერი, `ქართული ოცნების~ მხრიდან იყო დაგვიანებული, ჩვენ 6 წელია გავიძახით, აუცილებელია რუსეთთან ეპისტოლარული მემკვიდრეობის გამყარება კი არა, პირდაპირი საუბარი. ეს არ მოისმინეს, მაგრამ ახლა, ეს წერილი იყო უსასოობის ღაღადივით. გაჭირვებულის წკმუტუნი, ამას იმსახურებს `ქართული ოცნება~, როდესაც ცოცხლებს ვერ უვლიან, ვერ უვლიან, მაგრამ გარდაცვალებულებსაც რომ ვერ უვლიან და ვერ იბრუნებენ, ეს არის სამარცხვინო. ტატუნაშვილის ცხედარი რომ ვერ ჩამოასვენეს, იფიქრეს, როგორ გადავიტანოთ მოსახლეობის ყურადღება, რომ ვაჩვენოთ, რაღაცას ვაკეთებთო და ეს წერილი შეთხზეს, რომელიც დიპლომატიური თვალსაზრისით არის აბსოლუტურად უღიმღამო, უსქესო, არაფრისმთქმელი, დაშინებული სახელმწიფო ლიდერის წერილი მეორე ქვეყნისადმი. ახლა უფრო კონკრეტულად გეტყვით, რატომ არის სუსტი ეს წერილი. როდესაც ასეთ წერილს წერ, წინასწარ მუშაობაა ჩასატარებელი დიპლომატიური კუთხით, რომ ადეკვატური პასუხი მიიღო, ასე ხდება ყოველთვის. ამას ვამბობ მე, დიპლომატიის უმაღლესი რანგის მქონე პირი, ყოფილი ელჩი!..
- პრემიერის წერილში ნახსენები არ არის რუსეთის მხრიდან უხეში დარღვევები, ადამიანების გატაცების ფაქტები. თითქოს ტატუნაშვილი პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს ჩვენს რეალობაში. ეს არ არის შეცდომა?
- რა თქმა უნდა, უსასოობის წკავწკავი სწორედ ამას ჰქვია, პირდაპირი გაგებით და აპოთეოზი, წერილში არც ისაა ნახსენები, რომ თუ ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე მესაზღვრეებისა და პოლიციის წინ ოთხოზორია მოგვიკლეს და საქმე დღემდე გამოუძიებელია, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! როგორც უკვე ვთქვი, წერილები იწერება წინასწარ, გარდა ამისა, ასე სასწრაფოდ წერილით მხოლოდ მაშინ მიმართავს ქვეყნის პირველი პირი, როცა საომარი მდგომარეობაა და დიპლომატიური რევერანსებისთვის დრო არ არის. საქართველოს პრემიერს პირდაპირ უნდა მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის, ნებისმიერ ტერიტორიაზე დავსხდეთ და დავიწყოთ სერიოზული საუბარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. ესეც არ იყო ნათქვამი. ეს წერილი არის თავის გადარჩენის კლასიკური მაგალითი, ამ წერილის გამო რუსეთის ხელისუფლებამ დაგვცინა!.. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სასაცილოები არიან და იცით, რატომ? მარჯვენა ხელით წერენ და ეხვეწებიან, ვილაპარაკოთო და მარცხენა ხელით რეზოლუციას სანქციებზე ამზადებენ... კვირაობით სხედან პარლამენტში, ტვინს ახლიან ერთმანეთს, როგორ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რაღაცა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას გაუგებარი სია შექმნეს. სად გაგონილა ასეთი რამ, თუ მოლაპარაკება გინდა, სანქციებს რატომ აღებინებ უმრავლესობას, რომლის თავმჯდომარეც შენ ბრძანდები, პრემიერ-მინისტრო?! `ქართული ოცნების~ კლასიკური უზნეობა და სითახსირე არის ის, რომ ფეხებზე ჰკიდიათ არა მხოლოდ თავისი ამომრჩეველი, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობა. წარმოიდგინეთ, ერთობლივ წერილს ამზადებენ პარლამენტში იმ ძალასთან ერთად, რომლის კისერზეც ტატუნაშვილის სისხლია... მე მათ `ნაცმოძრაობას~ ვეძახი, არავითარი `ევროპული საქართველო~, არ დამიწყონ ამ პარტიის წევრებმა მტკიცება, ციდან ვართ ჩამოსულებიო, სადაც არის `ნაციონალების~ იდეოლოგი ბოკერია, იქ არიან `ნაციონალები~ სააკაშვილთან ერთად. სახედაკარგული `ქართული ოცნება~ იმდენად უსინდისოდ იტყუება და იმდენად გათახსირდა პოლიტიკურად, იმასაც კადრულობენ, რომ დასხდნენ `ნაციონალების~ ანასხლეტებთან ერთად და შეიმუშაონ რეზოლუცია. გახსოვთ, ახალგორი როგორ დავკარგეთ, რომელიც მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნოდა? თავი მოიკლა სააკაშვილი-ბოკერიას ტანდემმა, გინდა თუ არა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ ერთეულში უნდა შევიდესო და სწორედ იმ ახალგორიდან მოიტაცეს ჩვენი ბიჭები. ამიტომ ყველაფერი ეს არის კვინტესენცია (საფუძველი) იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო არა აქვს, ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ!.. მისი პირველი პირები არიან შემარცხვენლები ქართველი ერისა და ხალხისაც და ეს წერილი ამის უპირველესი მაჩვენებელია. ამათგან ჩვენ როგორ უნდა ველოდოთ რამე კარგს, ანდა ვერიჩკა ქობალიას ქოლგის დამტარებელი, საგარეო საქმეთა დღევანდელი მინისტრი რომელი მომლაპარაკებელია?! როგორ წარმოგიდგენიათ, ჯანელიძე ლავროვთან პირისპირ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და საკითხი გადაწყვიტოს. მეტი არაა ჩემი მტერი, ვინ ჰკითხავთ მაგათ საერთოდ რამეს!.. ამიტომ ეს წერილი იყო დაგვიანებული, მაგრამ უბედურება არის ის, რომ სამარცხვინო წერილი იყო ყველა თვალსაზრისით, ტექსტი სტილისტურად და პოლიტიკურადაც, დიპლომატიურადაც და კიდევ პარალელური ნაბიჯებით... ეს არის მეძავი ქალის სინდრომი, მეძავობაც რომ უნდა და თან პატიოსნებაზე დებს თავს... აი, ესეთია დღეს ‘’ქართული ოცნების’’ ხელმძღვანელობის 90 პროცენტი.
- თქვენი ინფორმაციით, კრემლის კულუარებში ამ წერილს რა გამოხმაურება მოჰყვა?
- რა გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა, ზეპირად იციან, რაც საქართველოში ხდება. მე თქვენ გეტყვით და ესენი რაიმეს საიდუმლოდ აკეთებენ, თუ რა?!. `ნაციონალებისა~ და სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო პუტინმა ყველაფერი მიიღო, რაც სურდა!.. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ წერილს, როდესაც მეორე მხარე ამბობს, უფრო პრინციპულები უნდა ყოფილიყავითო, `ნაციონალები~ არ იყვნენ, რუსული `ჟანგიანი ტანკები~ რომ დაინახეს და ჩასვრილები თავპირისმტვრევით გარბოდნენ?! მაშინ არაფრის თავი არ ჰქონდათ და ახლა პრინციპულ ლაპარაკში რას გულისხმობთ, ბატონებო?!. იმასაც არ ამბობენ როგორ უნდა დაელაპარაკონ, კუდის ქნევით თუ დიპლომატიური ენით... და თუ ასეთი პრინციპულია საქართველოს ვითომსახელმწიფოს წარმომადგენლობა, მაშინ უარი თქვით რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე, გააუქმეთ საჰაერო მიმოსვლა, უარი თქვით რუსულ ბაზარზე და ყველა იმ ბიზნესზე, რომელიც `ნაცმოძრაობამ~ აჩუქა რუსეთს და `ქართულმა ოცნებამ~ დაუკანონა _ ელექტროენერგია, ნაწილობრივ გაზი, ტრანზიტი, ყველაფერ ამაზე თქვით უარი და ამით დაამტკიცეთ, რომ პრინციპულები ხართ!..
- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ნატოს გენერალურ მდივანთან და ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველოს ტერიტორია რუსეთმა, ისინი აპროტესტებენ ტატუნაშვილის ცხედრის დატყვევებას. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური პროცესები ახალ ფაზაში შედის და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის აგრესიული განცხადება, რომ მოკეტოს რუსეთმა, რაღაც ახლის დასაწყისისკენ მიუთითებს. ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას რა გაგრძელება მოჰყვება?
- დიდი ბრიტანეთის მხრიდან კუდიანებზე ნადირობა დაიწყო, რადგან მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როდესაც ვერ მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატის ბრიტანეთში ჩატარების უფლება... მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე და უეფას პრეზიდენტი შეთანხმებული იყვნენ, რომ 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლებას დიდი ბრიტანეთი მოიპოვებდა, მეორე დღეს გადაწყვეტილება შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ, რაც ბრიტანეთს ყელში გაეჩხირა და ვერ ინელებს. ბრიტანეთი ცდილობს, ისე დაძაბოს რუსეთთან ურთიერთობა, რომ 2018 წლის ჩემპიონატი ჩაშალოს. ასევე, სასაცილოა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის სასოწარკვეთილი კნავილი, რუსი აგენტის სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლის სკანდალზე?!. კი მაგრამ, სად არის ლოგიკა, მაშინ, როცა რუსეთის ციხეში წლების მანძილზე სასჯელს იხდიდა სერგეი სკრიპალი, მათ ხელში იყო და ინფორმაციას ვერ გამოსძალავდნენ?! რა, ციხიდან გამოუშვეს და მერე მოწამლეს?! თანაც დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები და ამერიკელები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით რუსეთმა მოწამლა სკრიპალიო... რას ნიშნავს ეს ალბათობით საუბარი? უნდა არსებობდეს დადასტურებული ფაქტი, რომ ოფიციოზმა მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები გააკეთოს. ინგლისის პრემიერ-მინისტრის და მათი თავდაცვის მინისტრის მუშტის ქნევა არაფერს ნიშნავს, მათ რომ რამის თავი ჰქონოდათ, სირიაში დაამტკიცებდნენ საკუთარ სიძლიერეს!
- გეოპოლიტიკური თამაშის მსხვერპლი ხომ არ გახდება საქართველო და რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე ახალ საომარ ვითარებას ხომ არ შექმნის?
- რუსეთს ჩვენგან აღარაფერი არ უნდა, რაც უნდოდა, სააკაშვილმა და `ნაცმოძრაობამ~ ლანგარზე მიართვეს სამაჩაბლო, აფხაზეთი და დაუმატეს კოდორის ხეობა, ასევე, ლანგრით მიართვა ქართული სტრატეგიული ობიექტები, გავიხსენოთ `ენგურჰესის~ ცნობილი დამალული ხელშეკრულება. სამწუხაროდ, მედია და არასამთავრობოები ამას არ იმეორებენ ყოველდღე, დღევანდელი უსქესო და ცვედანი ხელისუფლება კიდევ `ნაცმოძრაობის~ რეჟიმით მუშაობს, თუკი რუსეთთან შედგება საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და მოვთხოვთ, რომ გაიყვანოს რუსეთმა სამხედრო ბაზები, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან და მივცემთ გარანტიას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განთავსდება და საქართველო გახდება ასევე მშვიდობის ერთგვარი გარანტორი სამხრეთ კავკასიაში და დაჰპირდება, რომ ნატოს ჯარებს არ შემოიყვანს, შეიძლება დაწყებულ იქნას მოლაპარაკებები მრავალი მიმართულებით. მაგრამ ვინ არის ამ ხელისუფლებაში ამის გამკეთებელი? არც არავინ!.. რამდენიმე წლის წინათ მოლაპარაკებების გზით განა არ გაიყვანა რუსეთმა საქართველოდან სამხედრო ბაზები? ამის მონაწილე ვიყავი მე, ახალქალაქიდან რუსეთის ტანკები მე გადამყავდა, მე ვმონაწილეობდი ამ გრაფიკის შედგენაში და მე მივაცილებდი სომხეთამდე. ეს ხომ მოხდა და არ ამბობენ, იმიტომ, რომ ეს ისეთი ფაქტია _ არ აწყობთ ამის აფიშირება. დღეს რომ პუტინმა საქართველოს დაუბრუნოს ტერიტორიები, ეს იქნება სასიკვდილო დარტყმა არასამთავრობოებისთვის და `ნაციონალური მოძრაობისთვის~, იმიტომ, რომ ფუნქციასა და ბიზნესს დაკარგავენ, რუსეთის გინების გამო ფინანსდებიან და თავიანთი სითახსირე ხომ უნდა გაამართლონ?!
- ამერიკის ელჩი იან კელი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს. მან ასევე შემაშფოთებელი განცხადებები აკეთა `ქართული ოცნების~ მისამართით.
- ამათ არ უნდათ ამ საქმის მოგვარება, მაშინ რითიღა უნდა იტრაბახონ. მაგათ შეუძლიათ მხოლოდ აქციების, პერფორმანსების ჩატარება, ამაში იღებენ ფულს, დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და რუსეთთან რომ მეტ-ნაკლებად აეწყოთ ურთიერთობა, უნდათ `ქართულ ოცნებას~ ან `ნაცმოძრაობას~ ან არასამთავრობო ორგანიზაციებს? არ უნდათ!.. რაღა შორს მივდივართ, ეს ლამაზისეული თამარ ჩუგოშვილი რომ დაგვისვა პარლამენტის ვიცე-სპიკერად ამერიკის საელჩომ, ორი კვირის წინ არ გახსოვთ, რა თქვა? _ რუსეთთან დიალოგი თემის პროვოცირებააო. მას დავალება აქვს მიცემული, რომ არ დაველაპარაკოთ რუსეთს. რუსეთთან დიალოგზე რომ წავიდეთ, მერე უსაქმოდ დარჩებიან ლომჯარიები და ჩუგოშვილები. ეგენი არიან მეხუთე კოლონის მეხუთე კოლონა, მათ ქვეყნის კეთილდღეობა არ უნდათ.
თქვენი ინფორმაციით, რა დავალება მიიღო `ქართულმა ოცნებამ~ ამერიკის საელჩოდან და რამდენად რეალურია სამთავრობო ცვლილებების მოთხოვნა მათი მხრიდან?
- ჩემი ინფორმაციით, ამათ უფროსს ბიძინა ივანიშვილს `ქართულ ოცნებაზე~ ხელი აქვს ჩაქნეული, არაფრის მაქნისები ეგენი არ არიან, ელოდება მომენტს, როდის ჩაანაცვლოს პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის, ამერიკის ელჩის განცხადებაში, სადაც ის ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებდა, ერთი მნიშვნელოვანი ფრაზაა, აუცილებელია რუსეთთან დიალოგში მონაწილეობდნენ პრინციპული და საქმის გადამწყვეტი პოლიტიკური ფიგურებიო. ეს ნიშნავს, რომ ამ მკვდარი ხელისუფლების პირობებში მოლაპარაკება შეუძლებელია და აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერად მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები პირი, რომელსაც რუსები ანგარიშს გაუწევენ და ეცოდინებათ, რომ დიალოგი დიალოგისთვის არ იქნება. ამერიკის ელჩიც კი შეწუხდა ამათი სიცვედნით და ამ განცხადებაში ქვეტექსტით მოუწოდა, რომ პრემიერ-მინისტრი შეცვალეთ, თუ გინდათ, რომ ქვეყანას ეშველოსო. სად სცალია `ქართულ ოცნებას~ საქმის საკეთებლად? რამდენიმე ბანაკად არიან გაყოფილი, ამათ სისუსტეს კარგად იყენებს სამტრედიელი მილანელი კახი კალაძე, გარშემო იკრებს გუნდს, არის ჩუმად და ფინანსების აკუმულირებას ახდენს ყველა მხრიდან. ის შეეცდება, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხარდაჭერა გამოიყენოს და მომძლავრდეს. კახი კალაძის გაძლიერებას ხედავენ `ქართული ოცნების~ გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები და მის წინააღმდეგ ილაშქრებენ. მიდის გამალებული მუშაობა, ვინ უფრო ახლოს მივა ბიძინასთან. ეს არის ქართველი ერისა და სახელმწიფოს უბედურება!..
ნინო სამხარაძე


FaceBook Twitter Google