ინტერვიუები
"ეს ქართული ოცნება" კი არა, "გამოსიგუებული ბოცნებაა!"
"იციან რას აკეთებდა თორნიკე რიჟვაძის მამა "ნაციონალების" დროს? ანდა მაია ცქიტიშვილი არ იყო, ღარიბაშვილს მოსასვენებელი ოთახისთვის 7000 -დოლარიანი მასაჟორიანი საწოლი რომ შეუძინა?"
"ეს ქართული ოცნება" კი არა, "გამოსიგუებული ბოცნებაა!"

"ქართული ოცნების" ტექნიკური მთავრობა დაუმარხავი მიცვალებულივით იქცა. ფაქტობრივად, კონსტიტუცია ტანზე შემოიგლიჯა "ოცნების" გუნდმა და სახელმწიფოს თავზეც გაიარა. ერთი რამ ფაქტია, იდიოტურ პოზაში ყოფნა ამ ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება.
რა ხდება "ოცნების" თავს და რას ითხოვს ოპოზიცია? ამ და სხვა "მნიშვნელოვან თემებზე "ალიას" კითხვებს პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე პასუხობს:

- თქვენი აზრით, ტექნიკური მთავრობიდან ლეგიტიმურ მთავრობამდე რით ვერ მივედით, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას ელოდებიან? გავიდა ყველა ვადა, დაირღვა კონსტიტუცია, კრიზისი სახეზეა...

- სამარცხვინოა ეს ყველაფერი, რა კრიზისი, რის კრიზისი?! როცა ჩვენ ორი თვის წინ ვსაუბრობდით, მაშინ ვამბობდი, რომ კრიზისი იყო, თორემ ვინ თქვა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა, პარლამენტი ან უმრავლესობა ჰყავს?! ეს არის გამოსიგუებული ერთობა, რომელსაც ''ქართული ბოცნება'' ჰქვია. ახლა ავხსნი, რატომ არის ეს ხელისუფლება გამოსიგუებული - ქალაქ თბილისის სამძებრო-საგამოძიებო სამსახურის უფროსად ჰყავთ დანიშნული ადამიანი, რომელიც არათუ საქმეს არ აკეთებს, არამედ ვერ მეტყველებს!.. ამის იმედად შეიძლება ყოფნა?! ეს არის ამ ხელისუფლების სახე, ''ოცნების'' ნაცვლად ''ბოცნებას'' კი იმიტომ ვეძახი, რომ ეს არის ბოკერიას ოცნება და ბოკერიას პლუს ''ოცნება'' უდრის ''ბოცნებას'', აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ''გამოსიგუებული ბოცნება''! თუ ვინმე ჭკუათმყოფს მიაჩნია, რომ ესენი არიან ხელისუფლებაში, სისულელეა, ხელისუფლება არ არსებობს! ერთი პოლიტიკური მკვდარი წავიდა, მეორე პოლიტიკური მკვდარი მოვიდა!.. სისულელეს სისულელეზე აკეთებენ, ერთადერთი, რაშიც გამეცადინებული არიან, ეს სოფლის კულაკური ფსიქიკის ''ბოცნების'' წევრები, არის მხოლოდ პირადი ოჯახისა და ჯიბის კეთილდღეობა, მეტი არაფერი არ აინტერესებთ და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ! ამიტომ მე სერიოზულ კაცად მიმაჩნია ჩემი თავი, პროფესიონალი ვარ და რაიმე სერიოზული ვილაპარაკო საქართველოს მთავრობაზე, ცოტა შეურაცხმყოფელიც კია!.. ესენი არიან უბრალო სალახანები, შეკრიბა ერთმა კაცმა, რომელიც ხან ერთი მხრიდან წაიღებს ხეებს, ხან მეორიდან, ალბათ, დრუიდულ ფილოსოფიას ეწაფება, მაგრამ ღრმად ვერ შეისწავლა... ამ ადამიანის მოყვანილი ერთი უსახო ანაცვლებს მეორე უსახოს და ცხოვრობენ ასე.

- თვლით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამ რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია?

- დიახ, ერთადერთი გამოსავალი არის იმაში, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს და 20 ლარად არ გაიყიდოს არჩევნების წინ. ჩვენ მოვითხოვოთ, საარჩევნო კანონის შესწორებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ''გამოსიგუებული ბოცნება'' რასაც აკეთებს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს არის უსახო ადამიანების გაერთიანება, მათ ანალიზის უნარი არ გააჩნიათ, გათვლაც კი არ შეუძლიათ, რა მოჰყვება მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მკვდრები შეჰყავთ ''ოთხოზორია-ტატუნაშვილის'' სიაში და არ რცხვენიათ, იმდენად სახედაკარგული ხალხია. სახელმწიფოს ლიდერობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მართვას - ნიჭი, გამოცდილება, წესიერება და პროფესიონალიზმი სჭირდება, რაც ამათ არ გააჩნიათ. მახსენდება რეჟისორ ლეონიდ გაიდაის ფილმი ''ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას'', ივანე მრისხანეს სამყაროში მოხვედრილ კრამაროვს შემთხვევით ივანე მრისხანეს ქუდი რომ მოხვდება თავში, დაეხურება და მხრებში გასწორდება, ზუსტად ასე არიან ეს ჩვენი მინისტრები და პრემიერები!.. ჰგონიათ, რომ მართლა რამეს წარმოადგენენ. აი, ეს არის ანეკდოტი. როგორც დიდი ქართველი მწერალი იტყოდა - რა გითხრათ, რით გაგახაროთო... სათქმელიც არაფერია! ტყუილები, ტყუილები და ტყუილები. მოლა ნასრედინის ზღაპრების ვისაც სჯერა, დაუჯერეთ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ესენი კინწისკვრით, რა თქმა უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ძალით, გავყაროთ ხელისუფლებიდან.

- მკვდარი ახსენეთ და დაუმარხავი მიცვალებულივით გვექცა ''ქართული ოცნების'' ტექნიკური მთავრობა. დაგვამხვეს თავზე კონსტიტუციაც და სახელმწიფოც. თქვენი ინფორმაციით, გუნდის შიგნით რა პრობლემებია?

- ბანკის მოლარეებმა რა უნდა გადაგიწყვიტონ, მითხარით? ფულის დათვლის გარდა, არაფერი იციან და მთავარი, სანამ ბიძინა ივანიშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან გადაწყვეტილებას არ შეათანხმებენ, არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ და არც ამის უფლება არ აქვთ! მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი, ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი, გიორგი შენგელაია გამოდის და ლაპარაკობს ისეთ მძიმე საკითხებზე, რაზეც რეაქცია რატომღაც არავის აქვს და მის ნათქვამს არავინ აქცევს ყურადღებას. კაცმა პირდაპირ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ინიშნება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის მითითებით, მილიონ-ნახევარს თუ გადაიხდიდი, ჩაგსვამდნენ ''ქართული ოცნების'' საპარლამენტო სიაშიო. ამაზე მეტი კატასტროფა რაღა არის, გამაგებინეთ! ეს ის ხალხია, მაპატიეთ და, სახეში რომ შეაფურთხო, ჩამოიწმენდენ, ხმას არ ამოიღებენ და ფულის პარვას გააგრძელებენ. რატომ, იცით? სოფლის ორღობეებიდან გამოყრილი ხალხი რომ შეკრიბა ამ ერთმა ადამიანმა და ჩააბარა მრავალმილიონიანი სამინისტროები, ეს უნახავები ქერის ორმოში ჩაცვივდნენ და აბა, ხმას როგორ ამოიღებენ?! რა ეღირსათ, ციურ მანანასავით მიიღეს ყველაფერი და სანამ შეძლებენ, გააგრძელებენ ფულების თავისკენ გადმოქაჩვას.

- არადა, ''ოცნებას'' პიარში ოფიციალურად 160 მილიონი აქვს დახარჯული, პირველად ვნახე ხელისუფლება, რომელიც თვითლიკვიდაციას და ანტიპიარს მილიონებით აფინანსებს...

- ეს არის სამარცხვინო!.. და მერე კალაძეობა რომ დაიწყეს, კალაძე რაც გამოჩნდა, სულ პიარში ხარჯავს ფულს, ახლა კიდევ სუბარი, იქნებ რამე თანამდებობა გადმომიგდონო, სვანეთში ვითომ სტიქიას ებრძვის, ტყლაპოში დგას ჩექმებით და რაღაცას ბჟუტურობს. მაგათ რა იციან, პიარი რა არის, მაგის სპეციალისტები სად ჰყავთ. ეს არის, უბრალოდ, თავის ნათესავებში, ახლობლებში, მეგობრებში, სამეზობლოში, საყვარლებში დახარჯული თანხები!.. მოვა მაგათი დროც, ამათ რომ ჰგონიათ, ყველაფერი შერჩებათ, ეგრე არ არის! ნეპოტიზმი მძვინვარებს, ეს არის პოლიტიკური და ელიტური კორუფციის უზარმაზარი ბუდე. ყოველი ტენდერი არის კორუფციული, გაქანებული აღებმიცემობა მიდის თბილისის მერიაში. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღი რომ გაჩეხეს და უზარმაზარ რესტორანს აშენებენ, რა, თბილისის მერი, ან მისი გაზულუქებული თანამშრომლები ამას ვერ ხედავენ, არ შეუძლიათ, რომ შეაჩერონ?! ატენის ქუჩაზე ან მთაწმინდაზე ეკლესიის პირდაპირ რომ უზარმაზარ სახლს აშენებენ, რატომ? გაქანებული კორუფციაა და იმიტომ!.. ანდა თბილისის მერიამ რომ ატეხა წკავ-წკავი ''სითი-პარკთან'' დაკავშირებით - ''გავიყვანეთ სითი-პარკიო'', იმდენი თქვენ რა გითხარით, რაც არ გაიყვანეთ, ''სითი-პარკი'' რომ წავიდა, ახლა საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივის და მოიგებს 50 მილიონს, რომელიც ისევ ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ანდა რა აზრი ჰქონდა იმ ''სითი-პარკის'' გაყვანას, თუკი მომსახურებას არ გააუმჯობესებენ და რაც მთავარია, თუ არ გააიაფებენ ჯარიმებს. არაფერი არ გაკეთებულა... აი, შავი პიარი, ეს სამარცხვინოები სათავისოდ აკეთებენ პიარს! ანდა ახლა რომ მოუნდათ, დანიშნონ აჭარაში მთავრობის მეთაური, მოიკითხონ მამამისი, ვის დროს იყო პოლიციელი და ვის უჭერდა მხარს, როგორ იყო ეგ საქმე?!

- აჭარის მთავრობის მეთაურობის კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის მამაზე, დავით რიჟვაძეზე ამბობთ, რომელიც ახლა ხელვაჩაურის პოლიციის უფროსია?

- დიახ, ის ''ნაციონალების'' დროს მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო, რომელიც 2011 წელს რეპრესიებსა და დაჭერებში მონაწილეობდა. რატომ არ კითხულობენ, ვინ იყო თორნიკე რიჟვაძის ოჯახის წევრი?! ანდა, თვითონ ამ ბიჭს რა დამსახურება აქვს ისეთი, რომ ამხელა პოსტზე დაინიშნოს? მაგრამ ის არის კახი კალაძის კადრი და ამით ყველაფერია ნათქვამი. კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მოადგილე გახლდათ და მისი ხელისბიჭი იყო, ახლა კი აჭარა უნდა ''ააღორძინოს''. რა გააკეთა ენერგეტიკაში დენის ტარიფის გაძვირების გარდა, რომ უცბად, ასეთ უმძიმეს რეგიონს ვაბარებთ?!. ანდ, ბახტაძემ რა გააკეთა, რკინიგზა ჩააფლავა და პასუხი ვერ გაგვცა, ეგ და დედამისი რატომ იყვნენ ჩართული ბინების აფიორაში, აგვიხსნას ვინმემ და დღეს რატომ მოგვივლინეს ამ სასაცილო მთავრობის მეთაურად?!. ან ის მაია ცქიტიშვილი ვინ იყო? ჯერ კიდევ ღარიბაშვილის დროს რომ იყო აპარატის უფროსი, რომ შეამოწმა აუდიტმა, რა ფაქტი დაუდეს, ხომ არ გახსოვთ? რაში ჰქონდა ამ ცქიტიშვილს 7000 დოლარის ეკვივალენტის თანხა გადახდილი? ღარიბაშვილს მოსასვენებელ ოთახში მასაჟორიანი ლოგინი რომ უყიდა?! ესაა მისი დამსახურება! ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამინისტროს რომ აბარებენ ამ ''ქართუ ბანკის'' ჩვეულებრივ კლერკს, სასაცილო არ არის?! წყნარად იყვნენ ახლა ესენი, თორემ უფრო ღრმად ჩავყვებით ცოტა ხანში, ყველა ნაბიჯს დავუთვლით, ვინ არიან, საიდან მოსულები არიან და რას აკეთებდნენ!..
უსახურები და უვიცები არიან, ერთი პროცენტი თუ იქნება ''ქართულ ბოცნებაში'', რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო, თორემ დანარჩენები არიან სამარცხვინოები. ანდა 2012 წელს ასეულ-ათასობით ადამიანი რომ ენდო ივანიშვილს და სამართლიანობის აღდგენა ჩააბარა, 2018 წელს უნდა მიგვეღო ბოკერიას სამართლიანობის აღდგენის კომისია?! აქედან დავიწყოთ, ხალხო, რაღაზე ჩავდივართ ქვევით? ჩვენი ასეთი ანალიზი ამათ ლეგიტიმაციებს უკეთებს, ამ ბოროტ ნაცარქექიებს და სალახანებს ჰგონიათ, რომ მართლა მინისტრები და მერები არიან, არადა ჩვეულებრივი არარაობები იყვნენ, აიღო ამ კაცმა, დადო თანამდებობებზე და ახლა ჩვენ ვაანალიზებთ სალახანების ქმედებას და ლეგიტიმაციას ვუკეთებთ. შუა საუკუნეების წეს-ჩვეულებებით ვცხოვრობთ და კუდი ყავარზე გვაქვს გადებული, ვევროპელობთ და ''ვსვეცკობთ''... რაის ევროპა, რის ევროპა, მგონი, ტრამალებშიც აღარ არის ისეთი გვაროვნული წეს-წყობილება, როგორც საქართველოშია.

- თქვენ გახსენდებათ პრეცედენტი, როდესაც ამდენი ხანი სახელმწიფო ლეგიტიმური მთავრობის გარეშე იყო?

- ეს არის უზარმაზარი ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული, საზოგადოებრივი პრობლემა. გვერდიდან რომ შეხედო საქართველოს, იტყვი, რა მარაზმია, რა ავადმყოფობა სჭირს ქართველობას, სახელმწიფო არა აქვს და ერთ კაცზე ფიქრობს, ის როგორ უყურებს მოვლენებს. მე ბიძინაზე არც არაფერს არ ვამბობ, ის თავის საქმეს აკეთებს, მას ერთადერთი პრობლემა აქვს, როგორ შეინარჩუნოს ის ქონება, რაც დააგროვა. ძალიან კარგი ფორმულა გამონახა, დააყენოს თავისი ქონების დაცვის სადარაჯოზე ერთი გაუბედურებული ქვეყანა, სახელად საქართველო, ხოლო მისი მოქალაქეები არიან მისი მომსახურე პერსონალი, მორჩა!!! ეს ამ კაცმა ააწყო და რატომ ააწყო, იცით? ეტყობა, ნიჭიერი კაცია და კარგად დაინახა ქართველი ხალხის ფსიქიკა, მან შესანიშნავად იცის, სად, რა, როგორ და როდის გააკეთოს. ამიტომ არ შემიძლია, ვილაპარაკო ამ ''ვინიპუხივით'' გაჯგიმულ არარაობაზე, პრემიერ-მინისტრ ბახტაძეზე, წინა იყო და ჩომპესავით დადიოდა, ეს არის და, ''ვინიპუხივით'' არის... რა აზრი აქვს მათზე ლაპარაკს?!
ნინო სამხარაძე


FaceBook Twitter Google