ინტერვიუები
"კვირიკაშვილთან ერთად ბახტაძეც უნდა გაეშვათ"
"კვირიკაშვილთან ერთად ბახტაძეც უნდა გაეშვათ"

გიგლა ბარამიძე: "ბოკერია ივანიშვილს დათმობაზე წასვლას მოსთხოვს"

''ყოფილ პრემიერსა და მის გუნდს წაღებულ ფულს უკან მოატანინებენ''

რატომ ახსენა მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე კვირიკაშვილი, რატომ გაუჩინარდა ყოფილი პრემიერი, რამდენი ხანი გაქაჩავს მთავრობის ახალი მეთაური, რა შეთანხმება შედგა ბოკერიასა და ნაციონალებს შორის? - ამის შესახებ "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე: ბოლო ორი-სამ კვირაში განვითარებულ მოვლენებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ "ქართული ბოცნების" (ბოკერიასთან ჩახუტების შემდეგ მმართველ პარტიას ყოველთვის ბოცნებად მოვიხსენიებ) ვირეშმაკობისა და პოლიტიკური სითახსირის ქრონიკა.

ქართული პროვინციული კოხტაპრუწობის კლასიკა ვიხილეთ ნატოს სამიტზეც.

ქართველი ჩინოსნები დაიჯგიმებოდნენ, მაგრამ კაცი ვერ გაიგებს, რა განაცხადებები გააკეთეს. სამაგიეროდ, ხომ წარმოაჩინეს თავი და ხალხს დააჯერეს, რომ საქმეს აკეთებენ. გვიმტკიცებენ, ნატოს კარი საქართველოსთვის მალე გაიღებაო. არადა, ეს ნატო პირდაპირ გვეუბნება, რომ თავის რიგებში არ მიგვიღებს.

ქართული პროვინციული კოხტაპრუწობის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროსაც. ჩემპიონატს ქართული არხიც გვიჩვენებს და კომენტატორმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ფეხბურთის არაფერი გაეგება, მოგვიწოდა - თუ რამე დათარსვა იცით, ყველა მეთოდი გამოიყენეთ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგო.

თქვე დალოცვილებო, თუ ასეთი მაგრები ხართ და ასე გძულთ რუსეთის ნაკრები, რატომ არ თქვით უარი იმ თამაშების ტრანსლაციაზე, სადაც რუსეთის ნაკრები თამაშობდა. ეს არ გააკეთეს იმიტომ, რომ ამით ფულს დაკარგავდნენ, ტოტალიზატორებიდან ვეღარ მიიღებდნენ თანხებს.

პროვინციული სითახსირის გამოვლინებაა, როდესაც სხვისი მოგებულით გვინდა ჩვენი პატრიოტიზმის გამყარება.

მოუგო ხორვატიის ნაკრებმა რუსეთს და ატყდა ერთი ამბავი - დღეს ჩვენც ხორვატები ვართო. რუსეთის დამარცხება თუ გინდოდა, აქ არ გყავდა 2008 წელს? რად უნდა ამას ხორვატობა, თავად გებრძოლა.

რუსეთი გვძულსო, ამბობენ და რუსულ ფულზე არასდროს ამბობენ უარს. ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების 90%-ც მაგათ გადასცეს და ვის ეჭიდავებიან, ვერ გამიგია. იმ კაცს, რომელმაც ქვეყნიდან გაყვანილი რუსული ჯარი უკან შემოაბრუნა, ორი პალტოს გამო დასდევენ.

- ნატოს სამიტზე მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა მოულოდნელად გაიხსენა გიორგი კვირიკაშვილი, საჯაროდ დასვა კითხვა, სად გაქრა ყოფილი პრემიერიო. აქ გაჩნდა მოსაზრება, რომ კვირიკაშვილი ევროპელებმა მოიკითხეს. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა პრეზიდენტის განცხადება?

- საერთოდ არ აინტერესებს მარგველაშვილს კვირიკაშვილი, მისი გვარი ისე ახსენა. გასაკვირი ისაა, რომ გაახსენდა, არ ეხსენებინა, ეს უფრო ბუნებრივი იქნებოდა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მთავრობის მეთაური, ერთი ჩომბე გაუშვეს და მის ადგილზე არსაიდან მოსული, გაჯგიმული ყმაწვილი დაგვისვეს.

კვირიკაშვილი რომ ასე გაქრებოდა, ეს "ახალ თაობასთან" საუბარში რამდენიმე თვის წინ ვთქვი. იმ დროს ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო და მელიას კეთილებს იხსენიებდა და იბრიქებოდა, არსად არ წავალო. წავიდა და აღარავის ახსოვს. პრეზიდენტმაც იმიტომ გაიხსენა, რომ მისთვის მიექციათ ევროპელებს ყურადღება.

- თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ ყოფილი პრემიერის გაქრობაზე ევროპელმა პოლიტიკოსებმა დასვეს კითხვები?

- დასავლეთს რაში აინტერესებს კვირიკაშვილი? საკუთარი თავი გასჭირვებიათ. ახლა გულგახეთქილები ელოდებიან ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, ეშინიათ, რამე საერთო არ გამონახონ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა. დასავლეთს კვირიკაშვილი კი არა, საქართველო აღარ ახსოვს. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ეს მათ სჭირდებათ. საქართველო მათთვის რუსეთთან დაპირისპირების პოლიგონია.

- მოდით, ისევ კვირიკაშვილზე ვისაუბროთ. მის მომავალს როგორ ხედავთ? ზოგიერთი ექსპერტი მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს.

- დაჭერით არ დაიჭერენ. მართალია, არაფრის მაქნისი არ იყო, მაგრამ მის დაჭერას დიდი ხმაური მოჰყვება. მაგას თუ დაიჭერენ, სხვებიც უნდა მიაყოლონ. ივანიშვილი ამაზე არ წავა, მაგრამ ყოფილ პრემიერს არც დაუსჯელს დატოვებენ.

მას და მის გუნდს ბევრი აქვს წაღებული და ამას უკან მოატანინებენ. ამ ფულს ბიუჯეტში კი არ გაუშვებენ, ერთმანეთში გადაინაწილებენ. არც კვირიკაშვილს დატოვებენ მშიერს.

- პოლიტიკაში მის დაბრუნებაზე რას ფიქრობთ, დაბრუნდება?

- ამ ეტაპზე - არა მგონია, მაგრამ რაღაცას წაიფაფხურებს. ის გრძნობდა, რომ ბრძოლას გამოუცხადებდნენ. ჯერ კიდევ რამდენი თვის წინ გითხარით. რომ ის ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელის დახმარებით ცდილობდა პოზიციების გამყარებას.

- ახლა ამ ბანკირზე, მამუკა ხაზარაძეზე, როგორც ამბობენ, პროკურატურაში საქმეა აღძრული.

- არ გამიკვირდება, ასე რომ იყოს. ის კვირიკაშვილთან ასოცირდება. ყოფილი პრემიერი ანაკლიის პორტის, ხაზარაძისა და სხვა ბიზნესჯგუფების დახმარებით ცდილობდა პოლიტიკაში ფეხის მყარად მოკიდებას.

- რამდენიმე დღის წინ ''ევროპული საქართველო'' და ნაციონალური მოძრაობა დაზავდნენ. მათ შერიგებაზე რას ფიქრობთ, რატომ დაუტკბნენ ერთმანეთს?

- ისედაც ერთნი არ იყვნენ? მართალია, მელიებსა და ბოკერიებს ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ, როცა საქმეს სჭირდება, ერთად დგებიან. ახლაც დასჭირდათ და შერიგდნენ.

ახლა მათი შერიგების მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. ბოკერია აქამდეც ევაჭრებოდა ივანიშვილს. ნაცებთან ერთად უფრო კარგად შეევაჭრება ბიძინას, ეტყვის, უფრო მეტი დამითმე, თორემ ნაციონალებთან ერთად ვიმოქმედებ. ან ნაციონალებზე როცა ვსაუბრობთ, რატომ ვთვლით მათ ცალკე, მთელი ხელისუფლება ნაციონალები არ არიან? მთელი ყოფილი ხელისუფლება ან ''ბოცნებაშია'', ან ''ბოცნებასთან'' ერთად. სააკაშვილის გარდა, ივანიშვილმა ყველა მიიღო.

საქმეში ღრმად თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ სააკაშვილი პირადი ურთიერთობების გამო მოიძულა და არა - პრინციპების. ნაციონალური მოძრაობა არსად წასულა. მალე მერაბიშვილიც გამოვა და აიწყობენ საქმეს.

- საქმის აწყობაში მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას გულისხმობთ?

- ისედაც ხელისუფლებაში არ არიან? გიგა ბოკერია მოგვივლინეს სამართლიანობის აღმდგენად. დამნაშავე რეჟიმის მთავარი იდეოლოგი ახლა საგამოძიებო კომისიას უდგას სათავეში. თავისი განცხადებებით ბოკერიას მმართველი პარტიის სახე, ქართველი კობზონი, არჩილ თალაკვაძე, აპრავებს.

იმისთვის, რომ ქვეყნის მართვაში ჩაერიონ, ნაციონალებს ხელისუფლებაში დაბრუნება არ სჭირდებათ. ესენი თანამდებობებზე რომც არც დანიშნონ, მაინც კარგად იქნებიან. უზარმაზარი ფინანსური რესურსები აქვთ. ხელისუფლებას მათთვის არაფერი წაურთმევია. რაღაც პატარა გადანაწილებები მოხდა და მორჩა.

ძველმა და ახალმა ხელისუფლებამ ერთად გადააგდეს ქართველი ერი. სააკაშვილი გააძევეს და გაიმყარა ბიძინამ თავისი აქტივები, გადაგდებული ხალხი დაიყენა ამ აქტივების დარაჯად. ხალხიც სიამოვნებით დარაჯობს მის აქტივებს.

- ახალ მთავრობაზეც გკითხავთ, რას ფიქრობთ მათზე? გვეუბნებიან, პროდასავლურები ვართო, პრემიერსა და ორ მინისტრს კი რუსეთში აქვს განათლება მიღებული.

- მარტო განათლება აქვთ რუსული? საბანკო ანგარიშები და ბიზნესი აქვთ მოსკოვში. მთავრობის წევრებს რომ თავი დავანებოთ, ნაციონალები რუსული ფულით არ ყელყელაობენ დღემდე? თავის დროზე მათ ხელისუფლებაში ფეხი რუსული ფულით მოიკიდეს. ყოფილი ხელისუფლების უმსხვილესი დამფინანსებელი იყო ბიძინა ივანიშვილი. მას რა, რუსული ფული არ ჰქონდა?!

ბევრს საუბრობენ ახალ მთავრობაზე. მე ასე დავსვამ კითხვას - სად არის მთავრობა. ისინი, ვისაც მინისტრებს ეძახიან, არსაიდან მოსული ხალხია. ზოგიერთს დიპლომიც არა აქვს. ერთი ღირსეული კაცი ჰყავდათ მთავრობაში და ისიც გაუშვეს.

- კახა კახიშვილზე საუბრობთ?

- კახიშვილზე მოგახსენებთ.

- თქვენი აზრით, რატომ გაუშვეს კახიშვილი?

- ამ გუნდში პროფესიონალებისა და საქმიანი ხალხის ადგილი არ არის. ''ქართული ბოცნება'' თავიდან ბოლომდე გამოსიგუებულია. სრულიად საქართველომ იხილა ის კოშმარი, რომელსაც სახელად პოლიციის მაღალჩინოსნის სოსო სიგუას დაკითხვა ერქვა. ის პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაკითხა. კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას იძიებს.

სოსო სიგუა, რომლის სახელის ტარების დამსახურებული უფლება აქვს ''ბოცნებას'', ელემენტარულად ვერ მეტყველებს. ისიც კი ვერ თქვა, რა სამსახურს ხელმძღვანელობდა. მთელი მთავრობა მას ჰგავს.

კიდევ ერთხელ ვკითხულობ, სად არის მთავრობა? შევიგნოთ, რომ არც მთავრობა გვყავს და არც - საპარლამენტო უმრავლესობა. ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანს, ერთი ან ორი წელი ამუშავებს და მერე გააქრობს.

დავზოგოთ ბიუჯეტი და საერთოდ გავაუქმოთ ეს მთავრობა, მაინც ერთი კაცი განაგებს ყველაფერს. იყოს ის ერთი კაცი და თავისი კლერკების მეშვეობით მართოს ქვეყანა. ისედაც თავისი კლერკები ჰყავს მინისტრებად დასმული.

როდესაც ქართულ კოხტაპრუწობას ვახსენებ, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ვგულისხმობ, საზოგადოებაზეც ვსაუბრობ. ჩვენმა საზოგადოებამ დაუშვა, რომ ქვეყანა ერთმა კაცმა მართოს, რომელიც არც მეფეა, არც იმპერატორი, არც პრემიერია და არც პრეზიდენტი. ივანიშვილი ოფიციალურად არავინ არ არის. ასეთი კაცი მართავს ქვეყანას. ამას ხალხი გაგებით ეკიდება და იგივე ხალხი ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკება. ევროპასა და ამერიკაში ასეთ რამეს არავინ დაუშვებს.

ერთი კაცი გვიდგენს ცხოვრების წესრიგს. ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჩინოსანი თუ უმუშევარი ერთმანეთს ასწრებენ, რომ როგორმე ბიძინას შეეტენონ.

ივანიშვილი უნიჭიერესი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან კარგად დაიჭირა ქართველი კაცის კოხტაპრუწობა, წამხედურობა და შეძრომისკენ მიდრეკილება, კარგად შეისწავლა მასის ფსიქიკაც და რასაც უნდა, იმას უშვრება ქართულ სახელმწიფოს - ვისაც უნდა, მოიყვანს მთავრობაში და ვისაც უნდა, წაიყვანს.

მამუკა ბახტაძეზე ბევრი არაფერი ვიცით. ცნობილია, რომ დაიბადა ხონში, არსად არანაირი წარმატება არ ჰქონია. დაუახლოვდა იმ ერთი კაცის ოჯახს, დედამისთან ერთად გაამწარა ხალხი, უბინაოდ დატოვა, ჩააგდო რკინიგზა. ამ წარსულის ადამიანი მოიყვანეს პრემიერად.

გვეუბნებიან, ხალხი შიმშილობის ზღვარზეაო, ახალი პრემიერი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდაა. თუ ეკონომიკური ზრდაა, კვირიკაშვილი რატომ გაუშვეს. არანაირი ეკონომიკური ზრდა არ ყოფილა. კვირიკაშვილიც გასაშვები იყო, მაგრამ მას თან ბახტაძეც უნდა მიჰყოლოდა.

- რატომ უნდა მიჰყოლოდა?

- კვირიკაშვილის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი და ვიცეპრემიერი იყო. სანამ ქვეყანა ერთი კაცის ხუშტურებზე ივლის, მანამდე არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავრობის მეთაური. რამდენიმე ხანში ბახტაძესაც ისევე გააქრობენ სცენიდან, როგორც მისი წინამორბედი გააქრეს. ეს არ შეიცვლება, თუ საზოგადოება არ შეიცვალა. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ქვეყანაში მთავარი იყოს კანონი. საზოგადოება კი რას აკეთებს - იმ ერთ კაცს უძვრება. როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, ერთი ქალი მახსენდება. ორი წლის წინ ის ქალი, რომელიც პედაგოგია, ტელევიზიით გამოვიდა და ივანიშვილს მადლობა გადაუხადა, ბატონი ბიძინის მოსვლის შემდეგ ჩვენს შვილებს ხელისუფლება აღარ აუპატიურებსო.

ესეც კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ერი ავად არის. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეების დასჯა მოითხოვონ, ბიძინას აქტივებს დარაჯობენ, არც გაუპატიურებული კონსტიტუცია ადარდებთ და არც - ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები.



FaceBook Twitter Google