ინტერვიუები
რა წამოსცდა ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილს?

რა წამოსცდა ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილს?

''ივანიშვილს არ უნდა, რომ ეს ჩინოვნიკები დაიჭირონ, მას სულ სხვა გეგმა აქვს''


პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ მძიმე მოსასმენი იყო, ეს არ იყო პოლიტიკოსის გზავნილები, რომელიც ფიქრობს ქვეყნის ფუნდამენტალურად განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე. გაბრაზებული ბიზნესმენის ქვეტექსტებიდან გავიგეთ ის, რომ ვიღაცამ მის ''ბუდეს გადაუფრინა'', გზაზე გადაურბინა და ''მაღლა ცაში'' ფრენა მოინდომა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიწაზე ახოხიალოს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შემდეგ, მან ახალი ''მტერი'' - გიორგი კვირიკაშვილი შექმნა, ახლა მას უნდა ებრძოლოს ყველა, ვინც ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებს.

რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ალგორითმიდან იკვეთება, რომ შეუძლებელია, იარსებოს მოწინააღმდეგის გარეშე და ამიტომაც საკუთარ გუნდში შექმნა ახალი თანამდებობა, სახელად ''მტერი''. როგორც ვეშაპი ცოცხლდება წყლის მიმოქცევისას და ახალი ენერგიით სპობს ირგვლივ ყველაფერს, მილიარდერის ხასიათშიც იკვეთება გამანადგურებლის თვისება. ის ქმნის ფიგურებს და სპობს, როცა კი მისგან დამოუკიდებლად დაიწყებენ მანევრირებას. მისი აპოლიტიკური თამაშები იმდენად სახიფათოა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ძალიან ძვირად დაუჯდება, უკვე სახეზეა სახელმწიფო

ნიშნების დაკარგვა, ქაოსი და შიდა დაპირისპირება. ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მართვის ფუნდამენტური ბაზა და თავისი არსით მყიფეა, მილიარდერის ხელისუფლებაში მიშვება მხოლოდ საფრთხის შემცველია, მით უფრო მაშინ, როცა მილიარდერი პოლიტიკისგან შორს დგას, მაშინ ის იწყებს ქვეყნის ბიზნესინტერესებიდან მართვას და მოქმედებს მისთვის მნიშვნელოვანი კითხვიდან გამომდინარე: რა მინდა მე და არა - რა უნდა ხალხს! მის ბოლო ინტერვიუში სწორედ ამ კითხვის პათოსი იგრძნობოდა. ის, რომ თითქოს მას მთელი ღამე არ ეძინა, როცა გაიგო, რომ ხალხი მშიერია, _ ბელეტრისტიკაა და პათეტიკა. ხალხს რომ შიოდა ფიზიკურად თუ მორალურად, სწორედ ამიტომაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში და 6-წლიანი ლოდინის შემდეგ, იმედები სასტიკად გაუცრუა... ამასთანავე, საშიში ტენდენციაა, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივი თუ დე ფაქტო ლიდერი ''იანუსივით'' ორსახოვანია, დღეს გეუბნება ერთს, ხვალ - მეორეს, ზეგ - მესამეს და თავისავე აბსტრაქტულ აზროვნებაში იკარგება. უბრალოდ, ეს ყველაფერი არასერიოზულად მოჩანს. კარგი იქნება, თუკი პოლიტიკური ტექნოლოგიების პროფესიონალთა ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს აუხსნის, რომ ჭირხვნა ყოველთვის არ ამართლებს, ჭირხვნას უკუეფექტები აქვს, თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში მოდის და ერთ დღესაც მიჭირხნულები იფეთქებენ და საკუთარ შემქმნელს გაანადგურებენ. ერთხელაც ის საბოლოოდ ხალხში დაკარგავს ნდობას, მისი სიტყვა _ წონას, ავტორიტეტშემოძარცული ივანიშვილი კი საკუთარ გუნდსაც აღარ დასჭირდება. პოლიტიკოსს არ ეპატიება ხალხში ნიჰილიზმის დათესვა და არასანდო პარტნიორად წარმოჩენა, ძალიან მძიმე მოსასმენია, როცა ამოიჩემებთ პიროვნებას, ხოტბა-დიდებას ასხამთ, ააფრენთ და მერე ამბობთ, ეს აფრენსო... ეს თქვენს არასტაბილურ ხასიათზე, არასახელმწიფოებრივ თვისებებსა და არასანდოობაზე მეტყველებს, ზღვარი დაიცავით, ბატონო ბიძინა, ვიდრე ხალხი გისმენთ და თქვენი სჯერა. უხერხულია, გუშინ გიორგი კვირიკაშვილის ფანი იყავით და დღეს მტერი გახდით, მერწმუნეთ, რომ ესაა შემთხვევა, როცა ფორტუნა თქვენი ''მტრის'' მხარეს იქნება. თქვენი საქციელი არც კაცურია, არც პოლიტიკური და არც ბიზნესმენური... თითოეულ თქვენს სიტყვაზე პასუხისმგებლობა

აიღეთ და პატივი ეცით ხალხს, ის ხალხი შეაფასებს ვინ, ვინ არის და ის, რომ თურმე სიცილით მოკვდებოდა კვირიკაშვილი, თქვენ რომ მისი გადადგომა მოგეთხოვათ კულისებიდან და ამიტომ იძულებული გახდით პარტიის თავმჯდომარედ მოსულიყავით, რომ იძულებით ეს კაცი პოსტიდან გადაგეყენებინათ, თორემ გუნდი დაგეშლებოდათ... კვირიკაშვილის გადახარხარების რა გითხრათ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, _ სიცილით მოვკვდი! ბატონო ბიძინა, ძალიან ბევრი ხარხარებს თქვენს ზურგს უკან, ამიტომაც, რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ და მეტს გააკეთებთ, ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი... მტრებს რა დალევს, ბატონო ბიძინა, არაა საჭირო ახალი ''მტრის'' გამოგონება, თქვენი ლოგიკით, დასანგრევია ''ქართული ოცნება'' და ახალია შესაქმნელი, იმდენი პოლიტიკური გველი გყავთ უბეში, გარე მტერმა რაღა უნდა დაგაკლოთ...

''დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს'' პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ''ალიას'' კითხვებს პასუხობს:

- რა გაიგეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან?


- უპირველეს ყოვლისა, ამაზრზენია, გულსატკენი და სამარცხვინოა, როდესაც მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციის მქონე ერი სულის კაწკაწით ელოდება ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რას და როგორ იტყვის, რომელიც არც მეფეა, არც ერის ლიდერი, არც სულიერი მოძღვარი, არც ხონთქარი, არც იმპერატორი და არც ფეოდალი! არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არ არსებობს ღირსება საზოგადოებაში... კი გავიძახით, ევროპელებივით ვართო, მაგრამ ვიქცევით, როგორც შუასაუკუნეების ტრამალიდან გამოძურწული ტომის წარმომადგენლები, რომლებსაც სახელმწიფო ინსტიტუტები კი არა - ბელადი უნდათ და ეძებენ, რომ ვინმე იყოს მათი ბელადი და ახლა უნდათ, რომ მათი ბელადი იყოს მილიარდერი კაცი. სხვანაირად ვერ ავხსნი განსაკუთრებულ მოლოდინს იმ ადამიანისგან, რომელსაც ხელში არანაირი სტრუქტურა არ აქვს და სინამდვილეში, ყველაფერი მის ხელშია. ამიტომაც მივიღეთ კვაზი სახელმწიფო. საერთოდ, ქართველები რომ გავიძახით, ასე მაგრები ვართო, არანაირი მაგრები არა ვართ, ჩვენ თვითონ ვერ გაგვიგია, რომელ ცივილიზაციას წარმოვადგენთ, იმ ცივილიზაციას, რომელთაც ტომის ბელადი უნდათ, თუ იმ ცივილიზაციას, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა, რასაც დემოკრატია ჰქვია, ჯერ ეს ვერ გაგვირკვევია და რაზეა ლაპარაკი?!

ახლა რაც შეეხება თვითონ ინტერვიუს, გავყვეთ დეტალურად, ინტერვიუმ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ჟურნალისტებიდან არ ჰყავდა არავინ, ვისაც საზოგადოება იცნობს და სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტს ხელში დააჭერინეს დაზეპირებული და ჩამოწერილი კითხვები, მაგრამ მთავარი აქ ორი რამ იყო. პირველი, ბიძინა ივანიშვილი აღარ იყო ის ივანიშვილი, ვეღარავის ასწავლიდა ჭკუას, ვეღარ იყო ისე ყინჩად და თავდაჯერებით, უბრალოდ, იყო მდიდარი კაცის აღსარება საზოგადოებისადმი, რომ მას უღალატა თავისი გუნდის დიდმა ნაწილმა, რომ აღარ ენდობა ''ქართულ ოცნებას'', რომელსაც მე შევარქვი ''ბოცნება'' - ანუ ბოკერიას პლუს ''ოცნება'', ეს არის ''ბოცნება'', ბოცნების სინდრომითაა დაავადებული მისი გუნდი. საერთოდ არაფრის ამარა რომ არ დარჩენილიყო, ამიტომ დაბრუნდა ის თავის პარტიაში.

- თქვენ დაიჯერეთ, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მშიერი ხალხის სტატისტიკის გაგებისას, მთელი ღამე დარდით არ ეძინა?


- პოლიტიკაში ის იმიტომ კი არ დაბრუნდა, რომ ხალხის სიღარიბე აღმოაჩინა, ეკონომიკა ჩავარდა, სასამართლო მიწასთან გასწორდა და კორუფციის მაჩვენებელმა უმაღლეს დონეს მიაღწია. უბრალოდ, დაბრუნდა, რადგან მან თავი იგრძნო აბსოლუტურად შეურაცხყოფილად და გარიყულად. ისიც კი წამოსცდა, რომ არ დავბრუნებულიყავი, პრემიერ-მინისტრი ტელეფონს არ აიღებდა, ხოლო რომ დავბრუნდი, ძალიან ბევრს არ გაუხარდა ჩემი გამოჩენაო. ამაზე მეტი უბედურება რა უნდა ეთქვა ამ ადამიანს ექვსი წლის თავზე?! ამიტომ ამ ინტერვიუმ გამოაჩინა კიდევ ისიც, რომ სახელმწიფო არ არის! და რისი იმედიც აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აბსურდია! ის საერთოდ ვერ ფლობს სიტუაციას... ჩვენ დავინახეთ ბიზნესმენის და არა პოლიტიკოსის გამოსვლა, დაშლილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან თითიდან გამოწოვილი მდიდარი ბიზნესმენები რომ არიან, იმ ტიპის ბიზნესმენის გამოსვლა, რომელიც ძირითადად საუბრობს; ყიდვა-გაყიდვაზე, ფასების მატება-დაკლებაზე, შესყიდვა-გამოსყიდვაზე, 25 წუთი საუბრობდა ხეების გადატანა-გადმოტანაზე, როცა წუთიდან რამდენიმე წამი მოანდომა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საგარეო მიმართულებებს, კიდევ გამოჩნდა ამ ინტერვიუდან, რომ ის რეალურად ვერ ფლობს სიტუაციას, ჩვენ კიდევ ვერ ვხვდებით, რამდენად მძიმეა მდგომარეობა.

- ბიძინა ივანიშვილი ერთი მხრივ ამბობდა, რომ მმართველობაში არ ერეოდა, მაგრამ მეორე მხრივ გაბრაზებულია, რომ მისი გვერდის ავლით, მალვითა და მოტყუებით მაღალჩინოსნები ვირთხობდნენ... მისი ინტერვიუ ხომ არ იყო გზავნილი ძალოვნების მიმართ, რომ ქუმსიშვილ-ალავიძის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი დაიბარეთ, მამუკა ხაზარაძეზე დაიჭირეთო... რეალურად, ანაკლიის პროექტი გახდა ექსპრემიერსა და ივანიშვილს შორის ''ტროას ცხენი''...

- ასეთი გზავნილები მას ახასიათებს, ეს მისი სტილია უვიცთა და არაპროფესიონალთა შორის ამოირჩევს და ამოიჩემებს ვიღაცას, დაგვაშანტაჟებს - ეს ყველაზე კარგი კანდიდატურაა და მხარი დაუჭირეთო, გახსოვთ, როცა პრემიერ-მინისტრი იყო ივანიშვილი და მის მინისტრებზე ეკითხებოდნენ ყველაზე დაბალი რეიტინგი განათლების მინისტრს აქვსო, პასუხობდა: რას ამბობთ, მარგველაშვილისნაირი განათლებული და პატიოსანი კაცი დუნიაზე არ დადისო. ისიც ხომ გახსოვთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ ემუქრებოდა და ამუნათებდა ამომრჩეველს, თუ მარგველაშვილს პრეზიდენტად არ აირჩევთ და ხმათა მინიმუმ 60 პროცენტს არ მოაგროვებს, მეწყინება, წავალ და ''ნაციონალებს'' შეგატოვებთო... ასე რომ, ადამიანის აღზევება და მერე განადგურება, ეს მისი სტილია. ასევე, იყო ღარიბაშვილზე, ამისთანა სანდო ადამიანი ძნელად მოსაძებნიაო, მერე აღმოაჩინა, რომ ე.წ ''კახურ კლანს'' გადაუჭამია ქვეყანა. აქებდა კვირიკაშვილსაც, წესიერების ეტალონიაო და ახლა გაიგო, რომ თურმე კვირიკაშვილს და მის გარემოცვას გადაუჭამია ყველაფერი. თუ ასეა, მაშინ შენ რას აკეთებ?! ნამდვილ ინტელიგენციას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს რომ არ იცნობს, ეს ფაქტია, იმიტომ, რომ კაციშვილთან მას კონტაქტი არა აქვს და კადრებს ვერ არჩევს, სამარცხვინო კადრები ჰყავს, და მთავარი, რამდენჯერ უნდა გავიგოთ, რომ მისმა მოყვანილმა მინისტრებმა არ გაამართლეს, საქმე ჩააფლავეს და მილიონები მოიპარეს?! უამრავი კორუფციული ფაქტი ვიცით ქალაქ თბილისის მერიაში, სუს-დან ვიღაცები რომ ჰყავდათ გამოგზავნილი და დღესაც ათასი ფონდი რომ აქვს შექმნილი, მაგრამ არის რეაგირება? _ არა! მისი საქციელი მაგონებს კინოფილმ ''რეკორდს''. იქ რომ არის სოფლის პოლიციის უფროსი _ შენი ჭირიმეო, რომ ეხვეწება ჯოტიას, ჩაჯექი, ჯოტია, ბიჭო, ორი დღით, საჭმელს არ მოგაკლებ, საბძელი გამოყენებული მაქვს სატუსაღოდ, ოღონდ იმან ნახოს, გვარს არ დავასახელებო. აი, ასეთ მდგომარეობაშია, მაგის დაჭერილი ჩვენ ვერ ვნახეთ ვერავინ, დაჭერა კი არ გვიხარია, ჩვენ გვინდა, კანონმა იკანონოს და კანონმა რომ იკანონოს მის მიერ მოყვანილი კადრების 80 პროცენტი დასაჭერია. იმიტომ, რომ, დაწყებული სახელმწიფოს თანხებით, დამთავრებული ასევე ტენდერებით, 90 პროცენტი საქართველოში გზების ტენდერები, ფაროსანას ტენდერები, შესყიდვების სისტემა, მანქანების, კომპიუტერების რემონტების, ბანკების პროცენტები, ყველაფერი ეს არის კორუფციის ზღვარს იქით გადასული. ნებისმიერზე შეიძლება აღძრა სისხლის სამართლის საქმე უმძიმესი მუხლით, მაგრამ არ აინტერესებს მას, ან არ შეუძლია, ან ვინ უნდა გააკეთოს ეს? ვითომ მთავარი პროკურორი რომ ჰყავდა _ შოთაძე, კი მაგრამ, შოთაძემ ამდენი ხანი ვერცერთი საქმე ვერ გამოიძია, უმძიმესი დარღვევები აქვს, სარალიძის საქმეზე ყველაფერს ფარდა აეხადა და დადასტურდა, რომ საქმეს კი არ იძიებდნენ, აფუჭებდნენ. ამის მიუხედავად, მას მიაჩნია, რომ შოთაძე ძალიან კარგი კაცია, პასუხს არ სთხოვს... სამაგიეროდ, კვირიკაშვილთან აქვს პრეტენზიები, არა იმიტომ, რომ ვერ იმუშავა კვირიკაშვილმა, არამედ მან თავის ბიზნესჯგუფთან ერთად რამდენიმე პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის შესახებ არ იცოდა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა და ამაშია ძაღლის თავი ჩამარხული და არა იმაში, რომ ხალხი შიმშილობს. ახლა გაახსენდა? ხალხი შიმშილობდა ჯერ კიდევ სამი წლის წინათ და ახლა გახდა შეუძლოდ?! ეგ მიზეზია, თორემ მთავარი იყო ანაკლიის და სხვა პროექტები, ეს ის პროექტებია, რომელიც აღმოჩნდა, რომ ის ბევრ რამეში საქმის კურსში არ იყო და მისთვის ეს არის მომაკვდინებელი, ბიზნესში და ფულის კეთებაში რომ მოატყუეს, ეს არ აპატია, თორემ კვირიკაშვილი რომ ჩომპესავით უმაქნისი იყო, რად უნდა ამას ბიძინას თქმა. როცა დანიშნეს ჩვენ მაგას ვამბობდით, ისევე როგორც დღევანდელი პრემიერ-მინისტრი. ახლა მივდგეთ დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, ეს ყმაწვილი რით გამოირჩევა, გამაგებინეთ ერთი. სადაც იყო, ყველაფერი ჩააფლავა. შეამოწმონ რკინიგზა მისი მოღვაწეობის დროს და ნახავს, რომ დასაჭერად შეიძლება ჰქონდეს საქმე, იმდენი გადაცდომა და არასწორი ქმედებები რკინიგზაში, დაგეგმვაში და ტვირთების გატარებაში, მთელ რიგ ფირმებს რომ მწვანე შუქი აუნთო ბახტაძემ, ამას რატომ არ იძიებენ. ანდა, დედამისთან ერთად რომ ითაღლითა და ხალხი ქუჩაში დატოვა მაგისთვის პასუხი არ უნდა მოეთხოვოს? ანდა, ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი არ იყო კვირიკაშვილის დროს, როცა თურმე ქვეყანა დაიქცა. ის რა პასუხს არ აგებს?! ახლა თუ ბრბოს ფსიქიკაზე აქვს აგებული ამ კაცს ყველაფერი; დილას რომ ჩასძახებ რაღაცას, ხვალ ორ კაპიკს მისცემ და ყველაფერზე თავს დაგიქნევს _ ეს კიდევ ერთი უბედურებაა, მაგრამ თუ საზოგადოება ვერ ხვდება, რამდენს იტყუება, თუნდაც ამ ინტერვიუში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, გამოცდილებით თუ გამოუცდელად ბატონი ბიძინი, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე...

- რა მაინტერესებს? თვითონ ხომ ბანკირია და აღიდგინა სამართლიანობა, ახლა გაახსენდა, რომ ''თიბისი'' და ''საქართველოს ბანკი'' ხალხს ახრჩობს. მისცეს ამ ბანკებს მაგალითი, აქამდე გაეკეთებინა რეგულაციები?


- ''ქართუ ბანკის'' სამართლიანობის აღდგენა მოსვლის დღიდან დაიწყო, ამ ბანკიდან წაღებული 65 მილიონი ''ნაციონალებს'' რომ დააბრუნებინეს უკან, ხომ გახსოვთ. იმის მერე სამართლიანობის აღდგენა წინ არ წასულა. ახლა რა ხდება, გავაანალიზოთ, ყველა ''ქართული ბ-ოცნების~ მაღალჩინოსანს, პრემიერ-მინისტრებიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებით დამთავრებული, 3-პროცენტიანი უზარმაზარი სესხები აქვთ აღებული ''ქართუ ბანკიდან'', ერთია, რომ თავიდან დაკაბალებული ჰყავს მას თავისი ჩინოვნიკები. თუ მას 3-პროცენტიანი იქ აქვს, რატომ არ აჯანსაღებს ბიზნესგარემოს და სხვა ბანკები 15 და 20 პროცენტს რატომ გვთხოვენ _ თქვენც, მეც და სხვასაც? ეს კიდევ მეორე ტყუილი და უვიცობა, პრემიერ-მინისტრს რომ აჰკიდა ყველა მკვდარი კატა, ასე არ არის. კვირიკაშვილის დასაცავი რა მჭირს, რა მნიშვნელობა აქვს, კვირიკაშვილი იქნება თუ სიკინჭილაშვილი, პრემიერ-მინისტრი არ წყვეტს ბანკების საკითხს. ეგეც თუ არ იცის, ცუდადაა საქმე. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რეგულაცია დაუწესოს ბანკებს და ეროვნულ ბანკზე რატომ არაფერი არ თქვა?! თუ ბანკები ცუდად მუშაობენ, ''ეროვნული ბანკი~ რატომ არ მუშაობს კარგად? მთელი ეს პერიოდი ''ქართული ოცნების'' სიბრიყვის ქრონიკას ვუყურებთ და ამ სიბრიყვის ქრონიკის ფონზე გამოდის მისი ლიდერი, რომელიც ვერაფერს ვერ ამბობს, მარტო ''ოსანას~ და''ოდას'' უმღერის ხეების გადატან-გადმოტანას, ფასებს ათანხმებს, მიწებს იაფად მოგყიდითო და სწორ ანალიზს არ აკეთებს... აი, ეგ არის უბედურება!

- და პოლიტიკურ ნაწილში რა გავიგეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი უმჯობესია, იყოს ნიჩურტებით ოპოზიციონერიო?

- იმ პოლიტიკურ ძალების რა ვთქვი, ხელისუფლებაში რომ არის და ღირსეული კანდიდატი არ ჰყავს. მეორეც ერთი, ეშინიათ ღიად ვინმე რომ დაასახელონ, ვაითუ პრობლემები შეექმნას და მთლად გაბითურდნენ, ამაზე მეტი გაბითურება რაღა გინდა, მკვდარს და ცოცხალს აგინებს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი ''ქართულ ბოცნებას'' და მათ ლიდერებს ყველას, მაგრამ მაინც ოფიციალურად... ამიტომ მიედ-მოედებიან, მთაწმინდის ვარიანტი რომ გაითამაშეს, ვითომ სუს-დან დაწყებული მთელი მთავრობა იმ კანდიდატზე მუშაობდა, როგორმე გაეყვანათ დეპუტატად, ჰოდა, ახლა სამარქაფოდ ეს ვარიანტი აქვს სწორედ. რაში ადარდებს მას პოლიტიკური ნიუანსები?

- საფრანგეთთან კარგი კავშირების გამო ხომ არ ირჩევს სალომე ზურაბიშვილს, რომ იქაც დაულაგოს არეული კარტები?


- რა სისულელეა, რა კავშირები აქვს, რაში გამოიყენა იმ ქალმა ეს კავშირები? ეს არის ქართული პროვინციული საქაჯეთი, რახან ის პარიზიდან ჩამოვიდა, თურმე სასახლეში ყოველდღე ფიცულობენ ვინმე სალომე ზურაბიშვილის მზეს... უბრალოდ, კაციშვილი არა ჰყავთ, ოჯახთან დაახლოებულია და ფიქრობენ, როგორმე იქნებ ეგ შეჩურთონ, თუ სხვა კანდიდატი ვერ მოძებნა. ბიძინას პრეზიდენტად უნდოდა ჩუგოევა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოდიშს ვიხდი, ჩუგოევა კი არა, ჩუგოშვილი... მაგრამ საპრეზიდენტოდ ასაკი არ ჰყოფნის, ამიტომ დაიწყო ასე მარჯვნივ-მარცხნივ კანდიდატების ძებნა. პარალელურად ის მუშაობს ''ბ-ოცნებაზე'' _ ბოკერიას გუნდზე, შეიძლება ბაქრაძე გაიყვანოს პრეზიდენტად... საზოგადოების მოტყუება ცუდად დაუმთავრდება. ვის ატყუებს? თავზე დაამხო ''ენდიაიმ'', ისეთი წინასაარჩევნო გარემოს დასკვნა დადო. ''ენდიაის'' მიმართ დიდი სიმპათიები არ გამაჩნია იმიტომ, რომ ხშირად პოლიტიკურ კონიუნქტურას არიან აყოლილები, მაგრამ წინასაარჩევნო გარემო აბსოლუტურად სწორად შეაფასა და დაუქნია ხელი, რომ აღარ იყოს მოსყიდვები, დამუქრება, ადმინისტრაციული ჩარევა, არ დაახშოთ ოპოზიციაო, პრაქტიკულად უთხრა ივანიშვილს''ენდიაიმ'', რომ თქვენ არჩევნებს არ ატარებთ, თქვენ ყაჩაღობთ! ნუ, ტანკები არ შემოგყავთ ''ნაციონალების'' მსგავსად, მაგრამ დანარჩენი ყველაფერს კადრულობთო...

- ძალიან საინტერესოა, თქვენი ანალიზით, სადამდე წავა ეს დაკითხვების სერია, მივიღებთ თუ არა არჩევნებზე მაღალჩინოსნების დაპატიმრებას. საუბარია, რომ მეტი ეფექტისთვის ვიღაც კაბინეტიდან ხელბორკილებით უნდა გამოიყვანონ... თქვენი აზრით, ვინ არის სამიზნე?

- ''რეკორდი'' ტყუილად არ ვახსენე და ის პოლიცმაისტერი სოფლის უფროსი. უნდათ დაჭერა, მაგრამ ეშინიათ, იმიტომ, რომ იქ ყველა დასაჭერია და თვითონ ეს პრეცედენტი არ უნდათ, რომ დაუშვან, დაჭერები რომ წავიდეს, ჯერ ერთი, ყველა ალაპარაკდება და მერე ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. იქ არავინ არ იპარავს ისე, თუ ზევით არ არის შეთანხმებული. ამიტომ მას უნდა, რომ დაჭერების გარეშე დააბრუნებინოს უკან წაღებული თანხები, ოღონდ ბიუჯეტში კი არა, ბიზნესში.

- მაგრამ ამ ფონზე ძალიან გაუჭირდებათ არჩევნების მოგება, ჩვენ ვხედავთ, მესტიაში რაც გააკეთეს, იქ სპეცრაზმის შეყვანა გაუმართლებელია...

- ეს არის სამარცხვინო, ისეთ გაღატაკებულ ქვეყანაში მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლება დგას ოჩოფეხებზე, ''ნაციონალების~ ზიზღი რომ არ იყოს მოსახლეობაში, ბიძინა ივანიშვილი თავისი კოლბის სასახლეში ვერ გაჩერდებოდა. მიადგებოდნენ და გამოიყვანდნენ... ახლა რაც შეეხება სპეცოპერაციას, ჯერ შენი მოსახლეობის წინაშე ასე მოულოდნელად რას შეგყავს ''სპეცნაზი''. თუ შეგყავს ''სპეცნაზი'' და საამისოდაა საქმე, მაშინ მიიყვანე საქმე ბოლომდე. მივიდნენ, როგორც კი ნახეს წინააღმდეგობა, ჩაისვარეს, მერე მოლაპარაკებებზე წავიდნენ, ბარიკადების ერთი მხარე, მეორე მხარე და ბოლოს შეთანხმდნენ, ამ ალიაქოთის მერე გაიგეს, რომ თურმე უამრავი პრობლემა ჰქონიათ სვანეთში ჩვენს თანამოქალაქეებს, ახლა მთელი მინისტრთა საბჭო უნდა ჩავიდეს და რაღაცა საკითხები გადაწყვიტოს. ეს არის სირცხვილი, დაგეგმეს ერთი, ვერ განახორციელეს, ახლა მეორე უნდა დაგეგმონ. ვის ატყუებენ, ან ჯიხურის ბუღალტერს რომ ჰგავს და იყო კიდეც ''ქართუ ბანკში'' ის ქალი რომაა, მაია ცქიტიშვილი, იმან რა პრობლემა უნდა გადაუწყვიტოს სვანებს, არ გამაგიჟოთ!.. რა იცის იმან საქმის კეთება, იქ უნდა გაკეთდეს ერთი რამ _ ხე-ტყის ბიზნესს უნდა აკონტროლებდეს ხელისუფლება, უნდა შექმნას გამარტივებული სახის სამხერხაოები, პლუს გადამამუშავებელი მიკროქარხნები, ჩინელებს კი არ უნდა მიჰყიდოს მიწა, ჩინელებისგან იაფად უნდა ჩამოიტანოს მიკროქარხნები, თითო სოფელში დაუმონტაჟონ, ამუშაონ მოსახლეობა და მოგების ნაწილი მოსახლეობამ წაიღოს, დანარჩენი ბიუჯეტში. ამას უნდა წესიერი მენეჯერი, არადა ამათ ხე-ტყე მიჰყიდეს სხვებს და ახლა იმ სხვებს რომ ჩაეწილა და მცირე ბიზნესი აქვს მოსახლეობას თავის გადასარჩენად, ამისთვის მიუქსიეს სპეცრაზმი, მაგრამ მაგის თავიც არ აქვთ, ვერაფერი ვერ ქნეს!.. აი, ეს არის ამათი სახე, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს, რეალურად ვინ არიან. ამიტომ ვთქვი, რომ ოჩოფეხებზე დგას მილიარდერის ხელისუფლება, რომელიც მალე ჩამოიშლება. მაგრამ იმედია, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მზადაა, ბიძინის ლარებს მიეყიდოს არჩევნების დროს, ამ შემთხვევაში უარს იტყვის და ხელისუფლებაში ის ძალები მოვლენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომლებიც გაუსვრელები არიან, საქმეს გააკეთებენ და ამათ პასუხს მოსთხოვენ... თუ არადა, ბიძინი გააგრძელებს ხეების გლეჯას და დენდროლოგიურ პარკში გადარგვას!.. ჩვენ მზად ვართ, რომ ვიბრძოლოთ საზოგადოებისთვის, მაგრამ თუ ჩვენ ვიბრძოლეთ და ეს ხალხი მიეყიდა ბიძინის, მაშინ ყველამ თავის თავს მიხედოს და საკუთარ უბედურებას სხვას ნუ დააბრალებს...
ნინო სამხარაძე

FaceBook Twitter Google