ინტერვიუები
"ივანიშვილი ჩუგოშვილმა კორუფციაში დაადანაშაულა" - "იგეგმება ეკლესიის ორად გახლეჩა"
"ივანიშვილი ჩუგოშვილმა კორუფციაში დაადანაშაულა" - "იგეგმება ეკლესიის ორად გახლეჩა"

რას უმზადებს "ოცნება" საქართველოს, გავხდებით თუ არა მეორე ავღანეთი, რატომ დაადო ივანიშვილს ხელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რატომ უნდა დაიდგას თბილისში რვა სული ქურდის ძეგლი, - ამ თემებზე "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე: გასულ წელს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დაიგეგმა სპეცოპერაცია სახელწოდებით ციანიდი. ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ ეკლესიაში მრევლს აღარ ევლო. ასეთივე სპეცოპერაცია ტარდება ახლა საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც სახელად კანაფი ჰქვია.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც შსს-მ დაიწყო კამპანია "არა ჩადებას", "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ვისაუბრე, თუ რა გაგრძელება ექნებოდა ამას. გახსოვთ, გითხარით, რომ ამას მოჰყვებოდა ლეგალიზაციას, რაც საბოლოოდ ნარკოტიკების რეალიზაციით დასრულდებოდა.
მაშინაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ სპეცოპერაციის ფინალური ეტაპი იქნება ნარკოტიკის წარმოება და სპეციალური მაღაზიების გახსნა.
გამოესკობარებული "ქართული ოცნების" ოცნება სწორედ ეს არის და ამათი წყალობით ენა, მამული, სარწმუნოება კანაფი, კაზინო, ბორდელით შეიცვალა.
ამ დროს გამოდის ეს ვინი პუხივით გაჯგიმული ზორბა პრემიერი და ყველას თავს გვამადლის. გვეუბნება, რომ არც ერთი გრამი ნარკოტიკი საქართველოში არ გაიყიდება და მთელი პროდუქცია უცხოეთში გავა.
სახედაკარგული ხელისუფლება კანაფის წარმოებაზე საუბრობს მაშინ, როდესაც გლეხებს კარტოფილის, ყურძნის თუ თხილის ექსპორტზე გატანაში არ ეხმარებიან. ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანა დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა და "ოცნებამ" წამლის ბარიგობა დაიწყო.
- თავს ბარიგებად სულაც არ თვლიან და ამბობენ, რომ აქ წარმოებული კანაფი სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.
- სულ მაგაზე დარდობენ. როდის აქეთია თავს იკლავენ უცხოური ფარმაცევტიკის განვითარებისთვის? ქართველი ხალხის ბედის ირონიაა, რომ ის სამსახური, რომელიც უნდა ებრძოდეს კანაფის გავრცელებას, იმ სამსახურს შემოაქვს კანონპროექტი კანაფის წარმოების შესახებ. ქვეყანაში, სადაც 100 საწარმოც კი ვერ აუწყვიათ, კანაფის პლანტაციები მოუნდათ.
ზორბა ბიჭი, პრემიერი ბახტაძე გვპირდება, რომ საქართველოში ამ კანაფიდან ერთი გრამიც არ გაიყიდება. როგორ დავუჯეროთ იმ მთავრობას, რომელმაც ფსიქოტროპული წამლებით ვაჭრობის პრობლემა ვერ გადაჭრა. თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე აფთიაქებში, დახლქვეშიდან დღისით-მზისით უპრობლემოდ იყიდება ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ამის გარდა, დღემდე ვერ აღკვეთეს უცხო ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სახის ნარკოტიკების შემოტანა.
საპატრიარქოს თუ არ დაუჯერეს და ხალხის აზრი არ გაითვალისწინეს, დაიმახსოვრეთ, რომ საქართველოში მოყვანილი ნარკოტიკების ნაწილი უცხოეთში გაიყიდება, ნაწილი უკან _ საქართველოში შემოტრიალდება.
დამისახელონ ქვეყანა, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვით გამდიდრებულა. მიუხედავად იმისა რომ ამ ბიზნესს მილიარდები მოაქვს, ის ქვეყნის ბიუჯეტში არ შევა. რამდენიმე ოჯახი კი ძალიან დიდ ფულს იშოვის.
- ნარკოტიკების წარმოებას რომ ქვეყნის ბიუჯეტისთვის ხეირი მოჰქონდეს, ავღანეთი უმდიდრესი ქვეყანა უნდა იყოს.
- ნარკოტიკების წარმოება რომ ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს, ავღანეთთან ერთად პაკისტანი და კოლუმბიაც მდიდარი ქვეყნები იქნებოდნენ. რაღაც პერიოდი ავღანეთში მომიწია ცხოვრება და კარგად ვიცი, რა პრობლემაა ეს.
მთელი ნატოს ჯარები არიან ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული, მაგრამ ეს სენი ვერ დაამარცხეს. თავის დროზე ადგილობრივი გლეხები ოპიუმის წარმოებაზე შესვეს. ახლა მილიონიან გრანტებს აძლევენ ოჯახებს იმისთვის, რომ მათ ოპიუმის პლანტაციები დაწვან და სხვა კულტურები მოიყვანონ.
ამ გლეხების დიდი ნაწილი მილიონიან გრანტებზე უარს ამბობს იმიტომ, რომ ოპიუმს მათთვის უზარმაზარი მოგება მოაქვს.
იმ ქვეყნის ხელისუფლების რა ვთქვი შვიდ ბრუნვაში, რომელიც ბიუჯეტის შევსებას ნარკოტიკების წარმოებით და რეალიზებით აპირებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ შეივსება ჩვენი ბიუჯეტი. სამაგიეროდ რამდენიმე ოჯახი იშოვის მილიარდებს.
თუ ასეთი კარგია ბიუჯეტისთვის ნარკოტიკები, მაშინ კანაფზე ნუ გავჩერდებით და ჰეროინის წარმოებაც დავიწყოთ და მთელ მსოფლიოში გავყიდოთ. მსოფლიო ბაზარზე ძალიან ძვირია ადამიანის ორგანოები და ბარემ ამითაც დავიწყოთ ვაჭრობა.
მონებით ვაჭრობაც სარფიანი საქმეა და ამ სფეროშიც ვცადოთ ბედი. ბავშვებით ვაჭრობასაც დიდი მოგება მოაქვს. იარაღის კონტრაბანდაც შემოსავლიანია. მოდი და გავხდეთ ანკლავი (საითკენაც უკვე მივექანებით), სადაც კეთდება დიდი ფული, მაგრამ ხალხი არის გაღატაკებული.
- ანკლავამდე ჯერ ბევრი გვიკლია, მაგრამ კავკასიის ბორდელის სტატუსი კი დამსახურებულად მოვიპოვეთ.
- უკვე დიდი ხანია ასე მოიხსენიებენ საქართველოს. ცოტა ხანში პროსტიტუციის ლეგალიზებასაც მოახდენენ და ბიუჯეტში თანხებს ბორდელებსაც შეატანინებენ. დღეს საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არაა, მაგრამ ქვეყანაში ასეულობით ბორდელია.
თბილისში, ყოველი მესამე ბენზოგასამართი სადგურის უკან ბორდელებია. ოფიციალურად მათ რესტორნებს უწოდებენ, მაგრამ შიგნით რომ შეხვალ, სულ სხვა სიტუაციაა - შემოგთავაზებენ ნებისმიერი სახის საქონელს, ადამიანის სახით. ჩინელი გინდა, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ყველა ეროვნების სექსმუშაკი ყავთ.
ამხელა ბორდელებს და სექსმუშაკებს ვერ ამჩნევენ და თურმე იმას გააკონტროლებენ, რომ ნარკოტიკები არ გაიყიდოს. მივმართავ პრემიერს, გათენდა და გამოფხიზლდი. იქნება მიხვდე, რა შარში ხარ გახვეული.
ადამიანს ოდნავი ინტელექტი მაინც თუ აქვს, როგორ შეიძლება კანაფის წარმოებას დაუჭირო მხარი. სამარცხვინო იყო გამოესკობარებული "ოცნების" დეპუტატების განცხადებები, რომლებმაც გაიგეს, რომ მათ მამა-მარჩენალს კანაფის მიმართ ინტერესი აქვს.
ჩამწკრივდნენ და კანაფის სასარგებლო თვისებებზე საუბრობდნენ. ერთმა ქალმა დეპუტატმა ის გვითხრა, რომ კანაფი სოფლის მეურნეობის კულტურაა.
- ეგ ქალბატონი მთელ საქართველოს სიგარეტის მოწევას უკრძალავს და კანაფი ლობიოს და პომიდორს შეადარა.
- ვაზის ქვეყანაში რომ კანაფს კულტივირებას უკეთებდე, ძალიან დაბალ დონეზე უნდა იყო. არის კიდევაც დაბალ დონეზე პარლამენტი. დეპუტატები ისე არიან შემძვრალი ერთ კაცში, რომ იქედან გამოსვლასაც კი არ ფიქრობენ. ბარემ ადგნენ და ჰიმნად ქცეული "შენ ხარ ვენახი" "შენ ხარ კანაფად" გადააკეთონ. შეუძლიათ გერბიც შეცვალონ და კანაფის ფოთოლი დაახატონ და ასეთი წარწერაც გაუკეთონ "ძალა კანაფშია".
ზემოთაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ როგორც ციანიდი იყო საპატრიარქოს წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია, ასევე კანაფის წარმოება იქნება სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები _ ციანიდის სპეცოპერაციის მიზანი ქართული ეკლესიის გახლეჩაა. როგორც უკრაინაში გახლიჩეს ეკლესია, ისე აპირებენ საქართველოშიც.
კაშიას ფერადი სამკლაურის ამბავიც ტყუილად არ არის დადგმული, მაგრამ ეს მეათეხარისხოვანია იმ პრობლემებთან, რაც ახლა ჩვენ წინაშეა.
იქნება დაავიწყდა ხელისუფლებას, რომ ტერიტორიებია დასაბრუნებელი, იქნება აღარ ახსოვთ, რომ 400.000 დევნილი ჰყავს საპატრონო. ერს საპატრონო და უკან დასაბრუნებელი ჰყავს 1.5 მილიონი თანამოქალაქე. აღარაფერს ვამბობ დემოგრაფიულ პრობლემაზე.
გაეროს მონაცემების მიხედვით, თუ ქართველების შობადობა ასეთ ტემპებში გაგრძელდა. 50-60 წელიწადში ქართველები საქართველოში უმცირესობაში ვიქნებით.
ასეთი პრობლემების წინაშე ვდგავართ და ესენი კანაფზე, ბორდელებზე და ერთნაირსქესიანთა ქორწინებებზე ოცნებობდეს. ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოს.
ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ოკუპაციაზე, მაგრამ ხელისუფლება თავის ხალხს ოკუპაციაზე მეტს არ უშვრება? ოკუპაციას მხოლოდ იმიტომ ახსენებენ, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ.
ისევ კანაფს დავუბრუნდები და გაგახსენებთ რა ხდებოდა ჩინეთში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. მილიარდიანი ჩინეთის იმპერატორმა ევროპელ ვაჭრებს ინდოეთიდან ოპიუმის შეტანა აუკრძალა.
თავიდან ვაჭრებმა ჩინეთის იმპერატორი დაარწმუნეს, რომ ოპიუმის წარმოებას თუ დაიწყებდა, ქვეყნის ბიუჯეტი შეივსებოდა და ჩინეთი თანამედროვე შეიარაღების შეძენას მოახერხებდა. დაითანხმეს იმპერატორი და ჩინეთში ოპიუმის უზარმაზარი პლანტაციები მოაშენეს.
მოხდა რა? მთელმა გლეხობამ ბრინჯის წარმოებაზე უარი თქვა და მიწები იჯარით მისცეს ოპიუმის მწარმოებლებს. მთელი ჩინეთი ჩაის სმის ნაცვლად პლანის მოწევაზე გადავიდა.
დაიქცა ლამის ქვეყანა. ჩინეთის იმპერატორი იძულებული გახდა ბრძანება გამოეცა და ჯარი გამოეყვანა. ჯარის გამოყენებით გაანადგურა პლანტაციები და ნარკოტიკების მარაგები. ამის საპასუხოდ მთელი დასავლეთი გაერთიანდა და ჩინეთს ომი გამოუცხადა.
ოფიციალურად ხომ ვერ იტყოდნენ, რომ ნარკოტიკების გამო იყო ეს ომი. ამიტომ თქვეს, თითქოს ჩინეთი დასავლეთს თავისუფალ ვაჭრობაში უშლიდა ხელს და ადამიანის უფლებებს არღვევდა. მოხდა ორი ომი ზედიზედ და ორივე ომში ჩინეთი დამარცხდა.
ამხელა ჩინეთი კინაღამ გაანადგურა ნარკოტიკების წარმოებამ და ჩვენ რა მოგვივა, ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ხელისუფლებას არ ადარდებს. მათთვის მთავარია მილიარდები. ამ ბიზნესს კი უზარმაზარი მოგება მოაქვს. ხელისუფლება ფულის გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ დავინახეთ თუ რა ხდება ტელეკომპანია "იბერიასთან" მიმართებაში. ყველა ჩვენგანმა მოისმინა ლევან ყიფიანის და ზაზა ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერი. ამ საუბრიდან ნათელი ხდება, რომ კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი. ტელეკომპანიის მფლობელს სთავაზობენ რაღაცის სანაცვლოდ, რაღაც თანხების გადახდას.
ამ საუბარს აწარმოებს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. ხელისუფლება როცა ასეთი ტონით ესაუბრება ბიზნესმენს, ცხადია, რომ საქმე კარგად არ არის.
მოვუწოდებ თბილისის მერიას, დედაქალაქის ცენტრში რვა სული ქურდის ძეგლი დაიდგას. ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც ქურდებივით ლაპარაკობენ. "იბერიის" სკანდალზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დაადანაშაულა კორუფციაში.
იმის ნაცვლად, რომ ეს საქმე გამოიძიონ, კანაფის რეალიზაციაზე გველაპარაკებიან. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ამის შესახებ კანონპროექტს შსს ამზადებს, რომელიც რეალიზაციას უნდა ებრძოდეს.



FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234