ინტერვიუები
"იგეგმება ეკლესიის ორად გახლეჩა"გიგლა ბარამიძე: "ენა, მამული, სარწმუნოებიდან კანაფი, კაზინო, ბორდელამდე"
საქართველოში მარიხუანის პლანტაციების გაშენებას ქართველი საზოგადოებისა და ეკლესიის უმძაფრესი რეაქცია მოჰყვა. გთავაზობთ ინტერვიუს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან გიგლა ბარამიძესთან.
— ბატონო გიგლა, გვეშველა მგონი, ხელისუფლება მარიხუანის პლანტაციებით აპირებს ქვეყნის აშენება-დამშვენებას...
— ამჟამად ვიმყოფები ძირძველ საქართველოში — აჭარაში, კერძოდ, გონიოში! როგორც კი აქ შემოვედი, „ბილაინმა“ მაშინვე მომწერა გზავნილი — „მოგესალმებით, თურქეთში, „თურქსელის“ ქსელშიო“ და ახალი ტარიფი შემომთავაზეს! ეს არის ქვეყანა?!
ჰოდა, ამის შემხედვარე რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოს „მარიხუანისტანად“ და „ბარიგოსტანად“ გადაქცევას უპირებენ?!
რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთ ქვეყანაში გეი-ქორწინების დაკანონებასაც დიდი ეროვნული დღესასწაულივით გვაზეიმებენ და არაბულ საემიროებად გადაქცევასაც უქმე დღედ გამოგვიცხადებენ?!
ჰოდა, „მამული, ენა, სარწმუნოების“ ნაცვლად გვექნება — „კანაფი, კაზინო, ბორდელი“! ჩვენ ხომ საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებად“ წოდებული სექტის პოლიტიკურ სალახანებთან და ქარაქუცებთან!
საქართველოს ნარკოკარტელად გადაქცევა დღეს არ დაწყებულა — ამისთვის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მზადება, როდესაც ჩვენი დედაეკლესიის წინააღმდეგ ჩაატარეს სპეცოპერაცია სახელწოდებით „ციანიდის საქმე“!
— ანუ ეკლესიის დისკრედიტაცია სჭირდებოდათ?
— რა თქმა უნდა! ეკლესიის უზარმაზარი ავტორიტეტი ტალახში უნდა ამოესვარათ და შემდეგ უფრო გაუადვილდებოდათ თავიანთი ბინძური გეგმების შესრულება! არადა, ამის გაკეთებას სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა! წარმოგიდგენიათ, რომ გამოსულიყო და ეთქვა — საქართველოს ეკონომიკის ასაღორძინებლად მარიხუანის პლანტაციები უნდა გავაშენოთო?!
ამ ქოცებმა ნახეთ, რა ქნეს: ჯერ ეკლესიას დაარტყეს, შემდეგ შექმნეს და აყვირეს ეს „თეთრი ხმაურები“ და „გირჩები“, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინეს ვითომ დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება და ბოლოს ამოღერღეს, რისთვისაც გააკეთეს ეს ყველაფერი — ქვეყანა ნარკოტიკების უმსხვილეს ექსპორტიორად უნდა ვაქციოთო!
— თითქოს სამედიცინო მიზნით გავაშენებთ პლანტაციებსო!
— და ვინ არის ისეთი გულუბრყვილო, ეს „ჭამოს“?! ეს საკენკი თავის აქტივისტებს დაუყარონ!
— გუგული მაღრაძემ ხომ თქვა, მარიხუანა ისეთივე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია, როგორც ლობიო და „მალინაო“?!
— გუგული მაღრაძემ რა იცის, ხურმა რა ხილია?! რომელ სოფლის მეურნეობაზეა ლაპარაკი, „ქოცნება“ რომ მიზანმიმართულად კლავს?! ამ უნიკალური ღვინის, ყურძნის, ხილის, წყლის, ბოსტნეულის ქვეყანაში უცხოეთიდან რომ შემოგვაქვს ნაგავი და ვასაღებთ — ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა?! ეს სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია, რადგან არაფერში გვარგია!
— სააკაშვილის აღშფოთებას როგორ აფასებთ, ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს ავღანეთად გადაქცევასო?!
— კოკაინისტი მიშიკოსგან სასაცილოა ნარკოპოლიტიკასთან ასეთი „შემართული ბრძოლა“! სააკაშვილის დროს საქართველოში ტრანზიტად 9 ტონა ავღანური ჰეროინი რომ გადიოდა და 2 ტონა აქ რჩებოდა, ეს მე კი არ მომიგონებია, გაერო-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებში წერია!
ნამყოფი ვარ ავღანეთში და ვიცი, რა ხდება იქ! ავღანეთში ყაყაჩოს პლანტაციებსა და ჰეროინის წარმოებას ნატო-ს უზარმაზარი არმია ვერ აკონტროლებს და ჩვენ როგორ დავიჯეროთ, რომ აქ ყველაფერს შსს გააკონტროლებს?!
პირდაპირ გეტყვით: ჩვენი სულგაყიდული ბიზნესმენები უკვე რიგში დგანან მარიხუანის ბიზნესში ჩასართავად! ამათთვის ხომ არ არსებობს არაფერი წმინდა — მათი „ღმერთი“ ფულია!
მე იმ ქვეყნისა რა ვთქვი, ბიუჯეტის შევსებას მიწის გაყიდვითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით რომ აპირებს!
— თქვენი აზრით, ხელისუფლება გაიტანს თავისას? ეკლესიამ ძალიან მკვეთრი პოზიცია გამოხატა!
— არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ეკლესიის ერთჯერადი პროტესტი იყო! ქართული ეკლესია სალი კლდესავით უნდა დადგეს ქვეყნის გადასარჩენად! ჩვენ უნდა კატეგორიულად მოვითხოვოთ ეკლესიისგან, რომ ხელისუფლებასთან არავითარ მოლაპარაკებაზე და დათმობაზე არ წავიდეს! ხალხი ეკლესიის თაოსნობით ქუჩაში უნდა გამოვიდეს და არ დაუშვას ქვეყნის დაღუპვა!
და მინდა, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი რამ იცოდეს: ბატონო ბიძინა, ეს ჩუგოშვილები და გუგულები ორ შაურად გაგყიდიან! მე ისიც ვიცი, რომ ესენი პირდაპირ ამბობენ, სანამ დროა, ბიძინა უნდა გამოვიყენოთო! ზუსტად ასე იყენებდნენ „თანაგუნდელები“ შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც! გაგყიდიან ბატონო ბიძინა, გაგ-ყი-დიან!
ამ მარიხუანის პლანტატორობას და ნარკობარონ-ესკობარობასაც თქვენ შემოგტენიან, იცოდეთ!
ესაუბრა
გიორგი გიგაური


FaceBook Twitter Google