კომენტარები
„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენების რიგები დგას, რომლებიც მზად არიან უარი თქვან მშენებლობებზე, ყიდვა-გაყიდვებზე, ტენდერებზე, ოღონდ მოიპოვონ პლანის კულტივაციის ლიცენზია»
პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენს თავს ძალიან დიდი უბედურება ხდება, სამღვდელობა დაირაზმა, საზოგადოება შოკშია, ხელისუფლება, რომელიც უუნაროა განავითაროს ეკონომიკა და სოციალური ინდექსი გააუმჯობესოს, პლანის კულტივაციის იდეით გამოდის. ეს ყველაფერი დაიწყო «გირჩების», როგორც იდელოგიური მანქანის შექმნით, გაგრძელდა დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ბერა ივანიშვილის ლეგალიზაციის რეპით. და როგორც «დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს» პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე «ალიასთან» ინტერვიუში ამბობს, სახეზე გვყავს გამოესკობარებული ხელისუფლება, რომელსაც დასაბოლებელად სკივრში ერთი ტყუილიც აღარ დარჩა და ამომრჩეველს პირდაპირ დაბოლებას სთავაზობს!
- ბატონო გიგლა, სად გადის ხელისუფლების უზნეობის ზღვარი?
- ეს გაგრძელებაა იმ საუბრის, რაც ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ გვქონდა. გამოესკობარებული „ქართული ოცნება“ უკვე გადავიდა პლანის კულტივაციაზე. როგორც ციანიდის საქმე ჰგავს დაგეგმილ სპეცოპერაციას, ხელისუფლებამ ეს ოპერაციაც ასე დაგეგმა, რომელიც დაიწყო - „არა ჩადებით“, ჯერ შემოგვაჩვიეს და საზოგადოება გამოიყვანეს რუსთაველზე, ვინაა წინააღმდეგი თქვას, რომ „არა ჩადება“ მიუღებელია ჩვენთვის?! შემდეგ „არა ჩადებიდან“ მივიდნენ დეკრიმინალიზაციამდე და იქიდან კი ერთი ნაბიჯი იყო, ამას მე ვამბობდი თქვენთან ინტერვიუში ლეგალიზებამდე... მერე კი ნაყიდ საკონსტიტუციო მოსამართლეებამდე და ეხლა უკვე პლანტაციამდე მივედით... მე გეტყვით ერთ ინფორმაციას, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენების რიგები დგას, რომლებიც მზად არიან უარი თქვან დეველოპერულ საქმიანობაზე, ყიდვა-გაყიდვებზე, მშენებლობებზე, გზის დაგებაზე, ყველა ტენდერებზე, ოღონდ მოიპოვონ პლანის კულტივაციის და უცხოეთში გატანის ლიცენზია. მოგმართავთ თქვენ - „ქართული ოცნების“ 98 პროცენტს, პრემიერ-მინისტრს, ვინი პუხივით გაჯგიმული რომ დადის და იმ 2 პროცენტს, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია სინდის-ნამუსი: - თქვენ სახედაკარგულო ვაჭრუკანებო და სოვდაგრებო, ბარემ შედით ინიციატივით პარლამენტში კულულიან ბიჭთან და იმ სახედაკარგულ ოდიოზურ ვიცე-სპიკერ ქალთან, მატრონა - ჩუგოშვილთან და დავწეროთ ახალი ჰიმნი, არა - „შენ ხარ ვენახი“, არამედ - „შენ ხარ კანაფი“, ხოლო დევიზად იყოს არა „ძალა ერთობაშია“, არამედ იყოს - „ძალა კანაფში და ძალა პლანშია“... აი, ასეთ დონეზე არიან მისულები. სახეზე გვაქვს ტოტალური ბანდიტიზმი და ყაჩაღობა საკუთარ ერზე. ეს ყველაფერი 6 წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ ლამისაა დააკანონოს და თუ ეკლესია, მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიები წინააღმდეგი არ ვიქნებით, მერწმუნეთ, გადაშენება გვიწერია! რაც ვერ მოახერხეს ჩვენი ქვეყნის მტერმა საუკუნეების განმავლობაში, ამას აკეთებს «ქართული ოცნება». წარმოგიდგენიათ, ბიუჯეტის შევსება უნდათ ნარკოტიკებით.?! როდესაც ამ სახედაკარგული „ნაცებისგან“ ვიყავი პოლიტიკური დევნილი, გარკვეული პერიოდი ვიყავი ავღანეთში და მთელი ნატოს ჯარი თავისი ტექნოლოგიებით იბრძვის, როგორმე შეემცირებინათ ოპიუმის წარმოება და ვერ მოახერხეს, რადგან გლეხს ისე აქვს გამჯდარი ოპიუმის წარმოება, რომ ეს ურჩევნია გრანტებს. ასე მოხდება საქართველოშიც, მიატოვებენ ვენახს და ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით და ბერა ივანიშვილის სიმღერით „ლეგალლაიზ-ლეგალლაიზ“ დაიწყებენ პლანის პლანტაციების გაშენებას და გაყიდვას. ხელისუფლებამ თბილისში ვერ მოაგვარა და ვერ აკრძალა დახლს ქვემოდან ფსიქოტროპული ნივთიერებების გაყიდვა, ვერ აკრძალა ნარკოტიკების შემოტანა და ეხლა გვეუბნება, რომ ჰექტრობით დათესავს პლანს და გაიტანს უცხოეთში... და კიდევ, სირცხვილი, რომ კანონი შემოაქვს იმ სამსახურს და იმ ინსტიტუტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ნარკოტიკებს უნდა დევნიდეს. ეს არის სახელმწიფოს დეგრადირების უმაღლესი ფორმა, საქართველო გახადეს ჩვეულებრივ არასამთავრობო ორგანიზაციად, ვაჭრუკანების ქვეყნად და, თუ საქართველოს მოსახლეობა ამასაც დათანხმდა, გეუბნებით, რომ პრაქტიკულად ქართული ტრადიციები, გენეტიკა და ყველაფერი მოიშლება.
- ფაქტობრივად, «ქართული ოცნება» ამ აქტით საფუძველს უყრის გენოციდს, ღარიბ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უმუშევრობაა, ახალგაზრდებს უბიძგებენ ნარკოტიკული თრობისკენ, როცა თავი ტანკში გგონია, ილუზორულ სამყაროში ცხოვრობ, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება...
- ხელისუფლებას შევახსენებთ, ძალიან მაღალი შემოსავალი აქვს ყაყაჩოს დათესვას, მაშინ ვთესოთ ყაყაჩო, ასევე დიდი შემოსავალი აქვს ორგანოებით, მონებით, ბავშვებით ვაჭრობას და დაიწყოს ეს საქმიანობაც „ქართულმა ოცნებამ“, ესღა დარჩენია, ყველა სიბინძურეს მოკიდა ხელი. თან იმ ფონზე, როდესაც ყელამდეა კორუფციაში ჩაფლული „ქართული ოცნება“.
- „თეთრი სახლის“ ადმინისტრაცია აქვეყნებდა საგანგაშო ინფორმაციას, რომ საქართველო ნარკოტრანზიტის დერეფნად იქცა და რეკომენდაციებს გასცემდნენ, ახლა რა ხდება? ამერიკელები ნარკოტიკებით ვაჭრობის უფლებას გვაძლევენ? იქ სადაც პლანის კულტივაციას ეწევი, მძიმე ნარკოტიკსაც «უმეგობრდები», ეს აქსიომაა და თავებს ნუ დავიბოლებთ, რომ თითქოს კანაფის მიღმა აკრძალულ თამაშებში არ შევა ხელისუფლება...
- ამათ შოთა რუსთაველი, წმინდა ნინო და მართლმადიდებლობა კი არ სჭირდებათ, საქართველო სჭირდებათ ტერიტორიად, რომლის გამოყენებითაც განახორციელებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს. ამიტომ, რაც უფრო მორჩილი, ბოდიში და, რაც უფრო დაქლიავებული და დაბანგული იქნება ახალგაზრდობა თუ ძველგაზრდობა, მასა და საზოგადოება, მით უფრო იოლი სამართავი იქნება ქვეყანა. ნახეთ ეხლა დღევანდელი ხელისუფლება რას პირდება ახალგაზრდებს, რას სთავაზობს. გაგიგიათ რომელიმე პრემიერ-მინისტრისგან ბიძინადან დაწყებული, რომ ნომერი პირველი პრობლემაა დემოგრაფია? - არა! გაგიგიათ მთავრობისგან, რომ აპირებენ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსებას? - არა! გაგიგიათ როდესმე მასობრივი სპორტის პროპაგანდა? - არა! იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, სამაგიეროდ, გვაპარებენ - ანტიდისკრიმინაციული კანონს, ერთსქესიანთა ქორწინებას...
- ვინ დგას ამის უკან?
- ამის უკან დგას დღევანდელი ხელისუფლება და ვინც ამ ხელისუფლებას მართავს, ის ერთი ადამიანი, რომლის გარეშეც არაფერი არ წყდება!.. დაიწყო ასი ქარხნით და ასი ქარხნის ნაცვლად დაამთავრა პლანის პლანტაციებით. როცა ნარკოტიკებზეა საუბარი, ერთი ათასზეა მოგება. გაეროს მონაცემებით 2050-2060 წელს თუ ასეთი ტემპით მოხდა შობადობის შემცირება, ქართველი კაცი საქართველოში იქნება უმცირესობა. ვინმემ ატეხა ამაზე განგაში?! ამ საკითხში ერი უნდა გაერთიანდეს და გამოვიდეს ქუჩაში. ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ ამას ვაპირებთ, მაგრამ ხალხს თუ პოლიტიკური პარტიები არ უნდა, მართლმადიდებლური სახელმწიფოა და ეკლესიამ გააკეთოს ეს...
- მაგრამ, ამ ხელისუფლებამ ეკლესიის დისკრედიტაცია ისე მოახდინა, რომ ხალხი უკვე აღარც ამ ინსტიტუტს ენდობა...
- გასაგებია, მაგრამ ხალხი მაინც უჯერებს უწმინდეს და უნეტარესს ილია მეორეს, რომელმაც იქადაგა, რომ დაუშვებელია ნარკოტიკის კულტივაცია, დაიღუპება ერი და იმედია, რომ ხელისუფლება გონს მოვა! ტყუილად არ ვახსენე ციანიდის სახით ჩატარებული სპეცოპერაცია, ხელისუფლებას სულ უნდოდა, დაშლილიყო მართლმადიდებლური ეკლესია ცალკე საეპისკოპოსოებად, მაგრამ ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს უწმინდესი და სანამ ის ცოცხალია, ამას ვერ ახერხებენ, თან ჩქარობენ, რადგან შავი ფული უნდათ დაატრიალონ პლანის პლანტაციებში... ამიტომ ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ, გამოვიდეთ ქუჩაში და ხელისუფლებას არ მივცეთ ამის უფლება!
- სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თითქოს ხელოვნურად გვაზიზღებს ეს მთავრობა თავს და ხანდახან მგონია, რომ კრიმინალები მართავენ ხელისუფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ელიტარული კორუფცია პიკშია, რაც ვნახეთ «იბერიის» სკანდალის გარშემო და მოვისმინეთ ყიფიანის ჩანაწერები, სადაც იგი ტელევიზიის მეპატრონეს და ბიზნემსენ ოქუაშვილს მილიონებს აწერდა ჩინოვნიკების სახელით, რაც ვნახეთ ზუგდიდის მერის კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, თუ როგორ ძალავდა ფულს ბიზნემსენს, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია, რომ კორუფციამ სისტემური სახე მიიღო. ვბრუნდებით 90-იან წლებში. ეს არის რეალობა... ამის შეჩერება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? დასავლეთი რატომ დუმს?
- რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა, ამის შეჩერება შეიძლება სახალხო გამოსვლით. დასავლეთი განგაშს არ ატეხავს, რადგან იციან, რომ „ქართული ოცნება“ ისეა კორუფციაში ჩაფლული, რა დავალებაც არ უნდა მისცენ, ყველაფერს შეარსულებენ. მეორეცაა, დასავლეთი არის საოცრად პრაგმატული, მათ ჯერ ვერ დაინახეს სახალხო მღელვარება... მე შეგახსენებთ, შევარდნაძესთან დაკავშირებითაც არ მოითხოვდა ამერიკის საელჩო - გადამდგარიყო შევარდნაძე, მაგრამ ხალხმა რომ იხუვლა და მერე ერთი ტელევიზია რომ ჩაერთო, კი ვნახეთ რაც მოხდა! ამერიკული პოლიტიკური მენეჯმენტი ასეთია, ვინც ძლიერია იმისკენ გადაიხრება და მერე მიდის დიდი დაფინანსება და მისი დამუშავება, რომ ხელიდან არ გაუშვას. ჯერ ესეთ აგორებულ ტალღას ვერ ხედავენ, თორემ ელჩების რიგები დადგება და ტელევიზიებით განცხადებების კეთებას ვერავინ დაასწრებთ, მაგრამ ამის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავენ და ამიტომ, ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ. საკმაოდ გამოცდილი კაცი ვარ და ვიცი, როდის რა არის გადამწყვეტი. ახლა ერთადერთი გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ხალხის რაოდენობას და მერწმუნეთ, სამი კვირა, ოცი დღე, 15-12 ათასი კაცი რომ იდგეს რუსთაველზე ეს ხელისუფლება ერთმანეთს გაასწრებს, იმდენად ჩასვრილები არიან. მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ახტის ფორმად არის ქცეული და ენერგიას ხარჯავს „ფეისბუქზე“, ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნების“ უფროსმა საზოგადოების ფსიქიკა. სანამ გასდის, ასწრებს ყველას და ყველაფერს და იმას აკეთებს რაც მას უნდა, ამიტომ ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და ვირტუალური სამყაროდან რეალურ სამყაროში გადმოინაცვლოს, გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს ეს უზნეობა.
- ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს «ქართულ ოცნებას» საკუთარი ხალხის მიმართ, თუნდაც ამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ...
- იმიტომ, რომ ხალხი ამას იმსახურებს! ისე არ გამოვიდეს, რომ განსაკუთრებული და ცისფერსისხლიანი ვარ, მხოლობით რიცხვში არ ვლაპარაკობ, ჩემ თავსაც ვგულისხმობ, თავი რომ ევროპელებად მოგვაქვს, ჩვენს თავებს შეხედეთ გვერდიდან და დავინახავთ, რომ ევროპა კი არა, შუასაუკუნეების ადრეფეოდალური და კიდევ უფრო ადრინდელი თემური, პატრონყმულ-ბატონყმური წყობილებაა საქართველოში, როდესაც კანონიც, პარლამენტიც, აღმასრულებელი სტრუქტურაც, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ჯარიც, სუსიც, ერთი კაცის ხელშია, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი თანამდებობა არა აქვს, გარდა ერთი - პარტიის სიმბოლური თავმჯდომარეობისა, არც მეფეა, არც ბატონი, არც ფეოდალი და არც ბოიარია, არც არავინ არაა და მთელი ეს ერი მას შევცქერით. გეკითხებით - ველურები არა ვართ, აბა, ვინა ვართ?! რისი ევროპა და რა ევროპა... ქართველები ვართ საოცრად წამხედური ხალხი, ნიჭიერები ძალიან, მაგრამ ორიენტაციადაკარგულები. გვინდა სხვებმა მოაგვარონ ჩვენი პრობლემა და ჩვენ ვიძახოთ მარტო „ევროპა ვართო“ და ვისვეტსკაოთ, უკანასკნელი პროვინციალებივით და გოიმებივით იქცევა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, თუნდაც იმიტომ, რომ თავზე გასვამენ პარტიულ პრეზიდენტს, ერთი არ გამოვა და არ იტყვის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის ზურაბიშვილი, შევცვალოთ ტერმინი და ვთქვათ „ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი პრეზიდენტი“. აი, ესეთ დღეშია დღეს საზოგადოება და ამიტომ, ტყუილად ნუ ხუნტრუცობენ და კრემლისკენ ნუ იშვერენ ხელს. რაც გვჭირს, ჩვენს გამო გვჭირს და თუ ამას ვერ მივხვდით, არაფერი არ გამოვა...
- ასეთი გაბანძებული საპრეზიდენტო არჩევნები პირადად მე არ მახსოვს, 47 ადამიანს უნდა მონაწილეობა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილის ქცევა, მეტყველების მანერა და მისი დამოკიდებულება ხალხისადმი არის დანაშაულის ტოლფასი. ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რა მიზეზების გამო თქვა?
- ამ ფარსში ის მონაწილეობას არ მიიღებს - ეს ერთი, მეორეც, დღევანდელი პრეზიდენტის უფლებები ისე შეკვეცილი, რომ ქელეხზე და ქორწილში თუ ივლის, თორემ სხვა არაფერი ფუნქცია არა აქვს.
- ფაქტია, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით რა არის გამოსავალი?
- გამოსავალი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია! საჭიროა კონსტიტუციის ფარგლებში დაიწყოს საერთო სახალხო გამოსვლები.
ნინო სამხარაძე
FaceBook Twitter Google