ინტერვიუები
"ივანიშვილი ნანობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი დაასახელა"

გიგლა ბარამიძე: ''ევროპამ და ამერიკამ მას შეიძლება ანგარიშები გაუყინოს''
''ოცნების'' გამოესკობარებიდან ბოტასების კოლექტიური ქურდის ტიტულამდე''


იქნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რატომ ვერ დაბრუნდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში, რატომ ნანობს ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბიშვილის დასახელებას, როგორ გადაიქცა ''ოცნება'' მაფიოზურ დაჯგუფებად? - ამის შესახებ ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
- ''ოცნების'' გამოესკობარებიდან ბოტასების კოლექტიური ქურდის ტიტულამდე - ეს არის ის სამარცხვინო გზა, რაც მმართველმა გუნდმა გაიარა. ''ოცნებამ'' ყველაფერი გააკეთა, რომ კანაფის კულტივაცია დაკანონდეს, რათა რამდენიმე ოჯახმა დიდი ფული იშოვოს. საბოლოო ჯამში ისინი დაემსგავსნენ იმ ბოტასების ქურდს, რომლის ფსიქიკამაც ლამისაა, ჩამოშალა სახელმწიფო.
აქედან გამომდინარე აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
- ხელისუფლების ერთი ნაწილი თითქოს შეგუებულია ვადამდელ არჩევნებს. ისინი, ირაკლი კობახიძის თამადობით, ამბობენ, რომ ყველა არჩევნებს მოიგებენ. მეორე ნაწილი კი ხალხის დაშინებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ისევ ნაცები დაბრუნდებიან. თქვენ რას ფიქრობენ?
- რას იტყვის გიტარიანი და კულულებიანი ორფეოსი კობახიძე დილას ან საღამოს, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები რას იტყვიან. აქ მთავარია, რას იტყვის მათი ქურუმთ-ქურუმი და მამამარჩენალი ბიძინა ივანიშვილი.
მან ერთი რამ კარგად მოახერხა და თავის პარტიას საპირწონედ ნაციონალები დაუტოვა. ფორმულა - ჩვენ თუ წავალთ, ნაცები დაბრუნდებიან - აღარ მუშაობს. ხალხი პირდაპირ ამბობს, რომ არც ერთს აირჩევს და არც მეორეს.
ქვეყანაში ყალიბდება აზრი, რომ საქართველო მხოლოდ ეს ორი პოლუსი - ნაცები და ქოცები - არ არის. ქართველი ხალხი უკვე სხვანაირად ფიქრობს. შესაბამისად შეიძლება მივიღოთ კოალიციური მმართველობა, რომელიც თვისებრივად შეცვლის ქოცების და ნაცების მიდგომებს.
გამორიცხულია, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამ პარტიაში და მათ განაყარ ''ევროპულ საქართველოში'' არიან ახალგაზრდები, რომლებიც დასანახად ვერ იტანენ იმ კოლეგებს, ვინც სისხლიანი 9 წელი შექმნა.
ახლა ხალხის შესაშინებლად ცდილობენ ვანო მერაბიშვილის თემის წამოწევას. ციხიდან რომ გამოვიდეს, გგონიათ, დიდ რამეს იზამს? გიგი უგულავაც გამოუშვეს, მაგრამ რა, ახსოვს ვინმეს? მერაბიშვილს და მის ყოფილ მოადგილე ამირან მესხელს მე ვინ მასწავლის. საქართველოდან გაპარული მესხელი ძალიან კარგად თანამშრომლობს ''ქართულ ოცნებასთან''.
საზოგადოება უნდა გამოვიდეს იმ ფსიქიკიდან, რომ ჩვენ ვართ ცხვრის ფარა, ამიტომ ყოჩი და ბელადი გვჭირდება. ჩვენი ამოსავალი კანონი და კონსტიტუცია იქნება, ეს ქვეყანაც დალაგდება და ხელისუფლებაშიც ნორმალური ადამიანები მოვლენ. ეს მონური ფსიქიკა როდემდე უნდა გაგვყვეს. ჯერ ზვიად გამსახურდია გააღმერთეს, მერე შევარდნაძეს დაუჩოქეს, სააკაშვილს დროშის ტარივით დაატარებდნენ, მეოთხეს დროს კი მეცნიერება ბიძინოლოგია განავითარეს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთესად შეუძვრება.
რატომ შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით ნაციონალური მოძრაობა? რატომ არ დააკავა ის შუა რგოლი, რომელსაც ხელში აქვს ყველაფერი ჩაგდებული? ეს ხალხი შავი საქმეებისთვის სჭირდება. ეს რომ ასეა, ბოლო დროს გავრცელებულმა ჩანაწერებმაც დაამტკიცა. ''ოცნება'' და ნაციონალები თავისი განაყოფით ერთად უნდა ჩაირეცხოს.
- ჩანაწერები ახსენეთ და მირზა სუბელიანის აღსარების მოსმენის შემდეგ ყველა ამბობს, რომ ქვეყანას მართავს მაფია. თქვენ ხელისუფლება მაფიასთან გაცილებით ადრე გააიგივეთ და ის ნდრანგეტას დაჯგუფებას შეადარეთ. იცოდით იმის თაობაზე, რაც ამ ადამიანმა მოყვა?
- ''ქართული ოცნება'' მაფიას ორი კვირის წინ შევადარე და ამის შესახებ ''ახალ თაობასთან'' ინტერვიუში ვთქვი. მანამდე მმართველ პარტიას კარტელური გაერთიანება ვუწოდე, სადაც ბოტასის ქურდის და ჩარჩ-ვაჭრულ-სოვდაგრული ფსიქიკის ფულის შოვნისადმი მიდრეკილი უცოდინარი მედროვეები არიან გაერთიანებული. იმდენად გაუტკბათ ასეთი ცხოვრება რომ კრიმინალი გამოაცხადეს თავის მთავარ მიმართულებად. ასეთი ხალხისგან სხვა არც იყო მოსალოდნელი.
ვთქვათ, ''ომეგასთან'' დაკავშირებული ჩანაწერები ძველია და ფაბრიკაციაა, მაგრამ ამაზე რას იტყვიან, სუბელიანის საუბარი ხომ ''ოცნების'' მოედანზე - ციხეში ჩაიწერეს. მას ''ოცნების'' დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ესწრებოდა.
მივმართავ''ქართულ ოცნებას'' - თქვენს მიკროარეალში რომ ვერ იცავთ წესრიგს, ვერ უზრუნველყოფთ იმას, რომ არ მოხდეს ჩაწერა, საზღვარს და ქვეყანას დაიცავთ? ცხადია, ვერ დაიცავთ. ვერ დაიცავთ იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალეთ, თავად კი მაფიოზურ დაჯგუფებად იქეცით.
- ასე ხომ შეიძლება მათგან საიდუმლო ინფორმაციამაც გაჟონოს?
- უკვე გაჟონა არაერთმა საიდუმლო ინფორმაციამ და მომავალშიც გაჟონავს. კაცმა არ იცის, რამდენი გამოიყენებს ამას. ტყუილად არ შევადარე ''ოცნება'' ნგრანგეტას, ამ დაჯგუფებას ყველგან აქვს ფეხი მოკიდებული, მაგრამ ნაკლები სისხლისღვრით გამოირჩევა. არც ამ დაჯგუფების ავტომატჩიკები დარბიან ქუჩებში. სამაგიეროდ, საქმეები სარდაფებში წყდება.
გესმით, სადამდე მივიდა საქმე, ''ოცნების'' წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფ პროკურორ სუბელიანს ეუბნებიან, საკანში მარტომ რომ არ მოიწყინო, შენთან საახლობლოდან რომელიმე ქურდს მოვიყვანთო! სუბელიანი კი ამბობს, წითელ ზონაში ვარ და ქურდი აქ როგორ მოვაო.
ეს არის ''ოცნების'' ნამდვილი სახე და დროა, ივანიშვილი დაელაპარაკოს ხალხს. ოღონდ ერთსაათიან გამოსვლაში 99% ნაციონალურ მოძრაობაზე არ ილაპარაკოს.
- რატომ არ უნდა ილაპარაკოს ნაციონალებზე?
- იმიტომ, რომ ის აფინანსებდა ამ პარტიას, მან დაუფინა 2012 წლის არჩევნების მერე ამათ ბალიში, რომ რბილად დაშვებულიყვნენ. მისი ჩარევა რომ არა, ხალხი წალეკავდა ნაციონალებს. ივანიშვილმა ახლა საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ილაპარაკოს მხოლოდ.
სხვა თუ არაფერი, რატომ ვერაფერი გააკეთა და მარტო პლანის დათესვას აპირებს. რა უნდა, ეს ხალხი სულ გამოაბანგოს? ''ოცნება'' მაფიოზურ დაჯგუფებად მის გარეშე ვერ გადაიქცეოდა. ამათგან განსხვავებით, სააკაშვილს მაფიასთან საქმე არ ჰქონდა. ის იყო რეჟიმის შემქმნელი. ის ახლა თავისუფლად დარბის და არაფრის არ ეშინია, იციან, რომ არ დაიჭერენ.
- მაფია უფრო საშიშია თუ რეჟიმი?
- მაფიასთან კავშირი ბევრად უფრო მძიმეა. დემოკრატიის ნიღაბი აიფარეს, ამბობენ, არ გხოცავთ, არ გიჭერთ, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავად აკონტროლებენ.
კრიმინალური ფულით რომ აფინანსებენ თავიანთი პრეზიდენტობის კანდიდატს, ეს რა უბედურებაა. ქალბატონი სალომე რომ ფრანგულ სტანდარტებზე საუბრით გვაბეზრებს თავს, ფრანგული დემოკრატიის ნაწილია, სხვისთვის წართმეული ფულით რომ ფინანსდება?!
- ვის წაართვეს ფული, რომ ზურაბიშვილისთვის ჩაერიცხათ?
- ''ოცნების'' ერთ-ერთი დეპუტატი ამბობდა, რომ მას კაპიკსაც არ ჩაურიცხავდა, ახლა მან ზურაბიშვილს 50.000 ლარი ჩაურიცხა. ეტყობა, უთხრეს, სარდაფში ჩაგაგდებთო და იმასაც რა ექნა, ფული ჩაუკაკლა.
- ზურაბიშვილთან დაკავშირებით არაერთი სკანდალი აგორდა და საზოგადოებაში უკვე სერიოზულად მუსირებს ჭორი, რომ ის არის მხოლოდ შირმა და ივანიშვილი პრეზიდენტად დავით ბაქრაძის გაყვანას აპირებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- მმართველ პარტიას, რომელსაც ახლა მაფიოზურ დაჯგუფებას ვუწოდებ, ჯერ კიდევ გასულ წელს შევარქვი ბოცნება, იმიტომ, რომ ბოკერიას და მის გუნდს უჭერენ მხარს.
- ამაზე ბევრი საუბრები მიდის და ეს მხარდაჭერა რაში გამოიხატება?
- ნახეთ, რამდენი შემომწირველი ჰყავს ''ევროპულ საქართველოს''. ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეთ ამათ, ბოკერიას ფულს ვინ ჩაურიცხავდა. არ გამოვრიცხავ, რომ ''ევროპულ საქართველოს'' თავად ივანიშვილი აფინანსებდეს - შემოვლითი გზებით მის ფულს სხვები რიცხავდნენ.
რაც შეეხება კითხვას, ბაქრაძის პრეზიდენტად გაყვანა ხომ არ იგეგმება, ეს გამორიცხულია. მას ვერაფრით აუწევენ რეიტინგს. დავით ბაქრაძეს ნაციონალების კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბევრად უსწრებს. მას ნაციონალების აქტივისტები და ''ოცნებაზე'' გაბრაზებულები მაინც უჭერენ მხარს, ბაქრაძეს არავინ ემხრობა. ამიტომ არ მგონია, რომ ივანიშვილს ბაქრაძის გაპრეზიდენტება უნდა.
''ოცნების'' კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, ივანიშვილს თავი აქვს გადაკლული, რომ ეს ქალი პრეზიდენტად გაიყვანოს. მთელი ადმინისტრაციული რესურსი მასზე მუშაობს.
ექსკლუზიურად გეტყვით იმას, რომ ივანიშვილს მისი მოშორება უნდა. ძალიან ნანობს, რომ ეს ქალი დაასახელა, მაგრამ ახლა გვიანია.
- თუ ნანობს, რატომ წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად?
- ამ ქალმა ივანიშვილს თავი ძალიან ოსტატურად მოახვია. ამის გარდა, ქურუმთ-ქურუმს აქვს აჩემებები. ასე აიჩემა 2013 წელს გიორგი მარგველაშვილი. მას მინისტრებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ივანიშვილმა კი რატომღაც ის დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად. თან ხალხს, რომელიც მას ჯერ კიდევ უჭერდა მხარს, დაემუქრა, თუ მარგველაშვილს არ აირჩევთ, პრემიერობიდან გადავდგებიო.
სალომე ზურაბიშვილზეც ასე იყო ატეხილი. თვლის, რომ ის მას იმ პრობლემებს მოუგვარებს, რაც მას საფრანგეთში აქვს.
- რა პრობლემები აქვს?
- აქვს სასამართლო დავები, ეს მისი პირადი საქმეა და ამიტომ ამაზე არ ვისაუბრებ. ივანიშვილს რატომღაც ეგონა, რომ სენადალეული ქალბატონი ამ პრობლემებს მოაგვარებდა.
მივმართავ ივანიშვილს, კიდევ ერთხელ შეცდით საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილთან შედარებით მონაგონი იქნება.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რა დღესაც პრეზიდენტის ფიცს დადებს, იმ დღიდან დაიწყებს თავის თავზე მუშაობას. მან კარგად იცის, რომ მოსახლეობის 90%-ს ის და ''ოცნება'' დასანახად არ უნდა, მათი გულების მოსაგებად დაიწყებს ხალხოსნობას.
იმაში ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ''ოცნება'' ათას სისულელეს იტყვის და გააკეთებს, სენადალეული ქალი ამ ყველაფერს დაგმობს და გააპროტესტებს.
ცოტა რომ მომძლავრდება, გააკეთებს იმას, რაც სააკაშვილის დროს გააკეთა. ის ივანიშვილის დამყაყებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერად გახდომას მოინდომებს. ეს სცენარი ზურაბიშვილს შინაგანად უკვე შემუშავებული აქვს. ამიტომაც იტანს ხშირად სამართლიან, მაგრამ ზოგჯერ გადამეტებულ შეურაცხყოფას.
მისი ოცნებაა პრეზიდენტობა, საერთო ნაცნობების დახმარებით მიაღწია ივანიშვილამდე, დაიჭირა მისი სუსტი მხარე და დღეს ის პრეზიდენტობის კანდიდატია.
- ივანიშვილის სუსტი მხარე რა არის?
- ევროპასა და ამერიკაში მას პრობლემები აქვს. სენადალეული მას ამ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ამ დაპირებებით ისე შეატოპინა ბიძინას, რომ უკან ვეღარ გამოდის. როგორც უკვე გითხარით, ნანობს, ზურაბიშვილს კანდიდატურა რომ დაასახელა. როგორც შიგნიდან გამოვიდა ხმები, ამბობს, უფრო ნეიტრალური ფიგურა უნდა შემერჩიაო.
პოლიტიკურად ერთიც წყალს წაუღია და მეორეც, მაგრამ ქვეყანა კარგავს ოქროს დროს. პოლიტიკოსის პლუსი ის არის, რომ როცა ადამიანს შეხედავს, მისი ფსიქოტიპი უნდა ამოიცნოს. ბიძინა არ არის პოლიტიკოსი და ამიტომაც ვერ მიხვდა, რა ფსიქოტიპია სალომე.
- პოლიტიკოსი არაა, მაგრამ ამბობს, რომ ფსიქოანალიზით და ფილოსოფიით არის გატაცებული. წესით, მას ფსიქოტიპის ამოცნობა არ უნდა გაუჭირდეს.
- საიდან უნდა იცოდეს მან ადამიანის ფსიქოტიპის ამოცნობა, ისეთი მრჩევლები ჰყავს, იმათ ფილოსოფია საერთოდ არ იციან.
- სამაგიეროდ, ეს არის გატაცებული.
- ფილოსოფიით თუ არის გატაცებული, რაღა ნიცშეს მიადგა, კანტი წაიკითხოს, ან ჰეგელი. გადასარევი ფილოსოფოსია სპინოზა, ის წაიკითხოს.
ისევ ბაქრაძეს დავუბრუნდები. პრეზიდენტად მისი გაყვანა გამორიცხულია, მაგრამ ''ევროპული საქართველო'' ივანიშვილის დასაყრდენი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები გაყალბდება და ხალხი ქუჩაში გამოვა. ასეთ დროს ხელისუფლებისთვის აუცილებელია ერთი ისეთი პარტია, რომელიც დაიმალება ან არ იტყვის, რაც ხელისუფლებას არ აწყობს.
დაუკვირდით, როცა რამე საშინელება ხდება ქვეყანაში, ამას პირველი ''ევროპული საქართველო'' არასდროს აპროტესტებს. ჯერ სხვებს ალაპარაკებენ, საზოგადოებრივი აზრი როცა ჩამოყალიბდება, მერე მოვალეობის მოხდის მიზნით ჩართავენ ბაქრაძეს და ბოკერიას.
მიტინგები როცა დაიწყება, ''ევროპული საქართველო'' თავს შეიკავებს, მაგრამ ქუჩაში ასეულობით ათასი ადამიანი თუ გამოვიდა, მაშინ მიკროფონებთან რიგი დადგება. აშკარა იქნება, რომ ''ოცნების'' რეჟიმი სამარდება.
ჩემი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლება ამ არჩევნებსაც გადააგორებს, მაგრამ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება. ოღონდ არა მანამდე, სანამ ქონებას არ დააბინავებს. არ დაგავიწყდეთ, რომ მას მოაკლდა მთავარი - ბუფერი. აქამდე ისე ჩანდა, რომ მან არაფერი არ იცოდა და ყველაფერს ''ოცნების'' ჩინოსნები აკეთებდნენ. ამ ჩანაწერებიდან გამოჩნდა, რომ ყველაფერი მიდის მასთან.
ევროპელები და ამერიკელები აქ ჩამოდიან, გვიღიმიან, კულტურულად რაღაც შენიშვნებს გვაძლევენ, მაგრამ მთავარი შენიშვნები იქ მიაქვთ. ძალიან მალე დადგება დრო, როცა იტყვიან, რომ ივანიშვილი საჭირო არ არის. მის მოსაშორებლად მიტინგიც არ იქნება საჭირო. ერთ დღესაც წკაპ და გაუყინავენ ყველა ანგარიშს. მას ამის ძალიან ეშინია. ის ქონების გადასარჩენად ყველაფერზე წავა.

 

FaceBook Twitter Google