ინტერვიუები
ივანიშვილი ფარცხალაძეს ხელისუფლებაში აბრუნებს?
გიგლა ბარამიძე; `აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი რუსთავი 2-ის"
რატომ გადაეკიდა ქვეყნის მთავარი მეოცნებე რუსთავი 2-ს, დააბრუნებს თუ არა ფარცხალაძეს ხელისუფლებაში, აპირებს თუ არა გუნდის გამოცვლას?  ამის შესახებ "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:
- ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლებმა ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მის გამოსვლებს მოკლედ ასეთ შეფასებებს მივცემდი _ ეკა კვესიტაძის აჩრდილი ბიძინა ივანიშვილის ზმანებებში და აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი რუსთავი 2ისა. სხვა შეფასება არა მაქვს.

26 ოქტომბრის გამოსვლაში ის, სულ მცირე, 24 წუთი უწყვეტ რეჟიმში საუბრობდა იმაზე, რა და როგორ ვერ თქვა 23 ოქტომბერს რუსთავი 2-თან.
24 წუთის მანძილზე საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ამხილა რუსთავი 2, როგორ დაამარცხა კვესიტაძე, როგორ არ შეაყვანინა კვესიტაძეს თავი შეცდომაში და ა.შ. ამას ლაპარაკობს კაცი, რომელიც არის ქვეყნის ყველანაირი მმართველი.
მივმართავ ვაზელინგადასხმულ საზოგადოებას, ბიზნესინტელიგენციას და მეოცნებეების ნაწილს, ეს არის 10:0 დაამარცხა რუსთავი 2 ივანიშვილმაო? კაცს ამ ტელევიზიის მიმართ კომპლექსი გაუჩნდა, სხვა არხების ჟურნალისტები მიიწვია და იმათ უხსნის, როგორი დევგმირია.
რუსთავი 2-ისა და ეკა კვესიტაძის მეხოტბე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ იყო ხელების ქნევა ბრძოლის შემდეგ.
ამ კაცმა ლუდოვიკოს ნათქვამი _ სახელმწიფო მე ვარ _ აშკარად თავის თავზე მიიღო. არადა ის სახელმწიფო ვერ იქნება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას საკუთარი პარტიის იმედიც კი არა აქვს.
-რატომ გგონიათ, რომ მას საკუთარი პარტიის იმედი არა აქვს?
- თავად თქვა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ადამიანმა საკუთარ პარტიაზე თქვა, რომ "ქართული ოცნება" არის სუსტი და უმოქმედო. ივანიშვილი საკუთარ პარტიასაც კი ვეღარ მართავს და სახელმწიფო როგორ უნდა მართოს.
ამავე დროს, ჩვენგან მოითხოვს, რომ არ ვაკრიტიკოთ მისი პარტიის წევრები. ამით მან "ოცნების" ჩინოვნიკებს უთხრა, რომ პარვა გააგრძელონ.
ამ ორი ინტერვიუთი დავინახეთ, რომ ეს ადამიანი სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს, ან გარემოცვა აცხოვრებს. ამიტომაც ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგად არის. არადა ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა და ამაში მარტო ხელისუფლება არ არის დამნაშავე. ეს ჩვენი ბრალიცაა. ქართული საზოგადოება პროვინციელი ბიურგერების გაერთიანებად იქცა, რომელიც ხბოს აღტკინებით ახუნტრუცებული ელამუნება ერთ მილიარდერ კაცს და მის ხუშტურებს.
21-ე საუკუნეა, ხალხო, და როგორ შეიძლება, ერთი კაცის ცხოვრებით ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა. მეფეს, იმპერატორს, სულთანს და ხონთქარს არ ჰქონია იმდენის წვდომის უფლება, რაც ქართველმა ხალხმა თავისი მეტიჩრობით ერთ მილიარდერ კაცს მიანიჭა.
ეს არის ჩვენი მლიქვნელობის ბრალიც. მლიქვნელობა ქართველებს გვახასიათებს. ამას ნიკოლოზ მიწიშვილმა მიუძღვნა ძალიან კარგი სტატია "ქართული მლიქვნელობის აპოლოგია". აი, ამ მლიქვნელობით საქმე იქამდე მივიყვანეთ, ივანიშვილმა დაიჯერა, რომ მართლა ილია ჭავჭავაძეა.
ერთი მაგის მრჩევლების ტვინში ჩამახედა, რა უბედურ რჩევებს იძლევიან.
არ შეიძლება, ერთმა ადამიანმა ყველაფერი იცოდეს. საუბრიდან გამოჩნდა, რომ ყველა ბიზნესგარჩევის და ცემა-ტყეპის დეტალები იცის. ამტკიცებს, არ ვერევიო, მაგრამ ამ დროს ისეთ დეტალებს ყვება, რაც საზოგადოებამ არ იცის.
მაგის მრჩევლები, მლიქვნელობის გარდა, სხვა რამითაც რომ ყოფილიყვნენ დაკავებული, ივანიშვილს არ ურჩევდნენ ეთერში დაჯდომას.
- რატომ არ უნდა დამჯდარიყო ეთერში?
- როდესაც მან სამი ცნობილი ჟურნალისტი თავისთან ინტერვიუზე მიიწვია, იქედან ორმა მისვლაზე უარი თქვა. აი, იქ წააგო ბიძინა ივანიშვილმა პირველი რაუნდი. ამას ვერ მიხვდა, ეთერში დაჯდა, სადაც თვითაღიარება და თვითლუსტრაცია ვიხილეთ. რაზეც აქამდე ეჭვი გვქონდა, მან ყველაფერი დაადასტურა.
თავისი გამოსვლით მან პარტიის ამაგი წყალში ჩაყარა - "ოცნება" დიდი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ივანიშვილს მარიხუანის კულტივაციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ამან თქვა, ეს ჩემი იდეა იყოო.
- ივანიშვილი რომ ამ იდეით გამოვიდოდა, თქვენ "ახალ თაობასთან" საუბარში ჯერ კიდევ მაშინ თქვით, როცა მარიხუანის ლეგალიზება მოხდა.
- მართლაც რამდენიმე თვის წინ გითხარით ეს. იქედან მოყოლებული მთელი "ოცნება" ამის უარყოფაში იყო, ბიძინამ კი დაადასტურა, რომ მისი ინიციატივაა.
მისმა ბოლო გამოსვლებმა რომაელი სენატორი მარკუს პორციუს კატონი გამახსენა. ის ყველა თავის გამოსვლას, მნიშვნელობა არ ჰქონდა რაზე საუბრობდა, შემდეგი სიტყვებით ასრულებდა _ კართაგენი უნდა დაინგრეს. ნიცშეს გარდა ეგ, მგონი, არაფერს კითხულობს და მეეჭვება, ჰუნიკური ომები იცოდეს, მაგრამ ის ფაქტია, რომ რუსთავი 2 და ეკა კვესიტაძე კართაგენად წარმოუდგენია. ყოველი წინადადების მერე ხომ არ შეიძლება, ერთი ტელევიზია და მისი წამყვანი ახსენო?
არც ის შეიძლება, ყველა გაამართლოს, ვინც მის გვერდით დგას. ოთარ ფარცხალაძეს საერთოდ ამბრაზურასავით გადაეფარა.
- ფარცხალაძეს უბრალოდ არ გადაეფარებოდა, ალბათ აქვს საამისოდ რაღაც მიზეზი.
- ბუნებრივია, უმიზეზოდ არ გადაეფარებოდა. მას საამისოდ ბევრი მიზეზი ექნება. მთავარი ამ ისტორიაში ისაა, რომ ადამიანი რეალობას არის აცდენილი. რეალობას რომ აცდენილია, ეს მისი ერთი ფრაზიდანაც გამოჩნდა. მან პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატზე თქვა, მოხიბლული ვარ მისი ძველქართული აქცენტითო.
აკაკი შანიძე და ნიკო მარი რომ გააცოცხლო, ისინიც ვერ გეტყვიან, როგორია ძველი ქართული აქცენტი და ამან საიდანღა იცის, შუა საუკუნეებში როგორ საუბრობდნენ ქართველები?! ვინ ჩაუდო თავში ეს აზრი, არ ვიცი.
ბევრი ისაუბრა ივანიშვილმა იმაზეც, რომ ნაცები დამნაშავეები არიან. ამაზე არავინ არ ვდავობთ, მაგრამ ამ საკითხზე მასაც მინდა ასეთი კითხვა დავუსვა, ბატონო ბიძინა, საკუთარ თავს არ თვლით დამნაშავედ, რომ ეს ხალხი გვერდზე გიზით?
ყოფილი ნაცების ნაწილი მთავრობაშია გამოჭიმული, მეორე ნაწილი "ოცნებასთან" ერთად ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული. ნაციონალების ერთ-ერთი განაყოფი პარტია `ოცნების~ ლიდერთან ძალიან დაახლოებულია. სასამართლო და პროკურატურაც ნაციონალებით არის სავსე. და როცა ასეა საქმე, ვის ვაბოლებთ, ბატონო ბიძინა. აი, ამაზეა ნათქვამი, არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი წლების მანძილზე ნაციონალების მთავარი დამფინანსებელი იყო.
ან ლოგიკა სად არის, როცა გადასახადების გადაუხდელობაზე საუბრობდა და იქვე მიაყოლა, თქვენ გგონიათ, რუსთავი 2-ს არ აქვს გადასახადი, მაგრამ მათ რომ მოვთხოვოთ გადახდა, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებაო? რა გამოდის? ვისიც ეშინიათ, იმათ გადასახადების გადახდასაც არ სთხოვენ, ხოლო ვისიც არ ეშინიათ, იმათზე უნდა გადაიარონ.
მის მოსმენაზე ბევრი დავკარგე, ძალიან ყურადღებით მოვუსმინე და ძალიან სამწუხარო რამე აღმოვაჩინე. _ ეს ადამიანი რასაც ლაპარაკობს, ყველაფრის სჯერა. და, რაც მთავარია, მას ბუფერები აღარ აქვს. გარშემო სამარცხვინო კადრები ჰყავს და მათით არის აღფრთოვანებული.
ამათზეა გადაფოფრილი და იმასაც კი ვერ ხვდება, რომ ყველა დარტყმა მიდის მასზე. საქართველოში არც პრემიერს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არაფერი ეკითხება. შესაბამისად, არც პასუხი მოეთხოვებათ. ყველაფერზე პასუხის გამცემი ივანიშვილია.
გადასულია ყაჩაღების, ბაცაცების და ხულიგნების დაცვაზე. ერთი კითხვაც კი არ გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან აქვს ამ ხალხს იმის ფულები, რომ ამხელა სასახლეები ააშენონ.
არაერთხელ მითქვამს რომ "ქართული ოცნება" ეს არის სოვდაგრების, ჩარჩ-ვაჭრების და კულაკების კარტელური გაერთიანება. ამ ჩამონათვალს დავამატებდი პრარაბებსაც.
- პრარაბებს რატომ?
- რატომ და "ოცნების" დეპუტატებმა კანონშემოქმედებით საქმიანობაზე ბევრად უკეთესად იციან, თუ როგორ უნდა შეათეთრონ კედლები. გადასარევად ერკვევიან შავ, თეთრ და მწვანე კარკასებში.
სახელმწიფოებრიობაზე ოდნავი წარმოდგენა მაინც თუ აქვს ბიძინას, არ შეზარა იმ კადრმა, მისი წარმომადგენლები კალკულატორით ხელში პირდაპირ ეთერში რომ ისხდნენ და იმას ითვლიდნენ, რამდენი დაუჯდა გაჯი, ქვიშა, აგური და ა.შ.
ამიტომაც ვამბობ, რომ "ოცნება" არის ჩარჩების გაერთიანება, რომელსაც ახლა დაემატა პრარაბებიც.
ივანიშვილი გვეტრაბახება, მენეჯმენტი ჩემი "კანიოკიაო". მაგიტომ არ მატულობს ხალხისთვის ხელფასები და ამიტომ არ ეზრდებათ პენსიონერებს პენსია? ჰგონიათ, რომ კაპიკებში შენდება 5-სართულიანი სასახლეები. მიაჩნია, რომ ამის ხალხსაც სჯერა. ამ ყველაფრის მერე ივანიშვილმა დამატებით კიდევ ერთი წელი ითხოვა.
- ეს ერთი წელი რატომ ითხოვა? ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები გამოითქვა. არის ვარაუდი, რომ ერთ წელიწადში აპირებს წასვლას.
- თავისი ნებით ერთ წელიწადში არ წავა. მას ახლა დროის გაწელვა უნდა და პრეზიდენტის ინსტიტუტზე ამყარებს დიდ იმედებს. ეს პრეზიდენტი, მართალია, უუფლებო იქნება, მაგრამ მას მაინც პრეზიდენტი ერქმევა და საზღვარგარეთ მის სიტყვასაც წონა ექნება.
ივანიშვილის გათვლებით, პრეზიდენტმა უნდა გაათეთროს "ქართული ოცნების" დეგრადირებული სახე უცხოეთში. ამიტომაც არის ასეთი აღტკინებული. იმდენად არის აღტკინებული, რომ საერთოდ არ ფიქრობს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას პრეზიდენტისგან.
ფიქრობს, რომ "ოცნების" გათეთრება ერთ წელში მოხდება და ერთი წლის შემდეგ უკვე პლანის პლანტაციებს შეეთამაშება. პლანტაციების გაშენებამდე ცოტა ამოსუნთქვა უნდა.
- ყველა საკითხზე საუბრისას თავის საყვარელ ფილოსოფოს ნიცშეს რომ გვიხსენებს, ის ალკოჰოლსაც კი არ ეკარებოდა, რადგან ტკივილის გაყუჩების საშუალებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ის ადამიანს აგდებს ილუზიაში. და ბიძინა რას მიახტა ნარკოტიკებს?
- ვმართლა არ სვამდა ეს ნიცშე ალკოჰოლს. ზარატუსტრამ აუკრძალა მისი მიღება. ეს ზარატუსტრა 10 წელი საზოგადოებისგან იყო მოწყვეტილი და გამოქვაბულში ცხოვრობდა.
გამოქვაბულიდან ზარატუსტრა სრულიად განახლებული ადამიანი გამოვიდა. მე პირადად განახლებული ბიძინა ვერ ვნახე. რასაც ამბობდა ადრე, ახლაც იგივეს აცხადებს. ოღონდ მაშინ მას ზურგზე `ოცნების~ წევრების სისულელეები აკიდებული არ ჰქონდა. ახლა ამბრაზურასავით გადაეფარა პოლიტიკურ გვამად ქცეულ "ოცნებას" და ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებს.
ამ დარტყმების აცილებას უკვე ვეღარ ახერხებს. მას პასუხი არც ერთ კითხვაზე არა აქვს. მე ვიქნებოდი ბედნიერი, რომ მისგან აღიარება მომესმინა. მან მხოლოდ ის აღიარა, რომ `ოცნება~ ძალიან სუსტია და იქ დიდი ცვლილებების გატარება სურს. ცვლილებები რომ განახორციელო, ამის სურვილი და ხედვა უნდა გქონდეს.
- მას არა აქვს ამის სურვილი?
- მე ვერ ვამჩნევ ამის სურვილს. ოთარ ფარცხალაძის დაცვაზეა გადასული.
- ისეთი შემართებით აქებს, ხელისუფლებაში ხომ არ უპირებს მოყვანას?
- არც ეგაა გამორიცხული. ამბობს, ნაადრევად და უმიზეზოდ წავიდა პროკურორობიდანო.
ეს ადამიანი ცხოვრობს ირეალურ სამყაროში, ან უბრალოდ უნდა, რომ საზოგადოების ბეყე ნაწილი კიდევ გამოალენჩოს თავისი დაპირებებით. მინდა მივმართო საზოგადოებას, მოსწყდით ცოტა ხნით ამ ფეისბუქს და გვერდიდან შეხედეთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ტყუილად ჩაგიდოთ ღმერთმა თავში ტვინი?!
ახლა მოდი, შევწყვიტოთ ბიძინაზე საუბარი და ვაცალოთ თავისი "შედევრის" შექმნა _ როგორც ჰომეროსმა ილიადა დაწერა, მან რუსთავიორიადა დაწეროს.




FaceBook Twitter Google