ინტერვიუები
სალომე ზურაბიშვილი ''ოცნებას'' უკვე გაემიჯნა
''ამბობს, ეგენი უნდა გამოვიყენო და მერე სასახლეში არც ერთს არ შემოვუშვებო''

გიგლა ბარამიძე: ''ივანიშვილმა სახელმწიფოს ნაცვლად შექმნა შპს, რომელსაც ''ქართუ'' ბანკის მოლარეებით მართავს''

ვინ დააჯერა ივანიშვილი, რომ ილია ჭავჭავაძეა, რატომ ეჩვენება სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ, რას ფიქრობს თავად ზურაბიშვილი ''ოცნებაზე'' და რა სიურპრიზს უმზადებს ის პირველ მეოცნებეს, რა კავშირი აქვს ევროპულ საარჩევნო კამპანიასთან ხახვს და კარტოფილს? - ამ თემებზე ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
- ქურუმთ-ქურუმმა კიდევ ერთხელ შეადარა სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეს. რას წარმოიდგენდა ჩვენი დიდი პოეტი, გრიგოლ ორბელიანი, რომ მის დიდებულ მეტაფორას _ თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში, ვინმე ზურაბიშვილი ჩაენაცვლებოდა. ამ დიდებული მეტაფორის ნაცვლად, 21-ე საუკუნეში მივიღეთ ''სალომეას სახე ბეთანიის ეკლესიაში''.
- შესაძლოა, თქვენ ''ოცნებას'' ახლა იდეა მიაწოდეთ _ ისე გამწარებით ადარებენ ზურაბიშვილს თამარ მეფეს, რომ არაა გამორიცხული, ის ფრესკაზეც გამოსახონ.
- ფრესკაზე ალბათ არ გამოსახავენ. ხომ ხედავთ, ბილბორდებიდანაც ააფხრიწეს მისი სახე.
რაც შეეხება ''იმედის'' ეთერში გასულ ივანიშვილის ინტერვიუს, ველოდი, რომ ის ნიცშეანური მეტაფორით იქნებოდა გასიმბოლოებული. მივიღეთ ''ოცნების'' ქურუმთ-ქურუმის დაპირება _ ერთ წელიწადში გაჩვენებთ ევროპასო.
ევროპაში ჩვენ, ქართველები, იმაზე ხშირად დავდივართ, ვიდრე ეგ საკუთარ სოფელ ჭორვილაში ჩადის და ერთი გვითხრას, რომელი ევროპა უნდა გვაჩვენოს. თუ მაგისთვის ევროპა ისაა, სადაც ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით 37.000 დოლარიან სასახლეებს აშენებენ? თუ ესაა მისი ევროპა, ეგეთ ევროპას საქართველოს მოქალაქეები არ ვცნობთ, ნამდვილი ევროპის შესახებ იქეთ მოვუყვებით.
სალომეა რომც დანიშნონ საქართველოს პრეზიდენტად, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ''ქართული ოცნება'' დამარცხებულია. დამარცხებულია იმიტომ, რომ პანდორას ყუთი უკვე გაიხსნა. საზოგადოებამ კარგად დაინახა ამ ძალის ნამდვილი სახე.
იმის ნაცვლად, რომ რაღაცის გამოსწორებაზე იზრუნონ, ''ოცნება'' და მისი ქურუმთ-ქურუმი საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას აგრძელებენ. ამაში მათ მხარს დენიკინის დროინდელი მომხრეებიც უბამენ. ამ დენიკინის დროინდელებს ხშირად ვხმარობ, მაგრამ მართლა ეგეთი ხალხი ჰყავს გარშემო.
დენიკინის დროინდელები ხმაშეწყობილად გაიძახიან, კი გვაწყენინა ''ოცნებამ'', მაგრამ ჯერ დავამარცხოთ ნაცები, რომ არ მოვიდეს მიშა და მერე მივდგეთ ამათ. დენიკინის დროინდელებმა კარგად იციან, რომ ტყუილს ამბობენ, მაგრამ არ ადარდებთ. მათთვის მთავარია, რომ სალომეას, ამ სუსტ საპრეზიდენტო კანდიდატს კარგად შეუძვრნენ, რომ მერე, როცა პრეზიდენტად დაინიშნება, მისგან თანამდებობები მიიღონ.
ნაცების შესაძლო დაბრუნებაზე ''ოცნება'' ტყუის. ''ოცნების'' ხელშეწყობით, ეს დამნაშავე ძალა უკვე მოსულია. მათ არჩევნებზე 750.000 ხმაც მიიღეს და ლეგიტიმაციაც აქვთ. აღარაფერს ვამბობ, რომ მათ უჭერს მხარს მოსამართლეების კოჰორტა, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ნაწილი.
''ოცნებამ'' 6 წელი იმუშავა იმისთვის, რომ ჯიბე გაესქელებინა და ერთადერთ პოლიტიკურ ოპონენტად ჰყოლოდა ნაცები, რომლებიც, როგორც უკვე გითხარით, მოსულები არიან.
მინდა მიშას შესაძლო ჩამოსვლაზე ატეხილ ისტერიასაც გამოვეხმაურო. განსაკუთრებით მამაკაცებს მივმართავ _ ასე როგორ დაეცით, რომ ერთი კაცის დაბრუნების გამო შიშით გული გისკდებათ. არადა, რომ გკითხოთ, ისეთი მამაცები ხართ, ფეისბუქპოსტების მიხედვით, თქვენი შიშით კავკასიონის მთები იწრიტება.
ან ამ მიშას დაბრუნებით რომ აშინებთ ხალხს, რისი დამბრუნებელია ეგ? რაღაცას რომ ამბობთ, რეალობაც უნდა იცოდეთ.
- ამათ იმის ეშინიათ, რომ ვაშაძე პრეზიდენტი თუ გახდა, სააკაშვილს შეიწყალებს.
- ვთქვათ, გახდა ვაშაძე პრეზიდენტი და მართლა შეიწყალა მიშა. სანამ ის საქართველოს საზღვარს მოადგება, მის წინააღმდეგ სხვა საქმეების აღძვრა არ შეიძლება? ერთი შეწყალებიდან მეორე შეწყალებამდე 6-თვიანი პროცედურებია. მიშა 6 თვე ციხეში ჩამჯდომია? ხელისუფლების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები არის ჩვეულებრივი ტყუილი.
- ზემოთ აღნიშნეთ, ბილბორდებიდან სალომე ზურაბიშვილის ფოტოები ააფხრიწესო. ფოტოების საყოველთაო აფხრეწვამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენ ''ახალ თაობასთან'' ინტერვიუში თქვით, რომ ივანიშვილი უკვე ნანობს, ეს ქალი საპრეზიდენტო კანდიდატად რომ წარადგინაო. აფხრეწვა ამ სინანულს უკავშირდება? ან თუ ნანობს და ფხრეწს, თამარ მეფეს რაღას ეძახის?
- არანაირი თამარ მეფე არაა ეგ ქალი. ისეთივე თამარია სალომეა, როგორც ძველ ქართულად მეტყველებს. ივანიშვილს ეტყობა ჰგონია, რომ ვინც ქართული ენა კარგად არ იცის, ის ძველ ქართულად ლაპარაკობს. თუ ქურუმთ-ქურუმი მართლა ასე ფიქრობს, მაშინ მისი საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. ძველ ქართული კილო როგორი იყო, ეს ნიკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმაც კი არ იცოდნენ. ბიძინა ივანიშვილმა საიდან იცის, შუა საუკუნეებში ან ფარნავაზის ეპოქაში რა ინტონაციით საუბრობდნენ ქართველები.
ადრეც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ ქალის წარდგენას უკვე ნანობს ივანიშვილი. ამიტომაც აღარ ჩანს ეს ქალი ბილბორდებზე. ბილბორდების ნაწილზე მის ნაცვლად ნაციონალები გამოჭიმეს.
მივმართავ ხელისუფლებას, სიქსტის კაპელასავით რომ გამოგვიჭიმეთ ეს ნაციონალები, მათი ყველა ლიდერი რატომ არ არის ბილბორდზე გამოსახული? იქნება იმიტომ, რომ ისინი ბატონ ბიძინასთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ?
ნაციონალური მოძრაობა არის სისხლიანი ნაგავი, ხოლო ''ქართული ოცნება'' მექრთამე-პოლიტიკოსების ნაგავია. ამიტომ არაა აუცილებელი, ამ ორი ძალიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ გააკეთო არჩევანი.
- არჩევნების მეორე ტურში ამ ორი ძალის კანდიდატები გავიდნენ და ვიღაცას ხომ უნდა მისცეს ხალხმა ხმა? თქვენი პარტია ვის უჭერს მხარს?
- ჩვენი პარტია ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ჩვენ გვინდა, რომ ერთიც დამარცხდეს და მეორეც. საქართველოში მესამე ძალის შექმნა აუცილებელია.
ორპოლუსიანობა მხოლოდ ნაცებს და ქოცებს აწყობს. ''ოცნება'' თავის დენიკინის დროინდელი მომხრეებით ხალხს ატყუებს, მიშა დაბრუნდებაო. გიმეორებთ, რომ ეს არის ტყუილი _ სააკაშვილი უახლოესი ორი წელი საქართველოში ვერ დაბრუნდება.
- ივანიშვილი თავის ბოლო ინტერვიუში რაღაცნაირ თვითგვემას მიეცა. აღიარა, რომ ხალხი გაბრაზებულია და ''ოცნებამ'' გრძნობადობა დაკარგა. ეს თვითგვემაც მოჩვენებითია თუ მართლა გააანალიზა, რაც ხდება?
- ამას მე თვითგვემას ვერ დავარქმევ, ეს იყო აღიარებითი ჩვენება. წინა ინტერვიუში თავის გუნდზე თქვა, სუსტი და მოუქნელიაო, ახლა ამბობს, დაშლის პირას იყოო. ვიცი, რომ ამის სათქმელად ენა არ მოუტრიალდება, მაგრამ თავის გუნდზე აუცილებლად უნდა თქვას, რომ ეს არის სუსტი, უქნარა, მომხვეჭელი, მექრთამე და კორუმპირებული ძალა.
რაც შეეხება გრძნობადობის დაკარგვას, მართლა დაკარგული აქვთ მგრძნობელობა. რეალობის აღქმა არ უნდათ და ნაციონალების გამოყენებით უნდათ, თავიანთ გარშემო ხალხის კონსოლიდირება მოახდინონ.
არავის უჩნდება კითხვა, რატომ ჩააფრინდნენ ასე სრულიად უუნარო პრეზიდენტის სავარძელს? ჩააფრინდნენ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ. ქურუმთ-ქურუმი პირდაპირ გვეუბნება, ერთი წელიც მომეცით, რომ ჩემმა გუნდმა კიდევ უფრო მეტი მოიპაროსო.
ესენი ახლა ფინანსურ-პოლიტიკურ ედემში იმყოფებიან. მცირე გამონაკლისის გარდა, სოციალური არარაოებები და უნიჭოები მიშვებული არიან საძოვარზე და მეწველ ძროხასავით წველიან გაუბედურებულ საქართველოს. გიჟები ხომ არ არიან, ამ ედემიდან წამოვიდნენ.
- ''ოცნების'' ლიდერს ეს ერთი წელი რატომ აქვს ამოჩემებული? რას აპირებს ამ 1 წელში, საპარლამენტო არჩევნები 2 წლის შემდეგ არის.
-
5 წელი მაცალეთო, რომ თქვას, ხალხი აღარ გამოუცხადებს ნდობას და 1 წელი საზოგადოებამ შეიძლება კიდევ მიუგდოს. 6 წელი ვერაფერი გააკეთეს და 1 წელში რა უნდა მოასწრონ.
ეს არის ტყუილის კლასიკური ნიმუში, ისევე როგორც 600.000 მევალისთვის ვალების განულება. მართლა თუ ამის გაკეთება უნდოდა, აქამდე სად იყო. მეორე ტურამდე 9 დღით ადრე რატომ გაიხსენა ეს თემა. არანაირი 600.000 მევალე არ არსებობს. მათი უმეტესობისთვის ბანკებს ვალები უკვე ჩამოწერილი აქვთ.
მართლა რამის გაკეთება თუ უნდოდა, იმ ხალხისთვის მიეხედა, ვისაც ბანკებში სახლები, მანქანები და ნაკვეთები აქვს ჩადებული. ვალების განულებას არავინ ითხოვს, ბანკებმა პროცენტები უნდა დაწიონ. ბანკების მიერ წართმეული სახლების დაბრუნებაა საქმე და არა _ ეს არარსებული პრობლემა, უკვე ჩამოწერილი ვალების განულებას რომ აპირებენ.
იმას კი არ ამბობენ, წარმოებას განვავითარებთო, ხალხს ეუბნებიან, ახლა რაღაც ვალებს ჩამოგაწერთ და მერე რაც გინდათ, ის ქენითო. ამას რომ უყურებთ, სეთური არ გახსენდებათ? სეთური, რომელიც თავის მონებს აშიმშილებს.
ზემოთ ვსაუბრობდით, რომ ივანიშვილი უკვე ნანობს სალომეს კანდიდატურის წამოყენებას. ექსკლუზივის სახით გეუბნებით, რომ თავად ზურაბიშვილიც დასანახად ვერ იტანს ''ოცნების'' ხალხს, განსაკუთრებით ქალებს.
პირად საუბრებში ამბობს, ესენი უნდა გამოვიყენო, გავხდე პრეზიდენტი და მერე სასახლეში არც ერთს არ შემოვუშვებო. და ბიძინა თუ ისე არ მოიქცევა, ეს პირველი აპირებს, დაიწყოს კამპანია ''არა ოლიგარქს''. ქურუმთ-ქურუმს ევროპაში ისედაც თავი აქვს მოჭრილი.
ისიც იცოდეთ, რომ ზურაბიშვილს პრემიერის პოსტზეც უჭირავს თვალი და თუ პრეზიდენტად დაინიშნა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაც აქვს გადაწყვეტილი.
მას უკვე ჩამოწერილი აქვს იმ ხალხის სია, ვინ დანიშვნასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსთხოვს ივანიშვილს.
- ვისთვის და რა თანამდებობებს ითხოვს?
- რამდენიმე ქვეყანაში ითხოვს ელჩებად თავისი ხალხის დანიშვნას. გამზადებული აქვს მოსამართლეების სიაც. თავდაცვის სამინისტროზეც უჭირავს თვალი.
- ვინ უნდა დანიშნოს ამ თანამდებობებზე, თავისი გუნდი ჰყავს?
- გუნდი არ ჰყავს. მას გარს მლიქვნელები ახვევიან. მათ დაასაქმებს. საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო, ოფიციალური დელეგაცია რომ სადმე წავიდოდა, ორი-სამი დღე იკარგებოდა და მერე ხან მთის კურორტზე აღმოჩნდებოდა, ხან სხვაგან სადმე. მას მუშაობის ასეთი სტილი აქვს.
გარემოცვაც ასეთივე ჰყავს და ამ გარემოცვის გამო მას უკვე ღიად დასცინიან ''ოცნებაში''. ამბობენ, პიარის ისეთი სპეციალისტები მოიყვანა, რომლებიც პიარის აზრზე არ არიან და ყველაფრის გაკეთება ჩვენ გვიწევსო. დაცინვას სალომე ამჩნევს და ამას გულში იდებს. იმაზეც იბოღმება, რომ მას გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს.
- არც იმით აღფრთოვანდებოდა, ბილბორდებიდან მისი სურათები რომ ჩამოხიეს და ''ოცნების'' ლიდერები გამოფინეს.
- ამაზე სულ გადარეულია. ბილბორდებზე მისი სურათების აფხრეწვის და იქ ''ოცნების'' ლიდერების პორტრეტების გაკვრის შემდეგ, კიდევ როგორ ამბობენ, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატია.
თავი რომ წაგვჭამეს, ევროპული კამპანია გვაქვსო, რა არის ევროპული კამპანია, კარტოფილს და ხახვს რომ იარაღით არიგებენ? ან იქნებ ისაა ევროპული კამპანია, ხალხს სალომესთვის ფულის გადარიცხვას რომ აიძულებენ. ამის შემყურე მონტესკიე ალბათ საფლავში ტრიალებს.
- როგორც თქვენ ზემოთ უკვე თქვით, ამათ ევროპა აშკარად სხვა რამე ჰგონიათ, რასაც ნამდვილ ევროპასთან საერთო არაფერი აქვს.
- ამათი ევროპა სადღაც სხვაგან არის. ან რას შეგვჭამა იმით, რომ საფრანგეთის რომელიღაც პროვინციაში დაიბადა. ნახევარ საქართველოს აქვს ევროპა მოვლილი და აქ ევროპულ ღირებულებებს ვერავის ასწავლი.
სალომემ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს შეგვჭამა იმის ძახილით, რომ ის ქართული სათვისტომოს და ემიგრანტების სახე იყო. ერთმაც უარი უთხრა საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორემაც.
ისევ მისი და ''ოცნების'' დაპირისპირებას დავუბრუნდები. ჩვენმა საზოგადოებამ ერთ მნიშვნელოვან დეტალს არ მიაქცია ყურადღება. რამდენიმე დღის წინ სკანდალი აგორდა, რომ ''ოცნებამ~ შავი პიარის მეფე გლუკჰაფტი ჩამოიყვანა. ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილსაც დაუსვეს კითხვა, ის მმართველ პარტიას მაშინვე გაემიჯნა და თქვა, ის ჩემი პიარი არაა, ''ოცნებისააო''.
არადა მთელი გუნდი მაგაზე მუშაობს.
ტყუილად არ ვამბობ, რომ ამ ქალს უკვე თავში უზის კამპანია ''არა ოლიგარქს''. როგორც კი პრეზიდენტი გახდება, პირველი, რასაც გააკეთებს, იქნება ის, რომ წავა ევროპაში და გაემიჯნება ''ოცნებას''. მათთან გამიჯვნას უკვე ახლავე ცდილობს.
- ივანიშვილს თავისი გუნდიც ხომ არ გაემიჯნება? ბოლო ინტერვიუში ისინი სერიოზულად გააკრიტიკა.
- თავის გუნდზე საუბრისასაც არ არის თანმიმდევრული. არჩევნების შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში თქვა, ძველი გვარდია უნდა დავაბრუნოო. მერე თავადაც მიხვდა, რომ ამ ძველ გვარდიაზე კარგად არ გამოუვიდა და ახლა ამბობს, ერთგულების ნიშნით აღარავინ დასაქმდებაო. მოკლედ, მიედ-მოედება. მართალია, მიედ-მოედება, მაგრამ ამ ერთმა კაცმა მოახერხა ის, რომ 30 საუკუნოვანი ისტორიის ერს დასჯდომოდა თავზე.
რომელ ევროპულობაზე ვბაქიბუქობთ, როცა ქურუმთ-ქურუმი აზის ქვეყანას თავზე და დემოკრატიის სახელით, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ეს არის რეალობა, ვინ იქნება პრეზიდენტი, სალომე თუ პეტრუზა, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
სახელმწიფო მე ვარო, თქვა იმ ქვეყნის მეფემ, რომლის მოქალაქეც ქურუმთ-ქურუმია. იმ მეფემ ეს რომ თქვა, სახელმწიფოც შექმნა, მაგრამ ამან შპს გააკეთა, რომელსაც ''ქართუ'' ბანკის მოლარეებით მართავს.
ჩვენ კიდევ ვზივართ და მაგის ინტერვიუებს ვუსმენთ. ნორმალურ ქვეყანაში ადენაუერის გამოსვლას არ უსმენდა ხალხი. არ უსმენდა იმიტომ, რომ მეცნიერი ფოლიანტებს წერდა, სპორტსმენი სპორტსმენობდა, სტუდენტი სწავლობდა. ჩვენ რა შეგვრჩა ხელში? პლანი და კაცი, რომელიც ზღაპრებს ყვება.
მუცლით მეზღაპრეობა გამიგია, მეროჭიკე ბერობაც, მაგრამ ივანიშვილი ახლა მთლად უფეხო ტყუილებზე გადავიდა. ტყუილები რომ გასდის, ეს პირველ რიგში საზოგადოების და იმ ბიზნეს-ინტელიგენციის ბრალია, რომელიც ივანიშვილს ახვევია.
ამ ხალხს ინტელიგენციასთან საერთო არაფერი არა აქვს. ზოგს სამარშრუტო ტაქსების ხაზები აქვს, ზოგი ბინებს აქირავებს, ზოგსაც მაღალ თანამდებობებზე ჰყავს შვილები.
ქართველ ერს ივანიშვილი იმის თქმას ვერ უნდა უბედავდეს, რომ მე გაჩვენებთ რა არის ევროპა. ჩვენ ვიცით, რა არის ნამდვილი ევროპა, მაგრამ ის არ არის ილია ჭავჭავაძე. ერთმა ქალმა ის შეადარა ილიას და ამისთვის პარლამენტიდან სასწრაფოდ გადაიყვანა საკონსტიტუციო სასამართლოში. მას ილია ერთი მაღალი თანამდებობის პირმაც შეადარა, მაგრამ არ არის ერის მამა და რატომ ითხრის ძირს, ვერ გამიგია.
ამ ყველაფერში ზოგადად დამნაშავე არის ქართველი კაცი, რომელმაც ბოლო პერიოდში მსოფლიოს თავი ჩახდილი შარვლებით და პლანის ქეშაობით დაამახსოვრა. არც ატოცი ახსოვს ვინმეს და არც - სამშობლოსთვის დაღუპული გმირები. მეტსაც გეტყვით, მზად არიან, ისინიც გაასამართლონ ჰააგაში.
ქურუმთ-ქურუმი ხშირად საუბრობს ნიცშეზე, მაგრამ სინამდვილეში მაგის სამაგიდო წიგნი ''დათა თუთაშხიაა'' გადახედეთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას და სულ ამ ნაწარმოებიდან არის სცენები.

FaceBook Twitter Google