ინტერვიუები
''ოცნება'' უკვე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ფიქრობს"
გიგლა ბარამიძე: ''მივმართავ ''ქართულ ოცნებას'', ეს რა დღეში ჩაგაგდოთ თქვენმა უთავობამ, უცოდინრობამ და უპრინციპობამ''
რატომ დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი მინისტრების ნაწილს, რა გეგმა მზადდება ''ოცნებაში'' მის წინააღმდეგ, რას უნდა ველოდოთ თელავში ჩატარებული ინაუგურაციიდან? - ამის შესახებ ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება დედაქალაქში. საქართველოშიც ასე იყო, მაგრამ ახლა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში უნდა გაიმართოს. რატომ აირჩიეს თელავი? აქ ''ოცნების'' ნებიერამ ორივე ტური წააგო.
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლო სიყალბე გახდა. ''ქართულმა ოცნებამ'' წინასაარჩევნო კამპანიაც სიყალბით დაიწყო და სიყალბეს არც არჩევნების შემდეგ ანებებს თავს.
ყალბია ის განმარტებები, თუ რატომ ტარდება ინაუგურაცია თელავში. ამბობენ, რომ კონსტიტუციაში დედაქალაქად თბილისი არ არის მითითებული, აღნიშნავენ, რომ პარლამენტი არის ქუთაისში. მოკლედ, მიედ-მოედებიან რაღაცებს.
მივმართავ ''ქართულ ოცნებას'', ეს რა დღეში ჩაგაგდოთ თქვენმა უთავობამ, უცოდინრობამ და უპრინციპობამ. ისეთ დღეში ხართ, ინაუგურაციის ჩასატარებლად ადგილს ვერ პოულობთ. პრეზიდენტის ინაუგურაცია ყველგან დედაქალაქში ტარდება, თქვენ კი რაღაცების შიშით თბილისიდან გაიქეცით. ეს არის თქვენი უნიათობის კიდევ ერთი მაგალითი.
ერთ ნოვატორულ წინადადებას გთავაზობთ - ''ოცნების'' მდედრნო და მამრნო, ამდენს ნუ წვალობთ და ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩაატარეთ. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება.
დიახ, ინაუგურაცია იმ ადამიანის სასახლესა და მის შემოგარენში უნდა ჩატარდეს, რომელმაც ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად დანიშნა. ბიძინა ივანიშვილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სასახლე საქართველოში არ მოიძებნება.
ივანიშვილის სასახლეში ინაუგურაციის გამართვა ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც პატრონი თავის საპატრონოს თავის სასახლეში უპატრონებს. უპატრონებს და ამით დაესმება წერტილი იმ აბრაკადაბრას, რომელსაც საქართველოში პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები ჰქვია.
ივანიშვილის შემოგარენში თუ გაიმართება ინაუგურაცია, ამით საბიუჯეტო სახსრებსაც დავზოგავთ. არა მგონია, მილიარდერმა სასახლის იჯარის ფული გამოართვას თავის საპატრონოს.
- მშვენიერი იდეა მიაწოდეთ, მაგრამ ადგილი უკვე შერჩეულია. თქვენი აზრით, მეფე ერეკლეს სასახლე რატომ შეარჩიეს?
- ეტყობა, ქალბატონ სალომეას გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ ნოსტალგია აქვს. ახლა იბადება კითხვა, თუ დედაქალაქში არ ატარებ ინაუგურაციას, მაშინ მაინცდამაინც თელავი რატომ აირჩიე? ამას განმარტება სჭირდება.
- ამბობს, რომ ყველას პრეზიდენტია და იმ ქალაქში უნდა ჩაატაროს ინაუგურაცია, რომელმაც ის არ აირჩია.
- ეგრე რუსთავიც წააგო და ამ ქალაქში ჩაეტარებინა ინაუგურაცია. ეს გამართლება არ არის.
- არჩევნების წინ ივანიშვილმა ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა. იქნებ ამიტომ შეარჩიეს მეფის სასახლე?
- ამათ მეტი გაქანება მართლა არა აქვთ. წავლენ-წამოვლენ და მიადგებიან წმინდან მეფეს. 21-ე საუკუნეში დანიშნული პრეზიდენტის თამარ მეფესთან შედარება ცოტა უხერხულია.
მინდა, მივმართო ''ოცნების'' უვიცებს _ ნუ ეთამაშებით ჩვენს წინაპრებს. თამარი არა მარტო დიდი მეფე, არამედ წმინდანიც იყო. წმინდანებს მაინც დაანებეთ თავი.
როგორც უკვე გითხარით, ამათ მეტი გაქანება არა აქვთ და, რადგან იმ მილიარდერმა თქვა, ჩათვალეს, რომ სალომე თამარ მეფეა. და ამაში თუ ასეთი დარწმუნებული არიან, მაშინ რატომ არ ატარებენ ინაუგურაციას თამარ მეფის საუფლისწულოში _ ვარძიაში ან ახალციხეში. ახალციხეში თამარ მეფის ძეგლიც არის.
- თამარ მეფის ძეგლი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთში, მგონი, თქვენი გუბერნატორობის დროს დაიდგა.
- ეს ძეგლი უშუალოდ ჩემი ინიციატივით დაიდგა. პირადად მოვიზიდე თანხები საიმისოდ, რომ წმინდა მეფე თამარისთვის ძეგლი დაგვედგა სამცხე-ჯავახეთში. ამ კეთილი საქმის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არ დახარჯულა. ეს შემოქმედი ახალგაზრდების საჩუქარია.
- ისეთ მწარე რამეები გაქვთ სალომე ზურაბიშვილზე ნათქვამი, შეიძლება იმის გამო თქვა ახალციხეში უარი ინაუგურაციაზე, რომ თამარის ძეგლი თქვენი ინიციატივით დაიდგა.
- არ გამიკვირდება, რომ მიზეზი ესეც იყოს. უნდათ თუ არა, ეს ძეგლი მაინც თქვენს მონა-მორჩილთან არის დაკავშირებული.
ინაუგურაციის ჩატარება კიდევ ბევრგან შეიძლებოდა, თუნდაც მცხეთაში, სხვა თუ არაფერი, აქ უფლის კვართია დასვენებული, მაგრამ თელავი შეარჩიეს. როგორც უკვე აღვნიშნე, გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ აქვთ ნოსტალგია. მეფე ერეკლე სწორედ ამ ტრაქტატთან ასოცირდება.
ერეკლე მეფის ორიენტირები რუსეთისკენ იყო და ეს ყველაფერი ''ოცნებას'' რაღაცას ახსენებს.
ინაუგურაციის თემას არ ეხება, მაგრამ ერთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ ექსკლუზიურად. 28 ნოემბერს, როცა გამოცხადდა არჩევნების შედეგები და ''ოცნება'' ზეიმობდა, ზურაბიშვილი მილოცვებს იღებდა. რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს ძალიან ცივად დაელაპარაკა სალომეა.
ისე შეუბღვირა ამ ქალმა ''ოცნების'' მაღალჩინოსნების ნაწილს, რომ ივანიშვილთან ძალიან დაახლოებულმა პირმა ვიწრო წრეში თქვა, დროა, იმპიჩმენტისთვის ვემზადოთო.
- ეს სერიოზულად თქვა იმ პირმა თუ ხუმრობით?
- მწარე სიცილითა და ნახევრად ხუმრობით თქვა. ვიწრო წრეს უთხრა, იმპიჩმენტის მექანიზმის ასამუშავებლად უნდა მოვემზადოთ, ეს ქალი როდის რას გამოაგორებს, კაცმა არ იცისო.
- რაღაც დოზით იმპიჩმენტისთვის მართლაც ემზადებიან. მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, პრეზიდენტის დაფინანსება ძალიან შემცირდა.
- ყველაფერი შეუმცირეს, ბიუჯეტიც, წარმომადგენლობითი ხარჯებიც და საშტატო ერთეულიც. ამაზე საზოგადოება აღშფოთდა, მაგრამ სალომეს ეს დიდად არ ანაღვლებს.
- რატომ არ ანაღვლებს?
- აშკარაა, რომ ეს მისთვის სულ ერთია. ის გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია, სადაც საქართველოს დროშა იყო აღმართული და დანიშნულ პრეზიდენტს გუშაგები დაახვედრეს. ეს ქალი კი ოფიციალურ შეხვედრაზე ჩექმებით მივიდა.
- ჩექმებით გასეირნებას დიდი ამბები მოჰყვა. ევროპელმა დიპლომატმა, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, იმდენი უნდა იცოდეს, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩექმებით არ უნდა მიხვიდე.
- ჩექმებით ოფიციალურ შეხვედრაზე არავინ მიდის, მით უმეტეს პრეზიდენტის სასახლეში. წითელ ხალიჩაზე ჩექმებით გავლა არც სვეცკაობაა და არც _ ევროპული მიდგომა.
ევროპული მიდგომა არც კარტოფილითა და ხახვით არჩევნების მოგებაა. ევროპელმა დამკვირვებლებმა ერთხმად აღიარეს, რომ ეს იყო უმძიმესი არჩევნები, მათ ამერიკელებიც დაეთანხმნენ.
- სასახლესა და ოფიციალურ შეხვედრას ჩექმები არ უხდება, მაგრამ კარტოფილზე ზედგამოჭრილია.
- კარტოფილს ჩექმა ნამდვილად უხდება, ვერაფერს იტყვი. ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე კარგი პრეზიდენტი იყოს.
- იქნება კარგი პრეზიდენტი?
- მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, მინდა, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს. ამასთან, ვაფრთხილებ ''ქართულ ოცნებას'' - ემზადეთ ტრაგიკომედიური სცენარებისთვის.
- რას გულისხმობთ, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ.
- ძალიან მალე ყველა ვნახავთ, რაც მოხდება. ''ოცნებას'' კიდევ ერთხელ ვეუბნები, ტრაგიკომედიებისთვის ემზადეთ, ემზადეთ, ემზადეთ.
- აქამდე რა პროგნოზიც გააკეთეთ, ყველაფერი გამართლდა და საინტერესოა, ესეც თუ გამართლდება.
- რა თქმა უნდა გამართლდება. არჩევნებამდე ბევრად ადრე ვთქვი ''ახალ თაობასთან'' საუბარში, სალომე როგორც კი პრეზიდენტად დაინიშნება, ხალხოსნობას დაიწყებს-მეთქი. ამის ნიშნები უკვე არის.
- ის მართლაც აპირებს ხალხოსნობას, ამბობს, რომ უნდა, ისეთი პრეზიდენტი იყოს, რომელიც ხალხთან ახლოს იქნება და ქუჩაში დალევს ყავას.
- ქუჩაში სიარული, ყავის სმა და სვეცკაობა მალე მობეზრდება. როცა მობეზრდება, მერე უკვე ხელისუფლების საქმეებში ჩაერევა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
საპარლამენტო არჩევნები როგორც კი მოახლოვდება, მოინდომებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის სახით წარმომადგენლობა ჰყავდეს.
დაიწყება ელჩების დანიშვნა და გადაირევა, როგორ, ელჩებს ნიშნავენ და მე არ მეკითხებიანო. კონსულებთან დაკავშირებითაც იმავეს იზამს. დაფინანსების შემცირებაზეც ატეხს ერთ ამბავს.
- ამ ეტაპზე არაფერს ამბობს.
- იტყვის. მოიმიზეზებს, საარჩევნო კამპანიით ვიყავი დაკავებული, ხალხს ვხვდებოდი და ბიუჯეტი როგორ შემიკვეცეთო.
გაახსენდება, რომ აქეთ-იქით უნდა იფრინოს და იქ თავისი გარემოცვა უნდა წაიყვანოს. ამისთვის დამატებით თანხებს მოითხოვს.
მერე შეწყალების საქმეებსაც მიხედავს. გაახსენდება, რომ ციხიდან არიან გამოსაყვანი მისი დაქალებისა და ძმაკაცების ახლობლები.
ამიტომ ვეუბნები ''ოცნებას'', დიდი ტრაგიკომედია, ფარსი და სილამაზე გველის წინ. მინდა, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს, მაგრამ ბევრი რამე მაეჭვებს.
- ''ოცნება'' მის მოთხოვნებს შეასრულებს?
- ყველა მოთხოვნას არ შეუსრულებენ და მაშინ დაიწყება ტრაგიკომედია. სცენებს ელოდნენ ივანიშვილი და მისი მინისტრებიც, რომლებსაც საკუთარი აჩრდილის ეშინიათ.
თავში გითხარით, რომ ამ არჩევნების თანმდევი იყო სიყალბე. სიყალბეს ვინ ჩივის, კონსტიტუციის დარღვევასაც არ მოერიდნენ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში ორი სახელმწიფო ენა არსებობს _ ქართული და აფხაზური. კანონის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენები მხოლოდ ქართულ და აფხაზურ ენაზე უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი.
დიდი პატივისცემა მრავალსაუკუნოვან სომხურ და აზერბაიჯანულ კულტურას, მაგრამ რა აუცილებელი იყო ბიულეტენების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდვა!
ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან ჩასახლებული, ქართული ენა კარგად არ იციან. ეს პირველ რიგში სახელმწიფოს დანაშაულია. სახელმწიფოს უნდა ეზრუნა, რომ მათ კარგად ესწავლათ ქართული ენა.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეთნიკურ უმცირესობებს გიორგი მთაწმინდელის თეოლოგიური ნაშრომების ან ილია ჭავჭავაძის ''სარჩობელაზეს'' წაკითხვა მოეთხოვება. მათ ელემენტარულად ანბანი მაინც უნდა იცოდნენ, რათა კანდიდატების გვარები წაიკითხონ.
ხელისუფლება ვალდებულია, სახელმწიფო ენას სცეს პატივი, მაგრამ ვისგან ვითხოვ ამას? ''ოცნებამ~ ოღონდ ხმები მიიღოს და სახელმწიფო ენად ქართულის ნაცვლად სხვა ენას გამოაცხადებს.
- მოდით, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებზეც ვისაუბროთ. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. თქვენი პარტია, დემოკრატიული მოძრაობა, აპირებს გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში შესვლას?
- მე მახსენდება გიორგი მერჩულის სიტყვები, რომელსაც თანამედროვე ენაზე გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინას უყვარს ძველქართულად საუბარი. მას თუ დავუჯერებთ, დანიშნული პრეზიდენტი ძველქართული ინტონაციით საუბრობს. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი ვარ, მაგრამ მეც კი არ ვიცი ძველქართული ინტონაცია და კილოკავი, ამ მილიარდერმა სად ისწავლა, არ ვიცი.
დავუბრუნდები გიორგი მერჩულის სიტყვებს. ის ამბობს _ მას შემდეგ, რაც ქართველები მართლმადიდებლები გავხდით, არც მარჯვნივ გადავიხარეთ და არც მარცხნივ. ის ამბობს, რომ ჩვენში იმდენად არის მართლმადიდებლობა გამჯდარი, რომ ყოველგვარი სექტანტიზმი უცხოა.
ეს შედარება ჩვენს პარტიასთან ცოტა უხეშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიისთვის ამოსავალი ეროვნული ინტერესებია, არც მარჯვნივ გადაგვიხვევია და არც მარცხნივ. დღემდე არავისთან არ ვართ შეკრულები და არც იმ ძალიან მდიდარი კაცის ვალი არა გვაქვს.
დემოკრატიული მოძრაობის პოზიცია ასეთია - დემოკრატია და ხალხის აზრის გამარჯვება თუ გვინდა, აუცილებელია საარჩევნო გარემოს შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ გაგრძელდება ის ფარსი, როცა ნაციონალები და ''ოცნება'' პარლამენტში ადგილებს გადაინაწილებენ.
FaceBook Twitter Google