ინტერვიუები
“აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე შვეიცარიული კომპანია მუშაობს”
ლავროვის ვიზიტი სოხუმში, რას ამბობენ სომხეთში აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე, რის ჩაწერას აპირებდა “ქართული ოცნება” კონსტიტუციაში? - ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლებამ მოკრძალებულად გააპროტესტა. ლტოლვილთა და განახლების მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით, ეს ვიზიტი უკანონოა და წინა ვიზიტებისგან არაფრით განსხვავდებოდა. თქვენ რას იტყვით ამ შეფასებებზე?
- ეს ვიზიტი წინა ვიზიტებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. სერგეი ლავროვმა აფხაზეთში რუსეთის საელჩო გახსნა, რაც ოკუპაციაზე ბეჭდის ხელმეორე დასმაა. ლავროვის წასვლა-წამოსვლაზე ბევრად უარესია ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სამაჩაბლო, კოდორი, აფხაზეთი აღარ ახსოვს. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღარ სტკივათ და იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიხანგრძლივონ ტკბილი არსებობა ხელისუფლებაში.
ლავროვი სოხუმში ჩამოსვლას რომ აპირებდა, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო ცნობილი. საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ერთი წლით ადრე უნდა აეტეხა განგაში. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლებას იმის გეგმაც კი არა აქვს, თუ როგორ უნდა დაიწყოს მუშაობა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე. არც ის იციან, ამაზე პირდაპირ რუსეთს უნდა ელაპარაკონ თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სთხოვონ დახმარება.
ამათ რომ ჰკითხო, დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ არც ისინი აქტიურობენ დიდად, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. არადა, აქტიური ქმედებებია საჭირო.
- აქტიურ ქმედებებში რას გულისხმობთ?
- მოლაპარაკებების წარმოებას. აქტიური ქმედებები ჩვენს პოლიტიკოსებს რატომღაც ტანკების დაქოქვა ჰგონიათ. ხელისუფლებამ დასავლელ მეგობრებს უნდა სთხოვოს, რომ მათმა მთავრობებმა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხიც დააყენონ. ამის ნაცვლად გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და ამაყად განაცხადა, თავშეკავების სტრატეგიის პოლიტიკა გვაქვსო.
- და რას ნიშნავს ეს თავშეკავების სტრატეგიის პოლიტიკა?
- ეს არის ანეკდოტი. პრეზიდენტსა და დანარჩენ ხელისუფლებას ქართული ზღაპრის 2 პერსონაჟს სულდისა და ბულდის ვადარებ. ორივე ცნობილი ქოსატყუილა იყო და ერთმანეთს ტყუილების თქმაში ეჯიბრებოდნენ. ასევე იქცევიან პრეზიდენტი და მთავრობა.
რაც შეეხება თავშეკავების სტრატეგიის პოლიტიკას, სათაურიც კი ძალიან ამორფულია. ან რომელ თავშეკავების სტრატეგიაზეა საუბარი, როცა ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სტრატეგია საერთოდ არ აქვს. იმ დროს, როცა ლავროვმა ჩვენს აფხაზეთში რუსეთში საელჩო გახსნა, თბილისში ადამიანის უფლებების ფსევდოდამცველმა ნანუაშვილმა და ქვეყნის პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუციის გზები გახსნეს.
ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება პრიორიტეტი არ არის. იმ დროს, როცა აფხაზეთის ოკუპაცია კიდევ ერთხელ გაფორმდა რუსეთის საელჩოს გახსნით, პრეზიდენტი ადამიანის უფლებებზე ლექციას კითხულობდა.
ეტყობა, ჩვენს ხელისუფლებებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ. 1921 წელს მეთერთმეტე არმია საქართველოს რომ მოადგა, ნოე ჟორდანიას უთხრეს, სასწრაფოდ გამოდი და ხალხის მობილიზაცია გამოაცხადე, რამენაირად წინააღმდეგობა რომ გავუწიოთო. ჟორდანიამ უთხრა, რას ამბობთ, ეგენი ჩვენი იდეოლოგიური და სულიერი ნათესავები არიან და ჯარით როგორ მოგვადგებიან, თანაც ახლა მე საეტაპო სიტყვას ვწერ საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოს უნდა გავაცნოთ, როგორ დემოკრატიას ვაშენებთო.
ასე იქცევიან ესენიც და ამიტომაც არის, რომ ქვეყანა თავზე გვემხობა.
სულ ახლახან მოსკოვში იყო ჩასული რექს ტილერსონი. ლავროვთან შეხვედრისას ყველაფერზე ისაუბრა. 7.5 წუთი ისაუბრეს უკრაინაზე. საქართველო კი არც უხსენებიათ. არ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით და სხვა რატომ შეიწუხებს თავს.
ამათ პოსტ ფაქტუმ უყვართ მოქმედება, ამიტომ ერთ ინფორმაციას მივაწვდი და იქნებ წინასწარ დაიჭირონ თადარიგი. მაისში მოსკოვში მოსალაპარაკებლად ჩადის ანგელა მერკელი. ახლა მაინც მოიწვიეთ გერმანიის ელჩი, მასთან ერთად ჩამოწერეთ საკითხები და იქნებ რამენაირად შეატანინოთ მერკელს მოსალაპარაკებელ საკითხთა ნუსხაში საქართველო. ესენი კი საქმის კეთების ნაცვლად ლექციებს კითხულობენ.
- იქნებ არც უნდათ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ხომ შეიძლება, ესეც იყოს მიზეზი?
- ესენი ისეთი ვირეშმაკები არიან, ძალიანაც უნდათ ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ამის უნარი არ აქვთ. არც სხვას ეკითხებიან რჩევას, ამას ლექციების წაკითხვა ურჩევნიათ.
მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმაზეც, რომ ამის გაკეთება არც აწყობთ. იმავეს ვიტყვი ერთ ოპოზიციურ ძალაზეც, რომელიც ვითომ ოპოზიციაა და მშვენივრად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. მათაც ძალიან უყვართ ლოზუნგებით საუბარი და ახლა დაიჩემეს, ძალა ევროპაშიაო. ეს რა უბედურებაა, რას ჰქვია, ძალა ევროპაშია,
აშშ-სა და იაპონიას რას უწუნებენ, ან აღმოსავლეთს რას ერჩიან, სხვა თუ არაფერი, 4 მსოფლიო რელიგია _ იუდაიზმი, ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი აღმოსავლეთში აღმოცენდა და ამას დაეფუძნა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაცია.
ისევ დაკარგული ტერიტორიების თემას დავუბრუნდები და, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასაც და მასთან დაახლოებულ ოპოზიციასაც დღევანდელი სტატუსკვო აწყობთ.
- რატომ ფიქრობთ, რომ აწყობთ?
- ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, ხელისუფლებას სატირალი თემა აღარ ექნება. თავს ვეღარაფრით გაიმართლებენ, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ჯარის გაძლიერებასა და სოციალური საკითხების წინ წამოწევაზე უნდა იფიქრონ. ამის უნარი კი არ აქვთ და ამიტომაც აწყობთ ეს ვითარება.
ქვეყნის მართვა რომ სახლობანას თამაში ჰგონიათ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროსაც გამოჩნდა. ამათ კონსტიტუცია, რუსი დეკაბრისტების ნაწილის მსგავსად, მგონი, ქალის სახელი ჰგონიათ. 1825 წელს აჯანყება კონსტიტუციასთან იყო კავშირში. მოთავეებმა იცოდნენ, რა იყო კონსტიტუცია, მაგრამ ქვედა რგოლებში აზრზე არ იყვნენ. იარაღი რომ იშიშვლეს, ყვიროდნენ, მეფის ტყვეობიდან მშვენიერი კონსტიტუცია გავათავისუფლოთო. ტყვე ქალი ეგონათ კონსტიტუცია.
უკეთესი ვითარება ამ მხრივ არც “ქართულ ოცნებაშია”. ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ერთ-ერთ დეპუტატს განუცხადებია, სააკაშვილის ჯინაზე კონსტიტუციაში შევიტანოთ ლაზიკის განვითარების გეგმაო. მერე ერთი დეპუტატი ამდგარა პატრიოტთა ალიანსიდან და უთქვამს, თქვე დალოცვილებო, იქნება ჯერ თავად ლაზიკა გეპოვათ, სადმე თუა და მერე მისი განვითარების გეგმაზე გესაუბრათო. მანვე აუხსნა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ შეიძლება.
“ქართულ ოცნებას” კონსტიტუცია სამუშაო დოკუმენტი ჰგონია, რომელიც, ბიუჯეტის მსგავსად, წელიწადში ან კვარტალში ერთხელ უნდა ჩაასწორო. ამათ თავში ვერ შევიდა, რომ კონსტიტუცია ერის მარადიული ფასეულობების, სულიერების, ტრადიციების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობისა და თანხმობის უვადო დოკუმენტია.
ისეთ უცნაურობებს წერენ ამ კონსტიტუციაში, ბარემ ისიც ჩაწერონ, რომ 21-ე საუკუნის განმავლობაში საქართველოში წამყვანი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს “ქართული ოცნება”.
ამ სისულელეების წერასა და ადამიანების უფლებებზე ლექციების კითხვას სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევა გაგეპროტესტებინათ, სჯობდა.
- ეტყობა, ამ შემთხვევაშიც მოთმინების სტრატეგიის პოლიტიკა გამოიყენეს.
- ეს ამათთვის არაფერს ნიშნავს. რეაქცია მათ არც არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვის განცხადებების გამო ჰქონიათ. მან ბიბისისთან საუბარში განაცხადა, ჩემი #1 სამოქმედო გეგმა არა ადამიანების უფლებებზე ლექციების კითხვა, არამედ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანააო, ზედვე დააყოლა, ამაზე მუშაობას ახლავე ვიწყებო.
რატომ არ საუბრობენ იმაზე, რუსეთი აფხაზეთში სარაკეტო დანადგარებს რომ განათავსებს. არც იმაზე გამიგია საპროტესტო განცხადებები, გალში ქართველებს ყველანაირად რომ ავიწროებენ და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას არ აძლევენ, ასევე ხმას არ იღებენ აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე.
- ამ თემაზე ქართული მხარე ხმას მართლაც არ იღებს. მოსკოვი და ერევანი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია. თქვენ წლების წინ სომხეთში საქართველოს ელჩი იყავით და იქ გაქვთ კონტაქტები. რას ამბობენ სომხები რკინიგზის აღდგენაზე?
- მე ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი დამოუკიდებელ სომხეთში და დღემდე ბევრი ახლობელი მყავს იქ. იქაური პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად კარგად ვიცი და ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვთქვი, რომ აფხაზეთზე გამავალ რკინიგზასთან დაკავშირებით რაღაც ხდება. ამაზე საუბრობენ როგორც ხელისუფლების, ასევე იქაური ოპოზიციის წარმომადგენლები.
- მაინც რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ამბობენ, რომ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება იგეგმება, ჩვენი ხელისუფლება კი ადამიანის უფლებების დაცვაზე ლექციებს კითხულობს.
- საქართველოს თანხმობის გარეშე ეს რკინიგზა ვერ ამოქმედდება. გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება თანახმაა.
- ჩვენი ხელისუფლება ამ თემაზე ხმას არ იღებს, გატრუნულია. სომხეთში კი ამბობენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე ერთ-ერთი შვეიცარიული ფირმა მუშაობს. ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ რუსეთსა და სოხუმში.
- ქართული მხარე რატომ დუმს?
- არ დუმს, ლექციებს კითხულობენ. ლექციებით გატაცებულ ხელისუფლებას კიდევ ერთ რჩევას მივცემ. მაისში ჩინეთში აბრეშუმის გზის ზონის ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა ტარდება. ამ შეხვედრაზე, ალბათ, საქართველოსაც მიიწვევენ და იქ მაინც თქვან, რომ იმისთვის, რათა ეს გზა უფრო მშვიდი და უსაფრთხო იყოს, საერთაშორისო თანამეგობრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უნდა დაგვეხმაროს.
FaceBook Twitter Google