ინტერვიუები
გიგლა ბარამიძე: “აშშ-ის ელჩი ჩვენს საქმეებში იმ დოზით ერევა, რის უფლებასაც ვაძლევთ”

‘მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებებისგან კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ’

რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში, რატომ აქვთ საქართველოში აშშ-ის ელჩებს განსაკუთრებული უფლებები, რას უნდა ველოდოთ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებებისგან? - ამის თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.


- ბრიტანული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმა 80 ქვეყნიდან გაიწვია ელჩები. როგორც ამბობენ, მათ შორის არის საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურად იყო ჩართული.

- კონკრეტულად იან კელიზე რამის დაკონკრეტება გამიჭირდება, რადგან ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება თავად საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას, ეს არ არის ელჩის თანამდებობა, ეს გახლავთ გენერალ-გუბერნატორის პოსტი, რომელიც საქართველოში წყვეტს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს. მასთან ლამის საკადრო პოლიტიკასაც კი ათანხმებენ.

- ელჩის კომპეტენციაში შედის ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა?

- წლების განმავლობაში მე თავად ვიყავი სრულუფლებიანი ელჩი და კარგად ვიცი, რა არის ელჩის ან საელჩოს მოვალეობა. იან კელის პროფესიონალიზმზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეჭვი არ მეპარება, რომ ის თავისი საქმის მცოდნეა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იქცევა ის საქართველოში, გეტყვით, რომ აშშ-ის საელჩო კარგა ხანია გამოსულია საელჩოს კომპეტენციიდან, რასაც სხვა ქვეყნების საელჩოებზე ვერ ვიტყვით. ამ კომპეტენციიდან არც აშშ-ის საელჩო გამოვიდოდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ასე მოხდა.

საქართველოს ჰყავს უსუსური ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავს. სახელმწიფო ინტერესებიც არ არის დაცული. ამერიკა არის ზესახელმწიფო და ესენიც მიეკედლნენ მის ელჩს. ყველაფერს მას უთანხმებენ.

- ამის წინააღმდეგი არც თავად აშშ-ის ელჩი უნდა იყოს.

- ის რატომ იქნება წინააღმდეგი? რევენ და ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. ასეთი რამე მიუღებელია ყველა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ არც კოლონია და არც შტატი ვართ. ჩვენ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ქვეყანას და ჩვენს საშინაო საქმეებში დიდი დოზით არავინ უნდა ერეოდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ეს უცხო მეგობარი ქვეყნის ელჩია თუ არა.

- ხელისუფლების ნება რომ არ ყოფილიყო, აშშ-ის საელჩო ამ დოზით არ ჩაერეოდა ჩვენს საქმეებში?

- რა დოზითაც აძლევენ ჩარევის უფლებას, იმ დოზით ერევა საელჩო. ეს ჩვენი ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს და არა - ელჩის არაკომპეტენტურობაზე. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასეა ახლაც.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერს წამოსცდა, საქართველოს პირველ პირებს შევხვდებიო. პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს ასწრებდნენ, კი შევხვდებით პუტინს, მაგრამ ჯერ ჩვენს მეგობრებს შევუთანხმდებით დასავლეთშიო. როდესაც დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ, არ მესმის, რატომ უნდა შეუთანხმო შენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი ვინმე სხვას.

ჩვენი ხელისუფლების უსუსურობისა და უთავმოყვარეობის გამოვლინება იყო გასული წლის 26 მაისი. იმ პერიოდისთვის საქართველოში სამხედრო წვრთნები ტარდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ აღლუმზე ჯერ სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები ჩამოატარეს. ქართველმა სამხედროებმა სულ ბოლოს ჩამოიარეს. ეს ძალიან სამარცხვინოა, ისევე, როგორც ის ცვლილებები, რომელთა შეტანასაც აპირებენ კონსტიტუციაში.

- რომელი ცვლილება მიგაჩნიათ სამარცხვინოდ?

- კონსტიტუციაში აპირებენ იმის ჩაწერას, რომ საქართველოს უნდა ნატოში გაწევრიანება. გაგიგიათ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში აპირებს ქვეყანა გაწევრიანებას? ეს ანეკდოტი და მარაზმია.

ყველა ელოდებოდა, რომ "ქართული ოცნება" ამხელდა ნაციონალების სისტემურ დანაშაულს. ამის მაგივრად გააცოცხლეს და გაამრავალფეროვნეს ყოფილი ხელისუფლება. "ოცნების" დახმარებით მათ სრული რებრენდინგი მოახდინეს. აქამდე მთავარი ოპოზიცია ერთი ნაციონალური მოძრაობა იყო. ახლა ამათ ევროპული ნაცები გააკეთეს და ორ-ორკაციანი დანამატებიც შექმნეს. პოლიტიკური ველი “ქართულ ოცნებასა” და ნაციონალურ წარმონაქმნებს დარჩათ.

- თავის დროზე შუა იმიტომ ხომ არ გაკრიფეს პოლიტიკიდან, ასე რომ მომხდარიყო?

- რა თქმა უნდა, ამიტომ გაკრიფეს, არჩევნებზე მისული გაჭირვებული ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვეს. ამომრჩეველმა იცის, რომ 41 ნომერი არაფრის მაქნისი არ არის, მაგრამ, ხედავს რა მის კონკურენტად ნაციონალების წარმონაქმნებს, ამბობს, ჯობია, ამათ მივცე ხმა, ვიდრე სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებსო.

ეს შუის გაკრეფა ჰაიჰარად არ არის გაკეთებული. ეს ბევრად ეშმაკური გეგმაა და ის გრძელდება. მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება მშვენივრად თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

- მათი თანამშრომლობიდან რაიმე სიახლეები თუ გველოდება კიდევ?

- მათგან უამრავი სიურპრიზი გველოდება. ისინი კიდევ ბევრ რამეს მოიფიქრებენ.

- მოდით, ისევ იან კელის შესაძლო ცვლილებას დავუბრუნდეთ. ყველა ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიაც კი მასთან შეათანხმა. ახალ ელჩთან შეძლებენ თანამშრომლობას?

- რამეს მოიფიქრებენ. დასავლეთს ორმაგი სტანდარტები ახასიათებს და ის აქაც იჩენს ხოლმე თავს. ჩვენ ხშირად გვსმენია ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საუბრები საქართველოში არაფორმალური მმართველობის შესახებ. ერთი შეხედვით, ისინი გმობენ არაფორმალურ მმართველობას, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, სოლოლაკში მიდიან და ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებენ ყველაფერს.

ეს ხელისუფლება არაფრის მაქნისი არ არის და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია. ამიტომ ხვდებიან ხოლმე მას ელჩები გადამწყვეტ მომენტში, მაგრამ მერე არაფორმალურ მმართველობაზე ტეხენ ერთ ამბავს. თუ არ მოგწონს ეს სტილი, მაშინ ნუღარც სოლოლაკში მიდიხარ.

ჩვენ გარშემო უამრავი რამე იცვლება, ამ დროს დაირაზმა 30-მდე ქართველი ქალი და ტრამპის წინააღმდეგ თბილისში რაღაც მარში მოაწყო. ჩვენი რა საქმეა, რა ხდება ამერიკაში, იმას მივხედოთ, რაც ჩვენთან ხდება. ამ საქართველოში აღარ უნდა დამთავრდეს თეიმურაზ ხევისთავიზმი? კაცს ცოლიანად ყველაფერი თავზე დაამხო ჯაყომ, ის კი ლოიდ ჯორჯს სწერდა წერილებს და ეუბნებოდა, ზანზიბარის ირიგაცია კარგად მოწყობილი არ არისო. ამოვიდეთ, რა, ამ პროვინციული ჭაობიდან!

- ამ ჭაობიდან, ალბათ, კარგა ხანს ვერ ამოვალთ, მაგრამ, საინტერესოა, რა ურთიერთობა ექნება თბილისს მომავალში მოსკოვთან. ჩვენებური პოლიტიკოსები უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ რუსეთს უნდა დავუახლოვდეთ, რადგან ტრამპიც ამას აპირებს. ამაზე რას იტყვით?

- ეს არის ქართული პოლიტიკის პრიმიტივიზმის გამოვლინება. ტრამპი ამერიკელია. ის იმ საკითხებზე ითანამშრომლებს მოსკოვთან, რომლებიც ამერიკასა და მსოფლიოს აწყობს.

- რაზე შეიძლება, ამერიკამ რუსეთთან ითანამშრომლოს?

- ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე. იქ რუსეთს სერიოზული გავლენა აქვს. ამ საკითხში ვაშინგტონს მოსკოვთან რომ ეთანამშრომლა, ბევრად ნაკლები სისხლი დაიღვრებოდა. ევროპასა და ამერიკას უკვე აღარ უნდათ, რომ მათი სამხედროები ერაყში ან ავღანეთში იღუპებოდნენ. ტრამპი პრაქტიკოსია და მოსკოვთან მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან თემებზე ითანამშრომლებს.

ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა გაზპრომთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ ამ კომპანიასთან ყოველწლიურად იდება ახალი ხელშეკრულება. ვიცოდით, რომ კახა კალაძე მოსალაპარაკებლად მიდიოდა. განგაში მოლაპარაკების დაწყებამდე უნდა ატეხილიყო და არა შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

- შეთანხმების გაფორმებამდე რა იცოდნენ, რას მოეწერებოდა ხელი?

- განგაში იმაზე უნდა აეტეხათ, რომ ამ საკითხის განხილვა სამთავრობო დონეზე არ მოხდა. ხელისუფლებას ამაზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონია. პრეზიდენტი ერთს ამბობდა, მინისტრები _ მეორეს.

ხელისუფლება გვატყუებს, როცა ამბობს, რომ ამ შეთანხმებას გრიფი საიდუმლო ადევს. სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებების დროს მხოლოდ რამდენიმე მუხლია გასაიდუმლოებული.

- რა მუხლები?

- ის მუხლები, რომლებიც სპეცსამსახურების თანამშრომლობას ეხება. ამ შეთანხმებაში ასეთი მუხლები არ არის და ის გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს.

- აბა, რატომ ასაიდუმლოებს ხელისუფლება შეთანხმებას?

- იმიტომ, რომ უნიათოები არიან და ეშინიათ, ხალხს სიმართლე უთხრან. თანამდებობის შესანარჩუნებლად მაზოხისტებად იქცნენ. დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები მათ თავზე პოლიტიკურად აფურთხებენ, ესენი კი ხმას არ იღებენ. ამიტომაც არის, რომ ეს ნაციონალები პოლიტიკაში ასე თავისუფლად დაშლიგინებენ.


 

FaceBook Twitter Google