ინტერვიუები
გიგლა ბარამიძე: ”ხელისუფლებას გაქცევა მოუწევს”

”ხელისუფლებას გაქცევა მოუწევს”


“მარგველაშვილს და მის გუნდს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვთ”

გიგლა ბარამიძე: “სტრასბური “ქართული ოცნების” ვატერლოა”

რატომ ითრევს ფეხს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე, რა მოხდა სინამდვილეში ბათუმში, სად გაუჩინარდა ადგილობრივი ხელისუფლება, უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს არეულობებს საქართველოს სხვა რეგიონებში? - ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

- ექსპერტების დიდი ნაწილი გაზაფხულიდან სოციალურ აფეთქებას ვარაუდობდა. ბევრი მათგანი სწორედ ამის გამოვლინებად მიიჩნევს 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- დაახლოებით თვენახევრის წინ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვთქვი, რომ ქვეყანაში სერიოზული პროცესები დაიწყებოდა. მერე იყო ციანიდის სკანდალი. ამის შემდეგაც გითხარით, რომ ეს არ იყო ყველაფერი. სამწუხაროდ, ბათუმის მოვლენებით არ დასრულდება ეს პროცესი, კიდევ ბევრი რამე მოხდება.

ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან სუსტი საკადრო პოლიტიკა, ტოტალურად არიან დაკომპლექსებული და ინტელექტუალების საშინლად ეშინიათ, აგვიანებენ ყველგან და ყველაფერში, შედეგი იქნება ძალიან ცუდი.

სტრასბური ხომ ამ ხელისუფლების ვატერლოოდ _ დამარცხების სიმბოლოდ იქცა. რამდენჯერაც ევროსასამართლოს გაეკარნენ, იმდენჯერ თავზე დაემხოთ. როდემდე შეიძლება ყველაფერზე ხელი 2 კინკილა ნაციონალისკენ გაიშვირონ. თუ ევროსტრუქტურებში ყველაფერი ისე წყდება, როგორც ეს ნაციონალებს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა, მაშინ რაში იღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხელფასებს.

ერთ რამეში კი ნამდვილად შევაქებ ხელისუფლებას, ბათუმის მოვლენებმა დაგვანახა, რომ “ოცნება” არ დამსგავსებია სისხლიან და კაცთმოძულე ნაციონალურ მოძრაობას.

- თქვენ კმაყოფილი ხართ ბათუმში ხელისუფლების რეაგირებით?

- მე მომეწონა ის, როგორ მოქმედებდა სპეცრაზმი. დანარჩენზე კი რა გითხრათ. როცა გავეშებული ბრბო ქალაქს არბევდა, რატომღაც არსად ჩანდა არც ბათუმის მერი და არც ვიცე-მერი. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ხალხის გაჩერება არ უცდია. სპეცრაზმის ნაგვიანევი ჩართვა რომ არა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა იქ.

- არის მოსაზრება, რომ შემდეგი დაძაბულობის კერა შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში გაჩნდეს. თქვენ წლების მანძილზე იყავით ამ მხარის გუბერნატორი, კარგად იცნობთ რეგიონის სპეციფიკას, რას იტყვით, უნდა ველოდოთ დაძაბულობას ამ მიმართულებით?

- ამ რეგიონში 7 წელი ვიყავი და ისიც კი ვიცი, სად რა ქვა დევს. ასევე კარგად ვიცი, რა ხდება მთელს საქართველოში. დაძაბულობის კერა ნებისმიერ კუთხეში შეიძლება გაჩნდეს. იმედი მაქვს, ბათუმის მოვლენებიდან ხელისუფლება რაღაც დასკვნებს მაინც გააკეთებს. მით უმეტეს, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო მართული პროცესი.

- ვის მიერ იყო მართული? „ოცნება” ხელს ყოფილი ხელისუფლების მიმართ იშვერს.

- ამ მოვლენებში რამდენიმე დაჯგუფება იყო ჩართული. ყოფილი ხელისუფლების ერთმა შტომ საკუთარი თავის ლუსტრირება თავად მოახდინა. ბათუმში არეულობა ახალი დაწყებული იყო, ესენი აქ თბილისში გამოვარდნენ სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ეს იმდენად უხეშად გააკეთეს, რომ მათმა მეორე ფრთამ, რომელმაც “ევროპული საქართველო” დაირქვა და ხვალ შესაძლოა “ტრამალის მგლები” დაირქვან, ეს მოვლენები დაგმო. იგივე გააკეთეს არასამთავრობოებმა და ბათუმში მოხტუნავე პოლიტიკოსებს პირდაპირ მოუწოდეს, თქვენი განცხადებებით ცეცხლზე ნავთს ნუ ასხამთო.`

ხელისუფლებაც ამბობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ფესვები აქვს და თუ ასეა, გამოიძიეთ, თქვე დალოცვილებო, ხელს ვინ გიშლით. რამე მაინც მიიყვანეთ ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ მე ოპოზიციონერი ვარ, მიმაჩნია, რომ დაუშვებელია პოლიციის მანქანებზე ჭინკებივით ხტომა, მათი ამოტრიალება და დაწვა. ისევე, როგორც პოლიციელზე ხელის აღმართვა.

ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული თუ არ იქნა და რეპეტიციის დონეზე დარჩა, ეს მოვლენები კიდევ უფრო მძიმე ფორმებით განმეორდება. ქვეყანას ჰყავს უშიშროების საბჭოც და კრიზისების მართვის სამსახურიც. სად იყო ამ დროს ან ერთი, ან მეორე. ასეთ კრიზისულ დროს თუ არ მოქმედებენ, რაში ვუხდით ხელფასს?

იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ეს არეულობა მოულოდნელად დაიწყო. ამ მოვლენებამდე 2 დღით ადრე ვინმე მერაბ ღოღობერიძე სოციალური ქსელით მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებდა, წერდა, პოლიცია თათრებს გვეძახისო. ეს კაცი მაშინვე უნდა დაეკითხათ.

- თათრებს გვეძახიან პოლიციელებიო, ეს ღოღობერიძის გარდა, სხვებმაც თქვეს.

- უშუალოდ ეს არავის მოუსმენია. ამბობენ, თითქოს ასეთი რამე პოლიციელმა რესტორანში თქვა. ამის არც მნახველი არსებობს და არც ამის დამადასტურებელი ფირი არსებობს სადმე. ეს ყველაფერი პროვოცირებისთვის იქნა გამოყენებული. მეტი კი არაფერი გააკეთა გაპონმა 1905 წელს, ხალხი რომ დაახვრეტინა.

კარგით, ვთქვათ, ღოღობერიძის განცხადებებს ყურადღება არ მიაქციეს, ისიც ვერ გაიგეს, ტომრებით ქვებს და ფულს რომ აგროვებდნენ? ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. იქნებ ხელისუფლების რომელიღაც შტოს აწყობდა ასეთი არეულობა.

- უკვე გაჩნდა ასეთი ვერსიაც, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ადგილობრივი სუსის და საპატრულო პოლიციის დაპირისპირების შედეგია.

- მე ფაქტები არა მაქვს, რომ ამის მტკიცება დავიწყო, მაგრამ რაც ვნახეთ, ეს ეჭვებს ბადებს. უმცირესობის მხარდაჭერით ხელისუფლების სათავეში რომ მოხვედი, პრევენციული ზომების მიღება ვინმემ აგიკრძალა? საქმე სპეცრაზმის გამოყენებამდე უნდა მისულიყო? ამ ადამიანებმა მართლა უმაღლეს დონეზე იმოქმედეს და მადლობა მათ, რომ ეს გავეშებული ბრბო გააჩერეს.

მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ ყურით მოთრეულ ფრაზას, თათრებს, რომელმაც მთელი ბათუმი აღაშფოთა. მე კარგად მესმის, ჩემო ბათუმელებო, რომ თქვენ გეწყინათ, როცა გაიგეთ, რომ ვიღაცამ ასეთი ტერმინით მოგიხსენიათ, მაგრამ ის რატომ არ გაწუხებთ, თქვენს ლამაზ ქალაქში ქართულ წარწერას რომ ვერ იპოვი, სანთლითაც რომ ეძებო. ეს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდშია თვალსაჩინო. რესტორანში რომ მიხვალ, მენიუს რომ მოითხოვ და ქართულის გარდა ყველა ენაზე რომ მოგიტანენ, ეს არ არის საწყენი? ყავახანებში რომ წერია, გვინდა თურქული ენის მცოდნე მიმტანი.

ეს უნდა გაშფოთებდეთ და არა ვიღაცის წამოყრანტალებული ფრაზა. ამასთან, არც ის ვიცით, მართლა თქვა თუ არა იმ ადამიანმა ეს.

რატომ არ აშფოთებთ ბათუმელებს ის ამბავი, რომ მანქანები პლაჟზე ისე არიან დალაგებული, ლამისაა, ზღვაში შევიდნენ. ანტისანიტარია რომ არის ქალაქში, ამაზე რატომ არ სთხოვენ პასუხს ქალაქის მერიას. საინტერესოა, სად იყო ამ არეულობის დროს ქალაქის მერი. იმედია, ამას მოიკითხავენ. შესაძლოა, ისიც სადმე იყო წასული, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ან ამ ხელისუფლებას რა გაუჭირდა ისეთი, რომ ამ თანამდებობაზე ნაციონალების აქტივისტი ელჩი, ზურაბ პატარაძე დანიშნეს.

- ბათუმის მერიც დაახლოებული იყო ნაციონალებთან. ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე სულ იმას ამბობდა, 2012 წლამდე ერმაკოვი ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყოო.

- მთელი მთავრობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის სავსე და ეს ამბავი აღარც კი უკვირს ხალხს. ჩინოვნიკებს ხალხში ავტორიტეტი აღარ აქვთ და ამიტომ ვერ გაბედეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბათუმელებთან მისვლა. სამაგიეროდ, იქ მივიდნენ “თავისუფალი ზონის” წევრები და ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებდნენ.

ბათუმი ბევრი რამის მაჩვენებელია და ხელისუფლებას ვურჩევ, თვითკმაყოფილებაში ნუ ჩავარდებიან. განცხადებების გაკეთებას შეეშვან და ამ საქმეს საფლავში ჩაყვნენ. ბოლომდე თუ არ გამოიძიებენ, სხვაგან მიიღებენ იგივეს. და ნაციონალებისკენ ასე ხელის გაშვერას ჯობია, ფაქტები დადოთ და ამხილოთ ერთხელ და სამუდამოდ.

მახსენდება 1,5 წლის წინ რუსთავი 2-ის გარშემო ატეხილი მღელვარება. მაშინ გამოვიდა სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე და მრავლისმეტყველი, დამძიმებული სახით გვითხრა, სახელმწიფო გადატრიალების და შეთქმულების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრაო. ეს ადამიანი ახლა სხვა უწყების პირველი პირია, ის პირები კი თავისუფლად დადიან, ვის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა.

დღეს ხელისუფლება იმ ძალის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს, რომელთა წინააღმდეგაც ამ მძიმე მუხლით საქმე აღძრეს. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით ნათლად არჩევნებზე გამოჩნდა. ისინი გაერთიანდნენ, რათა ნამდვილი ოპოზიცია პარლამენტის მიღმა დაეტოვებინათ.

- თქვენ მათი თანამშრომლობა ახსენეთ და თუ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული საქმე არ გამოიძიეს, ბათუმის ამბებს გამოიძიებენ ბოლომდე?

- არ გამოიძიებენ და, როგორც უკვე გითხარით, სხვა რეგიონებში მიიღებენ იგივე პროცესებს.

- ამ პროცესების და მანამდე სტრასბურის გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი განცხადება გაკეთდა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. თქვენ რას ფიქრობთ, დატრიალდება სამთავრობო კარუსელი?

- მიდგომები თუ არ შეიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს სამთავრობო ცვლილებებს. მაღალი თანამდებობის პირებს თავად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლიათ, იმ ერთ ადამიანთან მისვლას კი კვირების მანძილზე ვერ ახერხებენ. არიან ჩვეულებრივ მარაზმში და ჰგონიათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა უშველის. როგორც კი რაიმე მოხდება, ისევე მოიქცევიან, როგორც მათი წინამორბედები.

- რას გულისხმობთ?

- რაიმე გართულების შემთხვევაში ესენიც ნაციონალებივით დაეწყობიან და ცოლიან-შვილიან-საყვარელიან-ფულიანად წითელი ხიდის გავლით გაიქცევიან საქართველოდან. ყველა საქმეს ბოლომდე თუ არ მიჰყვებიან, მოუწევთ წითელ ხიდზე სირბილი. ჩვენ გარშემო უამრავი რაღაცები ხდება, ჩვენ კი პოლიტიკურ ჭაობში ვართ ჩარჩენილი და იქედან ამოსვლა არ გვინდა. მთელი ქვეყანა ციანიდს გადავაყოლეთ, თითქოს არ შეიძლებოდა ამ საქმის ჩუმად გამოძიება.

11-12 მარტის მოვლენების შემდგომი განვითარება ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. ხელისუფლება თუ დამნაშავეებს არ დასჯის და ყოფილ ხელისუფლებას არ ამხელს, საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მათთან თანამშრომლობენ. “ქართულ ოცნებას” და ყოფილ ხელისუფლებას ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ. უნიათო ხელისუფლებისთვის ხელის შესაწმენდად აუცილებელია ისეთი გასვრილი ძალა, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა. ალბათ ყველას გახსოვთ, ხელისუფლების შეცვლამდე რამდენს საუბრობდნენ იმაზე, შუა უნდა გაიკრიფოსო. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში მარტო ეგ 2 ძალა უნდა ყოფილიყო. ახლაც მაქსიმალურად ცდილობენ, სხვა პარტიები ჩაძირონ, მაგრამ ეს ბოლომდე არ გამოუვათ.

- სხვა პარტიებზე ვსაუბრობთ და თქვენი აზრით, ვიხილავთ თუ არა კიდევ ერთ პარტიას, რომელსაც სათავეში გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგება?

- მარგველაშვილს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. ალბათ ამიტომაც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები მასზე ასე გამწარებულები. არადა წლების წინ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამტკიცებდნენ, რომ მარგველაშვილი საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდა.

ხათრით არჩეული პრეზიდენტი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა. ის კარგად მოეწყო ავლაბრის რეზიდენციაში, კარგი ურთიერთობები დაამყარა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან. მას ჰყავს თავისი გუნდი და აქვს პოლიტიკური ამბიციები. `ოცნებასთან~ გამწვავებული ურთიერთობა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

FaceBook Twitter Google