ინტერვიუები
ნინო ბურჯანაძე - პოროშენკომ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს
13:32 / 31.05.2015
ნინო ბურჯანაძე - პოროშენკომ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, სააკაშვილის დანიშვნა არის საქართველოს ისტორიისთვის სამარცხვინო ფაქტი.

"სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო, ქართველი ხალხის თავმოყვარეობა, საქართველოს ავტორიტეტი და მისთვის მთავარია თავად იყოს უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მეტი ფინანსური და სხვა ტიპის გარანტიები მიიღოს. ეს ჩემთვის უცხო არ არის, ეს არის სამარცხვინო საქართველოსთვის. მე მსგავსი სამარცხვინო ფაქტი საქართველოს ისტორიაში უბრალოდ არ მახსოვს. ეს უბრალოდ შეურაცხყოფა, სილის გაწნაა და მაპატიოს ჩვენმა მოსახლეობამ, შეფურთხებაა მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს, თავისი ქვეყნის, თავისი სამშობლოს მოქალაქეობაზე და სხვა ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი ხდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ტყუილად გონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ქართველი ხალხისგან პატიებას მიიღებენ“
15:09 / 29.05.2015

"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენი ადამიანი დატოვებს.

ბარამიძის თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ სხვა პოლიტიკური ძალის შიდა სამზარეულოში არასდროს იხედება და ძალიან უკვირს „ქართული ოცნების“ აღფრთოვანება და აღტაცებული განცხადებები, „ნაციონალური მოძღაობიდან“ ოთხი წევრის წასვლასთან დაკავშირებით.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ორი, სამი, თუ რამდენი ადამიანი ოჩოპინტრესავით გადახტება ერთი ადგილიდან მეორეზე - ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს ის, რაც განაცხადეს. მთავარია ის, რომ არცერთმა მათგანმა არ გაითავისა და გაისიგრძეგანა ის, რასაც ქვია პასუხიმსგებლობის აღება იმ დანაშაულებებზე, რაც სექტანტიზმამდე მისულმა პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოში ცხრა წლის მანძილზე განახორციელა. შეიძლება თავად არ მონაწილეობდნენ 26 მაისის, 7 ნოემბრის დარბევებსა, თუ მეწარმეების გატაცება-დაშინებებში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ყველა მათგანმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სპორტის სასახლეში პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელი აუწია ვანო მერაბიშვილს და პარტიის ლიდერად სააკაშვილის არჩევას“, - განაცხადა ბარამიძემ „პირველ პრესკლუბში“.

მისი თქმით, ტყუილად გონია ვიღაცეებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დატოვებს, ქართველი ხალხისგან პატიებას მიიღებენ.

„მათ არაფერი მოუნანიებიათ, არც ბოდიში მოუხდიათ და ვერანაირ ინდულგენციას ვერ ეღირსებიან ამომრჩევლისგან, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ საკუთარ თავზე იწვნია ის, რაც მათ ჩაიდინეს. რაც შეეხება ასეთ აჟიოტაჟს, საერთოდ ჩვენთვის დამახასიათებელი არ არის სხვა პოლიტიკური ძალების შიდა სამზარეულოში ჩახედვა. ამისთვის არც დრო გვაქვს, არც ინტერესი. გვაოცებს „ქართული ოცნების“ წიოკობა, ბედნიერი თვალებით უყურებენ ერთმანეთს. მათ მივმართავ: თქვე გაჭირვებულებო, თავზე რომ გემხობათ ლარიც, ეკონომიკაც, საგარეო პოლიტიკაც და ოთხი კაცის გადასვლა-გადმოსვლას რომ ზეიმითა და შამპანიურის გახსნით აღნიშნავთ, ეს არის თქვენი სახე. „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძღაობის“ კუდი, უნდა შეეგუოს იმას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს ამბავი ბევრს გამორჩა, მაგრამ მე შეგახსენებთ!
16:17 / 11.05.2015

მმართველმა გუნდმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა 38 პარლამენტის წევრმა მისცა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ყველა სხვა მინისტრი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. უცვლელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი.

ანუ დიდი ვნებათაღელვა დასრულდა. ახლა უფლებადამცველები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები და ა.შ. გავლილ კვირას და მიღებულ შედეგებს აფასებენ.

„რეპორტიორს" „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა:

 

-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა, გავამახვილო ყურადღება. კოალიცია „ქართული ოცნება", რომლის რიგებიც დატოვა „თავისუფალმა დემოკრატებმა", ჩანს, რომ „რესპუბლიკელებისთვის" ვაჭრობის კარგ ნიადაგად გადაიცა. მას მერე, რაც მეშვიდე მინისტრი შეიცვალა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პირობები შეიქმნა. თინა ხიდაშელის თავდაცვის მისნიტრის პოსტზე წარდგენა მოხდა იმ ფონზე, როცა მინდია ჯანელიძის მუშაობას მიეცა უმაღლესი შეფასება როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან. გაჩნდა რეალური კითხვა - რა ფასად მოხდა თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად წარდგენა? დღეს ყველა მიმართულებით მყარად არიან მოკიდებული „რესპუბლიკელები" - პარლამენტშიც, მთავრობაშიც, მერიაშიც, სასამართლო სისტემაშიც.... ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პლაცდარმი შეემზადებინათ ნეოლიბერალური პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც გაერთიანდებიან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ან არჩევნებამდე.

- ვის მოიაზრებთ ასეთებად?

- ესენი იქნებიან - ალასანიას პარტია, უსუფაშვილის პარტია, რომელთა იდეოლოგია ერთნაირია.

- ქვეყანაში დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რა გამოდის? - ქვეყანას „რესპუბლიკელები" მართავენ?

- ნამდვილად. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკური პარტია მართავს ქვეყანას. ამ პარტიას აქვს ყველაზე დიდი გავლენა მიმდინარე პროცესებში.

- ვისი დამსახურებაა ეს?

- ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. მან კარგად იცოდა, რომ 3%-იანი პარტიის მთავრობაში მოყვანის შანსი საერთოდ არ არსებობდა, რომ არა მისი ავტორიტეტი. ივანიშვილმა მოახერხა იმდენი, რომ ყველა შტოში - საკანონმდებლო, სამთავრობო თუ ადგილობრივ თვითმმართველობებში „რესპუბლიკელები" მომხვდარიყვნენ.

- ექს-პრემიერისგან მივეჩვიეთ, რომ ის ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ კი ამას საჯაროდ ნანობს. როგორ გგონიათ, „რესპუბლიკელებიც" ხომ არ გაუხდება სანანებელი?

- ივანიშვილს არ გაუხდება სანანებლად „რესპუბლიკელების" მოყვანა. სწორედაც, რომ „რესპუბლიკელების" გამო მიიღო გარკვეული გარატნიები ექს-პრემიერმა დასავლელი პარტნიორებისგან. გაიხსენეთ აშშ-ის ელჩის სტუმრობა ივანიშვილთან. აქ ჩამოყალიბდა ის სამთავრობო კონფიგურაცია, რომელიც ღარიბაშვილმა ფორმალურად განახორციელა.

- ღარიბაშვილის მიერ ხიდაშელის წარდგენა თქვენთვის მოსალოდნელი იყო?

- დარწმუნებული ვარ, ეს არ უნდოდა ღარიბაშვილს, მაგრამ პოლიტიკური კონფიგურაციდან გამომდინარე, იძულებული გახდა. ეტყობოდა აშკარად ღარიბაშვილს, რომ ის გადაწყვეტილებას იღებდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.

საინტერესო სურათი გვაქვს, ერთი მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარეა, მეორე კი მინისტრი. შესაძლოა, ეს ამბავი ბევრს გამორჩა, მაგრამ მე შევახსენებ. გოგლა ჟვანია გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს მას მერე დაემშვიდობა, რაც მისი მეუღლე, ქალბატონი ნინო შარაშიძე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მაშინ მათ საქციელი მოუწონეს, მაგრამ ახლა დუმან.

- „რუსთავი 2"-მა გასულ კვირაში ხმაურიანი გადაცემა შემოგვთავაზა. გადაცემას აშკარად დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი. როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ხელისუფლებამ, რა უნდა დაუპირისპიროს ასეთ პროპაგანდას?

- როცა ამ გადაცემას ვუყურე, დამებადა კითხვა - რატომ არ არის მოწოდების სიმაღლეზე „საზოგადოებრივი მაუწყებელი", თვითონ ხელისუფლება, მისი პიარსამსახურები, რომლებიც ვალდებულები არიან, რომ როცა რამე კეთდება, სათანადოდ გაშუქდეს, რომ ისედაც არსებული უიმედობის განცდა არ გამძაფრდეს. სწორედ ამ უიმედობის განცდით ისარგებლა „რუსთავი 2"-მა და პრაქტიკულად, დივერსია გაახორციელა. მართალია, კადრებში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებს და აქტივისტებს, თუმცა, ის გაჭირვება, რაზეც ხალხი საუბრობდა, არ იყო მოგონილი, ესეც უნდა აღვნიშნოთ. მე, უბრალოდ, გული მწყდება, რომ ხელისუფლება არ საუბრობს იმაზე, რასაც აკეთებენ და საზოგადოებამდე არ მიაქვთ.

- „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ აფასებთ? იზდება თუ არა მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი?

- „ნაციონალური მოძრაობის" უკან, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ნულის ტოლია. სანამ ამ ქვეყანაში ის თაობა არსებობს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მათი მმართველობის სისხლიანი პერიოდი, რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს და თუკი ვინმეს სჯერა, რომ დღეს „ნაციონალების"დაბრუნების შანსი არსებობს, გამოდის, რომ მას სჯერა - საზოგადოება არ არსებობს.

ნინო ბურჯანაძე: `მე რომ ალასანიას ადგილას ვყოფილიყავი, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლებოდა, ბიძინა ივანიშვილი მეცემა! არ მოვერიდებოდი არც ჩემს სტატუსს და არც ბიძინა ივანიშვილის სტატუსს! კაცურად მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო საცემი
15:13 / 30.04.2015
ნინო ბურჯანაძე: `მე რომ ალასანიას ადგილას ვყოფილიყავი, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლებოდა, ბიძინა ივანიშვილი მეცემა! არ მოვერიდებოდი არც ჩემს სტატუსს და არც ბიძინა ივანიშვილის სტატუსს! კაცურად მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო საცემი

`ქრონიკის~ კითხვებს პასუხობს `დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე:

_ ოფიციალურ თბილისს ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო სტუმრობდა, მან განაცხადა, _ მრცხვენია, რომ თბილისში პირველად ვიმყოფები, ერთხელ ვარ საქართველოში ნამყოფი, ისიც სოხუმშიო. ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება მისი ვიზიტი თბილისში? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან ითამაშა შუამავლის როლი პუტინისა და მარგველაშვილის სავარაუდო შეხვედრის წინ?

_ ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი იყო ლუკაშენკოს ვიზიტიც. უბრალოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის მესიჯები, რაც ლუკაშენკომ გაახმოვანა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუგონიათ, ან ვერ მიხვდნენ, რაშია საქმე. ისეთ განცხადებებს, რომ თითქოს, ლუკაშენკოს არანაირი გზავნილი არ გაუკეთებია და ყველაფერი საჯარო იყო, არ ვეთანხმები. პრეზიდენტების შეხვედრის დროს ყველაფერი საჯარო არ არის ხოლმე და არც შეიძლება იყოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, იმის შიშით, ვინმემ რამე არ დააბრალოს ამ ხელისუფლებას, ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არანაირი მოლაპარაკება ლუკაშენკოსთან არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, ბელორუსის პრეზიდენტი ძალიან საინტერესო ფიგურა აღმოჩნდა, ადამიანი, რომელმაც, ერთი მხრივ, შეძლო ღრმა კოორდინირება და კავშირი რუსეთთან და მეორე მხრივ, ამ ადამიანმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ისიც დასაფასებელია, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებდა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით და მისი პოზიცია ემთხვევა საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს... თქვენ მკითხეთ, ხომ არ შეიძლებოდა პუტინს ლუკაშენკო შუამავლად გამოეგზავნა? არა მგონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუკი ლუკაშენკო შესაბამის საფუძველს დაინახავდა, აუცილებლად შეეცდებოდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის პოზიტიური შეთავაზებები გაეკეთებინა ამ მიმართულებით. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს ხელისუფლების შემადგენლობაში ვერ ვხედავ იმ რესურსს, ეს გზავნილები დაენახათ, ან იმის გამბედაობა ჰყოფნოდათ, რომ მისი ვიზიტი გამოეყენებინათ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად.

_ ქალბატონო ნინო, სალომე ზურაბიშვილი ძალიან აღშფოთებულია თქვენი განცხადებით, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. მისი თქმით, თუ ამ განცხადების რეალური ავტორი ნინო ბურჯანაძეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავის პოლიტიკურ კარიერას მძიმე განაჩენი გამოუტანაო. რატომ დაინახა ოპონენტმა თქვენში კვლავ რუსეთის დამცველი მაშინ, როცა ამერიკელი დიპლომატი და გერმანელი პოლიტიკოსი თქვენი განცხადების პათოსს უერთდებიან და აცხადებენ, რომ დასავლეთი ყირიმის დასაბრუნებლად არ იბრძოლებს... ამერიკა მზად არ არის, იბრძოლოს ყირიმისთვის, როგორც არ იყვნენ მზად თავის დროზე ებრძოლათ პოლონეთისთვის, უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, უნდა ვიყოთ რეალისტები. ხანდახან მგონია, რომ ადამიანები ამერიკისგან უფრო მეტს ითხოვენ, _ აცხადებს ამერიკელი დიპლომატი მაიკლ მაკფოლი.

_ თქვენ მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების გარდა, სარკოზისა და ოლანდის განცხადებებიც ნამდვილად არ არის შორს იმ განცხადებებისგან, რაც მე გავაკეთე. მე არ მითქვამს, რომ ეს რეალობა, რაც დღეს ყირიმთან მიმართებაშია, მომწონს. არ გამიკეთებია ამის სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური შეფასება, მე გავაკეთე მხოლოდ ფაქტის კონსტატირება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს კითხვა შევუბრუნო და ვკითხო, _ დღეს ყირიმი უკრაინის ნაწილია, თუ რუსეთის? მე ვთვლი, რომ ყირიმი არასოდეს გახდება უკრაინის ნაწილი, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი უკრაინელი პოლიტიკოსების დამსახურება. მათი აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯებისა და იმ პოლიტიკის ბრალი, რომელიც, ნებით თუ უნებლიეთ, გაატარა დასავლეთმა... თუ ჩვენ ამ რეალობაზე თვალს დავხუჭავთ და სწორ ანალიზს არ გავაკეთებთ, ხვალ შეიძლება უკრაინა და საქართველო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. დღეს არის ასეთი რეალობა, _ ყირიმი რუსეთის ნაწილია. ეს იციან მსოფლიოს ლიდერებმა, მიაქციეთ ყურადღება, პრაქტიკულად არც ერთ მოლაპარაკებაზე ყირიმის თემები არ განიხილება. ყირიმი უკრაინამ დაკარგა თავისი არასწორი პოლიტიკით და სისულელით. თუ უკრაინელები სააკაშვილსა და მის მეგობრებს დაუჯერებენ ყველაფერში, შეიძლება სხვა ტერიტორიებიც დაკარგონ, ამის სერიოზული ნიშნები დონეცკში, ლუგანსკში და სხვა ადგილებშიც ჩანს. მე ვგულშემატკივრობ და გული მტკივა, რომ ასე დაიქცა ეს ქვეყანა.

_ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანაგუნდელებს ინსტრუქტაჟს უტარებს, მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინა უნდა დატოვონ. ერთ წელზე მეტხანს მათი იქ დარჩენა პრობლემებს გამოიწვევს, მათი მიზანია, საქართველოში დაბრუნდნენ. სააკაშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა არა პრეზიდენტად და ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევსო. როგორ ფიქრობთ, მათი დაბრუნების შანსები იზრდება?

_ რა თქმა უნდა, სააკაშვილის ყველა ნაბიჯი სწორედ ამისკენაა მიმართული, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაბრუნდეს საქართველოში. დღევანდელი ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს თავისი უსუსურობით და უმოქმედობით. მკვდარი `ნაციონალური მოძრაობა~ გააცოცხლეს და ეს თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა. ის, რაც დღეს ხდება, როცა `ნაციონალური მოძრაობა~ ხმის ამოღებას ბედავს, აღშფოთებით ლაპარაკს, რომ თურმე რა საშინელებაა, როგორ ესვრიან კვერცხებს, მათ ავიწყდებათ, რა გზა გამოგვატარეს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარ, ყველა მათგანზე მეტი წონა მაქვს _ ადამიანური, პოლიტიკური, მორალური, თანამდებობრივი... რატომ არ ამოიღო ხმა არც ერთმა, როცა ხურვალეთში მხოლოდ კვერცხები კი არა, ქვებიც დაგვიშინეს და ცოცხლებმა ძლივს გამოვასწარით? ჩვენზე თავდასხმას ხელმძღვანელობდნენ არსოშვილი და ბასიშვილი. გუბერნატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო, გვარების მიხედვით ვიცით, ვინ ჩავიდა წინა დღეს ხურვალეთში, ვინ დაარიგა არყები, ფული, კვერცხები რომ ჩვენთვის ესროლათ. ამაზე რატომ არ იღებდნენ ხმას `ნაციონალები~, სად იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. რატომ არ იქნა ეს საქმე გამოძიებული, მე არ მახსოვს არასამთავრობოების გამოსარჩლება, როცა ჩვენს წარმომადგენლებს იჭერდნენ, თავ-პირს ამტვრევდნენ, ასახიჩრებდნენ... ჩვენ რა, ვინმეზე ნაკლები თუ მეორეხარისხოვანი ქართველები ვართ?!.

_ რატომ აძლევს ოპოზიცია `ნაციონალურ მოძრაობას~ საშუალებას, გავიდნენ რეგიონებში, გამართონ აქციები, შექმნან ე.წ. ანტიკორუფციული კომიტეტები და ხელისუფლების მხილების ეგიდით მოაწყონ პროვოკაციები. ოპოზიცია რატომ არ აქტიურობს?

_ ჩვენ `ნაცმოძრაობას~ მაშინ ვებრძოდით, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და არ ვფიქრობ, რომ ისევ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ `ნაციონალებს~, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გაინძრეს. ჩვენი მხრიდან კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ `ნაცმოძრაობის~ ხელისუფლებაში მობრუნება, მაგრამ ძირითადი საქმე ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვუპირისპირდებით ხელისუფლებას, იგივე კახეთის მაგალითზე გეტყვით, რომ გაცილებით ადრე, ვიდრე `ნაციონალური მოძრაობა~ ასეთ ისტერიკას ატეხდა, ჩვენი წარმომადგენლები, ვალერი შოშიაშვილის ხელმძღვანელობით, ზუსტად იგივე თემებთან დაკავშირებით, ბრიფინგებს აწყობდნენ, თუმცა წივილ-კივილი არ აგვიტეხავს. ჩვენმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს გამგებლის გადაყენება და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მაგრამ გეტყვით, რომ ხელისუფლებასთან ხელჩართულ ბრძოლას ნამდვილად არ ვაპირებთ, რადგან დღეს `ქართული ოცნება~ შედარებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე `ნაციონალური მოძრაობა~ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრძოლის მეთოდებიც კორექტულია. `ნაცმოძრაობას~ ხალხზე კი არ შესტკივა გული, მათი მიზანია პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც დაჩაგრული ორგანიზაციის, ამით `ნაციონალური მოძრაობა~ დასავლეთში უზარმაზარ ქულებს იწერს. კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არ აქვთ, ამიტომ ყოველთვის შეეცდებიან, სიტუაცია დაძაბონ და არიონ. ძალიან საშიშია ის, რაც უკრაინაში ხდება. მე არ მინდა, ყველა აქედან წასული ერთ კალათაში მოვათავსო, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, მაგრამ 90 პროცენტი, ვინც იქ იბრძვის, რა თქმა უნდა, `ნაციონალური მოძრაობის~ მხრიდან ფინანსდება. დიახ, 90 პროცენტი არის `ნაციონალური მოძრაობის~ ზონდერი, აქტივისტი და მათ მიერ დაფინანსებული, ამას შემთხვევით არ ვამბობ. 26 მაისის ერთ-ერთ დამრბევს, ყოფილ სამხედროს, დიდი ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა, მაგრამ მან უარი თქვა. ამ ადამიანების გამოყენებას საქართველოში სააკაშვილი ნამდვილად შეეცდება, ამიტომ არეულობის საფრთხე საქართველოში არსებობს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ არეულობის მოგერიებას.

_ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს არეულობის მოგერიებას, თან მაშინ, როცა ხელისუფლების შიგნით გაუთავებელი დაპირისპირება და კინკლაობაა. იქნებ ეს პოლიტიკური ტრიუკია ყურადღების გადატანის და კვალის არევის მიზნით, `ნაციონალებს~ ეგონოთ, რომ შიგნით პრობლემებია და ელოდებიან რა არის მათი მაქსიმუმი, რომ ფაქტზე დაიჭირონ?

_ თქვენ ასეთი კარგი წარმოდგენის ხართ ჩვენს ხელისუფლებაზე? ეს არ არის დაპირისპირება, თქვენ ახსენეთ სიტყვა `კინკლაობა~, ეს არის ზუსტი შეფასება, რომელიც ამაზრზენია და ის, რაც პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით ხდება, არის ბიძინა ივანიშვილის ახირება. ვინ ეკითხება მას, რომელ შენობაში იქნება პრეზიდენტი და რამდენი კვადრატული მეტრი იქნება მის განკარგულებაში. რატომ ითვლის ფართს კვადრატულ მეტრებში? მაგრამ ითვლის იმიტომ, რომ, როცა ივანიშვილმა მარგველაშვილს საპრეზიდენტო სავარძელი უყიდა, მიაჩნდა, რომ ყველაფერი მისი ჭკუით უნდა გაკეთებულიყო. მეტი თავის ტკივილი, გარდა საპრეზიდენტო რეზიდენციისა, საქართველოში არ არის?!. ბიძინა ივანიშვილის ახირება იღებს სამარცხვინო ფორმებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ მარგველაშვილი მოიქცა სწორად, როცა მან არავის კარნახით არ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ვისურვებდი, რომ მარგველაშვილი ასეთივე პრინციპული ყოფილიყო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში. ასეთი პრინციპულობა, როგორიც მან პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით გამოიჩინა, გამოეჩინა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის. სამჯერ შესთავაზეს მას პუტინთან შეხვედრა... ბიძინა ივანიშვილმა თავის თავს მისცა იმის უფლება და გაბედა, რომ ქართველი ხალხი დააშანტაჟა, ვინც მე მინდა, თუ იმას პრეზიდენტად არ აირჩევთ, გაგებუტებით და აღარ დაგეხმარებითო. ხომ ჰყავს ის, ვინც მას უნდოდა, ახლა რატომ ებუტება მის მიერ მოყვანილ პრეზიდენტს?! ეს ყველაფერი არის სირცხვილი...

_ თქვენ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გამო კოალიციის მიღმა აღმოჩნდით და დღესაც ეს პრობლემაა, `ქართული ოცნება~ კატეგორიულად გამორიცხავს თქვენთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, ამ ფონზე როგორ აფასებთ გოგი თოფაძის სკანდალურ განცხადებას _ `არა ნატოს!..~ რომელმაც კოალიცია `ქართული ოცნების~ საგარეო კურსი ალასანიას შემდეგ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ?

_ გოგი თოფაძე თავის პოზიციას არასდროს მალავდა, მან თქვა ის, რასაც წლების განმავლობაში მუდამ ამბობდა. ჩემი `საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია~ არაფერ შუაშია, უკაცრავად და, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ჩემზე ნაკლები კონტაქტები აქვს?.. გარწმუნებთ, რომ გაცილებით განსხვავებული კონტაქტები აქვს და ისეთი, რომელიც მე რუსეთთან არასოდეს მქონია და არც მექნება... მე არც ადრე ვილტვოდი კოალიციაში, არანაირი სურვილი არ მქონდა მაგ ადამიანების გვერდით ყოფნის, კარგად ვიცი თითოეული მათგანის ფასი, ეს ადამიანები მე მინახავს ოპოზიციაში, ხელისუფლებაშიც, ვინ სად, როგორ დაძვრებოდა, ესეც კარგად ვიცი, ყველაფრის თქმის უფლებას ჩემს თავს არ ვაძლევ. ასე რომ, ჩემი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით სპეკულაციის აღარავის სჯერა. შეგახსენებთ, ყველაზე `პროდასავლური~ ალასანია თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელს გაუერთიანდა, მან კოალიცია შექმნა ნოღაიდელთან, მართალია, სამი დღე იარსება, ეტყობა, ალასანიას ვიღაცამ თითი დაუქნია და მერე გადაიფიქრა, მაგრამ ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია პოლიტიკოსის გაჭვრეტის უნარისა. ნოღაიდელი პროდასავლურობის დროშა იყო, თუ როგორ არის ეს ამბავი?!.

_ თქვენ გახსენდებათ, ირაკლი ალასანია ოპოზიციაში ყოფილიყო ასეთი მრისხანე, დაუნდობელი სააკაშვილთან ბრძოლაში, როგორიც დღეს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშია? ის სააკაშვილთან რატომ ვერ ბედავდა ღია დაპირისპირებას და რატომ არის დღეს ალასანიასთვის ივანიშვილი საქართველოს პრობლემა?

_ მინიმუმ უხერხულია ადამიანი, რომელმაც პოლიტიკური სამარიდან ამოიყვანა, ასეთი სიტყვებით მოიხსენიო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური სამარიდან ამოიყვანა არა მარტო ირაკლი ალასანია, არამედ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც `ქართულ ოცნებაშია~ გაერთიანებული. ირაკლი ალასანია არ წასულა ოპოზიციაში, არც ხელისუფლებიდან წასულა, ის ხელისუფლებიდან გაუშვეს, თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ წავიდა ოპოზიციაში. როდესაც გამოცხადდა, ირაკლი ალასანია საგანგებო ბრიფინგს ატარებსო და დავინახე ის თავისი თანაგუნდელების ფონზე. სიმართლე გითხრათ, ჩემს ახლობელს ვუთხარი, _ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ყოჩაღ, ეს ახლა გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებს-მეთქი... მაშინაც კი იმაზე უკეთესი წარმოდგენის ვყოფილვარ ალასანიაზე, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებს. იმის გამბედაობაც არ ეყო, საკუთარი ნებით გადამდგარიყო. გადადგომის შესახებ განცხადება თავად რომ გაეკეთებინა, ოპოზიციაში მას სხვა წონა ექნებოდა. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად უღირსად მოიქცა ალასანიასთან მიმართებაში, როდესაც ალასანიას პირადი ცხოვრების დეტალებს შეეხო. ეს იყო ძალიან უღირსი საქციელი, ამ შემთხვევაში დავეთანხმები ალასანიას, რომ ასეთი რამ სააკაშვილსაც არ უკადრია. მე ვიყავი ძალიან აღშფოთებული, მაგრამ ალასანია დღეს კი არ უნდა ამბობდეს ამას, მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება, ასეთი განცხადებების გამო კაცები ერთმანეთს სცემენ. მე რომ ვყოფილიყავი ალასანიას ადგილას, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილი მეცემა, არ მოვერიდებოდი არც ჩემს სტატუსს და არც ბიძინა ივანიშვილის სტატუსს, კაცურად, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო საცემი, მაგრამ ალასანიამ მაშინ ეს გადაყლაპა. დღეს რომ მუშტებს იქნევს, ეს ცოტა სასაცილოდ გამოიყურება. მოკლედ, აქ დავასრულოთ, არ ვთვლი საჭიროდ, რომ ირაკლი ალასანიაზე ამაზე მეტი უნდა ვილაპარაკო...

_ და მაინც, ქალბატონო ნინო, ირაკლი ალასანიას თქვენდამი ბიოლოგიური ზიზღი რატომ აქვს?

_ ასე ვძულვარ? არ ვიცი, ვერ გეტყვით... მე მაინც არ მგონია, რომ მას ჩემდამი ბიოლოგიური ზიზღი აქვს და თუ ასეა, ძალიან ცუდი... კარგის მეტი მე და ჩემს ოჯახს პირადად მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის, არაფერი გაგვიკეთებია. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ვაპირებდი პარტიის ჩამოყალიბებას და ირაკლი ალასანიას ჩემი პარტიის პირველ ნომრობას ვთავაზობდი. მიხეილ სააკაშვილსაც ვუთხარი, რომ ოპოზიციაში გადასვლას ვაპირებდი, მისგან მივიღე პასუხი, თუ ოპოზიციაში წავიდოდი, ომს დაიწყებდა. მე შევხვდი ირაკლი ალასანიას, ჩემი გეგმები გავაცანი და მან მიპასუხა, _ `ნაციონალებს~ ვინ მოერევა, არ ვიცი, მოვიფიქრებ, მირჩევნია, ბიზნესში წავიდე ან სხვა რამე ვაკეთოო. მაშინ ირაკლის ვუთხარი, თუ ცალკე პარტიას გავაკეთებდი, რა თქმა უნდა, არ მქონდა იმის ილუზია უმრავლესობით შევიდოდი პარლამენტში, მაგრამ სერიოზული ფრაქციით რომ ვიქნებოდი წარმოდგენილი პარლამენტში, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ირაკლიმ ამ ყველაფერზე უარი მითხრა. გარწმუნებთ, ჩემთვის ირაკლი ალასანიას მხარი რომ დაეჭირა და არამხოლოდ მას, ძალიან ბევრ სხვა პოლიტიკოსს, მორალს რომ მიკითხავს, ალასანიას მაშინ რომ გაებედა, გაერისკა და ეს პარტია ერთად გაგვეკეთებინა, 2008 წლის იანვარში საპარლამენტო არჩევნებში კენჭი გვეყარა, მაშინ კი აუცილებლად მოვიპოვებდით საპარლამენტო ფრაქციას, სააკაშვილი ომის დაწყებას ვერ გაბედავდა.

_ ქალბატონო ნინო, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, წამოიყვირებს, თანაც ემოციურად, _ ვისზე ლაპარაკობს ნინო ბურჯანაძე, როცა თავად არ გააკეთა ის, რასაც ალასანიას მიმართ აცხადებს, თქვენ რატომ არ გადადექით 7 ნოემბრის შემდეგ? თქვენს ოპოზიციონერობასაც ხომ მეტი ფასი ექნებოდა?.. თქვენ გადადექით არა იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი გააპროტესტეთ, არამედ იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებში არ მოგცეს საშუალება, თქვენი გუნდით გასულიყავით.

_ როცა საჭიროდ ჩავთვალე, მაშინ გადავდექი... როცა შევხედე, რომ უკვე ზღვარი გაივლო, მე გადავდექი გაცილებით მაღალი თანამდებობიდან, ვიდრე ეს ოდესმე ჰქონია ირაკლი ალასანიას. გადავდექი და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე ხელისუფლების კრიტიკა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მწვავე განცხადებებისგან მაინც თავს ვიკავებდი, მაგრამ გარდამტეხი წერტილი იყო აგვისტოს ომი და ომის შემდგომი პერიოდი, როცა მე ვერ მივიღე პასუხები იმ 41 კითხვაზე, რომელიც მაშინ სააკაშვილს გავუგზავნე აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ჩემი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიები და არა ერთადერთი... ერთი წამითაც არ მრცხვენია ამის თქმა, სია იყო გადამწყვეტი იმისა, მექნებოდა გავლენა პარლამენტში, თუ არა. თუ სიაზე ხმას არ ამოვიღებდი, ეს ნიშნავდა, რომ ჩემთვის მთავარი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, თანამდებობის შენარჩუნება, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკურ პროცესებზე მქონოდა სერიოზული ზეგავლენა. როცა მე დავინახე, რომ პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტები ჩემს ხელში არ იქნებოდა, უარი ვთქვი პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, რომელიც გარანტირებული მქონდა შემდგომი 4 წლის განმავლობაში. რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იმ 4 წლის განმავლობაში, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით... ჩემი პირადი რეიტინგის გადმოსახედიდან შემეძლო, გაცილებით სწორი ნაბიჯები გადამედგა 2003 წელს, 2007 წელსაც, 2008-იც და თუ გნებავთ, 2011 წელსაც... პირადი რეიტინგიდან გამომდინარე, ბევრი რამ სხვაგვარად რომ გამეკეთებინა, გარწმუნებთ, უფრო მოგებული ვიქნებოდი, მაგრამ მე პირად რეიტინგზე მაღლა დავაყენე სახელმწიფო ინტერესები.

_ პირად რეიტინგზე რომ გეზრუნათ, რას გააკეთებდით?

_ მაგალითად, 2003 წელს დავუპირისპირდებოდი მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ გნებავთ, 2007 წლის გაგანია ნოემბერში რომ გადავმდგარიყავი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, ან მანამდე გადავმდგარიყავი და არ მიმექცია ყურადღება, იქნებოდა თუ არა მსხვერპლი და იქნებოდა თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება. თუ გნებავთ, 2008 წლის აგვისტოში რომ დავპირისპირებოდი სააკაშვილს და უფრო რადიკალური პოზიცია რომ დამეკავებინა, მომეთხოვა სააკაშვილის გადადგომა, როცა თბილისთან ტანკები იყო მომდგარი.

_ ესე იგი, შანსები გაუშვით?..

_ ასე არ ვთვლი, მე ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს ვაყენებდი პირად ინტერესებზე მაღლა. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი.

 

ესაუბრა ჟურნალისტი ნინო სამხარაძე

თავისუფალი ზონა ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია
13:28 / 07.04.2015
,,თავისუფალი სავაჭრო ზონა ადმინისტრაციულ საზღვართან ურთიერთნდობის აღდგენის წინაპირობაა“,-აცხადებს დევნილთა კონგრესისა და ,,გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი მამუკა აჩბა ჟურნალისტ ალეკო ჩუბინიძესთან ინტერვიუში.
ვალერიან გორგილაძე: ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უაზრო შეძახილები, კონსტრუქციულმა მსჯელობამ უნდა ჩაანაცვლოს
16:55 / 03.04.2015
ვალერიან გორგილაძე: ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უაზრო შეძახილები, კონსტრუქციულმა მსჯელობამ უნდა ჩაანაცვლოს

ექსპერტ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უაზრო შეძახილები, კონსტრუქციულმა მსჯელობამ უნდა ჩაანაცვლოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ არასტანდარტული ცვლილების მეშვეობით უსაფრთხოების ახალი გარანტიები მოიპოვოს.

ამ თვალსაზრისით გორგლაძის თქმით, „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია საინტერესოა. ექსპერტი იმედოვნებს, რომ კონფერენცია შედეგიანიც იქნება.

მისი თქმით, საქართველო გეოპოლიტიკური ომების ცენტრში 1000 კილომეტრის რადიუსითა მოქცეულია.

„ჩრდილოეთით რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტია, სამხრეთით კი ერაყისა და სირიის წინააღმდეგ ისლამური სახელმწიფოს აგრესიაა. ამიტომ, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უაზრო შეძახილები, კონსტრუქციულმა მსჯელობამ უნდა ჩაანაცვლოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ არასტანდარტული ცვლილების მეშვეობით უსაფრთხოების ახალი გარანტიები მოიპოვოს“,-განაცხადა გორგილაძემ.

ნანა დევდარიანი: საქართველოს საგარეო მიმართულების შესახებ საექსპერტო დასკვნის სახით დოკუმენტი უნდა შეიქმნას
16:33 / 03.04.2015
ნანა დევდარიანი: საქართველოს საგარეო მიმართულების შესახებ საექსპერტო დასკვნის სახით დოკუმენტი უნდა შეიქმნას

„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის განცხადებით, მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დღეს, წინადადება გაჟღერდა, რომ საექსპერტო დასკვნის სახით დოკუმენტი შეიქმნას, თუ რა გზით უნდა იმოძრაოს საქართველომ საგარეო მიმართულების კუთხით.

კონფერენცია, რომელიც დღეს გაიმართა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს ეძღვნებოდა.

ნანა დევდარინის თქმითვე, ექსპერტები, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობდნენ, საგარეო ორიენტაციის მიხედვით არიან დაჯგუფებულნი.

„ჩვენი ამოცანა და მიზანი იყო სწორედ სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ექსპერტები დამსხდარიყვნენ ერთ მაგიდასთან და საკუთარი ხედვა წარმოედგინათ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. ცხადია, ისინი არ შეიცვლიან შეხედულებებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუნიშნოთ ყველა ორიენტირი, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის“,-განაცხადა დევდარიანმა.

სოსო ცინცაძე: საქართველოს ამოცანა მეზობლებთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტა უნდა იყოს
16:25 / 03.04.2015
სოსო ცინცაძე: საქართველოს ამოცანა მეზობლებთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტა უნდა იყოს

ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით, „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის საუბრის მთავარი თემა საგარეო პოლიტიკის პრობლემები იყო, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური პერქსპექტივები.

ცინცაძე დღეს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

ექსპერტის თქმით, დღეს ძალზედ ბევრი წინააღმდეგობაა გადასალახი ამ მიმართულებით.

„საქართველო ალბათ, მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვშია, რომელსაც თავის არც ერთ მეზობელთან საზღვარი არ აქვს დადგენილი, ჩვენ სადაო ტერიტორიები გვაქვს აზერბაიჯანთან, რუსეთთან, სომხეთთან და თურქეთთანაც კი.

ამიტომ იგნორირება იმ ფაქტისა რომ ეხლა ჩერნოგორიის მიღების საკითხი დგას და პირდაპირ ერთი თვის წინ ევროპარლამენტმა ულტიმატუმი წაუყენა ჩერნოგორიას, რომ ხორვატიასთან სადაო პატარა ნახევარკუნძულის პრობლემას თუ არ მოაგვარებს, ნატოში მას ვერ მიიღებენ“,-განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მეზობელთან სადავო ტერიტორია აქვს, შეწყვეტილია მოლპარაკებები მეზობელ სახელმწიფოსთან, ამიტომ საქართველოს ამოცანა მეზობლებთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტა უნდა იყოს.

რამაზ საყვარელიძე: გაუგებარია IRI-ს კვლევაში ბურჯანაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსს“ დაბალი რეიტინგი რატომ აქვს
13:42 / 01.04.2015
რამაზ საყვარელიძე: გაუგებარია IRI-ს კვლევაში ბურჯანაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსს“ დაბალი რეიტინგი რატომ აქვს

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გაუგებარია რატომ აქვს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ დაბალი რეიტინგი.

აღნიშნულით, საყვარელიძე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან საუბრისას,“ IRI-ის სოციოლოგიურო კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„თუკი საზოგადოება როგორც „ქართული ოცნებით“, ასევე „ნაციონალური მოძრაობით“ უკმაყოფილოა, რატომ აქვთ ასეთი დაბალი მაჩვენებლები იმ პარტიებს, რომლებიც ორივეს აკრიტიკებენ, ვგულისხმობ, ბურჯანაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსს“,-განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტის თქმით, IRI და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საქართველოში პოლიტიკურ თამაშებს თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ.

ნინო ბურჯანაძე: ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს
15:09 / 27.03.2015
ნინო ბურჯანაძე: ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს

ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს, როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები დასავლეთის დღის წესრიგშიც დგას, სამზადისი დაწყებულია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით, 62%-ით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. რეიტინგებში მესამე ადგილს, 57%-ით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იკავებს. მეოთხე ადგილს, 56%-ით, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იყოფენ.

ამ კვლევებით იკვეთება, რომ დასავლეთი ფსონს ირაკლი ალასანიაზე აკეთებს. თეთრი სახლის კულუარებში, ჯერ კიდევ 2014 წელს, იმ ახალი პოლიტიკური ნავის ეკიპაჟი განიხილებოდა, სადაც ერთ ნავში მოიაზრებოდნენ პროდასავლური ძალები _ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები, “რესპუბლიკელები” და “ნაციონალები”... თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” მკვდარზე გვირგვინის ფუნქციას თუ შეასრულებს, ის ჩამოწერილი ძალაა, რომელიც ამერიკელებს მხოლოდ პრობლემებს თუ შეუქმნის.