პროგრამა
პარტიის ხედვა
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო მუდმივი პოლიტიკური რყევების რეჟიმში ცხოვრობს.

ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა სტაბილური, დემოკრატიული გარემო, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ღირსეული განვითარების პირობებს შეუქმნიდა და  ხვალინდელი დღის რწმენას განუმტკიცებდა.

ქვეყანას ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა წარმატებულ სახელმწიფოდ ქცეულიყო და ორივეჯერ ვიწროპარტიული ინტერესების, რადიკალიზმის, არაპროფესიონალიზმისა თუ არაადეკვატურობის გამო ეს შესაძლებლობა დაკარგა.

საქართველოს დღეს არა აქვს შეცდომების დაშვების უფლება.

ქვეყანა უმძიმესი რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც ქვეყნის ბედის, ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ასეთი წუთები ბევრჯერ ჰქონია ჩვენ ქვეყანას და ასეთ დროს სწორედ თითოეული ადამიანის გამბედაობა და სიმტკიცე, მომავლის რწმენა და მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობის გრძობა გვინარჩუნებდა ხვალინდელი დღის პერსპექტივას.

უდიდესი განსაცდელის შემდეგ, ჩვენ კვლავ არანაკლები საფრთხის წინაშე ვდგავართ:
წავაგეთ ომი, ოკუპირებულია ჩვენი მიწა-წყლის ნაწილი, დაღუპულია ასობით ადამიანი და დევნილია ათასობით ოჯახი. შეურაცხყოფილია მთელი საქართველო, თითოეული ჩვენგანი, შელახულია ქვეყნის ავტორიტეტი და შერყეულია ხელისუფლებისადმი ნდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
საზოგადოება კვლავ გაყოფილი და იმედგაცრუებულია.

მავნეა ადამიანებში იმედისა და რწმენის ჩახშობა, მაგრამ ტყუილზე დაფუძნებული უსაფუძვლო იმედი კიდევ უფრო მწარეა, ვიდრე ნებისმიერი მტკივნეული რეალობა.

შეურაცხმყოფელია, როცა შენი ხელისუფლება ტყუილისა და უპასუხისმგებლობის გზას ირჩევს. ეს გზა არსაით მიდის.

ამას ვერ დავუშვებთ!

მე არ შევეგუები ჩემი ქვეყნის ნაწილებად დაფლეთას, გაყოფას, დამარცხებას, ტყუილსა და უიმედობას.

ვიცი, რომ ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის ამ ბრძოლაში ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ!

საქართველოს გამთლიანება ჩვენი ისტორიული ვალია. ამას მივაღწევთ ცოდნის, გამოცდილების, ყოველდღიური მუშაობისა და თავგანწირვის ფასად.

ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას კარგად ესმის, - ქვეყნის და ერის გამთლიანება მხოლოდ დემოკრატიული ფასეულობების რეალური დამკვიდრებითაა შესაძლებელი.

დამოუკიდებელ საქართველოში დემოკრატიას მძიმე ხვედრი ერგო. იმ ფონზე, როცა ყველა ხელისუფალის დეკლარირებული მიზანი დემოკრატია იყო, ქვეყანა კარგავდა ტერიტორიებს, კანონი ხდებოდა კორუფციის საყრდენი, სულ უფრო მეტი ოჯახი ღატაკდებოდა, პიროვნება იყო დაუცველი და ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ სიტყვა “დემოკრატია”, რომელიც დასავლეთში კეთილდღეობას, სამართლიანობასა და სტაბილურობას ნიშნავს, ჩვენთან უფასურდებოდა. მაგრამ დემოკრატიული გზა უცვლელი რჩება, უცველელი რჩება ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება - ვიყოთ ევროპული დემოკრატიული ოჯახის ღირსეული და განუყოფელი ნაწილი.

დემოკრატია სჭირდება ყველას, რადგან მხოლოდ რეალურ დემოკრატიას მოაქვს თავისუფლება თითოეული ჩვენგანისთვის.

ესაა – პოლიტიკური თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი ეკონომიკა. დემოკრატიაა, როდესაც სახელმწიფოს მართვაში მაქსიმალურად არის გამოყენებული ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი. დემოკრატიაა ისიც, როცა კანონის წინაშე თანაბარია ყველა.

დემოკრატიაა, როდესაც კანონი არ იძლევა სხვისი ქონებისა და ბიზნესინტერესების შელახვის საშუალებას. დემოკრატიაა სამართლიანობა, სამართალი და თავისუფალი ბაზრის ბუნებრივი განვითარება ხელოვნური მონოპოლიების გარეშე. შესაბამისად, დემოკრატია არის მოსახლეობის ყველა ფენის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობა. დემოკრატიაა ევროატლანტიკური კულტურის უმაღლესი ღირებულება, მასთან ურთიერთობის ერთადერთი პირობა და, ამდენად, საქართველოს უსაფრთხოებისა და გაერთიანების გარანტი.

დემოკრატიული ქვეყნის აშენება ნიშნავს: მოქალაქის დაცულ პირად ცხოვრებას უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის გარეშე; პიროვნული უფლების რეალიზაციას, _ თავისუფლად აირჩიოს მრავალი ალტერნატივიდან მისთვის მისაღები; საინფორმაციო საშუალებების თავისუფლებას; სამართლიან სასამართლოს, ასაკის მიუხედავად, პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების რეალიზაციას; უფლებას, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და პროტესტი; სახელმწიფოს ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის გარანტიას.

მე, დიდი ხნის განმავლობაში, ვიყავი ამ ხელისუფლებაში. ვიყავი იმიტომ, რომ ამ გუნდს, ლიდერს, ისე, როგორც არავის ჰქონდა რეალური შანსი ქვეყანა ფონს გაეყვანა და ფეხზე მყარად დაეყენებინა. ვიყავი მანამ, სანამ ზნეობრივად მცდარმა ნაბიჯებმა არ გადაფარა მართებული ნაბიჯები. ვიყავი მანამ, სანამ მჯეროდა, რომ შეცდომებზე ვისწავლეთ და ხალხს იმედს აღარ გავუცრუვებდით. ვიყავი მანამ, სანამ ჯერ კიდევ მქონდა რესურსი ქვეყნისათვის ცუდი ამეცილებინა.

მე მქონდა შეცდომები, თუმცა ჩემი პოლიტიკური მრწამსი არასოდეს შემიცვლია. ამ მრწამსისთვის არასოდეს მიღალატია.

ბევრს ვცდილობდი, მაგრამ არ მქონდა საკმარისი რესურსი, რომელიც მხოლოდ ჩემი თანამოაზრეების გაერთიანებას შეეძლო მოეცა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე საფუძველი ჩავუყარო ახალ პოლიტიკურ ძალას - “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”.


ეს, თქვენი სახით, უკვე არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი რეალურად შეაჩეროს კატასტროფისკენ მიმავალი კრიზისული პროცესები. ჩვენს ერთობას, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ურყევი ნება ქმნის თავად ააშენოს ქვეყანა; ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი არის იმ ასობით პროფესიონალში, რომელთა უნარი, ცოდნა და გამოცდილება ბოლო დროს ასე დააკლდა ქვეყანას; ჩვენი ძალა საერთაშორისო პოლიტიკურ ავტორიტეტშია, უნარში – Mმოვუსმინოთ, შევარიგოთ და გავაერთიანოთ.

ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია საზოგადოებას შევთავაზოთ ობიექტური ინფორმაცია, დავიცვათ ზეწოლისა და ტერორისგან, დავიცვათ ამომრჩევლის ხმები; დავიცვათ ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან; და ქვეყნის შიგნით და გარეთ დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი.

დემოკრატიული სახელმწიფოს შენება არ არის უმტკივნეულო და მხოლოდ წარმატებების მომტანი პროცესი. მთავარია გვჯეროდეს, ვისწავლოთ შეცდომებზე, არ შევეგუოთ და ვებრძოლოთ ძალადობას, ტყუილს, სიყალბეს, დაშინებას, საერთო ენა ვიპოვოთ შიდა და გარე ოპონენტებთან, პარტნიორებთან.

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სუსტი ქართული დემოკრატიის ფეხზე დასაყენებლად.

ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების კეთილი ნებით ვერ შეიქმნება! დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას, მხოლოდ ხალხი ქმნის. საზოგადოებრივი გულგრილობა თავისუფლების და დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია.

მხოლოდ თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი ადამიანი შეიძლება იყოს წარმატებული და ბედნიერი.

თავისუფლების ფორმულა კი მხოლოდ გამბედაობაშია!

მე მოგიწოდებთ არ შევუშინდეთ სირთულეებს!

ერთად ვიაროთ უკეთესი საქართველოსთვის რთულ, ტკივილიან, მაგრამ ძალიან საამაყო გზაზე!
მწამს, რომ ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!


ნინო ბურჯანაძე



დღეს ჩვენს ქვეყანაში პასიურობა დანაშაულის ტოლფასია!

დღეს ყველამ, ვისაც საერთო ხედვა და ფასეულობები გაგვაჩნია, უნდა ვიმოქმედოთ, და ვიმოქმედოთ ერთად, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად!


 

დღეს იმპულსურობის ნაცვლად საჭიროა ზომიერება,ზედაპირულობის ნაცვლად – პროფესიონალიზმი,
არაადეკვატურობის ნაცვლად – პრაგმატულობა!


დღეს ხელისუფლების ცალკეულ შეცდომებზე ლაპარაკი ზედმეტია. იგი ერთ უმთავრეს შეცდომას უშვებს - დემოკრატიული განვითარების გზის ნაცვლად ირჩევს პოლიტიკური კონტროლისა და ტერორის გზას, იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თან ყოველგვარი წესების გარეშე.

ასეთი პოლიტიკა ანგრევს ქვეყანას. აჩენს ადამიანებში იმედგაცრუებისა და უიმედობის განცდას, ლახავს ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე და უკარგავს მას პარტნიორებისა თუ ოპონენტების ნდობას.


ზუსტად ხუთი წლის წინ ქუჩაში გამოსულმა ხალხმა შეცვალა ხელისუფლება და ძალაუფლება გადასცა დღევანდელ პოლიტიკურ ძალას, ირწმუნა რა მისი დემოკრატიული დაპირებანი. შედეგად კი, საპირისპირო მივიღეთ: შეიზღუდა პარლამენტის უფლებები, შეწყდა დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებთან, საზოგადოება დაიყო, შეიზღუდა ბიზნესისა და სიტყვის თავისუფლება, შეილახა ადამიანთა კერძო საკუთრება და სასამართლო აღმსარულებელი ხელისუფლების მომსახურედ იქცა.


თავისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობის ყოველდღიური კლება სულ უფრო თვალნათელი ხდებოდა და სერიოზულ პრობლემებად უბრუნდებოდა ჩვენს პოლიტიკურ სტაბილურობას. მაგრამ, ცალკეული პრობლემები კატასტროფად იქცა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ერთმმართველობით შერყეულმა პოლიტიკურმა სისტემამ ქვეყანა ისტორიული მარცხის წინაშე დააყენა. აგვისტოს მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაამძიმა ქვეყანაში არსებული ვითარება. სახეზეა სისტემური კრიზისი, რომელმაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა დონეზე იჩინა თავი:


• სახელმწიფო დონეზე: ხელყოფილია ეროვნული უსაფრთხოება, ოკუპირებულია ჩვენი სამშობლოს მეხუთედზე მეტი, მნიშვნელოვნად დამძიმდა სოციალური ფონი, არსებითად გაიზარდა ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების საფრთხე.  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა არსებითად შეამცირა და განუსაზღვრელად დაგვაშორა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას. საქართველო, რომელიც, მიუხედავად მოუგვარებელი კონფლიქტებისა, ყოველთვის იყო რეგიონში მოვლენების განვითარების ავანგარდში, დღეს ვეღარ ახდენს გავლენას პროცესებზე – ჩვენ ბედს სხვები განაგებენ. შეილახა ქვეყნის, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯი, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს პოლიტიკურ რეპუტაციას, საინვესტიციო გარემოს, სატრანზიტო პოტენციალს. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის თავიდან აცილებული გარე აგრესიის საშიშროება.

• საზოგადოების დონეზე: აგვისტოს მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გახლიჩა საზოგადოება. დაისადგურა ნიჰილიზმმა და აპათიამ. ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტა დეზორგანიზებული და დემორალიზებულია და თავს კონტროლირებადი მედიის მიერ წარმოებულ პოპაგანდას აფარებს. ამ ფონზე, ბუნებრივია, ვერ ჩამოყალიბდა ეროვნული იდეა, ხდება ფასეულობათა აღრევა. დაისადგურა იმედგაცრუებამ, დაიკარგა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობა, ხვალინდელი დღის რწმენა, დაისადგურა შიშმა და დაუცველობის განცდამ.

უნდა ვიმოქმედოთ, და ვიმოქმედოთ ერთად, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად!


ვინ ვართ ჩვენ


პარტია “დემოკრატიული მოძრაობა” იწყებს მოღვაწეობას საქართველოსთვის უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე უფრო რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში.


ჩვენი პოლიტიკური პარტია იქმნება იმ ადამიანთა მიერ, ვისთვისაც უმთავრესია:


ჩვენი სამშობლოს – საქართველოს გაერთიანება, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესების დაცვა!

უმაღლესი მორალური ღირებულება - ადამიანი, მისი სიცოცხლე, თავისუფლება და ღირსება!

საქართველო, მისი კულტურა, სულიერი ღირებულებები, ტრადიციები და რწმენა – ის საგანძური, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა შექმნეს და შეუნარჩუნეს როგორც ქართველებს, ასევე მთელ კაცობრიობას!


ჩვენი პოლიტიკური პარტია იქმნება იმ ადამიანთა მიერ, ვისაც სჯერა:


რომ სახელმწიფო მმართველობის ერთადერთი სწორი ფორმა არის ჭეშმარიტი დემოკრატია, მზად არიან მის გასაძლიერებლად და დასაცავად;

რომ დღეს საქართველოს, პირველ ყოვლისა, სწორედ პოლიტიკური განახლება სჭირდება;

რომ ქვეყნისთვის მთავარია რეალობის კრიტიკული და არსებითი გააზრება;

რომ საქართველოს ღირსეული განვითარება მხოლოდ ევროატლატიკურ სივრცეშია შესაძლებელი.


 

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთა მიზანია:


- ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვა;

- ქვეყნის კეთილდღეობისა და მატერიალური სიძლიერის მიღწევა;

- ხალხის არჩევანისა და ნების უზენაესობა;

- გამიჯნული და დაბალანსებული ხელისუფლების უზრუნველყოფა;

- სამართლიანი სასამართლო;

- თავისუფალი მედია;

- თავისუფალი ბიზნესი;

- საკუთრების ხელშეუხებლობა;

- ნებისმიერი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტირებული დაცვა;

- საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის ცხოვრების მშვიდი, უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შექმნა.


რატომ ვქმნით პარტიას


არსებული კრიზისისა და საფრთხეების ფონზე, უაღრესად სახიფათოა უიმედობის ის განცდა, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დაისადგურა.


 

ჩვენ ვქმნით პარტიას, რადგან პირველ ეტაპზე უზრუნველვყოთ კრიზისის გაღრმავების შეჩერება, პროცესების სტაბილიზაცია და ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.


ჩვენ ვქმნით პარტიას, რადგან არ ვეგუებით:

შიშის დანერგვას, ტყუილსა და უსამართლობას;

ერთპიროვნული ან ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას;

კლანურ მმართველობას;

პროფესიონალებისა და თაობების გათიშვას აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებიდან;

ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების რღვევას.


ჩვენ ვქმნით პარტიას, რათა უზრუნველვყოთ:


ქვეყნის სტაბილური პოლიტიკური განვითარება და უსაფრთხოება;

ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისა და მისი შეუქცევადი განვითარებისათვის სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიების შექმნა;

კანონის უზენაესობა;

სამოქალაქო სექტორის განვითარება;

რეალური და ქმედითი ადგილობრივი თვითმმართველობა;

სოციალური და ჯანდაცვის ეფექტური სისტემების შექმნა; (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განათლებასა და საბაზო სამედიცინო მომსახურებაზე – წამლისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, დაზღვეულ ღირსეულ სიბერეზე);

ქვეყნის პროფესიული მართვა;

ხელისუფლებისა და საზოგადოების დაახლოება;

საზოგადოებაში არსებული გამოცდილების სრულად გამოყენების შესაძლებლობა;

ეკონომიკის მდგრადი და მაღალი ტემპით განვითარება;

სახელწიფოში სოციალური კაპიტალის დაგროვება.


ჩვენ ვქმნით პარტიას, რათა:


აღვადგინოთ ქვეყნის, როგორც სანდო პოლიტიკური პარტნიორის იმიჯი, გავაერთიანოთ გახლეჩილი საზოგადოება, დავძლიოთ კრიზისი და უზრუნველვყოთ განვითარების პერპექტივა!


 

ჩვენ ვქმნით პარტიას, რათა კვლავ არ მოგვიხდეს არჩევანის გაკეთება ორ უკიდურესობას შორის.

ჩვენ ვქმნით პარტიას, რადგან ვიცით მესამე – ქვეყნის გონივრული და წარმატებული განვითარების გზა!


 

FaceBook Twitter Google