პროგრამა
პარტიის მოკლევადიანი პროგრამა


დემოკრატია დღეს!


პარტიის მოკლევადიანი სამოქმედო პროგრამა

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” არსებული პოლიტიკური გარემოს გაანალიზების შედეგად, წარმოადგენს ანტიკრიზისულ პოლიტიკურ პროგრამას. იგი გულისხმობს პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მისი წევრებისა და მხარდამჭერების კოორდინირებულ მოქმედებას.

”დემოკრატია დღეს!”
გულისხმობს შემდეგ პოლიტიკურ ქმედებებს:

ბრძოლას სამოქალაქო თავისუფლებისთვის
დღევანდელი დღის უმთავრესი მიზანია აღდგეს თავისუფალი გამოხატვის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი და დაცული უფლებები. მასმედია უსწრაფესად გათავისუფლდეს სახელმწიფო იდეოლოგიური წნეხისგან, აღირიცხოს და აღიკვეთოს პიროვნების ჩაგვრისა და დევნის ყველა ფაქტი - ეს დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ამიტომ:
გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება გახსნას მედია. ამასთანავე, კონტროლირებადი მედიის პირობებში, ჩამოვაყალიბებთ ჩვენს წევრებთან მუდმივ საკომუნიკაციო სისტემას. ყოველი თქვენგანი, სისტემატურად მიიღებს ჩვენგან მოკლე ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თქვენ გეცოდინებათ სიმართლე და შეგეძლებათ ეს სიმართლე უთხრათ ხალხს. ამ სისტემის მეშვეობით და თქვენი ძალისხმევით ჩაიხშობა სიცრუის ის მანქანა, რომელიც დღეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით აქტიურად მუშაობს. თითოეული თქვენგანი გახდება სიმართლის ის წყარო, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეზობლებს მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას.

ჩვენ უმწვავეს რეაგირებას მოვახდენთ უკანონო მოსმენებზე, თვალთვალის ფაქტებზე, გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ნებისმიერ ფაქტზე.

სამოქალაქო სექტორის – საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის ხელს შევუწყობთ საზოგადოებრივ ინიციატივებს, ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას და ურთიერთთანამშრომლობის სისტემის ფორმირებას.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და რუსული აგრესიის შედეგების ფონზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპებზე დაყრდნობილი ევროპული ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა. საკანონმდებლო ხარვეზებისა და სახელმწიფოს პირდაპირი ხელყოფისაგან ბიზნესის დასაცავად, პარტია დანიშნავს ბიზნესომბუდსმენს, რომელიც გაწეული მუშაობის შესახებ სისტემატურად ჩააბარებს საზოგადოებას ანგარიშს.

წარმოგიდგენთ ქვეყნის გამთლიანების ხედვას, შევიმუშავებთ აფხაზურ და ოსურ საზოგადეობასთან დიალოგის განახლებისა და შერიგების სამოქმედო გეგმას.

პარტია ითანამშრომლებს მონათესავე პოლიტიკურ ორგანიზაციებთან საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მიიღოს მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში.

ბრძოლა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის
არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენ მოვითხოვთ და მივაღწევთ ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლას. ეს გულისხმობს: თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და თითოეული მოქალაქის ხმის დაცვას.

ამდენად, ჩვენ ვერთიანდებით და ვიწყებთ მტკიცე სტრუქტურისა და სისტემის შექმნას ჩვენი მიზნების ქვეყნის პოლიტიკაში გასატარებლად.
ხვალიდანვე, 24 ნოემბრიდან, ვიწყებთ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.
ჩვენ უნდა გავაგებინოთ ხალხს სიმართლე და ვაჩვენოთ მათ გამოსავლის გზა!

დავდგეთ ერთად!
სიმართლე გაიმარჯვებს
!
FaceBook Twitter Google